"ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა" - კვირის პალიტრა

"ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა"

"დელტას, ანუ ინდური შტამის მიმართ "ფაიზერის" ეფექტიანობა ძალიან მაღალია. "სინოფარმი" და "სინოვაკი" კი მაინცდამაინც ეფექტიანი არ არის"

საქართველოს მოქალაქეები ახლა ღია სივრცეში პირბადის აუცილებლობისა და სხვა შეზღუდვებისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრობენ. თავისუფლებამ"ზოგი გაახარა, ზოგიც შეაშინა, ზოგმა ამ ამბისთვის სულაც პოლიტიკური სარჩულის მორგება სცადა, ამასობაში კი მსოფლიოშიც კოვიდრეალობა იცვლება. მაგალითად, ისრაელში, სადაც დახურულ სივრცეში პირბადის ხმარების ვალდებულება 15 ივნისს გაუქმდა, 10 დღის შემდეგ "კოვიდ-19"-ის დელტა ვარიანტის, ანუ ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო ეს წესი კვლავ სავალდებულო გახდა. საშინაო და საგარეო კოვიდრეალობის პროგნოზით, მოლოდინითა და რეკომენდაციებით "კვირის პალიტრასთან" ნიუ-ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი ისაუბრებს.

- დელტა ვირუსის შედარებით ახალი ვარიანტია და ინფიცირების მაჩვენებელი ბევრგან გაიზარდა, ეს მოულოდნელი არ არის.

არსებობს ქვეყნების ორი ჯგუფი. იქ, სადაც აცრის კოეფიციენტი დაახლოებით 60%-ია, მოიმატა შემთხვევებმა, მაგრამ მძიმე პაციენტები მაინც არ არიან. განსხვავებული ვითარებაა იმ ქვეყნებში, სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალი არ არის. ასეთ ქვეყნებში, მაგალითად, შრი-ლანკაში, პორტუგალიაში, მძიმე პაციენტები არიან.

დელტას, ანუ ინდური შტამის მიმართ "ფაიზერის" ეფექტიანობა ძალიან მაღალია.

- მაგრამ ისრაელის მაგალითზე "ფაიზერის" ეფექტიანობა საეჭვო ხომ არ გახდა? - არა, პირიქით. "ფაიზერიც", "მოდერნაც" ეფექტიანია და სწორედ ამიტომ მოსალოდნელი ათიათასობით შემთხვევის ნაცვლად ისრაელში დღეში მხოლოდ 200-მდე შემთხვევა აქვთ.

- ამ შტამით ერთი დაავადებული დაახლოებით ხუთს აინფიცირებს, გამოდის, რომ ეს 200-მდე შემთხვევა აუცილებლად გაიზრდება... - დიახ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მძიმე პაციენტი ძალიან ცოტაა. თავისთავად, ამ დელტა ვარიანტს უფრო მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, მაგრამ რაკი ადვილად ვრცელდება, მძიმე პაციენტების რაოდენობაც მეტი იქნება.

- სადაც ჩინური ვაქცინით აცრილები ჭარბობენ, იქ როგორი ვითარებაა? - შედარებით ცუდი, იმიტომ, რომ დელტა შტამის მიმართ "სინოფარმი"და "სინოვაკი" მაინცდამაინც ეფექტიანი არ არის.

- ხომ ცნობილი იყო, რომ ქვეყნების მიხედვით მათი ეფეტიანობა 76% და მეტია? - არა, დელტა შტამის მიმართ ეს პროცენტული მაჩვენებელი განსხვავებულია - მხოლოდ 70%-მდეა. ჩინური კვლევის მიხედვით, დელტას მიმართ მათი ეფექტიანობა 73%-ია, თუმცა სხვა ქვეყნების, მაგალითად, შრი-ლანკის, პანამის მაგალითები ადასტურებს, რომ ასე არ არის.

- უკვე გადაწყდა, რომ ხანდაზმულები "კოვიდის" საწინააღმდეგო ვაქცინით წელიწადში ერთხელ უნდა აიცრან? - არის ასეთი წინასწარი რეკომენდაცია. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ეს ვერსია განიხილება და ამ მიმართულებით კვლევებიც მიმდინარეობს.

- ყველაზე ეფექტიანი ამ ეტაპისთვის რომელი ვაქცინა გამოდგა? - "ფაიზერი" და "მოდერნა". მათი ეფექტიანობა 93-97%-ია. მერე მოდის "ასტრაზენეკა", მერე - "ჯონსონი" და მერე - ჩინურები.

- შეიძლება ერთხელ ერთი ვაქცინით აიცრა, მეორე დოზა კი სხვა ვაქცინა გაიკეთო? - ცნობილია "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის", "ასტრაზენეკასა" და "მოდერნას" კომბინაცია და არც ისე ცუდი შედეგები აქვს. "ასტრაზენეკასა" და ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით სამეცნიერო საიტებზე ინფორმაცია არ არის, ასეთი კვლევები არ ჩატარებულა.

მე ვეძებე, მაგრამ ასეთი რამ არსად არის აღწერილი.

- ჩვენთან "ასტრაზენეკას" ერთი დოზა შეფერხდა. ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ? - როგორმე უნდა მოვიძიოთ. რა თქმა უნდა, შეიძლება "ფაიზერით" გავაგრძელოთ და ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა გვპირდებიან, რომ ჩვენთვის საჭირო ვაქცინები ჩამოვა. პრემიერ-მინისტრმა თავის ანგარიშში დაასახელა რაოდენობაც და ვადებიც.

- შეზღუდვების მოხსნას ეთანხმებით? - ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ყველა შეზღუდვის მოხსნას ვგულისხმობ, თორემ გარე სივრცეში პირბადის მოხსნა გასაგებია. ყველა ქვეყანა შეზღუდვების შემცირებას იწყებს მას შემდეგ, რაც მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს მაინც აცრის, ამიტომ ჩვენთან შეზღუდვების ასე ერთბაშად მოხსნა ეპიდემიოლოგიური და სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული არ არის. ამან შეიძლება მოგვიტანოს ის, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, კერძოდ, გაიზარდოს ინდური შტამით დაავადებულთა რაოდენობა. სექტემბრისთვის შემთხვევების მატებას უნდა ველოდოთ.

- ამ დროისთვის მეოთხე ტალღას ელიან. როგორი შეიძლება იყოს ის?

- ეს დამოკიდებულია მოსახლეობაზე. თუ ივლისსა და აგვისტოში ბევრი აიცრება, მსუბუქ მეოთხე ტალღას უნდა ველოდოთ, თუ არადა - შედარებით მძიმეს.

- წინ ტურისტული სეზონია. საზღვარზე ვინ შემოვა და პროცესი როგორ გაკონტროლდება, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან სახიფათოა. რუსეთიდან შემოსული ტურისტების შემოწმება აუცილებელია, რადგან იქ უკვე დიდი აფეთქებაა.

- რუსეთში უმრავლესობა "სპუტნიკით" აიცრა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დელტა შტამთან ისიც უძლურია? - "სპუტნიკთან" დაკავშირებით სერიოზული, სანდო მონაცემები არ არსებობს. არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეს ვაქცინა ეფექტიანია, ახლანდელი სურათით კი დაბეჯითებით ვერაფერს იტყვი, რადგან რუსეთში აცრილი ბევრი არ არის - ბოლოს რაც წავიკითხე, ჯერჯერობით მოსახლეობის 13%-იც არ აცრილა.

- ჩვენთან რამდენია აცრილი?

- დღეისათვის აცრილია საქართველოს მოსახლეობის 2%. ჩვენთან ამ ეტაპზე ცირკულირებს ბრიტანული შტამი და დღითი დღე იმატებს დელტა შტამი. არ ვიცით, მეოთხე ტალღისას ინფიცირების რამდენი შემთხვევა იქნება, მაგრამ, ძირითადად, სწორედ ინდური შტამი გააქტიურდება.

- "ნოვოვაქსზე" რას გვეტყვით? - ჯერ არც ის არის სრულად შესწავლილი, თუმცა იმედის მომცემი ვაქცინაა. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ინფორმაცია "ფაიზერთან" დაკავშირებით გვაქვს.

ახლა მასობრივ ვაქცინაციას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სექტემბრისთვის უნდა შევძლოთ, რომ მოსახლეობის მესამედი მაინც იყოს აცრილი.