"ვინ იყო გიორგი კახაბრიშვილი? უპირველესად საქართველოს ერთგული ადამიანი" - კვირის პალიტრა

"ვინ იყო გიორგი კახაბრიშვილი? უპირველესად საქართველოს ერთგული ადამიანი"

რთულია რეჟისორ გიორგი-კახა კახაბრიშვილზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა სამწუხარო რეალობა გვახსენებს, რომ მისი გარდაცვალებიდან 27 ივნისს 40 დღე გავიდა... საოცარი ნამუშევარია მისი უკვდავი სატელევიზიო სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", რომელშიც გენიალური არტისტები ვასო გოძიაშვილი, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია მონაწილეობდნენ... სატელევიზიო თეატრის რეჟისორის კარიერა სწორედ ამ სპექტაკლით 22 წლის ასაკში დაიწყო. "რაფიელ ერისთავის პიესის მიხედვით შევქმენი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" სპექტაკლის სცენარი და ჩემს მასწავლებელს, მიხეილ თუმანიშვილს მივმართე. ბატონმა მიშამ მითხრა, თუ ძლიერი მსახიობები არ შეიკრიბებიან, არაფერი გამოგივაო. მთავარ როლზე ბატონ ვასო გოძიაშვილს ვფიქრობდი, მაგრამ ბატონმა მიშამ მითხრა, შენთან არ მოვაო. ალბათ, სადღაც მართალიც იყო, რადგან 22 წლის ბიჭი ვიყავი და ისეთი არტისტისთვის, როგორიც ვასო გოძიაშვილი იყო, პროფესიულ ავტორიტეტს არ წარმოვადგენდი. მოკლედ, მაინც გავბედე, ბატონ ვასოს დავუკავშირდი და ჩემი ჩანაფიქრის შესახებ ვუამბე. შეხვედრა მარჯანიშვილის თეატრის საგრიმიოროში შედგა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ბატონი ვასო დამთანხმდა. მერე საოცარი მსახიობების თაიგული შეიკრიბა... სპექტაკლისთვის მუსიკა გიორგი ცაბაძემ დაწერა, სიმღერის ტექსტები - პეტრე გრუზინსკიმ. როდესაც სპექტაკლი საქართველოს ტელევიზიით გავიდა, პირველი, ვინც დამირეკა, სესილია თაყაიშვილი იყო, უკვე მიყვარხარ, ასეთი კარგი საქმე რომ გააკეთეო (ის და ვასო გოძიაშვილი იმ დროისთვის დაცილებულები იყვნენ). ბატონი ვასო ჩემთვის უდიდესი პროფესიონალიზმის გაკვეთილი იყო. ყოველ რეპეტიციაზე მოსვლის წინ საკუთარ იდეებს მითანხმებდა", - ყვებოდა ბატონი კახა წლების წინ ჩვენთან ინტერვიუში.

კახა კახაბრიშვილის ვაჟი ალექსანდრე კახაბრიშვილი ექსკლუზიურად უკვე წარსულ დროში გვესაუბრება მამაზე:

- მამა დაიბადა და გაიზარდა ძველ თბილისში, ანჩისხატის ეკლესიის ეზოში... გიორგის მამა, ოთარ კახაბრიშვილი, მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა. სტალინგრადში იბრძოდა, საიდანაც დაბრუნდა და ბარბარე პაპაშვილზე იქორწინა. წყვილს ერთადერთი შვილი, გიორგი შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე შეძლებული ოჯახი იყო, მშობლები მამას მუდმივად წიგნებს ჩუქნიდნენ, შემდგომ კი ძლივს შეუგროვეს თანხა და ვაჟს სანუკვარი ოცნება აუსრულეს - არაპროფესიონალური ვიდეოკამერა შეუძინეს. მამამ თავიდან თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. მიმღები კომისიის წევრი ლეგენდარული აკაკი ხორავა იყო. მოგვიანებით სარეჟისორო ფაკულტეტზე გადავიდა, რაც მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი და შემდგომში მისი უახლოესი მეგობარი გახდა. მათი შემოქმედებითი ტანდემის შედეგი იყო სატელევიზიო დადგმა "გზაჯვარედინზე"... 1977 წელს გამოვიდა თუმანიშვილის წიგნი "სანამ რეპეტიცია დაიწყება". ხელნაწერის ერთ-ერთი ეგზემპლარი, რომელსაც ჯერ კიდევ სათაური არ ჰქონდა, გამოცემამდე მამას გააცნო, მისი აზრი აინტერესებდა. წიგნის სათაური გიორგიმ ურჩია. იმ წიგნის ეგზემპლარში, რომელიც ჩვენს ოჯახში ინახება, წერია:"ჩემს საყვარელ მოწაფეს, გულისხმიერ და ნამდვილ მეგობარს, პატივისცემის ნიშნად.

მ. თუმანიშვილი მადლობა სათაურისათვის!

20.04.78

დრო და ადამიანები...

მამა საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი რომ გახდა, სწორედ იმ პერიოდში გადაიღო: "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", "უჩინმაჩინის ქუდი", "გვადი ბიგვა", "შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი", "ვაზის ყვავილობა", "ხორუმი ქართული ცეკვაა", "მტრედის მოტანილი ბარათები" და "ვირის ჩრდილი". მეგობრობდა ისეთ ლეგენდარულ პიროვნებებთან, როგორიც იყვნენ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, გიორგი ცაბაძე, ვასო გოძიაშვილი, ეროსი მანჯგალაძე... თავის მოგონებებში ჰყვებოდა, 1970-იან წლებში მოსკოვში თუ როგორ შეესწრო ვიაჩესლავ მოლოტოვს, სტალინის ერთ-ერთ ხელქვეითს და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც 300 გრამ საზამთროს ყიდულობდა... იმ წლებშივე დაუმეგობრდა მიხაილ ბრინს, რომელიც "გუგლის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, სერგეი ბრინის მამა გახლდათ... "ვაზის ყვავილობის" გადაღებებს 1981 წლის მაისში საქართველოში ბრეჟნევის ვიზიტი დაემთხვა. მას ჩამოჰყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები უფრო მაღალი ხარისხის ტელეკამერებით, ვიდრე ჩვენს ტელევიზიას ჰქონდა. მამამ გადაწყვიტა მათი გამოყენება და ბრეჟნევის ორი კამერა ითხოვა...

მამამ და დედამ - თამარ გვერდწითელმა ერთმანეთი 1983 წელს გაიცნეს... მათი შემოქმედებითი დუეტის შედეგი იყო სატელევიზიო სპექტაკლი "მტრედის მოტანილი ბარათები", რომლისთვისაც მუსიკა დედამ დაწერა. ასევე დაწერა მუსიკა სპექტაკლისთვის "ვირის ჩრდილში", სადაც როლიც ითამაშა. გვერდწითელის მუსიკაზე ერთობლივად გადაიღეს რამდენიმე მუსიკალური კლიპი, კერძოდ, სიმღერა""საქართველო".

იმედისმომცემი ტყუილი

როდესაც მამა ტელევიზიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ამ პერიოდში დაიწყო უცხოენოვანი პროდუქციის ქართულ ენაზე გახმოვანება. სერიალი "ველური გული" გიორგის შრომის შედეგად ჩამოიტანეს საქართველოში. ზოგს მიაჩნდა, რომ არ იყო საჭირო ქართულად გახმოვანება, რაზეც მამა პასუხობდა: "საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და სახელმწიფო ენა არის ქართული". იმ პერიოდში გავიდა ტელეგადაცემა""ფორტუნა", რომელიც ბორის წიფურიას მიჰყავდა და სუპერრეიტინგული გახდა. 1990-იან წლებში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა იყო საქართველოში და ამ გადაცემას ოჯახების შექმნის წახალისება ჰქონდა მიზნად. მამა ბორის წიფურიას პირით მთელ ქვეყანას ატყუებდა, აცხადებინებდა "ფორტუნაში", რომ გასულ კვირას დაიბადა ბევრად მეტი ბავშვი, ვიდრე სინამდვილეში, რათა მაყურებელს მომავლის იმედი გასჩენოდა. 1999 წელს მამა შემოქმედებითი გაერთიანება "თეატრონის""ხელმძღვანელად დანიშნეს. იმავე წელს ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მალევე დააფუძნა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი და ლექციებსაც კითხულობდა...

ბოლოს გამოჩენილ ქართველებზე ბიოგრაფიულ ფილმებს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულად ჩაუტარდა გულის ოპერაცია, 2021 წლის 19 მაისს მოულოდნელად გარდაიცვალა. თავისი მთავარი გეგმა მაინც განახორციელა - დაასრულა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც სატელევიზიო ხელოვნების სახელმძღვანელოა. საბოლოო ჯამში, ვინ იყო გიორგი კახაბრიშვილი? უპირველესად საქართველოს ერთგული ადამიანი.