"ეს ადგილი იმიტომაც არის უნიკალური, რომ იქიდან საქართველოს ოთხი რეგიონია გადაშლილი" - კვირის პალიტრა

"ეს ადგილი იმიტომაც არის უნიკალური, რომ იქიდან საქართველოს ოთხი რეგიონია გადაშლილი"

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, არ დავანაგვიანოთ გარემო, რაც ზოგიერთ ტურისტს უკვირს, ვერც წარმოუდგენიათ ბუნებაში ნარჩენების დაყრა"

კოვიდრეგულაციების შემსუბუქების კვალდაკვალ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ იმატა. ტუროპერატორები ამბობენ, რომ ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რუსეთიდან, სომხეთსა და უკრაინიდან ჩამოსული ვიზიტიორები ჭარბობენ, თუმცა ჩამოდიან ირანიდან, ისრაელიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდანაც. მოლაშქრე და მოყვარული მთამსვლელი ალექს გრიგალაშვილი რამდენიმე წელია ტურისტებთან მუშაობს. მთელ ქვეყანაში მოგზაურობს, თუმცა კონკრეტული ლოკაცია სამცხე-ჯავახეთია.

- ტუროპერატორად 2019 წლიდან ვმუშაობ. მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში არა, მთელ საქართველოში დაგვყავს ტურისტები, როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელები. პანდემიამ ჩვენც უამრავი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ ახლა თანდათან ვიკრებთ ძალას... ტურისტების კორონამდელი რაოდენობა ადრინდელივით არ არის, 2019 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ძალიან აქტიურობდნენ ევროპის ქვეყნებიდანაც.

- წელს უცხოელი ვიზიტიორები აღარ გყავთ? - ბევრი ჩამოდის რუსეთიდან, ასევე ირანიდან, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც. ყველაზე მეტად რაბათით ინტერესდებიან, შემდეგ ვარძიით. ძალზე დატვირთულია ყაზბეგი. ითხოვენ გერგეტის სამებაში ასვლას, მნიშვნელობა არა აქვს ქვეყანასა და რელიგიურ მრწამსს. იგივე შემიძლია ვთქვა სვანეთზეც, ბოლო დროს კი ძალიან პოპულარული გახდა გომის მთა. ჩამოთვლილ ადგილებს საერთაშორისო პიარი აქვს და ძალიან გვეხმარება.

- მომსახურების ფასები იგივე დარჩა? - ძირითადად კი, რადგან მოთხოვნა ისეთი არ არის, რომ მომსახურების ფასი გაიზარდოს. ამბობენ, რომ საქართველოში ფასი მომსახურებაზე მაღალია, მაგრამ ევროპასთან შედარებით ყველაფერი იაფია. უცხოელ ტურისტებს არასდროს გამოუთქვამთ პრეტენზია, რადგან ვითვალისწინებთ არსებულ ვითარებას და ყოველთვის ვცდილობთ ხელმისაწვდომი ფასები იყოს, ტურებშიც სიახლე და მრავალფეროვნება შევიტანეთ. ადიგენის რაიონში არაერთი საოჯახო სამზარეულოა, სადაც კუთხურ კერძებს ამზადებენ. მაგალითად, თათარ-ბერაკს, აპოხტის ხინკალს, მესხურ ქადას, თუთმაჯს...

ტურისტებს ძალიან მოსწონთ აპოხტის ხინკალი. შეიძლება ითქვას, ტურისტების ფავორიტი კერძია ბატის ხინკალიც, რომელიც ასევე გამომშრალი ხორცისგან მზადდება. კულინარიული ტური უცხოელი ტურისტების ყველაზე სახალისო ნაწილია. აქ სწავლობენ და შემდეგ თავიანთ ოჯახებში ამზადებენ, ეს კი საქართველოს, ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაა.

კოვიდრეგულაციების დროს ვცდილობდით კომენდანტის საათში ჩავტეულიყავით - დილით ადრე გავდიოდით და 22:30 წუთზე უკვე ადგილზე ვიყავით. აუცილებელი იყო თერმოსკრინინგი, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარი. ეს დამატებითი ღონისძიებები, ცოტა არ იყოს, ართულებდა ყველაფერს, მაგრამ შევეგუეთ. ახლა ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარ არის საჭირო, რაც დიდი შეღავათია მოლაშქრისა და ვიზიტიორისთვის.

- არის ისეთი ადგილი, თუნდაც თქვენს რეგიონში, რომლის შესახებაც ახლახან გაიგეთ? - გაგონილი მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ასეთი საოცარი ადგილი იყო მეფისწყაროს მთა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ლეგენდის თანახმად, იმ მხარეს გაუვლია თამარ მეფეს, ამალა გაუჩერებია და წყალი დაულევია. ამიტომაც ეძახიან მეფისწყაროს. ის ადგილი, სადაც წყაროა, გეოგრაფიულად იმერეთსაც ეკუთვნის და აჭარასაც. ერთ მხარეს გურია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან მდებარეობს და მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალია. მეფისწყაროს მთასთან არის დიდი ჯაჯისა და პატარა ჯაჯის ტბები. მთის წვერიდან საოცარი ლანდშაფტი იშლება და ლაშქრობის მოყვარულებს იზიდავს.

ეს ადგილი იმიტომაც არის უნიკალური, რომ იქიდან საქართველოს ოთხი რეგიონია გადაშლილი. მეტიც, კარგ ამინდში, შიდა ქართლი, მთიულეთი, კავკასიონის მთები და კოლხეთის დაბლობიც მოჩანს. ჰორიზონტი ზღვამდეა გაშლილი. ულამაზესი სანახობაა ნისლიან ამინდშიც...

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, არ დავანაგვიანოთ გარემო, რაც ზოგიერთ ტურისტს უკვირს, ვერც წარმოუდგენიათ ბუნებაში ნარჩენების დაყრა. ასეთი დამოკიდებულება იმ ქვეყნის კულტურასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. თუმცა ამ მხრივ ჩვენს საზოგადოებასაც წინსვლა აქვს.