"ეს აჩენს ვერსიას, რომ "სპუტნიკი" ვერ გაუმკლავდა დელტა­-ვარიანტს" - რას ჰყვება მოსკოვის კლინიკის ქართველი ინფექციონისტი? - კვირის პალიტრა

"ეს აჩენს ვერსიას, რომ "სპუტნიკი" ვერ გაუმკლავდა დელტა­-ვარიანტს" - რას ჰყვება მოსკოვის კლინიკის ქართველი ინფექციონისტი?

"ისეთებიც არიან, ვინც ამბობს, უამრავი ალკოჰოლდამოკიდებული გვყავს, ვინც სახელმწიფოს ხარჯზეა და მათი გამოხშირვა გინდათ, ამიტომ გამოიგონეთ ეს ვაქცინაციაო"

რამდენიმეთვიანი შედარებით სტაბილური სიტუაციის შემდეგ რუსეთში ინდურმა შტამმა, დელტა-ვარიანტმა იფეთქა. მოსკოვის ცენტრალური დიაგნოსტიკური ცენტრის ინფექციონისტი ელენე ლოგუა ამბობს, რომ პანდემიის მესამე ტალღის მიზეზი რეგულაციების შემსუბუქებაა.

- როგორც კი ინფიცირებულთა სტატისტიკა კლებისკენ წავიდა, ხალხმა პირბადეები მოიხსნა, ხალხმრავალ წვეულებებს მართავდნენ, სადაც არც დისტანცია იყო დაცული და არც სადეზინფექციო ხსნარს იყენებდნენ... შესაბამისად, ბოლო ერთ კვირაში დღე-ღამეში 10 ათასამდე რეგისტრირებული შემთხვევა გვაქვს და უმეტესობა ინდური შტამია, რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება და მძიმედ მიმდინარეობს. ამ დაუდევარი დამოკიდებულების შედეგია, რომ მოსკოვის თითქმის ყველა მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება კოვიდკლინიკად გადაკეთდა. გაურკვეველი ვადით გადაიდო გეგმური ოპერაციები და სარეაბილიტაციო კურსები.

- ვაქცინაცია როგორ მიმდინარეობს?

- არც ისე გამართულად. ფაქტობრივად, ისინიც კი არ აიცრნენ, ვინც კანონით იყო ვალდებული, როგორც ახლა ირკვევა, სამსახურში მისატანად აცრის ყალბი ცნობები გააკეთეს. ეს ეხება სამედიცინო, სამხედრო და ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, მასწავლებლებს, სოფლის მეურნეობის თანამშრომლებს, სასჯელაღსრულების პერსონალს. ვფიქრობ, ხალხს შეეშინდა "სპუტნიკით" აცრის და უამრავმა თავი აარიდა.

ინდური შტამი ციხეებშიც გავრცელდა და როგორც ამბობენ, უკონტროლო გახდა. ხალხი სახელმწიფო უწყებებს არ ენდობა, ცდილობენ კერძო საავადმყოფოს მომსახურებით ისარგებლონ, მაგრამ ახლა ყველა კლინიკა და ჰოსპიტალი ისეთი გადატვირთულია, დიდი არჩევანი არც აქვთ.

ზოგი ირწმუნება, რომ აცრილია, თანაც ორჯერ, მაგრამ მაინც ვერ აუარა გვერდი ვირუსის ახალ შტამს... ეს აჩენს ვერსიას, რომ "სპუტნიკი" ვერ გაუმკლავდა დელტა-ვარიანტს. ამის შემდეგ შესაძლოა უფრო მეტმა აარიდოს თავი ვაქცინაცია, რასაც კიდევ ერთი მიზეზი აქვს - ევროკავშირი აყოვნებს რუსული ვაქცინის დამტკიცებას. შესაძლოა დრო სექტემბრამდე ან სულაც წლის ბოლომდე გაიწელოს.

პაციენტების ახალ ნაკადს სწრაფად უწევთ სიცხე, ძალას კარგავენ, ზოგს, თავის მწვავე ტკივილი აწუხებს. შემოჰყავთ ასევე ძლიერი თავბრუსხვევით, გულის რევითა და უეცარი სისუსტით.

ეს შტამი პირველად დაბალიმუნიტეტიანებს დაერია, მათ, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, არასრულფასოვნად იკვებება. აქ ათასობით ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ქუჩაში ცხოვრობს. ასეა რუსეთის ყველა ქალაქსა და რაიონში.

ჩემმა კოლეგამ მოგვაწოდა ვიდეო, ეკატერინბურგის, პეტერბურგის, ნოვისიბირსკის საავადმყოფოებში ინფიცირებულები პირდაპირ დერეფნებში წვანან.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბევრს ისევ არ სჯერა ვირუსის არსებობის, უმძიმესი დიაგნოზით მოჰყავთ და კიდევ ჩხუბობენ, ყველაფერს "კოვიდს" რომ აწერთ, სხვა ვირუსი გაქრაო?.. ისეთებიც არიან, ვინც ამბობს, უამრავი ალკოჰოლდამოკიდებული გვყავს, ვინც სახელმწიფოს ხარჯზეა და მათი გამოხშირვა გინდათ, ამიტომ გამოიგონეთ ეს ვაქცინაციაო. ბევრი გვსაყვედურობს, ექიმები ყველაფერს აზვიადებთ, რომ ხალხი აიცრასო... ამიტომ ჯანდაცვის სისტემამ ასეთი გამოსავალი იპოვა - ცდილობს მოსახლეობა დააინტერესოს და ვაქცინაციას ლატარია მიაშველა ბინების და მანქანების მოგების შანსით.

პირველი ივლისიდან აცრა ფედერალური კანონით სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები სამსახურს დაკარგავენ. 28 ივნისიდან დედაქალაქის ბარებსა და რესტორნებში მხოლოდ აცრილებს შეუშვებენ, ან მათ, ვინც "კოვიდ-19" გადაიტანა. თუმცა, არა მგონია, ეს გამოსავალი, რადგან როგორც ვთქვი, ცნობის ყიდვა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი.

პირველ დღეებში, როგორც კი ინფიცირებულთა ახალი დიდი ნაკადი წამოვიდა, მაშინვე გაჩნდა საჭირო ნივთების დეფიციტი. პაციენტები გვსაყვედურობენ, ახლა მაინც ხომ არ წარმოადგენს ეს პრობლემა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის სიახლეს, უფრო მომზადებული რატომ არ შეხვდითო. სინამდვილეში, აპარატურის გადანაწილებამ მოგვიწია სხვა კლინიკებში, რათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდეს... პაციენტებს, რომელთაც გაუმართლათ და ინდური შტამი არა აქვთ, რეკომენდაციას ვუწევთ, შინ დარჩნენ. ზოგი გვთანხმდება, ზოგს კი საავადმყოფო ურჩევნია, თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს. გვყავს დაინფიცირებული ექიმები, მაგრამ იმაზე ნაკლები, ვიდრე "კოვიდის" გავრცელების პირველ ეტაპზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ "სპუტნიკი" ვინც ნამდვილად გაიკეთა, აცრამ დაიცვა. მეც ავიცერი, ორივეჯერ, მქონდა დელტა-ვარიანტით დაინფიცირების ალბათობა, მაგრამ გადავრჩი.

ამბობენ, რომ პერიფერიებში სამედიცინო პერსონალს პირველი ტალღის დროინდელი სახელფასო დავალიანება არა აქვს აღებული. ასეთი ექიმისგან გმირობას არ უნდა მოითხოვდნენ. ეკატერინბურგის საავადმყოფოში პაციენტებმა ჯანყი მოაწყვეს - განყოფილების უფროსი მხოლოდ კვირაში ერთხელ მიდის, მორიგე ექიმებს მასთან მხოლოდ ტელეფონით აქვთ კომუნიკაცია. პეტერბურგშიც - ქალაქის საავადმყოფოების საწოლფონდის 90% უკვე ათვისებულია. არაერთხელ ასაკოვანი პაციენტები, რომელთაც ფილტვის 60% დაზიანებული ჰქონდათ, ვერ მიიღეს და სახლში გაუშვეს.

- ქართველი პაციენტები გყოლიათ? ინდურ შტამით დაინფიცირებულებს ვგულისხმობ... - ქართველებიც და აფხაზებიც... რამდენიმე დღის წინ მყავდა აფხაზი დედა-შვილი. ჩემთვის პაციენტთა სეგრეგაცია მიუღებელია. დედა უკვე უგონოდ იყო, ფილტვების 80% მეტი დაზიანებული ჰქონდა. შვილი ტიროდა და დედას აფხაზურად ეჩურჩულებოდა, როდესაც გონს მოხვალ, გაგიკვირდება, შენს ძმასავით შენც ქართველმა ექიმმა გადაგარჩინაო. სამწუხაროდ, დედამისი გარდაიცვალა და შვილმა 12 დღის შემდეგ გაიგო, რადგან თავადაც სიკვდილს ებრძოდა. სხვა დროსაც მყოლია აფხაზი პაციენტები, ჩემი გვარის გაგონებაზე ზოგი ცდილობს არ შეიმჩნიოს, ზოგი ამბობს, პოლიტიკამ აგვრია, თორემ გასაყოფი რა გვქონდაო... ექიმები ვაპირებთ კონსილიუმის გამართვას კიდევ ერთი ახალი ვაქცინის გამოყენების მოთხოვნით, რადგან თუ დელტა-ვარიანტის გავრცელება ასეთი ტემპით გაგრძელდა სისტემა ისე გადაიტვირთება, რომ ვეღარ იმუშავებს.