ძალისის უმდიდრესი სამაროვანი
05-07-2021
ძალისის უმდიდრესი სამაროვანი
"ეს სასახლე ქრისტემდე დაახლოებით ორი საუკუნით ადრე აშენდა და მისი სიმდიდრეც ელინური ფუფუნების გავლენაა"

მეუცნაურება, რატომ არავინ ახსენებს ძალისის უძველეს სასახლეს, რომლის ნაშთებიც კი გაოგნებას იწვევს. რად უნდოდა, ან ვინ იყო ამ ბრწყინვალების მფლობელი, რომელიც მაინც ჩვეულებრივი მოკვდავივით გაქრა?! ხელოვნებათმცოდნე­ თამთა კერვალიძეს სწორედ ამაზე საუბარი ვთხოვე:

- ბევრმა არ იცის, რომ დიდი ხნის წინ მუხრანის ველზე, სოფელ ძალისში უმდიდრესი უძველესი სასახლე აღმოჩნდა, რომელიც ფუფუნებით აცვიფრებს მნახველს. ვინ იყო ამ სიმდიდრის
პატრონი?

- ძალისის სასახლე ქრისტემდე დაახლოებით ორი საუკუნით ადრე აშენდა და მისი სიმდიდრეც ელინური ფუფუნების გავლენაა. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ სასახლის მფლობელი ადგილობრივი დიდებული იქნებოდა, რომელმაც ამპარტავნობის გამო სასახლე არისტოკრატულ უბანში აიშენა და რით აღარ დაამშვენა: ეზოში აუზებით, ცენტრალური გათბობით, აბანოებში მოზაიკით და ა.შ. მაგრამ
სიმდიდრე მართლაც არავისთვის არაფერს ცვლის - ისიც ისევე გაემგზავრა ამ ქვეყნიდან, როგორც სხვები.



- რამხელა იყო მისი სასახლე, რას ადასტურებს არტეფაქტები?
- 2500 კვმ და ოცდაათამდე სხვადასხვა სიდიდის ოთახისა და დარბაზისაგან შედგებოდა. სასახლის ჩრდილო-დასავლეთით საძილე ოთახები ორგანყოფილებიანი იყო, საკუთარი საპირფარეშოებით, წყალსადენითა და კანალიზაციით. ღია ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში დარბაზებია განლაგებული, სამხრეთის მხარეს კი სხვადასხვა სიდიდის ოთახები და წინკარია. სასახლის საძირკველში ქვის თლილი ფილებია, კედლებში - ალიზის აგურები, ინტერიერი კი მოხატულია კედლის მხატვრობით, რომლის ძალზე მცირე ნაშთებიღა დარჩენილა, ცენტრალური გათბობის სისტემის სტრუქტურა კი შემორჩა. ამ სტრუქტურით მთელი სასახლე თბებოდა. სითბო ერთი, ცეცხლის დასანთები ოთახიდან მილებით გადიოდა კედლებში დატოვებულ სიცარიელეში. ალბათ, ამ კომფორტის გამო, სასახლეშივე იყო 700 კვმ² სხდომათა დარბაზი და აბანოებიც, რომელთა კუთხეებში ოთხკუთხა კოლონები იყო ჩამწკრივებული. შენობის ჩრდილოეთ ნაწილში კვარცხლბეკზე კოლონებით დამშვენებული რომელიღაც ღვთაების ნაშთიც არის შემორჩენილი.

- აბანოს მხატვრობა დღესაც მშვენ­ივრად არის შემონახული.
- აბანო რომაული სტილი გახლდათ და სამი ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებისაგან შედგებოდა. სამივე განყოფილებას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს ნახევარწრიული აფსიდები ჰქონდა. თითოეული აბანოს სიგრძე 5 მეტრი, სიგანე კი 2,5 მეტრი იყო. აბანოს ქვის კედლები შიგნიდან და გარედან შელესილი იყო. გათბობა ცხელი და თბილი აბანოების იატაკის ქვეშაც ჰქონდათ, აბანოების ასაშენებლად კი სამნაირი: ბრტყელი, კვადრატული და მრგვალი აგური გამოუყენებიათ. ცივ აბანოში დაგებული იყო მოზაიკური იატაკი, ბრწყინვალე თავისი მითოლოგიური მხატვრობით. მცენარეული ორნამენტების არშიით, რომლის შიგნითაც გამოსახული იყო ზღვის ფაუნა. ისე, არ იფიქროთ, რომ სასახლეში მხოლოდ ეს სამნაირი აბანო იკმარეს - ეზოში ბრწყინვალე საცურაო აუზიც ჰქონდათ.

- და ვის უნდა ეცხოვრა აქ ასეთი პატივითა და დიდებით?
- ეს მეცნიერებმა ვერ გაარკვიეს, თუმცა ძალისის მიდამოებში ისეთ მდიდრულ სამაროვანს მიაკვლიეს, წესით, ამ სასახლის მფლობელი უმდიდრესი არისტოკრატი უნდა ყოფილიყო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები