"თუ გინდა გადარჩე, არ იფიქრო ცუდზე!"
28-06-2021
"თუ გინდა გადარჩე, არ იფიქრო ცუდზე!"
როგორ უნდა გადავრჩეთ, როდესაც სტრესით დამძიმებული გარემო კუთხეში­ მიგვიმწყვდევს და სიცოცხლის ხალისს გვაკარგვინებს?! ამ კითხვაზე არაერთი პასუხი არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე სწორი მაინც ეს არის: ხსნა სილამაზეა. ნამდვილ ხელოვნებას შეუძლია ადამიანი გააბედნიეროს!…ბოლო დროს იქნებ თქვენც შესწრებიხართ, რამდენი ხალხი იკრიბება მოკრძალებულ საგამოფენო დარბაზებში. თურმე სულიერების დეფიციტი შემაწუხებელი გახდა და ხალხი მის შევსებას ცდილობს. ადამიანებს ხელოვანება მოენატრათ, შემოქმედთ კი - ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ ხელოვნება გადაგვარჩენს. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენში ბევრი
მხატვარი­ წლების განმავლობაში მხოლოდ თავისთვის და ანაზღაურების გარეშე ხატავდა, ნახატებს კი წლიდან წლამდე იმ იმედით ინახავდა, რომ მათი დროც დადგებოდა. ამ მხატვრებს შორის არიან ქეთი კაჭარავა და თათა ალავიძე. მათი ნახატებიდან წამოსული ენერგია გულამდე აღწევს და გაიძულებს, ყველაფერი ცუდი დროებით მაინც დაივიწყო. სხვათა შორის, მათ
გამოფენასაც სწორედ ასე ერქვა: "თუ გინდა გადარჩე, არ იფიქრო ცუდზე!"

"თურმე ხელოვნებას ისევ შესძლებია ადამიანების გახარება"

თათა ალავიძე, მხატვარი: - საქართ­ველოში არაერთი მხატ­ვარია, რომელთაც დიდ მომავალს უწინაწარმეტყველებდნენ, მაგრამ მათ მხოლოდ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის ხატვა მოუხდათ. ეს ხალხი ისე შეეჭიდა ყოფას, რომ გამოფენების მოწყობის დრო და საშუალება აღარ დარჩათ. მეც მათ შორის ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატვა ჩემი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი არ არის. მუდამ ვხატავდი, ოღონდ არ და ვერ ვყიდდი, თუმცა ხანდახან ჩემი ნახატები თავისით იკაფავდნენ გზას. ზოგჯერ ზღაპრებსაც ვასურათებდი. ერთხელ ერთ-ერთი­ ინგლისელი ჟურნალისტის დაკვეთამ მე და ბებიაჩემი ერთი წლის განმავლობაში­ შეგვინახა.B მერე მან ჩემი ნახატების ალბომიც კი გამოსცა ინგლისში. და კიდევ - ჩემი ნახატები მე თვითონაც ჰაერი­ვით მჭირდებოდა, ოღონდ გული ხშირად მწყდებოდა, რომ ჩემს პერსონაჟებს, რომლებსაც ჩემთვის საოცარი სიმშვიდე მოაქვთ, ხალხი ვერ ნახულობდა, თუმცა ჩემმა თანაკურსელმა ქეთი კაჭარავამ მითხრა, გვეყოფა ამდენი სიჩუმე, დროა, გამოფენაზე ვიზრუნოთო­. ჰოდა, დიდი ხნის შემდეგ პირველად გავედი გამოფენაზე, რომელმაც დამიმტკიცა, რომ თურმე ხელოვნებას ისევ შესძლებია ადამიანების გახარება.


"სიკეთე და სილამაზე თუ არ შეიქმნა, ვერ ვიარსებებთ"

ქეთი კაჭარავა: - შეუძლებელია, ადამი­ანმა ისე იცხოვროს, სამყაროს მიმართ თავისი დამოკიდებულება არ გამოხატოს, მაგრამ ჩვენში, სამწუხაროდ, ხალხი ერთმანეთს უმეტესად მხოლოდ ტალახს ესვრის. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ ვიცი, სიკეთე და სილამაზე თუ არ შეიქმნა, ვერ ვიარსებებთ. ამიტომ ხშირად გამოვრთავ ხოლმე ტელევიზორს, ვიღებ ფუნჯსა­ და ტილოს და ვიწყებ ხატვას. თან ვცდილობ,­ ჩემს ნახატებში უფრო და უფრო მეტი სიმშვიდე, სივრცე და მზე იყოს. ამას განსაკუთრებით პანდემიის დროს ვცდილობდი, რადგან მეჩვენებოდა, რომ სივრცე საერთოდ წაგვართვეს, თუმცა არ ვიცოდი,­ როგორ გაიგებდა ჩემს სათქმელს მნახველი, სანამ გამოფენაზე მოსული უამრავი ხალხი არ დავინახე. თურმე როგორ მონატრებიათ ადამიანებს ხელოვნება! ამიტომ ახლა თუ მკითხავთ, რა არის ბედნიერება, მე გიპასუხებთ: ბედნიერებაა ის, როდესაც­ შეგიძლია, ადამიანს ხელოვნებით სიხარ­ული მიანიჭო; როდესაც გრძნობ, რომ თურმე უამრავ ადამიანს ენატრება­ სულში­ მზის სინათლის შეშვება. უნდა დავიჯეროთ, რომ ეს სურვილი ჩვენს გარემოს აუცილებლად შეცვლის.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები