"ჩვენი პრობლემების ნაწილი იმანაც გამოიწვია, რომ..." - როგორ კონტროლდებიან ტურისტები და არის თუ არა "ბათუმი 2020"-ის განმეორების საშიშროება - კვირის პალიტრა

"ჩვენი პრობლემების ნაწილი იმანაც გამოიწვია, რომ..." - როგორ კონტროლდებიან ტურისტები და არის თუ არა "ბათუმი 2020"-ის განმეორების საშიშროება

"ქვეყანაში უკვე მილიონი დოზა გვაქვს და მშვიდად შეგვიძლია იმუნიზაციის მასშტაბური პროცესი დავიწყოთ"

ქვეყანაში, როგორც იქნა, ვაქცინაციის მარაგი შემოვიდა. ვიფიქრეთ, ამოვისუნთქეთო, მაგრამ პირველივე დღეს რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. გვესაუბრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

- კიბერშეტევაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება. იმუნიზაციას ვერ ჩაშლიან, ვაქცინა ყველა რეგიონში უკვე განაწილებულია! მილიონი დოზა "სინოფარმი" და "სინოვაკი" ქვეყანაშია. მეორე ნახევარსაც მალე მოგვაწვდიან, უკვე ნაყიდი გვაქვს. ასევე, მოლაპარაკების შედეგად, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იყო ჩართული, უკვე ნაყიდია და ივლისში ველოდებით "ფაიზერის" პირველ პარტიას. რამდენიმე ასეულ ათას "ფაიზერს" აშშ-ის მთავრობაც გვჩუქნის.

- კარგია რომ ვაქცინები შემოვიდა და კიდევ შემოვა, თუმცა მანამდე, თითქმის ორი თვის განმავლობაში, ვაქცინა არ მიგვიღია... - რას ვიზამთ, მსოფლიოში ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია. მდიდარმა ქვეყნებმა მილიარდობით დოლარი გაიღეს ვაქცინების წარმოებისთვის, "ფაიზერი", "მოდერნა", "ჯონსონი და ჯონსონი" შეუკვეთეს მთელი მოსახლეობისთვის, თუმცა ისეთმა ფარმაცევტულმა გიგანტებმა, როგორიც არის "პასტერი" - საფრანგეთში, "გალქსო" - ბრიტანეთში, "მერკი" - აშშ-ში, ჯერ ვერ მოახერხეს ვაქცინების შექმნა.

- უხეში შედარებაა, მაგრამ გამოდის, რომ სახლის აშენებამდე ჰაერს რომ ყიდულობენ, ისე იყიდეს ამ მდიდარმა ქვეყნებმა ვაქცინები... - რადგან არ იცოდნენ, რომელი ფარმაცევტული კომპანია უფრო ადრე შექმნიდა ვაქცინას, ყველასგან იყიდეს. წლის ბოლოსთვის ზოგ ქვეყანას რატომ ექნება თავისი მოსახლეობის რაოდენობაზე 3-4-ჯერ მეტი ვაქცინა? იმიტომ, რომ ყველასგან "ჰაერი" იყიდეს და ზოგმა ააშენა სახლი, ზოგმა - ვერა. ჩვენთან რომ ატყდა ერთი ამბავი, არ გვინდა არადასავლური წარმოების ვაქცინებიო, ხომ გახსოვთ? სხვა ქვეყნებმა ეს ვაქცინებიც იყიდეს. არადა, ჩვენთან დღესაც შეხვდებით ისეთებს, "სინოფარმს" და "სინოვაკს" რომ იწუნებენ.

- იმიტომ, რომ ამ ვაქცინით აცრილებს სხვა ქვეყნებში არ შეგვიშვებენო... - სხვათა შორის, აშშ-ში ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არის. იქ უცხოელებს დღემდე PCR-ტესტის შედეგებით უშვებენ.

- ევროპაში? - ევროპის ბევრი ქვეყანა უშვებს ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინებით აცრილებს, მაგალითად, ესპანეთი, საბერძნეთი, უნგრეთზე აღარაფერს ვამბობ... ნიდერლანდებმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანაში უშვებს ყველას, ვინც ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინით არის აცრილი.

- და რომელი ქვეყანა არ უშვებს? - ჯერჯერობით ასეთია გერმანია, საფრანგეთი. ისინი მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინებით აცრილებს უშვებენ. ამ ქვეყნებში ტურისტული მიზნით შესვლა ჯერჯერობით შეზღუდულია. სხვა მიზნებით უშვებენ, მაგალითად, სამკურნალოდ...

- გამოცემა Politico ასახელებს 12 ქვეყანას, რომლებსაც ევროპული კავშირი შეიყვანს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში. მათ მოქალაქეებს ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლა შეუძლიათ. ევროკავშირის ელჩებმა დაადასტურეს გადაწყვეტილება, სიაში შეიყვანონ: კანადა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრუნეი, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, ჩერნოგორია, კატარი და საუდის არაბეთი. - ეს წყდება იმის მიხედვით, როგორია ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი. ჩვენთან ახლა ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

ევროპაში 100 000 მოსახლეზე ავადობით მესამე ადგილზე ვართ, მსოფლიოში - ოცდამეხუთე ადგილზე. ამის მიზეზია რეგულაციების მოხსნა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ. გვინდა, ჯოხით დაგვადგეს ვიღაც, რომ რეგულაციები დავიცვათ.

შვედეთს რომ ვედარებოდით, ხომ გახსოვთ?! შვედეთში ხალხი თვითონ იცავდა რეგულაციებს. ანეკდოტიც კი გავრცელდა, შვედებმა თქვეს, უი, რა კარგია, რეგულაციები რომ აღარ არის, ახლა ორ მეტრზე კი აღარ, ისევ ხუთ მეტრზე ვიქნებით ერთმანეთს დაშორებულიო.

- ევროპის წამლის სააგენტოს მიერ "სინოვაკისა" და "სინოფარმის" აღიარებაზე რა ისმის? - "სინოფარმს" არ წარუდგენია განაცხადი, "სინოვაკმა" წარადგინა.

- "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ეფექტიანობა რომელ კვლევებზე დაყრდნობით განისაზღვრება? - ეს კვლევები ბევრ ქვეყანაში ჩატარდა. კლინიკური შემთხვევებისთვის ისინი ოდნავ ნაკლებად ეფექტიანია, მაგრამ მძიმე მიმდინარეობის, რეანიმაციაში მოხვედრისა და სიკვდილისგან დასაცავად თითქმის ისეთივე შედეგი აქვთ, როგორიც სხვა, მსოფლიოში აღიარებულ ვაქცინებს.

- დელტა-შტამი როგორ მიმდინარეობს და რატომ ეშინიათ მისი ასე ძალიან? - პირველად შტამებზე 50%-ით მეტი გადამდებლობა ახასიათებდა ბრიტანულ შტამს, დელტა, ანუ ე.წ. ინდური შტამი კი ბრიტანულთან შედარებით კიდევ 50%-ით უფრო გადამდებია. რაც შეეხება მიმდინარეობას, ინდურ შტამს ის განასხვავებს, რომ უფრო მეტად დაემსგავსა სხვა რესპირატორულ ვირუსებს. მაგალითად, სურდო ადრინდელ შტამებს იშვიათად ახასიათებდა, "დელტას" მეტად ახასიათებს. დელტა სიმპტომატიკით ჩვეულებრივ გაცივებას დაემსგავსა.

- ინდოეთში რით იცრებოდნენ და იცრებიან?

- ინდოეთში ვაქცინაციის დონე მაშინ, როცა დელტა-შტამმა იფეთქა, ძალიან დაბალი იყო. ახლაც დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი თვითონ აწარმოებს ვაქცინებს. სხვათა შორის, ჩვენი პრობლემების ნაწილი იმანაც გამოიწვია, რომ ინდოეთმა ვერ მოგვაწოდა ვაქცინა, რადგან თვითონ უმძიმესი ეპიდსიტუაცია შეექმნა და ქვეყანამ ვაქცინის ექსპორტი შეწყვიტა. ინდოეთი იყენებს ორ ვაქცინას - "ასტრაზენეკასა" და ჩინური ვაქცინების ტიპის ინაქტივირებულ ვაქცინას.

- ჩვენთან რომელ ასაკობრივ კატეგორიას მოემატა ავადობის მაჩვენებელი?

- ავადობის შემთხვევებმა იმატა ბავშვებსა და ახალგაზრდებში.

- დელტა-შტამის მიმართ რომელი ვაქცინა უფრო ეფექტიანია? - ასეთი შედარებითი კვლევების შედეგები ჯერ არ გვაქვს. მხოლოდ "ფაიზერის" შესახებ ვიცით, რომ დელტა-შტამის მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილისგან ისევე იცავს, როგორც სხვა შტამებისგან იცავდა.

- რამდენია ჩვენთან ინდური შტამით ინფიცირებული? - ინფიცირებულების დაახლოებით 15-20% უკვე დელტა-შტამით არის ავად. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ტესტირების მაღალი მაჩვენებელი, რომ რაც შეიძლება დროულად გამოვლინდეს ყველა დაავადებული და მათი იზოლაცია შევძლოთ.

- მოხსნილი რეგულაციებისა და გააქტიურებული ტურიზმის ფონზე ეს როგორ წარმოგიდგენიათ? ერთი თვის განმავლობაში ჩვენთან უკვე აღმოჩნდა 400 ინფიცირებული ტურისტი. ვიცით, რომ რუსეთში დელტა-შტამი მძვინვარებს, მაგრამ როგორც ამბობენ, იქ ნებისმიერი საბუთის ყიდვა შეიძლება. ჰოდა, ასეთი საბუთით შემოსულები თუ მოგვიმრავლდებიან, ალბათ, აფეთქება გარდაუვალია... - ამ 400 ტურისტის დაახლოებით ნახევარი მესამე დღეს გამოვლინდა, დანარჩენი 200 - მერე. შესაძლოა, ისინი აქ გახდნენ ავად.

- საზღვარზე როგორ შემოდიან, რა პროცედურებია საჭირო? - სახმელეთო გზით როდესაც ჩამოდიან, გინდა აცრილი იყოს, გინდა - არა, PCR-ტესტი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, მესამე დღეს კი ისევ უნდა ჩაიტარონ PCR-ტესტი.

- მაგრამ ამ სამი დღის განმავლობაში რამდენს დააინფიცირებენ, ვინ შეამოწმებს? - ამიტომ ყველას ნიღაბი უნდა ეკეთოს, განსაკუთრებით - რისკ-ჯგუფში მყოფებს, რათა თავი მაქსიმალურად დავიცვათ. გარდა ამისა, ბაზა არსებობს და თუ გასვლისას ამ ერთიან ბაზაში არ გამოჩნდება, რომ მესამე დღეს ტესტირება ჩაიტარა, აჯარიმებენ. ადრე თუ ორჯერ აცრილი საჰაერო გზით ჩამოდიოდა, მას PCR-ტესტი არ მოეთხოვებოდა, მაგრამ ახლა წესები გამკაცრდა და თვითმფრინავით ჩამოსულიც ვალდებულია, ტესტი ჩაიტაროს.

- შარშან პირბადით სიარული სავალდებულო იყო, მაგრამ აგვისტო-სექტემბერში მაინც მძიმე სურათი მივიღეთ. წელსაც ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, 2020-ის აგვისტო განმეორდეს... - ვიღაც სხვის შეცდომებზე სწავლობს. ეგებ ჩვენ საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ... ახლა მთავარია, აცრის ტემპი ავაჩქაროთ. ავადობას ეს, რა თქმა უნდა, არ შეამცირებს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა იკლოს გარდაცვალებისა და მძიმედ დაავადების შემთხვევათა რაოდენობამ.

- "ასტრაზენეკას" პირველი დოზით აცრილებს რა ბედი ელით? - მე "ასტრაზენეკას" მეორე დოზით 12 კვირის შემდეგ ავიცერი.

ახლა გამოქვეყნდა კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვით, რაც უფრო გვიან აიცრები, იმუნიტეტი მით უფრო მყარი და ხანგრძლივია. ჩვენთან შექმნილი დეფიციტი ეხება მათ, ვისი პირველი აცრიდან 10-12 კვირა უკვე გავიდა, თუმცა, იმედი მაქვს, ამ კვირაში ეს დეფიციტი აღმოიფხვრება. ყველაფერი კეთდება, რომ დანაკარგი ნაკლები იყოს.

დანაკარგი შეიქმნა იმის გამო, რომ 10-დოზიანი ვაქცინის გახსნისას ასაცრელად მივიდა, მაგალითად, შვიდი ადამიანი, სამი დოზა კი დაიკარგა, რადგან გახსნილი ფლაკონის შენახვა არ შეიძლება.

- რამდენ ხანს ინახება გახსნილი ფლაკონი? - 6 საათის განმავლობაში. ჩვენ თავიდანვე გადავიხადეთ 129 ათასი დოზის ფული. ჯერ უნდა შემოსულიყო 43 ათასი დოზა, მერე კი - დანარჩენი. მაისიდან მოყოლებული, მოწოდება გაჭიანურდა. მერე გვითხრეს, რომ საჭირო დოზები აუცილებლად გვექნებოდა 22 ივნისს, მაგრამ მოწოდება ისევ გადაიდო. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა და ვინც დარეგისტრირებული იყო, ყველა აიცრება.

- "ფაიზერით" 16 წლიდან შეიძლება აცრა... - ეს "ფაიზერის" ინსტრუქციაში წერია და ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო არასრულწლოვნების აცრა. 16 წლიდან კი არა, ზოგიერთ ქვეყანაში 12 წლიდანაც კი ცრიან.

წლის ბოლოს ველოდებით, რომ მოსახლეობის 60-65% იქნება აცრილი. ქვეყანაში უკვე მილიონი დოზა გვაქვს და მშვიდად შეგვიძლია იმუნიზაციის მასშტაბური პროცესი დავიწყოთ. მოსახლეობის იმედიც გვაქვს. ჩვენთან აშკარა ანტივაქსერები ბევრნი არ არიან, თუმცა არიან ისეთები, ვინც ორჭოფობენ. იმედი გვაქვს, მათი უმრავლესობაც აიცრება.