"როცა მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ დავასწრებ და უფრო ადრე წავალ" - კვირის პალიტრა

"როცა მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ დავასწრებ და უფრო ადრე წავალ"

"ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ", - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის კითხვას, გაიზიარებს თუ არა ოპოზიციის და ჯანდაცვის თემაზე მომუშავე ცალკეული პირების მოწოდებას, რომ მან იმუნიზაციის პროცესზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ის პოლიტიკურ და პიროვნულ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

"მე არც პოლიტიკურ და არც პიროვნულ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მე უფრო მეტი თანამდებობიდან წავსულვარ, ვიდრე დღეს მიკავია. მე ეს არც მაშინებს და არც მაკვირვებს. მხოლოდ და მხოლოდ ის მაინტერესებს, ვინც ამისკენ მომიწოდებს, იმას ის საქმეები, რაც გაკეთებული აქვს, იმაზე უკეთ უკეთებია, ვიდრე მე დღეს ვაკეთებ? თუ ისინი მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ და უნდათ ჩემი პოზიციის დაკავება, სიამოვნებით მივიღებ მათ რჩევას. ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ. არ მინდა პოლიტიკაში შევიდე, მოგეხსენებათ, ბევრ ინფორმაციას ვფლობ", - აღნიშნავს გამყრელიძე.

"დღეს ქვეყანაში 245 380 აცრაა ჩატარებული, აქედან ერთი დოზით აცრილია 156 626 ადამიანი, ხოლო ორი დოზით 88 754 ადამიანი, რაც ჩვენი სამიზნე მაჩვენებლის დაახლოებით 5,2%-ს შეადგენს" - მისი თქმით, სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, კორონავირუსთან ბრძოლაში პირბადე მთავარ იარაღად რჩება.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეპიდსიტუაცია გარკვეულად სტაბილურია, თუმცა საყურადღებოდ და ფრიად საყურადღებოდ სტაბილური იმიტომ, რომ საქართველოსთვის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სერიოზული ციფრია. მიუხედავად ყველა შემსუბუქებისა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება, ამიტომ ის რეგულაციები და რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. აუცილებელია, პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და ყველგან სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. სანამ ჩვენი მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება ჩვენს მთავარ იარაღად.

დღეს ქვეყანაში 245 380 აცრაა ჩატარებული, აქედან ერთი დოზით აცრილია 156 626 ადამიანი, ხოლო ორი დოზით აცრილია 88 754 ადამიანი, რაც შეადგენს ჩვენი სამიზნე მაჩვენებლის დაახლოებით 5,2%-ს. ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია "სინოფარმით" და "ასტრაზენეკათი".

დადასტურებული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ივლისის პირველ კვირაში ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობა სხვადასხვა დასახელების ვაქცინა შემოვა და მათ შორის, შემოვა ის, რაც ვერ შემოვიდა "კოვაქსის" პლატფორმიდან, ბოლო 43 200 დოზაც და ივლისში სერიოზულად უნდა გავზარდოთ ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი, რისთვისაც ქვეყანა სერიოზულად ემზადება. იზრდება ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ვფიქრობთ უკვე პირველი დიდი ამცრელი სივრცე "ჰუალინგის" სავაჭრო ცენტრში გაიხსნა და ის თანდათან უმატებს თავის აცრების ინტენსივობას და ასევე, დიდი სივრცეები იქნება დიდ ქალაქებშიც. ასე, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ როგორმე ივლის-აგვისტო-სექტემბერში მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიცრას, რისთვისაც ძალიან მყარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვადასტურებ, რომ ვაქცინების რაოდენობა იქნება", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"