"გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანა, რომელსაც უამრავი საშინაო და საგარეო პრობლემა აქვს, ასეთ აბსურდულ თემას ამხელა ყურადღებას უთმობს" - კვირის პალიტრა

"გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანა, რომელსაც უამრავი საშინაო და საგარეო პრობლემა აქვს, ასეთ აბსურდულ თემას ამხელა ყურადღებას უთმობს"

"ჯერ კიდევ როდის ვიყავი იმედგაცრუებული სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმებით და ვამბობდი, რომ ქვეყნის მთავარი სისტემა ისეთ მოსამართლეებს ჩააბარეს, რომელთაც არავითარი რეპუტაცია არ გააჩნიათ... ხელისუფლებისგან იმაზე საუბარი, რომ მას ავალებდნენ და ამიტომ იქცეოდა ცუდად და ახლა ჩვენ თუ არ დავავალებთ, კარგად მოიქცევიანო, არასარწმუნოა..."

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებსა თუ საკითხებს პოეტი დათო მაღრაძე მუდმივად ადევნებს თვალყურს. როგორია მისი დამოკიდებულება აწმყოს მიმართ და რას ელის მომავლისგან, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ოპოზიციის პარლამენტში შესვლასა და საქმიანობის გაგრძელების თემას გვერდს ვერ ავუვლით - ამ საქმეში ლომის წილი აშშ-ისა და ევროპის დამსახურებაა. კი ვირწმუნებით, რომ პოლიტიკურად გავიზარდეთ, სინამდვილეში კი ჯერ კიდევ არაცივილიზებული ურთიერთობებისკენ მიდრეკილი საზოგადოება ვართ. შესაბამისად, ამერიკასა და დასავლეთს მცირედითაც რომ მოედუნებინათ ყურადღება, როგორ განვითარდებოდა პროცესები, დაპირისპირება კიდევ რაში გადაიზრდებოდა, არავინ იცის, რადგან პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა გვაქვს. საზოგადოდ, სამოქალაქო კულტურას ვგულისხმობ. კრიტიკული თუ განსხვავებული აზრის მიღების უნარი არა გვაქვს. დებატებში ნიშნის მოგება და ლანძღვა-გინებაა მთავარი. დღის წესრიგიდან გაქრა საგნობრივი კამათი, პირად შეურაცხყოფაზე გადადიან. ეს ითქმის როგორც მმართველ გუნდზე, ასევე ოპოზიციაზე. ქართველების საყვარელი ფრაზა გახდა "დასავლეთო, ჭკუას ნუ გვასწავლი".

წარმოვიდგინოთ, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შორის შუამავალი რუსეთი ყოფილიყო; რა მოხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ერთპიროვნული გავლენა ისევ რუსეთს რომ ჰქონდეს - დარწმუნებული ვარ, პარლამენტში თანამშრომლობისთვის არც ერთ პოლიტიკურ მხარეს არ წაახალისებდა. პირიქით, შეიძლება ნებისმიერი რამის გამო საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისულიყო. კიდევ კარგი, ამერიკა და ევროპა გამოჩნდნენ. მათ ისტერიკულად დაპირისპირებული ქართული პოლიტიკური სპექტრი აიძულეს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის კულტურა გამოევლინათ, რითაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, რადგან იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელიც მათ შექმნეს, გამოსავალი აღარ არსებობდა.

- თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და პოლიტიკური მოცემულობაც სწრაფად იცვლება. რომელი პოლიტიკური ძალა ჩანს სხვებთან შედარებით დამაჯერებლად? - ამ კითხვაზე ყველაზე დამაჯერებელ პასუხს არჩევნების შემდეგ დათვლილი ხმები გაგვცემს - თუ ვინ რამდენად თანამიმდევრულად, გონივრულად და სწორად იარა ოქტომბრამდე, ვინ როგორ შეძლო თავის წარმოჩენა, მოიზიდა თუ დაკარგა ამომრჩეველი.

ახლა უამრავი ვერსია ტრიალებს გახარია-სააკაშვილის ვაშინგტონში გადაკვეთა-არგადაკვეთის შესახებ. არ გამკვირვებია ასეთი ინტერესი, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანა, რომელსაც უამრავი საშინაო და საგარეო პრობლემა აქვს, ასეთ აბსურდულ თემას ამხელა ყურადღებას უთმობს. ამ შესაძლო თუ შეუძლებელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ და არც მაინტერესებს.

პოლიტიკაში არსებობს ყოველდღიური საქმიანობა და არსებობს სტრატეგიული თემები. სხვა საქმეა, ვინ როგორ ხედავს ამას, მაგრამ თბილისის მერიის ხელმძღვანელობა ცდილობს ქალაქში რაღაცები სასიკეთოდ შეცვალოს. რასაკვირველია, არის პრობლემები, მაგრამ გამწვანების, კეთილმოწყობის, ძველი უბნების რესტავრაციის მიმართულებით ძალიან კარგი ინიციატივებია.

- ისიც ცხადია, რომ ქალაქში სულ უფრო ნაკლები მწვანე სივრცე რჩება. - ვთქვი, რომ არსებობს პრობლემებიც, მაგრამ მთლიანობაში პროცესები უკეთესობისკენ მიდის. თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ და რაც შეეხება პოლიტიკურ ველს - შეძლებისდაგვარად უნდა ვცდილობდეთ, რომ რყევები თავიდან ავირიდოთ და აშშ-ისა და დასავლეთის რეკომენდაციები პირნათლად შევასრულოთ.

სამოქალაქო საზოგადოებაში გარდატეხა კი მოხდა, მაგრამ ბოლო პროცესებმა აჩვენა, რომ თუნდაც სულაც არ იყოს პოლიტიკური, შეიძლება ნებისმიერი აქტუალური თემის გამო დაიწყოს დაპირისპირება, რადგან მსჯელობის უნარს მოკლებული საზოგადოება ვართ. ლოგიკურად, როდესაც დისკუსია კულტურას კარგავს, ისტერიკასა და ლანძღვა-გინებაში ჭეშმარიტება თავისთავად დაკარგულია. ამ მდგომარეობით კი ნებისმიერ დროს შეუძლია არაკეთილმოსურნეს ისარგებლოს. ამიტომ ვამბობ ხშირად, რომ არა ამერიკა, ნებისმიერ დროს შეიძლება ერეკლე მეფის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ-მეთქი.

ისიც არ უნდა დაავიწყდეს ხელმძღვანელობას, რომ რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეზობლობა სამუდამოა. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს და საშინაო პოლიტიკაშიც კი ამ გარემოებებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. ამიტომ, არასდროს მოგვიწევს მარტივი გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც ისეთის, როგორიც შუაგულ ევროპაში მდებარე ქვეყნის ხელმძღვანელობებს მოუწევდათ, ჩვენი გზა ყოველთვის რთული იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტრატეგიული თემების განხილვა ხდება.

ახლახან სომეხი სამხედრო ტყვეები გათავისუფლდნენ. ამ მხრივ გამოვარჩევდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა როგორც სახელმწიფო მოღვაწემ და არა სახელმწიფო მოხელემ თავისი პოზიტიური შედეგით. ასევე გამოვარჩევდი თურქეთში მის ვიზიტს, სადაც მართლაც შესანიშნავად ჰქონდა ყველაფერი დაგეგმილი. ასე რომ, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მივყვებით იმ დასავლურ გეზს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სამოქალაქო კულტურას და რაც მთავარია, ქვეყნის საგარეო კურსს.

- ამერიკის ელჩმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსამართლეთა არჩევის წესით იმეგაცრუებულია. ამერიკასა და დასავლურ სამყაროში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიის ხარისხის განმსაზღვრელია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დასავლური გეზის გადახვევაა? - ჯერ კიდევ როდის ვიყავი იმედგაცრუებული სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმებით და ვამბობდი, რომ ქვეყნის მთავარი სისტემა ისეთ მოსამართლეებს ჩააბარეს, რომელთაც არავითარი რეპუტაცია არ გააჩნიათ. არადა, რეპუტაცია და მოსამართლე ის ორი ცნებაა, რომელსაც ვერასდროს განვაცალკევებთ. საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულია, რომ მოსამართლე ნდობითა და მაღალი რეპუტაციით უნდა სარგებლობდეს. მხოლოდ მაშინ არის მისი გადაწყვეტილება მართალი, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი მისი ნაბიჯი რაღაც მიზეზებით იქნება განპირობებული. ხელისუფლებისგან იმაზე საუბარი, რომ მას ავალებდნენ და ამიტომ იქცეოდა ცუდად და ახლა ჩვენ თუ არ დავავალებთ, კარგად მოიქცევიანო, არასარწმუნოა. სხვა თუ არაფერი, ვიღაცის კეთილ ნებაზე რატომ უნდა ვიყო დამოკიდებული, როდესაც ჩემი ბედი წყდება...

თუმცა გამოცხადებული დასავლური კურსის გზაზე შიგადაშიგ ასეთი გადახვევები გვექნება, რაც ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის, მართლმსაჯულებისთვის, დემოკრატიის ხარისხისა და მთლიანობაში სახელმწიფოსთვის, მაგრამ როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ, ხელს არ გაგიშვებთო, ამასაც გულისხმობენ. ისინი ამ ეგზოტიკურ ფოკუსებს აღარ გვაპატიებენ, რადგან ცივილიზებული სამყაროსთვის სრულიად გაუგებარია. თუმცა დიდი მოკრძალებითა და პატივისცემით მინდა მივმართო და შევახსენო ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს - ჩვენ ბატონის ცვლილებისთვის კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთ. თუმცა, მგონი, ეს ჩვენზე კარგად აქვთ გაცნობიერებული.

ამიტომ უპირველესად ჩვენ უნდა ვიყოთ მოტივირებული, ასეთი პრობლემები აღმოვფხვრათ... მაინც არა მგონია, რომ უიმედო მდგომარეობა გვაქვს, ამიტომაც გვაძლევენ ხან რჩევებს, მითითებს ან შენიშვნებს. რთულია, დემოკრატიის გზაზე ისეთ ქვეყნებს დავეწიოთ, რომელთაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენ ეს გამოცდილება არ გვქონია. ის, რომ ისტორიულად საქართველოს ძალიან დიდი და საამაყო გამოცდილება აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია - დიდი პროგრესი გვქონდა თავისუფლების, დემოკრატიისთვის ბრძოლის, თუნდაც თამარ მეფის დროს არსებობდა "კარავი" - პარლამენტის მსგავსი დაწესებულება, მაგრამ ახლა თანამედროვე მოთხოვნებია, რასაც ჩვენი სამოქალაქო კულტურა უნდა დავუკავშიროთ. ამისთვის ძნელი და გრძელი გზის გავლა დაგვჭირდება, მაგრამ დასავლური გზა გვაქვს არჩეული და უნდა გავიაროთ.

- რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს "მოსსოვეტის" თეატრის სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს "თამაშის დასასრული". დასის გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილის მკვეთრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. თქვენი დამოკიდებულება როგორია? - თან ვამბობთ, რომ სამოქალაქო კულტურა დასავლეთს უნდა დავუახლოვოთ და წლებია უკვე ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. მე მეყოფა იმის კულტურა, რომ რობიკო სტურუას თეატრის მარშრუტსა და გეოგრაფიულ გადაადგილებაში არ ჩავერიო. იქნებ საზოგადოების იმ აქტიურ ნაწილს, ვინც პატრიოტიზმი პროფესიად აქცია, სასკოლო პროგრამაში საზეპიროსავით დავუწესოთ, რომ პატრიოტიზმი სხვისი სიძულვილი კი არა, საკუთარი ქვეყნის სიყვარული და პატივისცემაა. ისევე, როგორც არც ქრისტიანობაა დღენიადაგ სხვა აღმსარებლობის გმობა, ქრისტეს სიყვარულია და ის მოყვასის სიყვარულშიც იკითხება.