"იმ ერთმა დღემ ძალიან "გამზარდა" და უცებ გადავაწყვე ჩემი ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"იმ ერთმა დღემ ძალიან "გამზარდა" და უცებ გადავაწყვე ჩემი ცხოვრება"

"რამდენ ადგილას ვმუშაობ და ვერ წარმომიდგენია, ყოველდღე ვდგებოდე, სამსახურში მივდიოდე და ამ დროს ჩემი ქმარი საწოლში კოტრიალობდეს..."

ხატია შამუგია რამდენიმე ორგანიზაციის პიარ-მენეჯერია - სამშენებლო კომპანიის, სტომატოლოგიური და თმის გადანერგვის კლინიკის, მუშაობს რადიოში და ამბობს, რომ რაც უფრო მეტადაა დაკავებული, მით მეტ საქმეს ასწრებს, მეტად მობილიზებულიცაა და იმავდროულად, ახერხებს იყოს კარგი დედაც.

- "აღზრდა, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, აღზრდის უქონლობა ყოველგვარი ბოროტების დედაა" (ალექსანდრ პუშკინი).

- ვფიქრობ, უფრო სწორია გამონათქვამი: "მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა". არ ვიცი, აღზრდის უქონლობა რამდენად წარმოშობს ბოროტებას, მაგრამ ადამიანებს უამრავი კარგი საქმის კეთებაში რომ უშლის ხელს და სხვებსაც დისკომფორტს უქმნის, ეს ფაქტია.

- "ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას დედის სიყვარული ჰქვია" (ზიადელი). - საერთოდ, სიყვარულს ახასიათებს ეგოიზმი, თუმცა ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. ეგოიზმი მესაკუთრეობაა, სიყვარული კი ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. როდესაც 2 ადამიანს შორის თავისუფლების ხარისხი მაღალი არ არის, უნდობლობა და ეგოიზმი მაშინ იჩენს თავს. მგონია, მესაკუთრეობა დამღუპველია ნებისმიერი ადამიანისთვის. მე არც მესაკუთრე დედა ვარ და არც მესაკუთრე მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ ვარ დედისერთა და მქონდა პირობა, ვყოფილიყავი ეგოისტი. შემაწუხებელია ეს გრძნობა, მე კი მუდმივად ვცდილობ, ვიყო კომფორტული გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, ახლობლებისთვის. ზოდიაქოთი ლომი ვარ და ხომ იცით, ლომები თავისუფლების მოყვარულები არიან; არც ის უყვართ, რომ ზღუდავენ სხვებს და არც ის, თვითონ რომ უზღუდავენ ვინმეს თავისუფლებას.

- "მე სამი გაზეთის უფრო მეშინია, ვიდრე 100 ათასი ხიშტის" (ნაპოლეონი). - ნამდვილად ასეა, 3 გაზეთი მართლა უფრო საშიშია, ვიდრე 100 ათასი ხიშტი. პიარის მიმართულებით ჩემი ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ, ლექციების წაკითხვის დროსაც ყოველთვის ვამბობ, თუ გსურთ, რომ წარმატებული მენეჯერი იყოთ და თქვენი კომპანიაც იყოს წარმატებული, პირველ რიგში, თქვენი სტრატეგია უნდა იყოს ჟურნალისტებთან კარგი ურთიერთობა; ჟურნალისტს შეუძლია კარგი კომპანია გახადოს ნული და პირიქით, ჩვეულებრივი კომპანია გახადოს ნომერი პირველი. თუ ვინმე თვლის, რომ მე ვარ კარგი პიარ-მენეჯერი, ეს იმიტომაა, რომ ჩემი ძლიერი მხარე სწორედ მათთან კარგი ურთიერთობაა. ჩემთვის ჟურნალისტები ძალიან მოსაფრთხილებელი ხალხია, მიყვარს ისინი და რაც მთავარია, ვაფასებ მათ შრომას. კარგად ვიცი, თითოეული სიუჟეტის, ინტერვიუს უკან რამხელა შრომა დევს, - დარეკვა, რესპონდენტთან შეთანხმება, ტექსტის გაშიფვრა...

- "რა საჭიროა ცხოვრება, თუ არ ცდილობ სხვისი ყოფის შემსუბუქებას" (თომას ელიოტი). - კარგი სიტყვებია. ადამიანები ზრუნვით ყოველდღიურ ყოფას უმსუბუქებენ ერთმანეთს. "კაცად მაშინ ხარ საქები,/ თუ ეს წესი წესად დარგე:/ ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,/ აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?" - ილიას ამ სიტყვებში რამხელა აზრი იკითხება!.. როდესაც სხვებზე ზრუნავ, დადებითი ენერგეტიკა მოდის შენგან, შემდეგ კი უკან გიბრუნდება ეს ყველაფერი. ჩემთვის საოცნებოა სამყარო, სადაც მხოლოდ სიკეთე და მზრუნველობა იქნება.

- "პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმისთვის, რომ ბევრი რამ დაივიწყოს" (ბერნარდ შოუ). - პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი, შეიძლება ბუნებით ასეთად დაიბადე, მაგრამ შეგიძლია რაღაც-რაღაცები დასძლიო და ბევრი რამ შეცვალო. საკუთარ თავთან მუშაობა ყოველთვის შედეგიანია. პესიმიზმი დამღუპველია, არც ერთ საქმეში არ წაადგება ადამიანს, ოპტიმიზმი კი დიდი სტიმულია, აკეთო ყველაფერი კარგად.

- "ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორიც როცა 48 მილიონი მქონდა" (არნოლდ შვარცენეგერი). - ამბობენ, ერთი მილიონის შემდეგ უკვე აღარ გაინტერესებს, რამდენი გაქვსო, მაგრამ ერთ მილიონამდე მისვლა ნამდვილად გაბედნიერებს, რადგან ბევრ პრობლემას გიხსნის. ამბობენ, ბევრი ფული აფუჭებს და ცვლის ადამიანსო, მაგრამ სინამდვილეში, ფული ავლენს ადამიანის შინაგან მეს, რომელსაც მანამდე არ იცნობდა.

- "ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული... მეგობრობა კი - არა" (ოსკარ უაილდი). - დიდი ბოდიში ოსკართან, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით, ქალსა და მამაკაცს შორის ნამდვილად არსებობს ჭეშმარიტი მეგობრობა. მე მყავს კარგი მეგობარი მამაკაცებიც, ახლა სწორედ მათთან ერთად ვზივარ და ისინიც მეთანხმებიან, რომ ქალსა და მამაკაცს შორის უფრო წრფელი და სანდო მეგობრობაა, ვიდრე ვთქვათ, ქალებს შორის, - არ მტრობენ ერთმანეთს, არ შურთ და ა.შ.

- "ერთი ქალი არასდროს არ აღიარებს მეორის მშვენიერებას" (გოტფრიდ ლესინგი). - საერთოდ, ქალებს უჭირთ ერთმანეთისთვის კომპლიმენტების თქმა, კრიტიკულები არიან, მაგრამ მე სიამოვნებას მანიჭებს ლამაზი ქალის დანახვა და მისთვის კომპლიმენტის თქმა. როდესაც ლამაზია ქალი, ნაკლებად დაძაბულია და ნაკლებად ბოროტიც, თუმცა, მათ თავდაჯერებულობა აკლიათ.

- "ქვრივად დარჩენა სჯობია ზარმაცი კაცის ყოლასა" (ადიღეური აფორიზმია). - ქვრივად დარჩენას არავის ვუსურვებ, მაგრამ უვარგისი კაცის ცოლობას მარტოობა სჯობს. ამ აფორიზმს შევცვლიდი ასე: "მარტო დარჩენა სჯობია,…ზარმაცი კაცის ყოლასა". რამდენ ადგილას ვმუშაობ და ვერ წარმომიდგენია, ყოველდღე ვდგებოდე, სამსახურში მივდიოდე და ამ დროს ჩემი ქმარი საწოლში კოტრიალობდეს...

- "მიჰყევი შენს გზას და ადამიანებმა, რაც ენებოთ, ის ილაპარაკონ" (დანტე ალიგიერი). - ასეც არ არის. უნდა მიჰყვე შენს გზას, მაგრამ საზოგადოების აზრიც გასათვალისწინებელია. არ ვიცი, კომპლექსების ბრალია თუ არა, მაგრამ გარკვეულწილად მიწევს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება.…

- "ყველაზე მოკლე გზა ქალის გულისკენ, ეს სიბრალულია" (ბაირონი). - ვინც მებრალება, ის საერთოდ არ მხიბლავს, განსაკუთრებით - მამაკაცი. ალბათ ქალსაც გააჩნია, საბრალო მამაკაცთან ცხოვრებას მე ნამდვილად არ ვისურვებდი. ყველაზე ადვილად ქალი მაშინ იხიბლება, როდესაც მამაკაცის გვერდით კომფორტულად გრძნობს თავს. ამაში არც მხოლოდ მატერიალური სიკეთეები იგულისხმება და არც მხოლოდ სულიერი, ყველაფერი - ცოტ-ცოტა, ერთობლიობაში.

- "ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი" (ილია ჭავჭავაძე). - მე მგონია, რომ ადამიანის ყველაზე დიდი სიძლიერეა, როცა მას შეუძლია ბოდიშის მოხდა და შეცდომის აღიარება. ასე მოიქცა არაერთი პოლიტიკოსიც, თუნდაც უახლოეს წარსულში და ერთი ბოდიშით ბევრი მხარდამჭერი გაიჩინა, მაგრამ ეს უნდა იყოს გულწრფელი. გულწრფელად თუ აღიარებ შეცდომას, ეს სირცხვილი არ არის. თვითონ საბოდიშოდ არასდროს გამიხდია საქმე, თუ არ ჩავთვლით სკოლის პერიოდს, როდესაც მასწავლებელს შენიშვნა მოუცია, - შამუგია, გაჩუმდიო, - და ბოდიში-მეთქი, მითქვამს. შეცდომის აღიარება და შეგნებული ბოდიში ღირსებად მიმაჩნია.

- "ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან" (ილია ჭავჭავაძე). - როგორ შეიძლება არ დავეთანხმო?! ჩემს ყველა ქმედებაში პასუხისმგებელი ვარ თვითონ, პასუხებს ვეძებ საკუთარ თავში. სხვაზე გადაბრალება პრობლემებისა და იმის, რაც დაგემართება, თავის მოტყუებაა.

- "ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი" (გაბრიელ გარსია მარკესი). - გააჩნია, ვინ გაყენებს ტკივილს: რაც უფრო ახლობელია, უფრო გტკივა, ნებისმიერი ტკივილი კი გამოცდილებაა, გზრდის. ახლახან დავტოვე ჩემი ძველი სამსახური. იმ ადამიანებმა მომაყენეს ტკივილი, ვისაც 12 წელი ვემსახურე თავდაუზოგავად, გულწრფელად და დიდი სიყვარულით. იმ ერთმა დღემ ძალიან "გამზარდა" და უცებ გადავაწყვე ჩემი ცხოვრება.

- "წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი - ცოტათი ყრუ" (გორდონ დინი).

- ვიცი ეს გამონათქვამი, ასეთია ქორწინების პირველი წელი (იცინის), მერე კაცსაც ყურთასმენა უბრუნდება და ქალსაც თვალები ეხილება. ქორწინებასაც საზრდო სჭირდება და ჭკვიანი წყვილი ყოველთვის ცდილობს, რაღაც სიახლე შეიტანოს ურთიერთობაში.

- "ქალების უმრავლესობა ღამის პერანგს უფრო გონივრულად არჩევს, ვიდრე საკუთარ მამაკაცს" (კოკო შანელი). - სამწუხაროდ, ასეა. ქალები უფრო მგრძნობიარენი ვართ, გადაწყვეტილებებს ემოციურად ვიღებთ და შესაბამისად, შეცდომებსაც ვუშვებთ. ქალი თავიდან ბოლომდე ემოციაა და საერთოდაც მგონია, რომ ჩვენ უფრო შეგვიძლია სიყვარული.

- "ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს - ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის" (ქეი-ქუასი). - ასეა, ძლიერი მტრისაც უნდა გეშინოდეს და ვერაგი მეგობრისაც, მაგრამ ყველაზე მეტად ჭკვიანი მტერი მაშინებს. თუმცა, ჭკვიანი ადამიანის კონკურენტობა ღირს, საინტერესოა და ბევრ რამეს სწავლობ.

- "ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი" (სოლომონ დოდაშვილი). - ნამდვილად ასეა, და არა მარტო მას ამძიმებს - შეიძლება, თვითონ ვერც გრძნობდეს, მაგრამ გარშემო მყოფ ადამიანებს მართლაც ძალიან ამძიმებს და დისკომფორტსაც უქმნის.

- "რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს" (გოდერძი ჩოხელი). - უნდა გამოვტყდე, რომ ძალიან მეშინია და არ მინდა ნაადრევად სიკვდილი. ვიცი, რომ გარდაცვალება სხვა განზომილებაში გადასვლაა, სამუდამო სასუფეველში გადავინაცვლებთ, მაგრამ რწმენაში ისეთი ძლიერი არ ვარ, რომ ასე ვიფიქრო და სიკვდილის არ მეშინოდეს. მინდა დიდხანს ვიცოცხლო...

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"