"ასე გავთხოვდი მარტში, პირველივე კურსზე. არც მამისთვის და არც დედისთვის არასდროს არაფერი დამიმალავს და ამიტომაც გააოცა ისინი ჩემმა ამ ნაბიჯმა" - კვირის პალიტრა

"ასე გავთხოვდი მარტში, პირველივე კურსზე. არც მამისთვის და არც დედისთვის არასდროს არაფერი დამიმალავს და ამიტომაც გააოცა ისინი ჩემმა ამ ნაბიჯმა"

ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში (დღევანდელ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში) გაიცნეს, სტუდენტობის პირველ წელს, სექტემბერშივე. ორივე სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა და თანაკურსელები იყვნენ - გოგონა გიზო ჟორდანიას ჯგუფში, ვაჟი - რეზო მირცხულავასთან. ორივენი 17 წლისანი იყვნენ, თუმცა ვაჟი თვეებით უსწრებდა და გაცნობიდან მალევე გახდა 18 წლის. გოგონა ძალიან ლამაზი იყო, ვაჟიც - სიმპათიური. მერე კი...სწორედ ეს "მერე" იყო საინტერესო, რადგან ვიცოდი, რომ რეჟისორ ანზორ ქუთათელაძის ქალიშვილის - ეკა ქუთათელაძისა და მისი თანაკურსელი ვაჟა მინდიაშვილის ცხოვრებაში ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები - მალე შეუყვარდათ ერთმანეთი და მალე დაოჯახდნენ... ამას კიდევ რამდენიმე "მერე" მოჰყვა, მათ ცხოვრებაში - ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ოჯახში სამი შვილი და 11 შვილიშვილია, თუმცა მამაკაცი, სამწუხაროდ, შვილიშვილების დიდ ნაწილს ვერ მოესწრო - გაცილებით ადრე დატოვა ეს წუთისოფელი... მაგრამ იმ რამდენიმე "მერემდე" მაინც ის პირველი კურსი იყო, ამიტომ სიყვარულის ამბავსაც სწორედ მათი, ასე ვთქვათ, აუდიტორიებიდან დავიწყებთ და ამაში მთავარი გმირი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეტყველების პედაგოგი ეკა ქუთათელაძე დაგვეხმარება...

დეკემბრის თოვლს მოყოლილი 4 ცალი მარწყვი და... სიყვარული

- მე ვარ ვაჟა მინდიაშვილიო, თავად გამეცნო პირველივე კურსზე და გასაქანი არ მომცა. ნელ-ნელა დავმეგობრდით და ერთად დავიწყეთ მეცადინეობა... თავიდანვე ძალიან რომანტიკული ადამიანი ჩანდა. ადრე ვაკის პარკში ღია ესტრადა იყო მოწყობილი. მახსოვს, დეკემბერი იდგა, თოვდა და ვაკის პარკში ვსეირნობდით. უცებ ვაჟა სცენაზე ავიდა და იქიდან წამიკითხა ლექსები, მე კი ამით ძალიან მოვიხიბლე. ყველაზე კულმინაციური მომენტი იყო, როდესაც მითხრა, შენთვის რაღაც მაქვსო, ჯიბიდან ამოიღო ხელსახოცში შეხვეული 4 ცალი მარწყვი და სათუთად მომართვა. იმ პერიოდის საქართველოში ზამთარში მარწყვი წარმოუდგენელი რამ იყო. თურმე, ვაჟას ოჯახს სახლში ისეთი ჯიშის მარწყვი ჰქონია, მთელი წლის განმავლობაში რომ ხარობს. მეც ვიფიქრე, ვაჟმა ზამთარში მარწყვი მომიტანა და, ალბათ, ცხოვრებაშიც სულ ხელისგულზე მატარებს-მეთქი.

- ხომ წარმოგიდგენიათ, თანამედროვე ეპოქაში ამგვარ ორიგინალურ ჟესტს რა ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვებოდა?

- ეს იყო ინტიმური, თბილი და არა - სხვებისთვის გამიზნული ნაბიჯი. ამას უფრო დიდი ხიბლი აქვს, მე მგონი, ვიდრე იმას, ყველა რომ გიყურებს, აბა, რა იქნებაო. ვფიქრობ, სითბოს ამგვარად გამოხატვა უფრო რომანტიკულია... სიყვარული მერე უფრო მეტად გაღვივდა და... პირველი სემესტრის ბოლოს, ჩემს ოთახში ერთად რომ ვმეცადინეობდით, ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდით - მაშინ მამა მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა და ჩვენს ოჯახში მუდამ სტუმრიანობა იყო. იმ დღეს კოტე მახარაძე და კუკური ლაფერაძე გვესტუმრნენ და სასტუმრო ოთახში ყველანი ერთად სადილობდნენ. დედამ დაგვიძახა, თქვენც გამოდით, ხომ გშიათო? რასაკვირველია, გავედით. დედა ძალიან კარგი დიასახლისი იყო და არაჩვეულებრივ ნამცხვრებს აცხობდა. იმ დღესაც შემოიტანა თავისი გამომცხვარი ნამცხვარი, სახელად - მაკოცე. მეც მივუბრუნდი ვაჟას და შევთავაზე, - ვაჟა, მაკოცე არ გინდა-მეთქი? საწყალი ვაჟა დაიბნა და უხერხულობისაგან არ იცოდა, სად შემძვრალიყო. ოჯახის წევრებმა და სტუმრებმა დიდად არ შეიმჩნიეს ეს ამბავი, მხოლოდ ჩუმად ჩაიცინეს. მერე გაზაფხულიც მოვიდა. ვაჟას ძალიან უყვარდა ფეიერვერკების მოწყობა, ხანდახან რაღაც უცნაურობებსაც აკეთებდა ხოლმე და ამით ყველას ყურადღებას იქცევდა. ეკა და ანზორ ქუთათელაძეები ერთხელ, 8 მარტს, ჩემს მეგობარს ვესტუმრეთ, მინდოდა, ვაჟა მეგობრებისთვის გამეცნო. მეგობრებმა ყავა და ჩაი შემოგვთავაზეს. ვაჟამ, - მე ყავა მინდა, ოღონდ უშაქროდ ვსვამ, მარილითო... ჩემმა მეგობარმაც, ასე არ უნდა, მე შენ გაჩვენებ ყავას მარილითო და... მართლაც ბლომად მარილიანი ყავა მოუტანა. საბოლოოდ, ყველანი ვისხედით და ვუყურებდით, როგორ სვამდა ვაჟა დამარილებულ ყავას. არც კი შეიმჩნია, ბოლომდე დაცალა ჭიქა. მერე იქიდან ვერაზე, მის მამიდაშვილთან წავედით. მეტროსთან მისი ახლო მეგობარი დაგხვდა, გოჩა ცხვარიაშვილი, ახლა უკვე მოძღვარია, მამა გაბრიელი. თითქოს, რაღაცამ დამაეჭვა და ვუთხარი, ტაქსით არ წამოვალ, ავტობუსით წავიდეთ-მეთქი. რაღას იზამდნენ - წავედით ავტობუსით. მივედით მამიდაშვილთან და, რა თქმა უნდა, იქაც 8 მარტს აღნიშნავდნენ. მერე მომეჩვენა, რომ ძალიან გაგრძელდა ჩვენი სტუმრობა. მამამ მითხრა, 11 საათს არ გადააცილოო. მისი სიტყვა ჩემთვის ყველაფერი იყო, თანაც შინ ავადმყოფები დავტოვე - დედა გაცივებული იყო, ჩემს დას კი ყბაყურა ჰქონდა. გარდა ამისა, პატარაც ვიყავი, 17 წლის და... მოკლედ, შევხედავდი მასპინძლის საათს და, თითქოს, ერთსა და იმავე დროს უჩვენებდა. თურმე, მე რომ არ ავჩქარებულიყავი, საათი გადაუწევიათ. მივედი ტელეფონთან, ვიფიქრე, შინ დავრეკავ და ვეტყვი, რომ მაგვიანდება-მეთქი, მაგრამ ტელეფონიც გამორთული დამხვდა. აღარ ვიცოდი, რა მექნა და უცებ გამომიცხადეს, - ეკა, ბოდიში, მაგრამ დღეს შენ აქ რჩებიო. თავიდან კი გავგიჟდი, მაგრამ... ალბათ, მომერიდა, ძალიან რომ დავაგვიანე, ვიცოდი, ძალიან მისაყვედურებდნენ... მოკლედ, ასე დამტოვეს მამიდაშვილის ოჯახში და... ასე გავთხოვდი მარტში, პირველივე კურსზე. არადა, არც მამისთვის და არც დედისთვის არასდროს არაფერი დამიმალავს და ამიტომაც გააოცა ისინი ჩემმა ამ ნაბიჯმა. თანაც, ძალიან პატარები ვიყავით და არ უნდოდათ, ასე ადრე დავოჯახებულიყავით, მაგრამ ორი დღის მერე რომ მივედით მათთან, პურმარილით დაგვხვდნენ - ქარიშხალი უკვე გადავლილი იყო. მაშინ ასე პატარების ხელის მოწერაც არ შეიძლებოდა, ამიტომ მამამ ვინ აღარ ჩარია, ნებართვა რომ მოეცათ. ხელი მაინც მალე მოვაწერეთ - 27 აპრილს. ეკა ქუთათელაძისა და ვაჟა მინდიაშვილის ქორწილი

თბილისი-რუსთავი-თბილისი

- პირველად ფეხმძიმედ რომ დავრჩი, მუცელი მომეშალა, მერე კი ნატალია გამიჩნდა, უკვე 19 წლის ვიყავი. ფეხმძიმობისას ერთი ლექციაც არ გამიცდენია. ნატალია პირველ აგვისტოს დაიბადა, იმ დროისთვის კი გამოცდებიც ჩაბარებული მქონდა და მთლიანად ბავშვზე გადავერთე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთავის თეატრში გაგვანაწილეს. იმხანად მას მამა ხელმძღვანელობდა. მამამ თეატრში ახალგაზრდა მსახიობები მიგვიწვია - გიზო ჟორდანიას მთელი ჯგუფი. მომდევნო წელს შემოგვიერთდა ლილი იოსელიანის კურსგავლილი რეზო ჩხიკვიშვილიც. მე და ვაჟას რუსთავში ბინა მოგვცეს და ბავშვთან ერთად მარტო ვცხოვრობდით. ნატუკა რომ წამოვზარდე, 6 წლის იყო, 1981 წელს აჩიკო რომ გაჩნდა. ბავშვებს ვერავის ვუტოვებდით და, თითქმის, თეატრში გავზარდეთ. აჩიკოს ყველა "კულისას" ეძახდა, რადგან რეპეტიციების პერიოდში სულ კულისებში ეძინა. იმ პერიოდში გადაღებებზეც ხშირად მიწევდა წასვლა - ხან საქართველოში, ხან საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და ამ პერიოდში ვაჟა მარტო რჩებოდა ხოლმე ბავშვებთან. სხვათა შორის, მშვენივრადაც უვლიდა. საერთოდაც, ყველაფერი ეხერხებოდა, ხშირად კერძებსაც თავად ამზადებდა. ზოგადად, ძალიან ვეხმარებოდით ერთმანეთს. ჩვენი სახლის კარი კი, პირდაპირი მნიშვნელობით, არასდროს იკეტებოდა - ყველა ჩვენთან იკრიბებოდა და ვისაც რუსთავიდან თბილისში გამგზავრება დაეზარებოდა, ისიც ჩვენთან რჩებოდა. ერთი ტომარა ხახვი გვქონდა მომარაგებული და ერთი ტომარა - კარტოფილი, ასე რომ, გვყოფნიდა კარგა ხანს. ისე კი, უცნაური ამბები გადაგვხვდა: ვიდრე რუსთავში ვცხოვრობდით, რეპეტიციებსა და სპექტაკლებზე თბილისში დავდიოდით, რადგან რუსთავის თეატრში რემონტი იყო და დროებით დაკეტეს. მერე, რუსთავის თეატრი რომ გაიხსნა, უკვე თბილისში ვცხოვრობდით და იქიდან დავდიოდით რუსთავში რეპეტიციებსა და სპექტაკლებზე... კარგი იყო ახალგაზრდობა...

ორი მსახიობი და ორი მეგობარი ერთ ოჯახში

- მე და ვაჟა მეგობრები ვიყავით და ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. რამდენ ჭორსაც ისმენდა ჩემზე, გულთან რომ მიეტანა, ასე ვერ ვიცხოვრებდით. ადრეც მაქვს მოყოლილი, რუსთავის თეატრის პერიოდის ეს ამბავი.

- ალბათ, 1970-იან წლებში რუსთავის თეატრში რეჟისორ მიშა ბუკიას მიერ დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილის პიესაზე დადგმული სპექტაკლის - "დარაბებს მიღმა გაზაფხულიას" პერიოდს გულისხმობთ, მთავარ როლებს თქვენ და უსიმპათიურესი რეზო ჩხიკვიშვილი რომ ასრულებდით. მისი ტელევერსიის წყალობით, დღემდე სპექტაკლიც დაუვიწყარია და თქვენი წყვილიც...

- იმ პერიოდში აღარ ვთამაშობდი, რადგან აჩიკოზე უკვე მეცხრე თვეში ვიყავი. მაშინ ჩემი მული მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლობდა. ერთ დღეს, შესვენების პერიოდში გოგონები ერთად მსხდარან. ამ დროს მისულა ვიღაც, ვინც არ იცოდა, იმ გოგონებიდან ერთი ჩემი მული რომ იყო და გამოუცხადებია, - ახალი ამბავი მაქვს, ჩემი თვალით ვნახე, გუშინ სოჭის მატარებლით ეკა და რეზო გაიპარნენო. ამტყდარა სიცილი და ჩემს მულს სიცილითვე დაუმშვიდებია, - კი, კი, ეკა შინ ზის და ცხრა თვის ორსულიაო... რეზო ჩხიკვიშვილი და ეკა ქუთათელაძე როდესაც ადამიანი გიყვარს, მისი გჯერა, დარწმუნებული ხარ, რას გააკეთებს ან რას არ გააკეთებს, ეჭვიანობას არასდროს ექნება ადგილი. არც მე ვეჭვიანობდი ვაჟაზე და არც ის - ჩემზე. ისედაც, სულ ერთად ვიყავით, თუ ჩემს გადაღებებს არ ჩავთვლით, სამეგობროც საერთო გვყავდა და სამსახურიც ერთი გვქონდა. ერთმანეთზე ეჭვიანობა ცოტათი სასაცილოც კი იქნებოდა.

9 აპრილი და რადიკალურად შეცვლილი ცხოვრების გზა

მაშინ უკვე თბილისში ვცხოვრობდით, ვერაზე. 1989 წლის აპრილის ამბებში ყველანი ჩართულები ვიყავით, მთელი სამეგობრო, მაგრამ 9 აპრილის ღამეს ვერ დავრჩი ვაჟასთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი, აჩიკო პატარა იყო. მთელი ღამე ველოდებოდი ბიჭების მოსვლას. წმინდა გიორგის ხატთან ვიდექი, გარედან წივილ-კივილი და ყვირილი რომ შემომესმა. ხალხი მორბოდა, დაგვარბიესო. საშინელ დღეში აღმოვჩნდი - ბავშვების გამო გარეთ ვერ გავდიოდი, გათენდა და ვაჟა და ჩვენი მეგობრები კი ისევ არ ჩანდნენ. მერე ჩემმა სიძემ მომაკითხა და ბავშვებიანად დედასთან წამიყვანა. ვაჟას ყველგან ეძებდნენ, მაგრამ - ამაოდ. მერე სახლის ტელეფონზე თვითონ დარეკა, ჩურჩულებდა, არ ინერვიულო, ცოცხლები ვართ და მხატვრის სახლში ვიმალებითო... ეს დღე და ამბავი გარდატეხის მომენტი აღმოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ვაჟამ იმდენი საშინელება ნახა, რომ ამან მასზე ძალიან იმოქმედა. მაშინ ის ღმერთმა გადაარჩინა და ამიტომაც გადაწყვიტა, ცხოვრების გზა შეეცვალა. ძალიან მორწმუნე არასდროს ყოფილა, მე უფრო დავდიოდი ეკლესიაში და ვანთებდი სანთლებს, ვიდრე - ის. ჩვენი პირველი მოძღვარი მამა არჩილ მინდიაშვილი გახდა და ბავშვებიანად არასდროს ვაცდენდით მის წირვა-ლოცვას და ქადაგებებს. ვაჟამ სტიქარი ჩაიცვა და სასულიერო სემინარიაში ჩაბარებაც გადაწყვიტა, თუმცა ერთხანს გაორება დაეტყო, რადგან მოქმედი მსახიობი იყო, რუსთაველის თეატრში მუშაობდა, სპექტაკლებში მონაწილეობდა. მეც ვუთხარი, რადგან გადაწყვიტე, ნაბიჯიც გადადგი იქით, საითაც შენ გინდა-მეთქი. არ ვიცი, რას იზამდა, მე რომ შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე, პირიქით, ყველანაირად მხარში დავუდექი. უწმინდესთან მამა ნიკოლოზი და სტიქაროსნები - აჩიკო და სანდრო მერეც ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. ყველაზე საშინელ დროს 1991 წელს გაჩნდა ჩვენი უმცროსი ვაჟი - ალექსანდრე. ალექსანდრეზე ვიყავი ფეხმძიმედ, ჯვარი რომ დავიწერეთ ქაშვეთის ქვემოთ, წმინდა მარინეს ტაძარში. ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, დიაკვნად რომ აკურთხეს, შემდეგ კი, ამაღლებას, მშენებარე დიდი სამების ტაძრის საძირკველთან უწმინდესმა თავად აკურთხა მღვდლად. ვაჟას სახელად ნიკოლოზი უწოდეს. ამან ჩვენი ცხოვრების წესი ყველანაირად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესის კურთხევა მქონდა, შენი საქმე უნდა გააგრძელოო, ნელ-ნელა მაინც ჩამოვცილდი სცენას. აღარ მინდოდა მსახიობობა. მაშინ, როდესაც აჩიკოს და ალექსანდრეს ეცვათ სტიქარი, ფაქტობრივად, არც სტიქაროსანი ბავშვები იყვნენ. სანდრო განსაკუთრებით უყვარდა უწმინდესს, რადგან ყველაზე პატარა სტიქაროსანი იყო, თანაც - ძალიან საყვარელი, თავისი აბურძგნული თმით. ის წლები ძალიან ბედნიერად მახსენდება, რადგან ორივე ვაჟი პატრიარქის სტიქაროსანი იყო. უწმინდესი ხშირად გვეპატიჟებოდა ვახშამზე. მხოლოდ ჩვენ ვიყავით - მამა ნიკოლოზი, მე, აჩიკო, სანდრო და ნატალია. ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, კეთილი, უთბილესი ბაბუა რომ დაჯდება ოჯახის წევრებთან ერთად... ამდენი ხანი გავიდა და არასდროს მიფიქრია, იქნებ ჯობდა, შევწინააღმდეგებოდი მეუღლეს და ეს გზა არ აერჩია-მეთქი. მამა ნიკოლოზი საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში წირავდა, მისი წინამძღვარი იყო. იმ ტაძრის არქიტექტორი არის ჩემი მაზლი არჩილ მინდიაშვილი, რომელიც, ასევე, სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორიცაა. სამწუხაროდ, იგი შარშან, მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს დიდი თავზარი იყო ჩვენთვის... ეკა ქუთათელაძე შვილებთან - ალექსანდრესთან, არჩილთან და ნატალიასთან ერთად არ მავიწყდება კიდევ ერთი ამაღლების დღესასწაული... საერთოდ, ამაღლების დღესასწაული, თითქოს, გასდევს ჩვენს ცხოვრებას... იმ დღეს პატრიარქმა ყველასთვის მოულოდნელად მოიხსნა თავისი ჯვარი და ეს გამშვენიერებული ჯვარი იქვე დაჰკიდა მამა ნიკოლოზს. იქვე უთხრა, რამდენიმე წელიწადში პანაღეასაც გადმოგცემო, მაგრამ მერე აღარ დასცალდა - მამა ნიკოლოზი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, როდესაც პატრიარქი ისევ სტუმრობდა ამაღლების ტაძარს, ძალიან თბილად თქვა მამაოზე - სიყვარულის მამაო იყოო. 16 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, ისიც მოულოდნელად გარდაიცვალა, გულით. 49 წლის იყო. დაუვიწყარი, საოცარი კადრი იყო: მამაო რომ გარდაიცვალა და ამაღლების ტაძარში ესვენა, იქვე, სხვა მხარეს ნატუკას 40 დღის ბარბარეს ნათლავდნენ... ფიზიკურად მისი დაკარგვა ძალიან ძნელი აღმოჩნდა, მის გარეშე ძალიან გამიჭირდა, ერთად 30 წელს ვიცხოვრეთ და, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ... მაგრამ სულიერი კავშირი მუდამ გვაქვს, ხშირად ვესაუბრები ხოლმე... ვფიქრობ, მაინც ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ 11 შვილიშვილის ბებია ვარ - ნატალიას ოთხი შვილი ჰყავს, აჩიკოს და მის მეუღლე თეას - ხუთი, ხოლო სანდროს - ორი.

(სპეციალურად საიტისთვის)