"არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ეს ხალხი სწორედ ამიტომ ხვდება სტაციონარებში" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ეს ხალხი სწორედ ამიტომ ხვდება სტაციონარებში"

ტოქსიკოლოგმა, "კლინიკურტოქსიკოლოგიური ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე თბილისში, ბოლო სამ კვირაში მწვავე ტოქსიკური მოწამვლით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატებაზე საუბრობს და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც კობიძე აღნიშნავს, მომატებული მწვავე ინტოქსიკაცია გამოწვეულია ალკოჰოლით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით, ან ორივე მათგანის ერთად მიღებით.

მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში სინთეთიკური ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოსული და სწორედ ამიტომ იმატა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობამ. კობიძის განცხადებით, ამ მაჩვენებლის მომატების ყველაზე რეალური მიზეზი არის ის, რომ მოსახლეობამ თავისუფლად გადაადგილება და ქცევა დაიწყო, ეპიდსაწინააღმდეგო რეგულაციებს კი ყურადღებას ნაკლებად აქცევენ.

"მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ პანდემიის პერიოდში, მწვავე მოწამვლის რაოდენობამ დაიკლო, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში თბილისში მწვავე მოწამვლით განვითარებულ უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა. შემთხვევების უმეტესობა ძირითადად ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, სინთეთიკური ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ან კიდევ ორივეს ერთად მიღებით არის გამოწვეული. არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ეს ხალხი სწორედ ამიტომ ხვდება სტაციონარებში, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ამის გამომწვევი ყველაზე რეალური მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობამ დაიწყო თავისუფალი სიარული და ქცევა, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს კი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას", - განაცხადა კობიძემ "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განცხადებით, მწვავე ტოქსიკური მოწამვლის ბოლო სამი კვირის შემთხვევებიდან ფატალურად არცერთი დასრულებულა, თუმცა იყო მძიმე შემთხვევები, როდესაც პაციენტებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ძლიერი ინტენსიური თერაპია დასჭირდათ.

ტოქსიკოლოგის განხადებით, "კლინიკურტოქსიკოლოგიური ასოციაცია" მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ზაფხულის პერიოდში და განსაკუთრებით, მომავალი 8 დღის განმავლობაში პროგნოზირებული მაღალი ტემპერატურისას თავი შეიკავონ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. "ჩვენი პროგნოზით, მწვავე ტოქსიკური მოწამვლის შემთხვევების მატება, ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით კი საკურორტო ზონებზე უფრო მოსალოდნელია. მოსახლეობას ვაფრთხილებთ, საერთოდ ზაფხულის პერიოდში და განსაკუთრებით ამ ძალიან მაღალი ტემპერატურისას, რაც მომავალი 8 დღის განმავლობაში ამინდის პროგნოზით არის მოსალოდნელი, თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, განსაკუთრებით კი მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელების - როგორც ცალკე, ასევე სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად მიღებისგან, ასევე თავი შეიკავეთ ენერგეტიკულ სასმელებთან ერთად, მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელის არევით დამზადებული კოქტეილებისგან, დალიეთ დიდი რაოდენობით სითხეები: წყალი და ხილის წვენი. მაღალი ტემპერატურისას შეძლებისდაგვარად ერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. პლაჟზე ყოფნის ოპტიმალური დრო არის დილის საათები და 16:00 საათის შემდეგი პერიოდი. გახსოვდეთ კორონავირუსის არსებობა, განსაკუთრებით მისი "დელტა ვარიანტი", რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მძვინვარებს და ჩვენთანაც არის ერთეული შემთხვევები. არ დაუშვათ თვითნებურად მკურნალობა, რადგან "დელტა ვირუსის" სიმპტომები: სურდო და ხველა, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას და პაციენტს შესაძლოა აერიოს, "დელტა ვირუსის" არსებობის შემთვევაში კი დროის დაკარგვა დაუშვებელია", - განაცხადა კობიძემ.