როგორ ვაჯობოთ სიმსივნეს დროში - კვირის პალიტრა

როგორ ვაჯობოთ სიმსივნეს დროში

"თუ კონკრეტული ბიოლოგიური მარკერებით დაავადებას ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩენთ, უფრო მარტივია მისი თავიდან აცილება, მკურნალობა და აბსოლუტური განკურნებაც"

კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ოცნება, მარტივი გრიპივით დაამარცხოს ავთვისებიანი სიმსივნე, ჯერაც ოცნებად რჩება, თუმცა რიგ ქვეყნებში კიბოს უკვე წარმატებულად უტევენ და თანაც ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი საკუთარ ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნის არსებობას ვერც წარმოიდგენს. კიბოსთან ბრძოლის ამგვარი სტრატეგია მოქმედებს საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში უკვე სრულად განიკურნენ პაციენტები, რომელთაც დროში გაუმართლათ. რას ნიშნავს დროში გამართლება, როგორ ერევიან კიბოს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, რა უშლის ხელს სიმსივნის მასობრივად დამარცხებას, არსებობს თუ არა უნივერსალური წამალი? - ამ და სხვა საკითხებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძეს ვესაუბრეთ.

- მეოცე საუკუნის მიწურულს ონკოლოგიის, ონკოიმუნოლოგიისა და იმუნოგენეტიკის განვითარების შედეგად გაჩნდა იმედი, რომ მეცნიერები შექმნიდნენ უნივერსალურ მედიკამენტს, რომელიც ყველა ტიპის სიმსივნეზე იმოქმედებდა. სამწუხაროდ, 2014-2015 წლებში, კვლევების ერთი ეტაპის დასრულებამ ცხადყო, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ურთულესი ბიოლოგიური სტრუქტურის წარმონაქმნია, რომელმაც გამოიმუშავა რეზისტენტობა და შეძლო მედიკამენტების მოქმედებას გასხლტომოდა, მათ შორის ე.წ. მთლიანი მოლეკულების, თარგეთული იმუნური სამკურნალო საშუალებების ზემოქმედებასაც კი. სიმსივნის პროგრესირება მხოლოდ 3, 6, ან 12 თვის განმავლობაში ჩერდება, მაგრამ შემდგომ კონკრეტული მედიკამენტის მიმართ რეზისტენტულ ანტიგენებს გამოიმუშავებს. შესაბამისად, რაც უფრო მრავალფეროვანი საშუალებებით ებრძვი, მით უფრო რეზისტენტული სიმსივნური უჯრედი ყალიბდება და მისი განადგურებაც რთულდება.

- შეიძლება ითქვას, რომ დღეს კაცობრიობას სიმსივნესთან საბრძოლო სტრატეგია და იარაღი აქვს? - სტრატეგია არასწორად არის შერჩეული. შესაბამისად, არა გვაქვს იარაღიც. საქმეს ართულებს ისიც, რომ კიბოს კვლევის სხვადასხვა ინსტიტუტი დამოუკიდებლად მუშაობს და არა ერთობლივად. სხვადასხვა ხედვა აქვთ, ვერ თანხმდებიან.

ამიტომ დღეს კიბოსთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა უკიდურესად ადრეულ ეტაპზე სიმსივნური დაავადების აღმოჩენაა.

ნებისმიერი ტიპის სიმსივნეს კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე წლით ადრე ეყრება საფუძველი. შესაბამისად, თუ კონკრეტული ბიოლოგიური მარკერებით დაავადებას ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩენთ, უფრო მარტივია მისი თავიდან აცილება, მკურნალობა და აბსოლუტური განკურნებაც. როგორც თქვენ თქვით, შეგვიძლია სიმსივნეს დროში მოვუგოთ.

- რამდენი ხნით ადრე უნდა დადგინდეს მისი არსებობა, რომ პაციენტი გადარჩეს?

- ყველა ტიპის სიმსივნის თავიდან აცილება შეიძლება სისხლში მოცირკულირე უჯრედების ან სიმსივნის დეენემის კვლევით, რომელიც 2 წლით ადრეც შეიძლება აღმოვაჩინოთ. შედეგად შეგვიძლია მივაკვლიოთ ძალიან პატარა ზომის სიმსივნეს, რომელიც ამოიკვეთება და პაციენტი განიკურნება. ეს არის ყველაზე მგრძნობიარე ტესტი სიმსივნის ადრეული აღმოჩენისა და ეფექტური მკურნალობისთვის.

- თუ არანაირი საეჭვო სიმპტომი არა მაქვს, რამ უნდა მაფიქრებინოს სიმსივნის ადრეულ ეტაპზე კვლევა? - ონკოლოგიაში არსებობს სიმსივნური დაავადებების რისკ-ფაქტორები: თამბაქოსა და ალკოჰოლის ინტენსიური მოხმარება, სამუშაო გარემო, სადაც თუნდაც ცემენტის დიდი რაოდენობით მტვერია, რადიაქტიური გამოსხივება, მაგალითად, მეტროში უამრავი რადონია. რისკ-ფაქტორების ქვეშ არიან ფასტფუდის მოყვარულები, ვინც დიდი რაოდენობით მედიკამენტს იღებს, ვის წინაპრებსაც ჰქონდათ ონკოლოგიური დაავადებები... სიმსუქნე. ყველა ამ რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანს შეუძლია ძალიან ადრეულ სტადიაზე გაიგოს მის ორგანიზმში მიმდინარე სახიფათო პროცესების შესახებ და გადარჩეს. ბრიტანული კიბოს კვლევის სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოში მუშაობს პროექტი, რომელიც 1000 კვლევას აფინანსებს. ერთი კვლევა 3000 კანადური დოლარი ჯდება, მაგრამ საქართველოში პაციენტებს საშუალება აქვთ მხოლოდ 450 ლარად ჩაიტარონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია რისკ-ფაქტორის ქვეშ მყოფ პირებს მიაწოდა, 350 პაციენტზე მეტი არ დაინტერესდა.

- ამ კვლევამ რა შედეგი მოგცათ? - 52 დადებითი პასუხი ამოვიდა. მათგან შვიდს უკვე ჰქონდა პირველი სტადია. ოპერაციების შემდეგ სრულიად ჯანმრთელები არიან. ვისაც მხოლოდ სიმსივნური უჯრედები ჰქონდა, მათ პრევენციული მკურნალობა ჩაუტარდათ და გამოჯანმრთელდნენ. ამ პროექტის მიზანია გამოიკვლიოს ადგილობრივ მოსახლეობაზე კარცენოგენების ინტენსივობის მაჩვენებელი, რა შესაძლებლობა აქვს დეენემის რეპარაციის გენებს. სხვადასხვა ჯგუფის პოპულაციას განსხვავებულად სტაბილური დეენემი აქვს. თუ დეენემს ძლიერი აღდგენის უნარი აქვს, რაც უნდა ბევრი კარცენოგენი მიიღოს, გაანეიტრალებს. მაგალითად, პაპუასები ახალ გვინეაში ისე კარგად იკვებებიან, ბუნებასთან ისე ახლოს ცხოვრობენ, რომ იქაურ მოსახლეობაზე არც ერთი კანცეროგენი არ მოქმედებს და შესაბამისად, კიბოს მაჩვენებელი ნული აქვთ.

ეპიგენეტიკური, გარემოსმხრივი ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებები უფრო ნაკლებია, ვიდრე განვითარებულში. მაგალითად, აშშ-ში 100000 მოსახლეზე თუ სიმსივნით დაავადებულია 5%, საქართველოში 2,7% გვხვდება. იქ ინტენსიურად გამოიყენებენ თუნდაც ფასტფუდებსა და ორალურ კონტრაცეპტივებს. იქ გენმოდიფიცირებული საკვებიც უფრო მეტია.

- ეს პროგრამა რომ დამთავრდება, საქართველოში სიმსივნური დაავადებების ადრეულ ეტაპზე კვლევა შეუძლებელი იქნება? - პირიქით მასობრივ პროპაგანდას მოსახლეობაში. იმედია, რომელიმე სახელმწიფო პროგრამა დააფინასებს რისკ-ჯგუფის მოსახლეობის კვლევებს.

- არსებობს ქვეყნები, სადაც ონკოლოგიური დაავადებები ნაკლებად ფიქსირდება და ყველაზე ეფექტურად მკურნალობენ? - განკურნების შესამჩნევად მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა იაპონია, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ამ ქვეყნებში თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად უდგებიან, რასაც პერსონალიზებული მედიცინა ჰქვია - ანუ ყოველ პაციენტზე ინიდივიდუალურ სამკურნალო გეგმას ადგენენ. იაპონიაში პერსონალიზებული მედიცინა 1981 წლიდან დაიწყო. შესაბამისად, დღემდე თითოეული პაციენტის გენეტიკურ რუკას იკვლევენ და მკურნალობენ იმუნოთერაპიით. მკურნალობენ ავადმყოფს და არა ავადმყოფობას. იაპონიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში სურსათისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლის საკუთარი სისტემაც აქვთ და არ აღიარებენ იმას, რასაც მსოფლიოს სხვა ქვეყნები. ამასთან, იაპონიაში არც ერთი მედიკამენტი უცხოეთიდან არ შედის, ისევე როგორც ავსტრალიაში, თუ რამე შედის, ამოწმებენ, აფასოებენ და ა.შ.

- 1942 წლიდან არსებობს თეორია, რომ უამრავი ონკოლოგიური დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია. "შემჩნეულია" ვირუსებისა და ავთვისებიანი სიმსივნის კავშირი თუნდაც ჰეპატიტების დროს. დღეს, როდესაც ასე აქტუალურია კოვიდინფექცია, არსებობს ვარაუდი, რომ ახალი კორონავირუსი რომელიმე სიმსივნის განვითარების წამახალისებელი შეიძლება აღმოჩნდეს? - ვირუსები, რომლებმაც სიმსივნური დაავადებების გამშვები რგოლი შეიძლება ჩართონ, ცნობილია. შესაბამისად, ეს თეორია აქტუალურია. რაც შეეხება "კოვიდ-19"-ს, ჯერ კიდევ კარგად არ არის ცნობილი მისი ბუნება (უმოკლეს დროში ხუთი მუტაცია განიცადა) და ნაადრევია მისი, როგორც სიმსივნური დაავადებების შესაძლო წამახალისებელზე ლაპარაკი, მაგრამ რადგან იმუნურ სისტემას აზიანებს, შესაბამისად, ონკოლოგიური დაავადების რისკიც არსებობს.

შეიძლება პროგრამა შეიქმნას და გამოვიკვლიოთ პაციენტები, რომელთა სისხლში შევისწავლით სიმსივნის მარკერებს. რაც უფრო ადრეულ აეტაპზე გამოვავლენთ სიმსივნეს, მით უფრო აბსოლუტური იქნება განკურნების შესაძლებლობა.