"ერთ ბიზნესმენს ამ ავარიის შემდეგ შვილი აღარ დარჩა და ყველაფერი შენს ქმარს გაუფორმა, შვილად მიიღო... ერთ მდიდარს ჩაესიძაო" - კვირის პალიტრა

"ერთ ბიზნესმენს ამ ავარიის შემდეგ შვილი აღარ დარჩა და ყველაფერი შენს ქმარს გაუფორმა, შვილად მიიღო... ერთ მდიდარს ჩაესიძაო"

წლების წინ უცნაურად გაუჩინარებული ზესტაფონელი კაცის ამბავი

"მისი ძმაკაცები ამბობდნენ, მან ამ საქციელით ცოლ-შვილი გადაგარჩინათო"

ცოტა არ იყოს, უცნაური რამ უნდა მოგიყვეთ... დიდი იმედი გვაქვს, რომ ვინმე გამოგვეხმაურება და ბურუსით მოცულ ამბავს, რომელიც ამ ადამიანის ოჯახის წევრებს წლებია სტანჯავს, ნათელს მოჰფენს...

მაშ ასე! ვეძებთ 1959 წლის 6 სექტემბერს დაბადებულ რამინ სამხარაძეს!

დაიბადა ზესტაფონის რაიონში. სიყვარულით დაქორწინდა ულამაზეს ქალბატონზე, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტკივილის ატანა მოუხდა, დღემდე აქვს შენარჩუნებული სილამაზე... არ გაბოროტებულა და ოჯახს ბურჯად უდგას. უცნაურად გაუჩინარებული მეუღლის მშობლებსაც ბოლომდე უპატრონა და ბოლო გზაზეც მანვე, შვილებთან ერთად გააცილა...

რამინს და მის მეუღლეს უკვე ორი შვილი ჰყავდათ, როცა კაცს გარკვეული პრობლემები შეექმნა და ახლობლებმა რუსეთში წასვლა ურჩიეს. იყო ბევრი ცრემლი, ემოციური დამშვიდობება ოჯახთან... თუმცა, ამის მერე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველაფერი აირია. მოსიყვარულე ქმარი უცნაურად შეიცვალა, ხან გამოჩნდებოდა, ხან დაიკარგებოდა ისე, რომ მის კვალს ვერავინ პოულობდა...

ერთხელაც, მის მეუღლეს დამ ურჩია, - როდემდე უნდა იყო ასეთ დღეში? ჩამოდი რუსეთში, მე და ჩემი ქმარი დაგეხმარებით შენ და რამინის. აქ მოიწყვეთ საკუთარი ბუდე, ძნელია ცოლ-ქმრის ცალ-ცალკე ყოფნაო. სიტყვა საქმედ იქცა და ქალბატონი ლია შვილებთან ერთად რუსეთში, ალტაის ოლქში გაემგზავრა. რაღაც პერიოდი იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთხელაც, მისი ქმარი ისევ სადღაც გაქრა და ძალიან დიდხანს არ გამოჩნდა. ქალმა გადაწყვიტა, ასე ყოფნას ისევ საქართველოში, ახლობლების გარემოცვაში ყოფნა სჯობსო და ზესტაფონში დაბრუნდა იმ იმედით, რომ ერთხელაც მისი ქმარი ყველა პრობლემას მოაგვარებდა და დაუბრუნდებოდა. დარწმუნებული იყო მის სიყვარულში და იმაშიც, რომ რამინს კეთილი და მოსიყვარულე გული უძგერდა მკერდში...

დიდხანს ელოდა... როცა არ გამოჩნდა, მასზე ძებნა გამოაცხადეს მთელ საბჭოთა კავშირში, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს... გავიდა წლები და როდესაც ოჯახს მისი პოვნის ყველა იმედი გადაეწურა, სწორედ მაშინ გამოჩნდა. იცინოდა თურმე, ზურგსუკან გიდგავართ და მაინც ვერ მამჩნევთო...

თითქოს დაღვინებული უნდა ყოფილიყო, უკვე საშუალო ასაკს გადაცილებული ადამიანი, მაგრამ ვერ გაამართლა საყვარელი ადამიანების მოლოდინები, ისევ გაიპარა და მას მერე ოჯახის წევრებს არ უნახავთ...

ეს მოხდა 1985-86 წლებში. ოჯახის ახლობელი ქალბატონი იმ წლებში პროკურორად მუშაობდა და მისი ხელშეწყობით, კიდევ ერთხელ გამოცხადდა რამინზე ძებნა. ოჯახში ურთიერთგამომრიცხავი ამბავი მოჰქონდათ ხოლმე: ხან ამბობდნენ, რუსეთშიაო, ხანაც - ერევანში ან - სადმე სხვაგან. ბოლოს კვალმა ერევანში ჩაიყვანა ქალბატონი ლია, სიძესთან და თანასოფლელ კაცთან ერთად. ერევანში, მითითებულ მისამართზე მისულებს, ფაბრიკა-ქარხნები დახვდათ. იქ რომ იკითხეს რამინის სახელი, ყველამ ქება-დიდება შეასხა ამ ქართველ კაცს. სომხები მასზე ამბობდნენ, ეგ აქ დიდი პიროვნებააო. ბოლოს, ერთ კაცთან დალაპარაკება ურჩიეს, იმ კაცმა კი მანამდე არაფერი თქვა, ვიდრე ქალბატონი ლიას სიძემ არ უთხრა, ამ ქალმა რუსული არ იცის, შეგიძლიათ ილაპარაკოთო. ისიც ალაპარაკებულა: რამინს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავდა, სულ აწუხებდნენ და მერე ერთ-ერთს გაჰყვა; ისე წავიდა, ჩვენც არაფერი გაგვაგებინაო.

ოჯახის წევრებს უკვირდათ, სომხებს ასე როგორ შეაყვარა თავი, რომ ყველა აფასებდა და მერე ცოლს ასეთი რამ უამბეს: "ამას წინათ ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს, ბევრი ადამიანი დაიხოცა. ამ ფაბრიკა-ქარხნების უფროსის 4 ახლობელი გარდაიცვალა იმ დღეს და გვამების ჩამოსვენებაში რამინმა იმხელა წვლილი შეიტანა, სომხებმა სულში ჩაიძვრინეს. ერთ ბიზნესმენს ამ ავარიის შემდეგ შვილი აღარ დარჩა და ყველაფერი შენს ქმარს გაუფორმა, შვილად მიიღოო... ისიც უთხრეს, რომ ერთ მდიდარ სომეხს ჩაესიძა და როცა თქვენ მის საძებრად ერევანში ჩახვედით, იქ იყო, მაგრამ დაგიმალეს, არ შეგახვედრესო...

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ოჯახის წევრებმა ის ვეღარ იპოვეს. დღესაც, მის შვილებს ზოგი ეუბნება, დიდი ხნის წინ მოკვდა მამათქვენიო, ზოგიც იმედს აძლევს, ცოცხალია და თუ მოინდომებთ, მისი პოვნა შეიძლებაო.

შვილებს, ცხადია, ყოველთვის ჰქონდათ ბევრი კითხვა მამასთან, მაგრამ ამას არ აღიარებდნენ. არც მის პოვნას ცდილობდნენ, თითქოს, მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, როგორ დარდობდნენ თავიანთ უცნაურ "ობლობას"... ძნელია უმამო გერქვას და იცოდე, რომ სინამდვილეში ის სადღაც ცხოვრობს... გულის სიღრმეში, ალბათ, გაბრაზებულები იყვნენ მშობელზე, რომელმაც ოჯახის წევრები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვა და მას მერე, ნიშანიც კი არ მიუცია იმისა, რომ ცოცხალია, სადღაც არის... თუმცა დრო ყველაფრის მკურნალია და ახლა, როცა თავადაც მშობლები გახდნენ, გული მოულბათ. იმასაც ფიქრობენ, რომ შესაძლოა, სადღაც ჰყავთ და, ძმა და შიშობენ, მათი შთამომავლები სულ სხვა გარემოში არ შეხვდნენ ერთმანეთს... ორივე შემდგარი პიროვნებაა. არანაირი მატერიალური ინტერესი არ გააჩნიათ. მხოლოდ ის აინტერესებთ, რა მოხდა წლების წინ და ჰყავთ თუ არა და ან ძმა...

ჰო, რამდენიმე წლის წინ ოჯახმა გამოიტირა რამინ სამხარაძე, რადგან მიუვიდათ ტელეგრამა: გარდაიცვალა და წაასვენეთო. როცა გადმოსვენების საკითხი წყდებოდა, აღმოჩნდა, რომ, ასევე ზესტაფონში მცხოვრებ, სულ სხვა რამინ სამხარაძეზე იყო საუბარი და... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შვებით ამოისუნთქეს... არ ემეტებოდათ სიკვდილისთვის... ჰოდა, ვფიქრობ, ამდენი ხნის შემდეგაც კი, შესაძლებელია, პატიება ითხოვო და მიგეტევოს, ალბათ...

შვილებს მისმა ყოფილმა ძმაკაცებმა ერთხელ ისიც კი უთხრეს: წასული რომ არის, ეს ისევ თქვენთვისაა უკეთესი, ამით გადაგარჩინათო და რისგან? - ეს უკვე არ იციან. თუ ასეა საქმე, ამდენი წლის შემდეგ მაინც, იქნებ აღარ აქვს დასამალად საქმე და დროა, გამოჩნდეს, შვილიშვილები გაიცნოს...

დაბოლოს, ამ ადამიანის მოძებნისკენ ოჯახს ერთ-ერთი შვილის სიზმარმა უბიძგა. ცოტა ხნის წინ რამინის დედა გარდაიცვალა. 40 დღე არ იყო გასული, როცა მისი მეუღლემ ანუ რამინის მამამაც იმქვეყნიურ სამყოფელში გადაინაცვლა და სულ მალე შვილიშვილს ჯერ ბაბუა დაესიზმრა, რომელიც ეუბნებოდა, აქ არ არის ჩემი შვილი, მამა თქვენს სამყაროში ეძებეთო და შემდეგ - მოტირალი ბებია "ნახა", რომელიც ამბობდა: მთელი ცხოვრება მენატრებოდა. მეგონა, აქ ვნახავდი, ბებო, და აქაც ვერსად ვიპოვეო...

P.S. სიკეთე ყოველთვის შედეგის მომტანია და დუმილი ზოგჯერ - დანაშაულის ტოლფასი, ეს ყველამ უნდა გავიაზროთ და როცა საშუალება გვაქვს, ოჯახის წევრებს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მათთვის ძვირფასი ადამიანების პოვნაში; ვაპოვნინოთ თუნდაც იმისთვის, რომ მთელი ცხოვრების გატარება არ მოუხდეთ, წლების განმავლობაში დაგროვილ კითხვის ნიშნებთან ერთად, რაც, ალბათ, არ არის ადვილი ასატანი...

იმედია, დაგვეხმარებით ამ ადამიანის პოვნაში. თუ ვინმეს გაქვთ რამე სახის ინფორმაცია, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 558 256081. საჭიროების შემთხვევაში, ანონიმურობა გარანტირებული გექნებათ. წინასწარ გიხდით მადლობას.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)