"ჩემი მეუღლე ხუმრობს, კაპერსკებმა ჩემს ხარჯზე მოინდომეთ გამრავლებაო" - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლე ხუმრობს, კაპერსკებმა ჩემს ხარჯზე მოინდომეთ გამრავლებაო"

"ბავშვები შვიდთვიანები დაიბადნენ, საკეისრო კვეთით, გართულებების გარეშე, ერთი პატარა დაგვეღუპა, მაქსიმე წონით ძალიან პატარა იყო და გაუჭირდა სამყაროსთან ადაპტაცია. ახლა მართა, დავითი და დანიელი გვყავს, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაში არიან, ჯერჯერობით - ისევ ინკუბატორში, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მათი მდგომარეობა სტაბილურია"

ოთხი ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. თბილისში, მიხეილ კაპერსკისა და თეონა გოგოლაურს სწორედ ოთხი ტყუპი: სამი ვაჟი - მაქსიმე, დანიელი, დავითი და ერთი ქალიშვილი - მართა შეეძინათ (კიდევ ერთი ოჯახი, სადაც ამჟამად ოთხი ტყუპი იზრდება, ბათუმში ცხოვრობს). "კვირის პალიტრა" ახალბედა მამას დაუკავშირდა.

მიხეილ კაპერსკი: - მე და ჩემი მეუღლე ახალციხელები ვართ. მე 38 წლის გახლავართ, ჩემი მეუღლე თეონა გოგოლაური 31 წლისაა. 2019 წლის ბოლოს ვიქორწინეთ, მაინცდამაინც "სტაჟიანი" ცოლ-ქმარი არ ვართ.

17 დეკემბერს, ბარბარობას, გავიგეთ, რომ ოთხ შვილს ველოდით. თავიდანვე გვითხრეს, რომ მოლიპულ გზაზე მოგვიწევდა სიარული, ვინაიდან ოთხი ნაყოფის შენარჩუნება ადვილი არ იყო, მაგრამ კრიტიკული პერიოდი მშვიდობით გადავლახეთ. ბავშვები შვიდთვიანები დაიბადნენ, საკეისრო კვეთით, გართულებების გარეშე, რაც არა მარტო თეონას, არამედ ჩვენი გინეკოლოგის, ზაზა სინაურიძის დამსახურებაა.

ერთი პატარა დაგვეღუპა, მაქსიმე წონით ძალიან პატარა იყო და გაუჭირდა სამყაროსთან ადაპტაცია. ახლა მართა, დავითი და დანიელი გვყავს, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაში არიან, ჯერჯერობით - ისევ ინკუბატორში, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვილები იდენტურები არ იქნებოდნენ. სახელები მე და თეონამ ერთად შევარჩიეთ. ჩვენი შვილები 17 ივნისს მოევლინენ ქვეყანას და 18 ივნისს მამა არჩილ ავანაშვილმა ოთხივე მონათლა. ჩვენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაქსიმე მოსანათლი რომ ყოფილიყო, ჩვენთვის უფრო დიდი ტკივილი იქნებოდა. ახლა ვიცით, რომ სასუფეველშია და თავის და-ძმას შეავედრებს ჩვენს მაცხოვარს.

- კაპერსკი სადაური გვარია? - საქართველოში მცხოვრები მეექვსე თაობის პოლონელი ვარ. არის ვერსია, რომ ჩემი წინაპრები სამხედრო პირები იყვნენ, საქართველოში სამხედრო სამსახურისთვის ჩამოვიდნენ და დარჩნენ. მეორე ვერსიით, კაპერები იყვნენ, "კაპერი" სამიალქნიან ნავს ნიშნავს. კაპერები ჩრდილოეთ პოლონეთში მეკობრეობდნენ, ბოლოს კი პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში დასახლდნენ. დროთა განმავლობაში პოლიტიკურად ისე განვითარდნენ, რომ პოლონური "შლიახტის" წარმომადგენლები გახდნენ და შემდეგ ამბოხის მოწყობა, ხელისუფლების დამხობა მოინდომეს, რის გამოც ისინი გაასახლეს. ერთ-ერთი ვერსიით, ჩვენ შეიძლება მათი შთამომავლები ვიყოთ. მე მეექვსე თაობის კაპერსკი ვარ საქართველოში. ჩვენი პოლონური გვარი გვეამაყება, მაგრამ ქართული სისხლი და გენი გვაქვს, ქართული მართლმადიდებლური აღზრდა და სწავლა-განათლება მივიღეთ. კაპერსკები ძალიან ცოტანი ვართ, ორი ადამიანი ხელის თითებზე ჩამოგვთვლის. ჩემი მეუღლე ხუმრობს კიდეც, კაპერსკებმა ჩემს ხარჯზე მოინდომეთ გამრავლებაო.

"ოთხივე თითქოს უხილავი ძაფით არის შეკრული"

ბათუმში მცხოვრები დიმა კოღუაშვილის ოჯახში რვა წლის წინ ოთხი ტყუპი დაიბადა: ანდრია, დიმიტრი, ბარბარე და მაია. ტყუპის დედა ნონა ვარშანიძეც ტყუპისცალია. "მშობლების რეკორდი გავაორკეცე", - ხუმრობს ქალბატონი ნონა.

- ბავშვები 36 წლისას შემეძინა. წონით 100 კილომდე ვიყავი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლო დღემდე ვმოძრაობდი, სამშობიაროშიც ჩემი ფეხით წავედი. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ბიჭები უფრო დიდი წონის დაიბადნენ: ერთი 2, 200 კგ, მეორე - 2 კგ, გოგონები კი 1 კგ და 900 გრამი იყვნენ.

ოთხივე თითქოს უხილავი ძაფით არის შეკრული - ერთს თუ აწყენინეს, ოთხივე დადგება დასაცავად. ოთხივეს უნდა ერთად ყოფნა, თუმცა ამ ოთხშიც ქალ-ვაჟი და ქალ-ვაჟი დაწყვილებული არიან, როგორც გარეგნობით, ისე - ხასიათით. ერთ წყვილს მუქი თმა და თვალები აქვს, მეორეს - ქერა თმა და ღია ფერის თვალები. ქერები - დემეტრე და მაიკო ერთმანეთს უკეთ უგებენ. შავგვრემნებს, ანდრიასა და ბარბარეს თავიანთი სტილი აქვთ თამაშის. შავგვრემნები უფრო სხარტები არიან, ქერები - მშვიდები, არ შეგაწუხებენ.