სევდიანი ოპტიმისტი "სპილო" - კვირის პალიტრა

სევდიანი ოპტიმისტი "სპილო"

"როცა ვწერ, ვუკრავ, ჩემთვის საათი ჩერდება"

"მიყვარს გლეხებთან და ბავშვებთან ურთიერთობა... მათშია სიბრძნე და სიმართლე"

"განსხვავებულად ვიცვამდიდა ვიცვამ, განსხვავებული მეგობრობა ვიცი - მიმტევებელი ვარ... არ ვთამაშობ"

ყვითელი მანქანა ძალიან პატარაა და ძალიან ძველი - თურმე 1937 წლისა. წარმოუდგენელიც კია, როგორ ეტევა მუსიკოსი რომან რცხილაძე ამ მანქანაში... ის ხომ იმხელაა, რომ სპილოც კი შეარქვეს... ან როგორ სუნთქავს მანქანის სალონში? სუნთქავს კიდეც და ძალიან კარგადაც გრძნობს თავს, რადგან ისეთ წვრილმანებს, სხვა რომ კომფორტს ეძახის, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს: მთავარია, იქ იყოს, სადაც უნდა... კიდევ ბავშვები უყვარს... და თავის ცხოვრების შესახებაც ისე ჰყვება, როგორც ბავშვი - გულწრფელად და უნიღბოდ...

ჩემი დილა

დავიბადე გურიაში 1953 წლის 27 ნოემბერს. დედაჩემი თავისიანებთან იყო ჩასული და ისეთი თოვლი მოვიდა, წამოსვლა კი არა, ექიმი ძლივს მიუყვანეს... გვარით იმერელი ვარ, მამული კახეთში მაქვს და ვერაზე, მოსკოვის ქუჩაზე ვიზრდებოდი...

პატარა ვიყავი, როცა კახეთში ჩამიყვანეს. ჩვენს პირდაპირ ცხოვრობდა პაპა ალექსი - მჭედელი. ზაფხული იყო, ეზოში ვთამაშობდი. უცებ საოცარი ხმა მომესმა. მივყევი და მის ეზოში აღმოვჩნდი. ახლაც თვალწინ მიდგას, რაც ვნახე, პაპა ალექსის ორი შეგირდი შიშველ ტანზე აფარებული ტყავის წინსაფრებით იდგნენ და გრდემლს ურტყამდნენ. პაპა ალექსის თოკი ეჭირა და საბერველს ამუშავებდა. ურმის ბორბლებს აკეთებდნენ. პაპა ალექსი ურმულს მღეროდა: "დაიგვიანეს, ჯერაც არსად ჩანან, არალო"... პაუზაში დასწევდა თოკს და  საბერველი ბანს აძლევდა.

ამ დროს ჯერ ერთი შეგირდი დაარტყამდა, მერე მეორე... პაპა ალექსი გაასწორებდა კაკუნით მათ ნამუშევარს... ეს არ იყო მუსიკა! ეს გაცილებით მაღალი რამ იყო. მაშინ მივხვდი, ეს ის ხმების სამყარო იყო, სადაც ძალიან მინდოდა ყოფნა. მას მერე ორი ზაფხული გავატარე ყვარელში ალექსი პაპას ეზოში. ჩემი ტოლი ბიჭები რომ მეძახდნენ, - წამოდი, ბურთი ვითამაშოთო, უარს ვამბობდი, მჭედლების ყურება და მოსმენა მერჩივნა. თბილისში კი მთელი წელი ვოცნებობდი, როდის მოვიდოდა ზაფხული... სამწუხაროდ, მესამე წელიწადს მოხუცი მჭედელი ცოცხალი აღარ დამხვედრია...

პატარაობიდანვე მუსიკა ჩემი უმთავრესი საფიქრალი იყო. მე და მამა დილის ექვს საათზე ფეხზე ვიყავით. რადიოში რომ საქართველოს ჰიმნს დაიწყებდნენ, უკვე ნავარჯიშები ვიყავი და ფორტეპიანოსთან ვჯდებოდი. მომწონდა შავ-თეთრ კლავიშებთან მეგობრობა...

რუსთაველის მცირე დარბაზში სკოლების ფესტივალები და კონკურსები ტარდებოდა. მეშვიდე კლასში ვიყავი, ბეთჰოვენის სონატა "დო მინორი" რომ შევასრულე. მუსიკალური სკოლა დავამთავრე იმ პროგრამით, რომლითაც მუსიკალურ ტექნიკუმს ამთავრებდნენ.

ტანით თავიდანვე დიდი ვიყავი... ამიტომ კალათბურთზე დავდიოდი. სხვათა შორის, ერთი რამ აქვს საერთო კალათბურთსა და მუსიკას: ორივეგან მაჯა რბილი უნდა იყოს, თითები - მაგარი... სერიოზული მიღწევები მქონდა. მაგრამ 15 წლისას უნდა ამერჩია: ან კალათბურთი, ან - მუსიკა. ცხადია, მუსიკა ავირჩიე.

ქუჩამ ბევრი რამ მასწავლა... ყველაფერი იყო: ცუდიც და კარგიც...

მახსოვს პირველი დათრობა: 5 წლისამ ბიძაჩემთან კარადიდან ავიღე წყლით სავსე ჭიქა და გადავკარი. თურმე არაყი ყოფილა... სამი დღე მეძინა... პირველი სიგარეტი მუსიკალურ სკოლაში მოვწიე... 15 წლის ვიყავი და ამით ვივაჟკაცე.

მუსიკალურში დედას ხელჩაკიდებული დავყავდი. სულ არ ვბრაზობდი... ამიტომაც ამაცილეს იმ ცუდს, რაც შეიძლება ბიჭს დაემუქროს...

ერთხელ, როცა მუსიკალურ სასწავლებელს ვამთავრებდი, ბახის "ფა დიეზ მინორის პრელუდია" და "ფუგა" დავუკარი ლა მინორში... ეს ხომ წარმოუდგენელია.

კონსერვატორიაში ვაბარებდი, პირველ წელს გავედი გამოცდაზე. ვუკრავდი... მესმის, ერთი გამომცდელი მეორეს ეუბნება, - რა ნაბახუსევი ვარო... იქით ვიღაცამ დაიჩურჩულა კიდევ რაღაც. გავჩერდი და ხმამაღლა ვკითხე: - ხელს გიშლიდით-მეთქი? მოულოდნელი იყო ეს... და იმ წელს ვერ ჩავირიცხე.

მომდევნო წელს მისაღები გამოცდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაიტანეს. ისე იყო მოწყობილი, რომ ფარდის უკან იჯდა გამოსაცდელი და უკრავდა. გამომცდელები ვერ ხედავდნენ. ას მეჩვიდმეტე ვიყავი. მერაბ ოდიშარიას უთქვამს, მოდი, გამოვიცნოთ ვინ უკრავსო. მე რომ დავუკარი, - პატარა, გამხდარი გოგონა უკრავსო. "გამოიცნეს"... ისეთი მუსიკალური ბგერა მქონდა, რომ ეს შთაბეჭდილება დავტოვე.

ეკლესიაში ბავშვობიდან დავდიოდი. ამის გამო ხან სკოლიდან მრიცხავდნენ, ხან - მუსიკალური სასწავლებლიდან. ახლა ის ხალხი, ვინც მე მრიცხავდა, მხვდება ეკლესიაში... თვალს ვერ მისწორებენ...

KvirisPalitra.Geჩემი შუადღე

ისეთი დრო იყო, კლასიკურ მუსიკას ყურადღება არ ექცეოდა, ამიტომ დავიწყე ფიქრი, თანამედროვე მუსიკა დამეკრა. 1969 წელს "ციცინათელაში" მივედი, მერე იყო "75", "დიელო"...

1969 წელს, "ციცინათელაში" რომ ვიყავი,  სოსო ებრალიძემ "სპილო" შემარქვა. ჩემი ნათლიაა... თავიდან ცოტა ვბრაზობდი. მერე მივხვდი, რომ სპილო სულაც არ არის ცუდი...

მყავდა შოტლანდიური ნაგაზი. კოლი... ჩემი მეგობარი იყო. მღეროდა. როცა ვუკრავდი, ჩუმად იყო. დავამთავრებდი დაკვრას და რა რეგისტრშიც დავამთავრებდი, იმ რეგისტრში იწყებდა "სიმღერას".

1983 წელს მოსკოვში ევგენი გინზბურგი იღებდა ფილმს "არგონავტები". სცენა მქონდა - 6-მეტრიანი პითონი უნდა შემომხვეოდა. სამი დღე მქონდა რეპეტიცია ამ პითონთან - "კატია" ერქვა. ისე შევუყვარდი, რომ გადაღების დასრულების შემდეგ თვე-ნახევარი არ ჭამდა... ჩამოვიდა მისი მწვრთნელი, - ჩამოდი, კატიას დაელაპარაკე, თორემ შენზე დარდობს და არ ჭამსო... მე ხომ წლის ზოდიაქოთი გველი ვარ...

მიყვარს ცხენები... ბავშვობაში კახეთში თეთრი ცხენის სიკვდილი ვნახე. რა დამავიწყებს მის ცრემლიან თვალებს...

1989 წელს დიდი არეულობა დაიწყო... ჯერ იყო 9 აპრილი, მერე სამოქალაქო ომი... მერე ისე მოხდა, მოსკოვში წავედი... იქ იძულებით მომიხდა ცხოვრება.

გადავიტანე უმუშევრობა, შიმშილიც კი... ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ  33 წლისას ტუბერკულოზი შემეყარა. სამი წელი ვიარე აბასთუმანში, ათი წელი არ დამილევია, არ მომიწევია სიგარეტი... მწამდა, რომ გადავრჩებოდი...  კომიდან რომ გამოვედი, იქაურებმა გამაცნეს აფთიაქარი დეიდა ნუნუ. შინ ედგა პიანინო "პეტროფი". დავიწყე მასთან სიარული, მეცადინეობა. ყველაფერი თავიდან მქონდა გასავლელი... ოქტომბერი იყო, ფანჯრის მიღმიდან კაკუნი შემომესმა. გავიხედე - აუდიტორიაა: ციყვები მოსულან. მას მერე ასე იყო. მე ვუკრავდი, ისინი მოდიოდნენ და მისმენდნენ.

აბასთუმანში დავწერე "სუფთა ჰაერი"... ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა.

ბოლო წელი ხუდადოვზე ვიცხოვრე. ვემზადებოდი საოპერაციოდ. მარცხენა ფილტვზე ორი ორმო მქონდა. ოპერაციის წინ შემიყვანეს რენტგენზე. ეძებეს და ვერ ნახეს ვერაფერი... ეს როგორ მოხდა? რწმენით და ლოცვით, უფლის ნებით!

პირველი მეუღლე 1989 წელს, ავად რომ გავხდი, მაშინ გადავიდა საბერძნეთში საცხოვრებლად... ახლა ჩემი შვილები იქ ცხოვრობენ. ჩემს ვაჟს თავისი ბენდი აქვს.

ჩემი საღამო

ძალიან მიყვარს სიძველეები - ანტიკვარიატი.  ჩემი მანქანა 1937 წლის გამოშვებაა, ბე-ემ-ვეს მოტოციკლეტი 1935 წლის, ბიტლს-ხოჭო - 1975 წლისა. წინა საუკუნეში ვცხოვრობ.  განსხვავებულად ვიცვამდი და ვიცვამ, განსხვავებული მეგობრობა ვიცი - მიმტევებელი ვარ... არ ვთამაშობ.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ჩვენი პატრიარქი - უწმინდესი და უნეტარესი ილია II ცხოვრობს. მაქვს პატივი, ხშირად ვიყო მასთან.

ვცდილობ, ჩემი მიმწუხრი ბავშვობიდან შორს არ წავიდეს. ფანტასტიკურად კარგად ვგრძნობ თავს ბავშვებთან. ბავშვები ხომ მართალი და უნიღბო ადამიანები არიან. მყავს 5, 6, 10 წლის მეგობრები, 35 ნათლული და ვცდილობ, მაქსიმალურად ხშირად ვიყო მათთან. თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე - ჩემი ნათლულები არიან...

დღეს რამეს თუ ვწერ, ან უნდა მტკიოდეს, ან მიხაროდეს... შემოქმედი დროს ცოტათი მაინც უსწრებს, ამიტომ ბევრს თვალში უცნაურად ხვდება შენი ჩაცმა, ცხოვრების წესი... ძალიან მიყვარს გამოთქმა - დროს არ უნდა გაუსწრო, დროს უნდა დახვდე. წინაც იქნები და აქაც... მირჩევნია, 100 მსმენელი 10 ათასს... თუ მართალი ხარ, გადარჩები... როცა ვწერ, ვუკრავ, ჩემთვის საათი ჩერდება. ბედნიერება რა არის? ის, რომ ზუსტად იცი, რატომ ხარ აქ.

ბოროტი სული მძიმეა, ვერ ასწრებს სხეულიდან ამოსვლას და სხეულთან ერთად ლპება მიწაში. არავის სჯერა, რომ მალე 60 წლის გავხდები. შემეჯიბროს ნებისმიერი 20 წლის ყმაწვილი, ვაჯობებ... მართლა სამოცის კი არ ვარ! მე რომ ტუბერკულოზისგან განვიკურნე, 40 წლისა ვიყავი. მაშინ ხელმეორედ დავიბადე... აბა, იქიდან დათვალეთ...

რომ არა ის სენი, ჩემს მეგობრებთან ერთად აფხაზეთში მოვკვდებოდი, ალბათ... მინდა ჩემი ამბები დავწერო... შემიძლია ვთქვა, რომ სამი კაცის ცხოვრება მაინც ვიცხოვრე...

ხშირად ვღადაობ საკუთარ თავზე... იცი, რა კარგია? ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს.

უკვე ვიცი, ვის უნდა ვენდო: თვალებითა და სუნით ვხვდები... ამიტომ მიყვარს გლეხებთან და ბავშვებთან ურთიერთობა... მათშია სიბრძნე და სიმართლე.

არ მიყვარს ხმაური და ყაყანი. რომ დაღამდება ხოლმე, მაშინ ვჯდები სამუშაოდ... მიყვარს მარტოობაში წერა.

მუსიკა ისეთი რამ არის, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს წერ. მთავარია, რას წერ! შარშან სიმღერა "ნატვრის ხეს", 35 წელი შეუსრულდა. ევროპის დიასპორამ მიმიპატიჟა ამ თარიღის აღსანიშნავად. სერიოზული ტურნე მქონდა ევროპაში... აქ არც გახსენებიათ. ასეთია ცხოვრება...

მე მაინც ოპტიმისტი ვარ, ოღონდ ცოტა სევდიანი ოპტიმისტი.