"მთები და ცრურწმენა: საქართველოს ერთ თვეში 10 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია" - რას წერს რუსული გამოცემა?
"მთები და ცრურწმენა: საქართველოს ერთ თვეში 10 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია" - რას წერს რუსული გამოცემა?
რუსული გაზეთის "იზვესტიის" ("Известия") 24 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "მთები და ცრურწმენა: საქართველოს ერთ თვეში 10 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია", რომელშიც ტურიზმის სფეროში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივაა განხილული (ავტორი - ელნარ ბაინაზაროვი).
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალულია და რუსეთის მხრიდან სახმელეთო საზღვარი დახურულია, საქართველოს ბოლო თვის განმავლობაში რუსეთიდან ათი ათასამდე მოქალაქე მაინც ეწვია. აღსანიშნავია, რომ რუსებისათვის საქართველოს საზღვარი პირველი ივნისიდან ღიაა და
მათ, შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, თავისუფლად შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება ზურაბ აბაშიძეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, რომელმაც აღნიშნა, რომ მან 22 ივნისს, სატელეფონო საუბრისას შეატყობინა გრიგორი კარასინს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თაობაზე, თუმცა ამ საკითხს რუსეთის მხრიდან გაგრძელება არ მოჰყოლია:
"მე ჩემს კოლეგას ვაცნობე, რომ საზღვარი საქართველოს მხრიდან გაიხსნა, მაგრამ თვითონ საკითხზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება ავიამიმოსვლის აღდგენას, მისგან მე ასეთი ინფორმაცია მოვისმინე: "უახლოეს პერსპექტივაში რუსეთის მხარე ამ საკითხს არ განიხილავს", - თქვა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის მხრიდან საზღვარი ჯერ დახურულია
საქართველოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საზღვრის გახსნა რუსეთის მხრიდან - ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პრეროგატივაა და დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, მაისში საქართველოში ათი ათასამდე რუსეთის მოქალაქე მაინც ჩამოვიდა და დაისვენა [როგორც ჩანს, მესამე ქვეყნის გავლით]: "რა თქმა უნდა, ეს ისეთი ციფრები არ არის, როგორიც 2019 წელს იყო, მაგრამ ჩვენ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ".
იზვესტიის ჟურნალისტი ესაუბრება რუსული მხარის წარმომადგენელს გრიგორი კარასინსაც, რომელმაც თავისი ქართველი კოლეგის ნათქვამი დაადასტურა: "დიახ, მე ამას წინათ ნამდვილად ვესაუბრე ზურაბ ირაკლიევიჩს, მაგრამ ტურისტებისთვის რუსეთის სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე არ გვისაუბრია და ჯერ-ჯერობით არც დღის წესრიგში გვაქვს", - დააზუსტა პოლიტიკოსმა. საქმე ეხება რუსეთის მთავრობის 2020 წლის 27 მარტის განკარგულებას, რომლის თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებით, რუსეთის სახმელეთო საზღვრებზე მოქალაქეების მოძრაობა შეიზღუდა. მართალია, საზღვრის გადაკვეთა ცალკეული კატეგორიის ადამიანებს შეუძლიათ, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.

თბილისში - მინსკის გავლით
როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში შეწყდა - მოსკოვმა ჩათვალა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას საფრთხე ემუქრებათ, ანტირუსული განწყობებისა და პროტესტების ფონზე. აღსანიშნავია, რომ იმ ხანებში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მართლაც მკვეთრი განცხადება გააკეთა და რუსეთს "მტერი" და "ოკუპანტი" უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის - დიმიტრი პესკოვის კომენტარის მიხედვით, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე იმდენ ხანს იქნება ძალაში, რამდენ ხანსაც სიტუაცია მოითხოვს - სანამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის საფრთხე არ გაქრება.

დღეისათვის რუსები საქართველოში ერევნის, სტამბოლის, რიგისა და მინსკის გავლით დადიან - ევროპული ქვეყნებისა და უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველო არ შეუერთდა ბელარუსის წინააღმდეგ მიმართულ ავიაბოიკოტს. როგორც "იზვესტიის" კორესპონდენტს რუსეთის ტურიზმისა და მოგზაურობის ანალიტიკურ ცენტრში უთხრეს, მინსკის აეროპორტს საქართველოში წასასვლელად ყველაზე მეტი უპირატესობა აქვს: მისი გავლით ტურისტების 60%-ზე მეტი სარგებლობს. "მათ შორის, ვინც საქართველოში წასასვლელად ბილეთი შეიძინა, 61% მინსკის გავლითაა, 22% - სტამბოლის, ხოლო 9% - რიგის გავლით", - აღნიშნეს ცენტრში.

როგორც ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცეპრეზიდენტი იური ბარზიკინი ამბობს, ამჟამად იმის გამოთვლა, თუ რამდენი რუსი იყო ჩასული საქართველოში, საკმაოდ რთულია, რადგან მათი უმეტესობა ამიერკავკასიის ქვეყანაში ტრანზიტული აეროპორტების გამოყენებით მიფრინავს, სომხეთში ან თურქეთში გადაჯდომებით. "ორი წლის კრიზისის მიუხედავად, ქართული მიმართულება ისევ მოთხოვნადია ინდივიდუალური ტურისტებისათვის და თუ საზღვარი გაიხსნება, რაოდენობა, ალბათ, გაიზრდება, თუმცა, აი, ამ ორიოდე დღის წინათ თურქეთის მიმართულება ოფიციალურად გაიხსნა და ქართულმა თავისი აქტუალობა დაკარგა", - განაცხადა ექსპერტმა.

კოვიდსიტუაცია საქართველოში
პუბლიკაციის დასასრულს ავტორი ეხება, აგრეთვე, საქართველოში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას: "ბოლო დროს კორონავირუსით ადამიანთა დაავადების დონე საკმაოდ მაღალია - დღე-ღამეში საშუალოდ 260 შემთხვევა და ეს მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანში მხოლოდ 26 და 28 დასნებოვნება ფიქსირდება. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სიტუაცია კონტროლდება, განზრახულია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია - თითქმის 70%-მდე. მანამდე კი შერბილდა ანტიკოვიდური ზომები - ქუჩებში სიარული პირბადის გარეშეც შეიძლება, ხოლო პირველი ივლისიდან ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში შემოღებული კომენდანტის საათიც გაუქმდება". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (3)
რეი
26 ივნისი 2021 12:29
კიდევ ხანძრები არ გააჩინონ წინანდელივით
გიორგი
26 ივნისი 2021 12:27
გერმანიამ ჩაკეტა რუსეთიდან და პორტუგალიიდან შესვლა. ჩვენ პირიქით გავხსენით.
აცრილები ჩვენ არ ვართ, პირბადეები მოვიხსენით. მართლა წილხვედრობის იმედზეა ეს ხალხი თუ რას ფიქრობენ? :(
თედო
25 ივნისი 2021 11:30
ვირუსის სტატისტიკით მივხდით ამდენი,რომ ჩამოვიდა,,,ჯერ სად ვართ,,,

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები