"ვფიქრობ, 5 წელიწადში სისრულეში მოვიყვანთ ჩვენს მთავარ მიზანს" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, 5 წელიწადში სისრულეში მოვიყვანთ ჩვენს მთავარ მიზანს"

"გვსურს გავხდეთ სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან უნდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია სოფელში გადასვლა"

დღესდღეობით უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქალაქს და საცხოვრებლად სოფელში, ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მიდის. ქალაქიდან წასულების უმეტესობა კი ახალგაზრდები არიან, იდეებითა და შემართებით დატვირთული ხალხი. როგორც ჩანს, სულ მალე საქართველო ძველებურად მკვიდრი მოსახლეობით სავსე სოფლებს დაიბრუნებს. სოციალურ ქსელში შემთხვევით ერთ-ერთ ასეთ წყვილს წავაწყდი. 4 შვილის დედა, ქეთი დვალი მეუღლესთან და შვილებთან ერთად წინაპრების დანატოვარ მიწას დაუბრუნდა. ქალაქური ქაოსი დატოვა და ქსოვრისში გადავიდა საცხოვრებლად. ქეთიმ ოჯახის დახმარებით სახლი შეაკეთა, ბაღიც გააშენა და იდეა შემოსავლის წყაროდ აქცია. ეს ენთუზიაზმით სავსე გოგო თავის ახალ და საინტერესო ცხოვრებაზე ჩვენც გვესაუბრა:

- მე ვარ ქეთი, დამწყები ფერმერი და მომავალი მეღვინე. ამჟამად ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრარული მიმართულებებისა და ბიოინჟინერიის ფაკულტეტზე, ენოლოგია-მევენახეობის განხრით.

- უკვე რამდენიმე წელია ქსოვრისში ცხოვრობთ, როგორ აღმოჩნდით ქალაქიდან ამ უმშვენიერეს გარემოში?

- ქსოვრისში მესამე წელია, გადმოვედით, თუმცა ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრი ბევრად ადრე დავიწყეთ. წლების მანძილზე მწიფდებოდა ჩვენს ოჯახში იდეა, რომ მიგვეხედა წინაპრების დანატოვარი, დანგრევის პირას მისული სახლისთვის; აგვეთვისებინა მიწები, მოგვეყვანა ჯანსაღი პროდუქტი ბავშვებისთვის. მაგრამ ჯანსაღ საკვებთან და სუფთა ჰაერთან ერთად, აუცილებლად გვჭირდებოდა შემოსავლის წყარო. სწორედ ამიტომ, მონაწილეობა მივიღეთ სახელმწიფო პროექტში "დანერგე მომავალი", სადაც მოვიპოვეთ 100%-იანი გრანტი, გავაშენეთ ჟოლოს ბაღი და მალევე გადმოვბარგდით სოფელში.

- როგორია თქვენი ახალი ცხოვრება, ქალაქისგან განსხვავებით, რა შეიცვალა?

- სოფელში გადმოსვლამდე ბევრს ვფიქრობდით, მოგვეწონებოდა თუ არა ახალი ცხოვრების სტილი ან ავუღებდით თუ არა ალღოს სოფლის მეურნეობას, თუმცა ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის იდეა გვაძლიერებდა. მოგვიანებით კი აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ ეს გარემო გვიქმნიდა სიმშვიდეს. საკუთარ თავში აღმოვაჩინეთ უამრავი ნიჭი და პოტენციალი, რისი გამოვლენის საშუალებაც თბილისში ცხოვრებისას არ გვქონდა. აქ გატარებული ყოველი დღე არის ჩვენთვის ახალი აღმოჩენების, გამოწვევების და გამოცდილების მიღების პროცესი.

- ძირითადად, რას საქმიანობთ ქსოვრისში?

- ჩვენი საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია. ვუვლით ბავშვებს, ვამუშავებთ მიწას და მოგვყავს თითქმის ყველა სახის ხილი და ბოსტნეული, ვალამაზებთ ეზოს, ჩვენი ხელით ვარემონტებთ სახლს, ვაახლებთ ძველ ავეჯს. ასევე, გვყავს შინაური ცხოველები და ფრინველები.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გვაქვს გვერდი სახელად - "ჩვენთან", სადაც აქტიურად ვაზიარებთ ჩვენს ყოველღიურობას. გვსურს გავხდეთ სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან უნდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია სოფელში გადასვლა. ასევე, დავიწყეთ სტუმრების მიღება უქმე დღეებში, ვმასპინძლობთ ოჯახებს ბავშვებთან ერთად, ვაძლევთ განტვირთვისა და ლამაზ გარემოში დასვენების საშუალებას.

- როგორ შეეგუეთ თქვენ და როგორ შეეგუვნენ ბავშვები ახალ გარემოს?

- ბავშვები საკმაოდ მარტივად ადაპტირდნენ ახალ გარემოსთან, რაც მათ განწყობასა და ხასიათზე დადებითად აისახა, გახდნენ მეტად მზრუნველები და ხალისიანები.

- რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს და მეგობრებს?

- ჩვენს გადაწყვეტილებას მშობლები დადებითად შეხვდნენ და ყველანაირად დაგვიდგნენ გვერდში, ჩვენი გეგმების სისრულეში მოსაყვანად.

- როგორც ვიცი, სახლი თქვენი ხელით შეაკეთეთ, ესეც გეგმის ნაწილი იყო? როგორ ჩაიარა სახლის გაახლებამ?

- თავიდან, ბანკის დახმარებით, სახლში შევქმენით მინიმალური საცხოვრებელი პირობები, შემდეგ კი საკუთარი ხელებით სახლის გარემონტება გავაგრძელეთ. სოციალურ ქსელში მოვიძიეთ ინფორმაცია და დავიწყეთ დარჩენილი ოთახების რემონტი, ძველი ავეჯის გაახლება. სახლში ნაპოვნი გამოუსადეგარი მასალებისგან თაროები, დეკორატიული ნივთები და სანათები შევქმენით.

- სოფლის მეურნეობას, მეფუტკრეობასა და მიწათმოქმედებას გამოცდილება სჭირდება, თქვენ ყველაფერი შეძელით, ოჯახის რომელიმე წევრისგან გერგოთ ცოდნა თუ ესეც თქვენი ენთუზიაზმითა და მოტივაციით შეისწავლეთ?

- ჩემს მეუღლეს მიწასთან შეხება ბავშვობიდან ჰქონდა, თავის ბებოს ეხმარებოდა ხოლმე ზაფხულობით. ფუტკრის ოჯახებიც 15 წლის წინ მოაშენა, უბრალოდ, თბილისიდან სოფელში სიარულს მათ მოსავლელად ვერ ახერხებდა. რაც შემეხება მე, სოფელში გადმოსვლამდე, არანაირი შეხება არ მქონია მიწასთან, თუმცა ყველაფერი მალევე ავითვისე და აქტიურად ჩავერთე სოფლის მეურნეობაში.

- რას ეტყოდით ქალაქში დარჩენილ ადამიანებს, რატომ უნდა ჩამოვიდნენ სოფელში?

- სოფელში ცხოვრებით და საქმიანობით ადამიანებს შეუძლიათ მთელი არსებით შეიგრძნონ ბუნების სიკეთე და სწორედ აქ იპოვონ სიმშვიდე და სიმყუდროვე.

- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება 5 წელიწადში?

- ვფიქრობ, 5 წელიწადში სისრულეში მოვიყვანთ ჩვენს მთავარ მიზანს - გავაშენოთ საკუთარი ვენახი და ქართული ტექნოლოგიით დავაყენოთ ბიოორგანული ღვინო. ასევე, გვსურს მივიღოთ ტურისტები და გავაცნოთ მათ სოფლის ცხოვრება.

- როგორც ქალაქში, ასევე - სოფელში ცხოვრებაც თავისებურად სირთულეებს უკავშირდება, თქვენ თუ შეხვედრილხართ რამე სირთულეს?

- ქალაქთან შედარებით, სოფელში ცხოვრება იმდენად სასიამოვნოა, რომ გულწრფელად მიჭირს სირთულეებზე საუბარი. თუმცა, ბუნებრივია, სოფელში ცხოვრებას ახლავს გარკვეული სირთულეები, კერძოდ, გიწევს მუდმივად ტონუსში ყოფნა და ბევრი შრომა. მაგრამ, როდესაც ოჯახს აქვს საერთო მიზანი, ვფიქრობ, ყველა სირთულე დაძლევადია.

- მომავალი გეგმებიც გაგვიზიარეთ, რას უნდა ველოდოთ თქვენი დიდი და ლამაზი ოჯახისგან?

- ჩვენი მომავალი გეგმები ასეთია: გადავაკეთოთ ჩვენი სახლი საოჯახო სასტუმროდ და ვუმასპინძლოთ მხოლოდ ბავშვიან ოჯახებს ანუ პრიორიტეტი, ჩვენთან სტუმრობის შემთხვევაში, იქნებიან პატარები. ყველაფერი მორგებული და ადაპტირებული იქნება მათზე, დაწყებული გარემო პირობებიდან, დამთავრებული - აქტივობებით. გვინდა, ქალაქში მცხოვრებ პატარებს, სუფთა ჰაერთან და ჯანსაღ საკვებთან ერთად, შევთავაზოთ უბრალო, მშვიდი და სასიამოვნო გარემო. ჩვენს შვილებთან ერთად მათაც შევაყვაროთ ბუნება, ცხოველებთან და მცენარეებთან ურთიერთობა. რაც დრო გადის, სულ უფრო მიჯაჭვულები ხდებიან ჩვენი პატარები ვირტუალურ სამყაროსთან, ისინი უარს ამბობენ წიგნებთან ურთიერთობაზე, რასაც ძალიან განვიცდით თანამედროვე მშობლები. ამ კუთხით, შემეცნებითი საღამოების მოწყობას ვგეგმავთ, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა თემატიკით, იმისთვის რომ პატარებს წიგნის მიმართ ინტერესი გავუღვივოთ და მასთან დაახლოებაში შევუწყოთ ხელი.

ამის გარდა, ვაპირებთ, აღვადგინოთ ძველი მარანი და გავაგრძელოთ 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია - ქართული მეღვინეობა.

(სპეციალურად საიტისთვის)