მანდატურია თუ ციხის ზედამხედველი?! - კვირის პალიტრა

მანდატურია თუ ციხის ზედამხედველი?!

"ასე მხოლოდ ოკუპანტები ექცევიან ჟურნალისტებს"

თბილისის 161-ე სკოლაში რადიო "პალიტრის" და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი არასასურველი სტუმარი აღმოჩნდა - მანდატურმა და სკოლის მომსახურე პერსონალმა მას დიქტოფონზე ჩაწერილი აუდიომასალის წაშლა მოსთხოვეს (!). მასალაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოსაზრებები იყო გამოთქმული საატესტატო გამოცდების თაობაზე. სკოლის თანამშრომლებმა ჟურნალისტს რადიო "პალიტრის" პირდაპირ ეთერში ჩართვის უფლებაც არ მისცეს და განუცხადეს, ტერიტორიას მანამ ვერ დატოვებთ, ვიდრე აუდიოჩანაწერს არ წაშლითო (?!).

ეკა ბახუტაშვილი, "ინტერპრესნიუსისა" და რადიო "პალიტრის" ჟურნალისტი: "სიუჟეტს ვამზადებდი საატესტატო გამოცდებზე. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ე.წ. საატესტატო პროცესში, რისი დახმარებითაც განემარტათ, ტექნიკურად როგორ უნდა ჩააბარონ ესა თუ ის გამოცდა, მაგრამ ტესტები არ შეიცავდა პასუხებს და შესაბამისად, მოსწავლეებმა არ იციან, სწორად უპასუხეს თუ არა კითხვებს, ისინი გამოცდის მხოლოდ ტექნიკურ წესებს გაეცნენ.

მოკლედ, ამ ყველაფერზე გვაინტერესებდა ბავშვების მოსაზრებები. ამიტომაც ახლომდებარე 161-ე სკოლას მივაკითხე. შესვენების დრო იყო და მეც გარეთ, ეზოში ჩავწერე მოსწავლეები. საუბრისას ჩვენკენ მომავალი ქალი დამანახეს და მითხრეს, ჩვენი ინგლისურის მასწავლებელიაო. მან უარი მითხრა კომენტარზე. ვცდილობდი, დამეყოლიებინა ან ვინმე სხვა ინტერვიუერი მენახა მისი დახმარებით და ასე საუბარ-საუბრით შევედით სკოლაში. მეორე სართულზე, სამასწავლებლოსთან შემოგვხვდა ახალგაზრდა ქალი, რომელთანაც "მეგზურმა" წარმადგინა და უთხრა, კომენტარების ჩაწერა სურსო.

KvirisPalitra.Geვიცოდი, რომ სკოლის დირექტორი სკოლაში არ იყო და რადგან ამ ქალთან წარმადგინეს, ვეჭვობ, რომ დირექტორის მოადგილეა. ამ ქალბატონმა გამომიცხადა, რომ განათლების სამინისტროს უნებართვოდ უფლება არა მაქვს სკოლაში ინტერვიუები ჩავიწერო. გამიკვირდა. ჯერ წამოსვლა დავაპირე, მაგრამ რაკი ვერაფრით გავიხსენე განათლების სამინისტროს ასეთი აკრძალვა ოდესმე დაეწესებინოს, ისევ მივბრუნდი სამასწავლებლოში, სადაც ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგებს ვესაუბრე საატესტატო გამოცდებზე.

ის იყო საუბარი დავასრულეთ, რომ ვიღაც ახალგაზრდა მომიახლოვდა და მითხრა, სკოლიდან თქვენს გასაყვანად გამომგზავნეს, დაცვის თანამშრომელი ვარო, თუმც ფორმა არ სცმია. მითხრა, რაც ჩაწერეთ, უნდა წაშალოთო (?!). ჩავედით გასასვლელში, სადაც ასე ათკაციანი ჯგუფი დამხვდა, მათ შორის - მოსწავლეებიც. მათი თანდასწრებითაც გამიმეორეს, რომ ჩანაწერი უნდა წამეშალა, თორემ გარეთ არ გამიშვებდნენ. მიმტკიცებდნენ, რომ უკანონოდ მოვიქეცი.

ძალიან შემომიტიეს. ამასობაში მანდატურიც მოვიდა და განმიმარტა, რომ ინტერვიუების ჩაწერის უფლება მხოლოდ სკოლის ეზოდან მოშორებით მქონია. ავუხსენი, არაფერი ჩამიწერია ისეთი, რისი თქმის უფლებაც ჩემს რესპონდენტებს არ ჰქონდათ. ამასობაში რადიოში უნდა მქონოდა ჩართვა, ესეც გააპროტესტეს... ვკითხე, რატომ უნდა წავშალო ჩანაწერი, საიდუმლო ინფორმაცია ხომ არ გამაქვს სკოლიდან-მეთქი? ამაოდ, პასუხს არ მცემდნენ და ჯიუტად მოითხოვდნენ ჩანაწერის წაშლას. ამასობაში ტელეფონით ვესაუბრე საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" და ავუხსენი, რაც ხდებოდა.

ბაია ცანავა, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" დირექტორი: "მე მივედი სკოლაში, მაგრამ ინციდენტს ვეღარ მივუსწარი. ჩვენ ამის თაობაზე ვესაუბრეთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურს. ჟურნალისტებს ასე მხოლოდ ოკუპანტები ექცევიან დაპყრობილ ტერიტორიებზე. გაუგებარია 161-ე სკოლის თანამშრომელთა რეაქცია. მით უფრო, რომ სიუჟეტის მომზადებამდე დავუკავშირდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ვაცნობეთ, რომ გვინდოდა მასალის მომზადება საატესტაციო გამოცდებზე. როგორც გვითხრეს, მოგვიანებით თავად აპირებენ ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას, ჩვენ კი თავისუფალი და კეთილი ნების ფარგლებში უფლება გვქონდა, სამინისტროსგან დამოუკიდებლად მოგვეძიებინა და მოგვემზადებინა მასალები. ასეც მოვიქეცით, თუმცა უცნაური შედეგი მივიღეთ.

ამასთან, ჩვენ გავეცანით ჟურნალისტის ჩანაწერებს. ეს არის სრულიად უწყინარი ინფორმაცია, რომლის გამო ასეთი აყალმაყალის ატეხა ნამდვილად არ ღირდა. სხვათა შორის, განათლების სამინისტროში შეწუხდნენ მომხდარის გამო და აღნიშნეს, რომ მათი მაკონტროლებელი ორგანო, გენერალური ინსპექცია შეისწავლის ამ ინციდენტს და შედეგს გვაცნობებს".

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურს და კომენტარი სთხოვა 20 მაისს 161-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე. როგორც განაცხადეს, უკვე დააფიქსირეს ეს ინციდენტი და უთუოდ გაირკვევა, რამ გამოიწვია სკოლაში გაუგებრობა.

P.S. ერთი წლის წინ, ან იქნებ უფრო ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეუთანხმებლად ინტერვიუების მიცემა ეკრძალებოდათ... მაშინ მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა: "სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც დირექტორებს არ სურთ ინტერვიუს მიცემა და ამბობენ, სამინისტროს უნდა შევუთანხმოთო. საჯაროდ ვამბობ - არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დირექტორებს ჟურნალისტებთან საუბარს უკრძალავდეს სამინისტროს თანხმობის გარეშე.

ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ, თუ რამდენი დირექტორი საუბრობს კვირის განმავლობაში მედიასთან", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, სკოლის დირექტორები ჟურნალისტებს მაინც გაურბიან (მეტიც, სკოლის შენობაში აპატიმრებენ და ინფორმაციის წაშლასაც ითხოვენ) და მათთან საუბარს პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც უკრძალავენ, თანაც მინისტრის ან სამინისტროს სახელით.

ჩვენ დაველოდებით ამ ინციდენტის გამოძიების დამთავრებას და შედეგს მოგვიანებით გაცნობებთ.

ცნობისთვის: ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით ისჯება.