"არავინ იცის, რამ და რატომ გამატარებინა აქ 41 წელი" - კვირის პალიტრა

"არავინ იცის, რამ და რატომ გამატარებინა აქ 41 წელი"

"ოოჰ, ისეთი ლამაზი სოფელი მაქვს, ამისთანა მთელ საქართველოში არ არის"

როგორ ვიქნები მთებში გამოკეტილიო, მპასუხობს მოკითხვაზე და მეუბნება, რომ "ხვალ მზე ამოვა, როგორც წამება და გათენდება კატორღა ჩემი" - გაბრაზებულ გულზე დაწერა. ხანმოკლე დუმილის შემდეგ დასძენს: "კატორღაზე უარესია ყოფა, რომელიც მე მივუსაჯე თავს. ადამიანსაც ვერ ვხვდები, ვინმეს რამე ვუთხრა, ან ვეკამათო მაინცა. რომ ხანში შევედი, თავი გადავდე, მინდა არ დაიცალოს სოფელი და სხვა უკეთესებმა მოიკიდონ აქ ფეხი. იქნება ვინმე მოვიდეს მთაში. მაგრამ, აბა, როგორ მოვა, როცა არანაირი პირობა არ არსებობს. ლექსებს ვწერ და მათ ვესაუბრები, ყოველდღე ვიღვიძებ, მამულს ვუყურებ. მაინც არ გავქცეულვარ ჩემი ბრძოლის ველიდან. რატომღაც მგონია, აქედან ბარში რომ წავიდე, ქვეყანა დაიქცევა და ჩემი სამშობლო უპატრონოდ დარჩება, არხოტი მოკვდება"... პოეტი გიგლა ოჩიაური 41 წელია განდეგილობაში ცხოვრობს და შატილის თემის სოფელ ჭიმღის ერთადერთი მცველია. მთებში გამოკეტილი მარტოკაცი გვეუბნება: "იქნებ საქართველოს მიაწვდინოთ ხმა, რომ აქ კარგი არაფერი ხდება, მთა მისახედია" და საკუთარ არცთუ დალხენილ ყოფასა და მთის სატკივარზე გვიამბობს...

"გულმა არ გამიძლო, აქაურობა რომ გამოიკეტა და უპატრონოდ დარჩა"

- ფესვი თუ არა გაქვს, აქ ვერაფერი გაგაძლებინებს... არხოტიონი კაცი ვარ და ბარისახოს სკოლა-ინტერნატში რომ ვსწავლობდი, ბავშვებმა არც ვიცოდით, ჩვენი სამშობლოს მიწა და საზღვარი საიდან იწყებოდა. ქისტეთი გვესაზღვრება, იქიდან უკვე ბარია და უზარმაზარი ლამაზი ფიჭვები იზრდება, მათი ტოტები ცას სწვდება. სულ მაინტერესებდა, ჩვენს მიწაზე რატომ არ იზრდებოდა. ძალიან გვიჭირდა აქ ცხოვრება, 40 კილომეტრია ბარისახომდე, სადაც მაღაზია იყო, წამოხვალ არხოტიდან, ცხენს აჰკიდებ ფქვილის ტომარას და თუ მთებზე ქარიშხალმა მოგისწრო, ფქვილი კი არა, უკვე ცომი მოგაქვს. ამ გაჭირვებაში ვცხოვრობდით და რაღაცნაირად ვიმარჯვებდით სტიქიაზე. ეს ბავშვები ძალაუნებურად ბრძოლას შევაჩვიეთ. მერე ყველანი რომ წავლენ აქედან, იქაურობა თითქოს უპატრონოდ რჩება. შვიდიოდე წელი გამარჯვებაში ვიცხოვრე, გარდაბანში. მერე ყველაფერი მივატოვე და მთაში ამოვედი, გულმა არ გამიძლო, აქაურობა რომ გამოიკეტა და უპატრონოდ დარჩა. როცა ჭიმღაში ამოვედი, სამი კედელიღა დამხვდა, აღარავინ ცხოვრობდა. ამღასა და ახიელშიც თითო-ოროლა კაციღა დამხვდა. ავდექი და დავსახლდი მშობლიურ ჭიმღაში. უკვე 41 წელია აქა ვარ, 1980 წლიდან. ერთ წელში მოვაფარე რაღაც ეზო-კარს, გავიჩინე პირუტყვი... სულ ველოდები, იქნებ ვინმე მოვიდეს, იქნებ დაგვეხმაროს...

"მესაზღვრეც მე ვარ, აქაურობის მცველიც და ბატონ-პატრონიც"

- ოთხი ქალიშვილი მყავს, უმაღლესები დაამთავრეს, დაოჯახდნენ, ორი მათგანი უცხოეთში ცხოვრობს. სანამ პატარები იყვნენ, ზაფხულში მოდიოდნენ აქეთ, ზამთარში კი უკან ბრუნდებოდნენ. ვერ გარისკავ, აქ ბავშვი მთელი წელი დატოვო, ექიმი აქ არ არის და არაფერი. ზაფხულში ცხენზე მაინც შესვამ და წამოიყვან დუშეთში... 1981 წელს კომუნისტებმა 20-მდე ოჯახი დააბრუნეს არხოტში და საარსებო წყაროც მისცეს - 20 ოჯახს 2000 სული ცხვარი და უფასო სამშენებლო მასალა. ამ ხელისუფლებამ ის შეღავათი მისცა ხალხს, რომ 5 ხაჭაპურს თუ გაყიდი, მოგების გადასახადიდან გათავისუფლებს, პენსიაზე კი 20 ლარი დაუმატეს. არხოტის თემის სამ სოფელში ზამთარ-ზაფხულს მცხოვრები ხუთი ოჯახიღა დავრჩით, ჭიმღაში მარტო მე ვარ. ახიელში სამი კაცია, ამღაში კი ერთი სახლიდან ამოდის კვამლი. ჩემი სოფელი სასაზღვრო სოფელია და მისი მესაზღვრე და მცველიც მე გამოვდივარ. ოქტომბრიდან, როცა აცივდება, მესაზღვრეები ბარისახოში მიდიან გამოსაზამთრებლად და ივნისში ბრუნდებიან. 9 თვე გამოკეტილი ვარ. წარსულს რაღაცით ხომ უნდა აჯობო? შევარდნაძის დროს, თვეში ვერტმფრენის 2 რეისი გვქონდა, ახლა არც ერთი. მაშინ ექთანიც გვყავდა, სკოლაც გვქონდა, ბიბლიოთეკაც, რაც კი სოფელს სჭირდებოდა, ყველაფერი. ვიღაცამ ტენდერი მოიგო და ახიელში ამბულატორია აგვიშენეს. ის ამბულატორია ისე დარჩა, არ ფუნქციონირებს. 400 ლარად რომელი ექთანი გაჩერდებოდა ამბულატორიაში და თან მთებში გამოკეტილმა თვეობით როგორ უნდა იცხოვროს? ადგა და გაიქცა.

"ოჯახს აკვანი რომ უდგას, სად გაიქცევა?

- ორმა ახალგაზრდამ ოჯახი შექმნა, ჩამოსვლა სურთ... გოგო რომ გაბედავს შვილის გაჩენას და ზამთარში აქ დარჩენას, ერთი მესაზღვრის ხელფასი არ ეკუთვნის? რა ისეთი ხარჯი დააწვება ბიუჯეტს? საუბრები იყო მთის კანონზე, პროგრამებზე, მაგრამ რა? დღესვე უნდა შველა ყველაფერს, მერე დაგვიანებულია. ახალგაზრდა ოჯახებმა რომ გაბედონ აქ დასახლება, რაღაც პირობები ხომ უნდა შეუქმნა? მიეცი მესაზღვრის სტატუსი, ის ხომ იქიდან ვერ გაიქცევა? ერთი სათოფური ხომ უნდა იყოს მოწყობილი? მესაზღვრე, რომელიც იქ დასახლდება, იგივე დასაქმება ხომ იქნება, ოჯახს აკვანი რომ უდგას, სად გაიქცევა? მტერს სოფელში მოსახლეობა და საკვამურიდან კვამლი აშინებს. არ არის ყურადღება, ყველა გულცივად მიდის. მწერალი კაცი ვარ და გულწრფელად ვიტყვი - ყველა ხელისუფლება მთის მოსახლეობას, საერთოდ, ყველას, როგორც ამომრჩეველს გვიყურებს. არჩევნების წინ გვეფერებიან, მერე ვავიწყდებით...

არხოტში როშკიდან სამანქანო გზა ხომ ამოვიდა, სამაგიეროდ, ბუნება დაინგრა, იქ სიმწვანე უკვე აღარ არის, ყოველდღე "კოდალას" ამუშავებენ, სულ მითხარ-მოთხარეს იქაურობა. ამაში მილიონები იხარჯება და ჩვენი ბუნება მეწყრად იქცა. ახალი გზა ამღასა და ახიელში გადის, ჩემს სოფლამდე არ მოსულა, ახლა, ალბათ, სულ აღარ მოვა... მალე პენსიის დრო მომიწევს და დუშეთში უნდა ვიარო ასაღებად. ყველაზე იაფი დუშეთშია პროდუქტები. მანქანა რომ იქირაო, 500 მანეთი მაინც გინდა. ერთი რამე "მარშრუტკა" მაინც გამოეყოთ, თვეში ერთხელ რომ გამოვიყენოთ. ჩვენ ხომ ვერ ვიქირავებთ. ვინმემ გულთან ახლოს თუ არ მიიტანა ჩვენი მდგომარეობა, ვერ გაიგებს, რაზე ვლაპარაკობ. ვაი-ვაგლახით ჩამოვდივართ დუშეთში და იქიდან ვეზიდებით პროდუქტს. ერთხელაც ამოგივა ყელში ეს პატრიოტიზმი, რომანტიზმი, მაგრამ მამულს ვერ ჰკრავ ხელს, გინდა თუ არა, უნდა დაუბრუნდე ფესვებს. არადა, რამდენი ვიწვალე ამისთვის, რამდენი გაჭირვება და დამცირება გადავიტანე... პირუტყვი მყავს, ცხვარს ვეღარ დავედევნები, რადგან მგელი გამრავლდა, მათ მოკვლაზე კი ჯარიმაა. ისე გამრავლდა, ერთ შველზე 33 მგელი მოდის. სულ თოფით უნდა იარო...

"მაინც არ გავქცეულვარ ჩემი ბრძოლის ველიდან"

- ქისტებთან, ინგუშებსა და ჩეჩნებთან ოდითგან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ინგუშები ძალიან მეგობრული ერია, მათ ჩვენი სისხლი არ დაუღვრიათ. მთები და გზა რომ ჩაიკეტებოდა, ვერ ვძლებდით და 2000 წლამდე მათთან ვიყავით დაკავშირებული, მისვლა-მოსვლა გვქონდა (ინგუშეთის მიმართულებით მთა არ გვეკეტებოდა). იქ ზამთარი თითქმის არ იცის. ისინი რომ პატივს გვცემდნენ, ჩვენს საძოვრებს, რასაც ვერ ვიყენებდით, ვაძლევდით. ზამთარში ერთმანეთს მხარში ვედექით, ავადმყოფი არ მოგვკვდომია, მარხილით ჩაგვყავდა ინგუშეთამდე და ისინი გვეხმარებოდნენ. ახლა სად გინდა წაიყვანო, ყველაფერი ჩაკეტილია, დავრჩით ღვთის იმედად... მთავრობამ რაღაცით უნდა დაგვეხმაროს. მაინც არ გავქცეულვარ ჩემი ბრძოლის ველიდან. რატომღაც მგონია, ბარში რომ წავიდე, ქვეყანა დაიქცევა და სამშობლო უპატრონოდ დამრჩება, არხოტი მოკვდება. ახლა ათენგენობა იქნება, მოვლენ, მოგვეფერებიან, შეგვაქებენ და მორჩა... კიდევ, სუფრასთან და სადღეგრძელოებში ახსოვთ საქართველო. აბა, აქ იცხოვრე, აბა, აქ გახდი ავად... მადლობა ღმერთს, აქამდე ავად არ გავმხდარვარ. წამლები მაქვს მომარაგებული და ვარ ასე გამოკეტილი. ერთი სიკეთე ის გვაქვს, ინტერნეტი გაგვიყვანეს "მთის ამბების" ბიჭებმა. კარგი ბიჭია უჩა სეთური. აქედან სად ჩარიცხავ ფულს? ჰოდა, არ მითიშავს. ინტერნეტი მაკავშირებს გარე სამყაროსთან.

"იქნებ ამით მაინც მოიზიდონ ხალხი მთაში"

- გაბრაზებულ გულზე დავწერე "ხვალ მზე ამოვა, როგორც წამება და გათენდება კატორღა ჩემი". კატორღაზე უარესია ყოფა, რომელიც მე მივუსაჯე თავს. ადამიანსაც ვერ ვხვდები, ვინმეს რომ რამე ვუთხრა, ან ვეკამათო მაინცა. ხანში შევედი, თავი გადავდე და მინდა არ დაიცალოს სოფელი, სხვა უკეთესებმა მოიკიდონ აქ ფეხი. იქნება ვინმე მოვიდეს? მაგრამ, აბა, როგორ მოვა, როცა არანაირი პირობა არ არსებობს. მსურველები კი არიან, მაგრამ ერთია სურვილი, მეორე - შესაძლებლობა. მე საქონელი მაინც მყავს, მათ ჭინჭრის მეტი ხომ არაფერი დახვდება? ჩვენი თემი გამოაცხადონ სასაზღვრო ზონად და მესაზღვრის სტატუსი მიანიჭონ იქ დასახლებულ ოჯახებს, ხელფასიც დაუნიშნონ, იქნებ ამით მაინც მოიზიდონ ხალხი. უცხოეთში ასეთ რეგიონებში ხალხს ფულს უხდიან, ოღონდ დასახლება არ დაიკარგოს... ერთი კოშკი მაქვს ჭიმღაში, 2100 მეტრზე დგას ზღვის დონიდან და იმასაც თავი აქვს მოწყვეტილი, რუსებმა დამინგრიეს, თითქოს იქ ჩეჩნები იყვნენ გამაგრებული...

"არავინ იცის, რამ და რატომ გამატარებინა აქ 41 წელი"

- ხანდახან, რომ არ მომკლას, წამოსული ზვავი გაჩერებულა - მოდის, ვერსად გაექცევი, უნდა ჩაგიტანოს და ამ დროს თითქოს რაღაცას დაეჯახა, ფეხი ჩაუტყდა და გაჩერებულა. ჩემს ხეობაში მოდის უზარმაზარი ზვავი, უხმოდ მოდის ხოლმე ზაფხულში, მიმიხედავს და ჩემთან უზარმაზარი მთაა მოსული, სახლისხელა თოვლის გროვა, მაგრამ უკვე ძალადაკარგული. ეტყობა, მეუბნება, შენ აქ უნდა იყოო. მონადირე კაცი ვარ და კლდეებზეც ხშირად გადავრჩენილვარ, ძველი სახლიდან გამოვსულვარ და დანგრეულა, რამდენიმე წუთით გამომისწრია. გეგონება, რაღაც ძალას უნდა, რომ ვიცოცხლო, არ ჩაქრეს კერია, რაღაცა გიცავს და გპატრონობს. ხომ არავინ იცის, რამ და რატომ მიმიყვანა აქ და 41 წელი გამატარებინა ამ 65 წლის კაცს? აქედან სკოლის დამთავრების მერე, მაქსიმუმ, 8 წელი თუ ვიცხოვრე სხვაგან. რამ მომიყვანა და, ალბათ ზებუნებრივმა ძალამ იმისთვის, ჩემი კერიიდან კვამლი რომ ამოსულიყო, მოსულისთვის მასპინძლობა გამეწია, მოყვრისთვის - მოყვრობა, მტრისთვის კი მტრობა დამებარებინა. აქ რომ რამე დაგემართოს, ფეხი მოიტეხო ან მარტო ადამიანს თოვლი დაგეყაროს თავზე, რა გიშველის? დიდება ღმერთს! რაღაც ზებუნებრივი პატრონობს ამ სოფელს, რომ არ დაიცალოს. ძაღლი, ცხენი და საქონელი მყავს, კარტოფილი და კომბოსტო მომყავს. ჩვენთან ჯიხვი და არჩვია და წელიწადში 1-2-ჯერ ვნადირობთ. ოოჰ, ისეთი ლამაზი სოფელი მაქვს, ამისთანა მთელ საქართველოში არ არის - გარშემო თვალუწვდენელი კლდეებია, საიდანაც ერთი გადასასვლელია, 10 კილომეტრში მიაღწევ მთას, რომლის იქით უკვე ქისტეთია... იქნებ მიაწვდინოთ ხმა, რომ მთა მისახედია... ბერიკაცი ვარ, ხან ბალალაიკას ვუკრავ, ლექსებს ვწერ და მათ ვესაუბრები. ყოველდღე ვიღვიძებ, მამულს ვუყურებ. ჩემი თავის ბატონიც და პატრონიც მე ვარ...