"სანადიროდ ყოფილან, მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია... რამ­დე­ნი გეგ­მა ჰქონ­და" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე - კვირის პალიტრა

"სანადიროდ ყოფილან, მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია... რამ­დე­ნი გეგ­მა ჰქონ­და" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე

ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტ ზურა ბაკურაძის დაღუპვაზე რომ უნდა დამეწერა, რატომღაც რამაზ ჩხიკვაძის აზდაკის სიტყვები ჩამესმა - "...ჩვენს კაცებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი... ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ დაუშრათ..." ყოველდღიურად იმდენი ტკივილი და უბედურება ტრიალებს ირგვლივ, რომ სისხლი და ცრემლიც დაშრა და... სიტყვებიც.

ძვირფას, საყვარელ ხალხზე სულ წარსულში, მოგონებებით გვიხდება ლაპარაკი და წერა... ალბათ, მართლაც ძალიან უსუსურები ვართ ადამიანები ჩვენი გეგმებით, ნატვრებითა და ოცნებებით, რადგან უკვე წამიც არ სჭირდება მის გაფანტვას...ამ ახალგაზრდა კაცსაც ჰქონდა თავისი გეგმები და ოცნებები, ვისზეც ახლა კვლავ მოსაგონარის დაწერა მიწევს...ანსამბლ "ქართული ხმების" ბიჭებს - დათო არჩვაძესა და დათო კიკაბიძეს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობდი, "უნივერსიტეტი" რომ ერქვათ და მე კი - რადიოში ვმუშაობდი, ანსამბლის სოლისტ ზურა ბაკურაძესა და მის ძმას - გივის კი შედარებით მოგვიანებით შევხვდი.

თბილი და მშვიდი ადამიანი ჩანდა, ღიმილიანი და თავაზიანი. კონცერტებსა და საღამოებზე ბევრჯერ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ცოტა უფრო ხანგრძლივად ბორჯომში მოგვიწია ურთიერთობა - კომპოზიტორ ნატო თოთიბაძის შემოქმედებით საღამოზე. ბიჭებთან - დათოებთან ვერ დავრეკე, ან მე რა უნდა მეკითხა და ან მათ რა უნდა ეპასუხათ, ამიტომ ისევ ნატოსთან და ჩემს მეგობარ და კოლეგა მაიკო ღუღუნიშვილთან ვამჯობინე დაკავშირება. ნატოს რომ მივუსამძიმრე, - შოკში ვარ, ჯერ ვერაფრით აღვიქვამ ზურას სიკვდილსო, გაბზარული ხმით მითხრა.

- რამდენი გეგმა ჰქონდა. მან და მისმა ძმამ - გივიმ რაჭაში მიწები იყიდეს, კარტოფილი მოაშენეს. ღადაობდა ხოლმე - რაჭულ-სვანური კარტოფილი მექნებაო. ძმები ხშირად იყვნენ რაჭაში, ცხენებით დადიოდნენ, ზურა ფოტოებს იღებდა და დებდა ხოლმე "ფეისბუკში". ძალიან უყვარდა იქაურობა და... ბედისწერად კი ექცაო...

მაია ღუღუნიშვილი, ჟურნალისტი, ზურა ბაკურაძის მეგობარი:

- ზურა ადრე ანსამბლ "რუსთავში" მღეროდა და მერე გადავიდა "ქართულ ხმებში". ჩემი ჟურნალისტობიდან გამომდინარე ძალიან ხშირად მიწევს ხელოვან ხალხთან შეხვედრა, მით უმეტეს - "ქართული ხმების" ბიჭები ჩემთვის მხოლოდ რესპონდენტები არასდროს იყვნენ. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით. ზურა თავისი პასუხისმგებლობით მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო, უკარგესი და უთბილესი, დინჯი რაჭველი. გაბრაზებული, აგრესიული ან ნაწყენი, არც მახსოვს. ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო. დიდი ხანია, ვიცნობდით ერთმანეთს და ვახლობლობდით...იხილეთ სრულად