ბასკები - ჩვენი შორეული ნათესავები - კვირის პალიტრა

ბასკები - ჩვენი შორეული ნათესავები

"ბასკურ-ქართულ ეტიმოლოგიაში ისეთი მსგავსებაა, გაგაოგნებს. ბასკთა ქვეყანაში უამრავ შინაურ ცხოველს თუ საყოფაცხოვრებო ნივთს იგივე სახელი ჰქვია, რაც საქართველოში. მაგალითად, ბასკურად გოჭი გოჩიანოა, შოშია - შოშუა, ბატი - პატო, კატა - კატა. ბევრ შემთხვევაში უცვლელია ტოპონიმიკაც. მაგალითად, აქ ქართულ სოფლებს ჰქვია: გალი, ლენტეხი, ხაშური, გორი, მესტია. რაც მთავარია, არსებობს უამრავი ბასკური გვარი, რომლებიც აბსოლუტურად ქართულის იდენტურია"

წალამზე შემწვარი მწვადი, უძველესი ქართული სიმღერები და ცეკვა ხანჯლებით, ქართული გვარები და ისტორიული დაუმორჩილებლობა - ამ ჩამონათვალის მოსმენისას ყველას, რა თქმა უნდა, საქართველო გაგვახსენდება, თუმცა ამჯერად პირენეს ნახევარკუნძულზე, მთებში მცხოვრებ ბასკებზე ვლაპარაკობ, რომელთაც უცხოელი მეცნიერები ქართველების შთამომავლებად მიიჩნევენ. ასე ითვლებოდა ჩვენს მეცნიერებაშიც, ვიდრე ბასკებზე კვლევებს რუსეთი ტაბუდადებულად არ გამოაცხადებდა, თუმცა, საბედნიეროდ, ბასკებთან ცოცხალი ურთიერთობა დაიწყო და ქართულ-ბასკური პარალელები უფრო მეტად გამოჩნდა.

როგორ მოხდა, რომ ევროპაში მცხოვრებ უძველეს ხალხს, რომელიც დანარჩენ ევროპელებს არც ქცევითა და არც ხასიათით არ ჰგავს, ქართველებთან ამდენი საერთო აქვს? მკვლევარმა კახაბერ ჭიღლაძემ იბერიელთა ევროპაში მიგრაციის შესწავლა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ეს დნმ-ის კვლევებით დადასტურდებოდა, თუმცა, ბასკეთში ცხოვრების 11 წლის მანძილზეც კი ქართულ-ბასკური პარალელების აღმოჩენისას ემოციებს ისიც ვერ ფარავდა.

- ბატონო კახა, თვით იოანე მთაწმინდელი გაემგზავრა X საუკუნეში ესპანეთში ბასკების გასაცნობად. მის ბიოგრაფიაში წერია: "განიზრახა ნეტარმან მამამან ჩუენმან იოვანე, რაითა აღიღოს ძე თვისი და რავდენნიმე მოწაფენი და ივლტოდის სპანიად, რამეთუ ასმიოდა, ვითარმედ ქართველ მცირედნი ნათესავნი და ერნი მკვიდრ არიან მუნ". რატომ არ იკვლევენ დღეს ამ საკითხს?

- ამაზე სერიოზულად მუშაობდნენ გასულ საუკუნეში, რაც, სამწუხაროდ, შეწყდა. როდესაც ბილბაოში ბასკ ენათმეცნიერს, ხავიერ კინტანას ვესაუბრე, მან მითხრა, ეს მუშაობა ქართველებს რუსებმა შეაწყვიტინეს, მაგრამ გაგრძელება აუცილებელიაო. ხავიერ კინტანამ "ვეფხისტყაოსანი" ბასკურად თარგმნა, დღესაც ცოცხალია და დიდი წვლილიც მიუძღვის ქართულ-ბასკური პარალელების აღმოჩენაში. როდესაც ვუთხარი, თავადაც რამდენი მსგავსება აღმოვაჩინე ბილბაოში ქართველებსა და ბასკებს შორის, გაიხარა, ბასკთა ქვეყანაში ცივილიზაცია უძველესმა იბერიელებმა შემოიტანეს და აბა, სხვანაირად როგორ იქნებაო. პირენეს ნახევარკუნძულს, სადაც ბასკები ცხოვრობენ, ესპანელები და პორტუგალიელები დღესაც იბერიას უწოდებენ. კავკასიური, იბერიული ტომების ევროპაში მიგრაციიდან დაახლოებით 3500 წელია გასული და მიგრირებულთაგან ბასკები მართლაც განსაკუთრებულნი აღმოჩნდნენ - სხვა ტერიტორიებზე კავკასიელები სხვა ხალხში გაითქვიფნენ, ბასკები კი - არა. რაშიც მათ მთები დაეხმარათ. სავარაუდოდ, შემოსევებისას ისინიც, როგორც ჩვენ, მთებში ადიოდნენ და ასე გადარჩნენ. სხვათა შორის, ამას დღესაც უდიდესი სიჯიუტით აკეთებენ - გამორიცხულია საჯარო სამსახურში მიიღონ ის, ვინც ბასკური ენა არ იცის. მინდა აღვნიშნო, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ სათავეში მოსვლისთანავე მოიწვია ხავიერ კინტანა უნივერსიტეტში და პრესკონფერენციაც გაიმართა, მომდევნო პერიოდში ეს საკითხი არავის გახსენებია, მე კი კინტანას ნაშრომის თარგმნაც აუცილებლად მიმაჩნია.

- ბილბაოში ცხოვრებისას, ალბათ, მართლაც ემოციური იქნებოდა ამ მსგავსებების დანახვა.

- 11 წელიწადი ვიცხოვრე ბილბაოსა და ვიტორიაში და არაერთხელ აღმოვჩენილვარ ბასკთა შორის. ბასკები საოცრად ჰგვანან ქართველებს. ეს ხალხი დღესაც უდიდეს პატივს სცემს უფროს-უმცროსობას, დღესაც მოკრძალებით ეპყრობიან იმ უძველესი მუხის ნარჩენს, რომელთანაც მეორე მსოფლიო ომამდე ბასკი უხუცესები ქვეყნის ბედს წყვეტდნენ. მუხა ისე სიმბოლურად უკავშირდებოდა დაუმორჩილებელ ბასკებს, რომ ესპანელმა დიქტატორმა ფრანკომ გერმანელ ფაშისტებს ქალაქი გერნიკა დააბომბინა, სადაც ის მუხა იდგა.

პიკასოს ნახატი, რომელზეც ასახულია ქალაქ გერნიკას დაბომბვა

- ბასკებმა იციან, რომ აბორიგენები არ არიან? - კი. ლეგენდის მიხედვით, ისინი თავიანთ თავს "ეგუს სკალდუნს" უწოდებენ. ეს ბასკურად ნიშნავს "ამომავალ მზეს". ანუ ისინი თვლიან, რომ აქ ამომავალი მზის ქვეყნიდან, აღმოსავლეთიდან მოვიდნენ. ჩვენ კი კარგად ვიცით, რომ უძველესი კოლხეთი, ეგრისი ამომავალი მზის ქვეყნად ითვლებოდა.

ხანდახან ბასკურ-ქართულ ეტიმოლოგიაში ისეთი მსგავსებაა, გაგაოგნებს. ბასკთა ქვეყანაში უამრავ შინაურ ცხოველს თუ საყოფაცხოვრებო ნივთს იგივე სახელი ჰქვია, რაც საქართველოში. მაგალითად, ბასკურად გოჭი გოჩიანოა, შოშია - შოშუა, ბატი - პატო, კატა - კატა. ბევრ შემთხვევაში უცვლელია ტოპონიმიკაც. მაგალითად, აქ ქართულ სოფლებს ჰქვია: გალი, ლენტეხი, ხაშური, გორი, მესტია. რაც მთავარია, არსებობს უამრავი ბასკური გვარი, რომლებიც აბსოლუტურად ქართულის იდენტურია.

- იმიტომ იწვევს ეს გაოგნებას - საქართველოდან ამხელა მანძილით დაშორებულ ბასკეთში, რომ არა მიგრაცია, როგორ უნდა იყოს ისეთი ქართული გვარები, როგორიცაა: ლოლუა, ნოდია, ხუბულური, ინაური, ოჩიაური, წიკლაური და ა.შ. ეს ადასტურებს, რომ ათასწლეულების განმავლობაშიც კი რაღაც უცვლელად ინახება. - დიახ. ალბათ, ყველა ქართველი ისიამოვნებს ბასკური გუნდური სიმღერების მოსმენისას, რომლებიც ასე ძალიან ჰგავს ქართულს. ბასკური სიმღერით აღტაცებული ესპანელი ისტორიკოსი პერიკოტ გარსია წერს: "არავითარ ძალას არ შეუძლია XX საუკუნის ევროპელი გადაისროლოს ხუთი და ათი ათასი წლით უკან, მაგრამ საკმარისია მოვუსმინოთ ბასკების სიმღერას და მაშინვე მივხვდებით, რომ ნეოლითში ვართ."

როდესაც ერთ-ერთმა ბასკმა მეგობარმა ბასკურ ხალხურ საკრავზე დაუკრა, ლამის თავბრუ დამეხვა: ეს გახლდათ ჩვენებური ჭიბონი, ანუ გუდა-სტვირი, რომელიც მწყემსების საკრავია და მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული. ამ საკრავის გუდას ჩვენში ცხვრის ტყავისაგან აკეთებენ. ბასკებიც ხომ უძველესი მწყემსები არიან, და, ცხადია, ჭიბონიც ამიტომ აქვთ შენარჩუნებული.

უფრო მაშინ გავოცდი, როდესაც ბასკური ჭიბონის ერთ-ერთი ოსტატი გავიცანი, რომელმაც ინტერნეტით ქართული ჭიბონის დათვალიერებისას მითხრა, გარეგნულად ხომ აბსოლუტურად იდენტურია და თანაც, რა საოცრებაა, როგორც ბასკურ ჭიბონს, ისე ქართულს "რე მაჟორი" არ გააჩნიაო. ეს კაციც ისე გააკვირვა ასეთმა მსგავსებამ, მითხრა, აუცილებლად საქართველოში უნდა ჩამოვიდე და ვნახო, ვინ ხართო. მეც ველოდები.

- ცეკვები? - მიუხედავად იმისა, რომ ბასკებმა არაერთი კულტურის გავლენა განიცადეს, ეროვნული ცეკვები მაინც შეინარჩუნეს, მათ შორის - ხმლებით ცეკვა, რომლის ანალოგი, საქართველოს გარდა, არსად მეგულება. არც ეს არის შემთხვევითი - ბასკები ისეთი მებრძოლები არიან, არაბებმაც ვერ დაიპყრეს, რომელთაც ევროპის უდიდესი ნაწილი 800 წლის განმავლობაში ჰქონდათ დაპყრობილი. ესპანელი დიქტატორის, ფრანკოს წინააღმდეგაც გააფთრებით იბრძოდნენ, ევროპაში ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაციები შექმნეს და დღესაც ვერ ისვენებენ - ესპანეთიდან გამოყოფა სურთ.

- ბასკურ კულინარიაზეც მითხარით, ბასკეთი ხომ ევროპის კულინარიის მექად ითვლება. - ჯერ მეღვინეობაზე გეტყვით. ბასკების ყურძნის საუკეთესო ჯიშები მშრალი თეთრი ღვინოების ჯიშებია. ყველის ამოყვანაც ჩვენნაირად იციან, თუმცა დღეს ეს საქმიანობა უკვე ფერმერების ხელშია. ბასკები ძალიან ამაყები არიან, სიღარიბე არ ეჭაშნიკებათ, ამიტომ შრომობენ თავდაუზოგავად და უძველეს კულინარიასაც ამდიდრებენ. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახე, როგორ წვავდნენ მწვადს ზუსტად ჩვენნაირად, წალამზე. ახლა წარმოიდგინეთ, რა განცდა მექნებოდა, როდესაც ბასკურ სისხლის კუპატზე ჩემი მეგობარი სვანი დავპატიჟე, შენ ეს გასინჯული არ გექნება-მეთქი, მას კი გაეცინა, რას მეუბნები, შე კაცო, ამას ბასკური რა აქვს, ჩვენებური, სვანური ზისხორააო.

- ესე იგი სვანური კერძისაგან ვერ გაარჩია? - ვერა. როგორც აღმოჩნდა, ზუსტად ისეთივე სისხლის კუპატს, როგორზეც ბასკები გიჟდებიან, სვანეთშიც უძველესი დროიდან ამზადებენ სისხლით, ქონით და სუნელებით. მოკლედ, ეს ყველაფერი და კიდევ სხვა ბევრი რამე, რომელთა ჩამოთვლასაც ვერ მოვასწრებ, ჩვენი და ბასკების საერთო ხიდია. მე მესმის, რომ ჩვენ ძლიერი სახელმწიფო არ ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად და ზუსტად ამიტომ ბასკურ-ქართული ისტორიის შესწავლა უნდა განახლდეს, რათა ჩვენს ურთიერთობას უფრო მტკიცე საფუძველი ჩაეყაროს. ალბათ, გასაგებია, რომ ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება.