"იცით, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაზე ყველაზე­ მეტს ვინ ყვირის?" - კვირის პალიტრა

"იცით, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაზე ყველაზე­ მეტს ვინ ყვირის?"

კახა გოგიძე: "საქართველოში რუსულად მოაზროვნე თაობები გაზარდეს - დიახ, ეს ხალხი რუსეთშია გაზრდილი... როცა ვამბობ, რომ შვილის მკვლელთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია, ეს ხალხი დამცინის. სწორედ ეს არის მონური აზროვნება, ეს არის "ჯაყოს ხიზნები!"

ცნობილია, რომ ნათესავებსა და მეზობლებს არ ირჩევენ... ჩვენს "დიდ მეზობელთან" - რუსეთთან ურთიერთობა ყოველთვის იყო და არის საკამათო საქართველოში. ეს არის დილემა, რომელსაც ბოლო არ უჩანს, რაც რუსთაველის თეატრის მორიგმა ვიზიტმაც დაადასტურა: თეატრმა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ამ ფაქტმა ქართველ საზოგადოებაში მწვავე კამათი და დაპირისპირება გამოიწვია:

"გამოვიდნენ და დახიონ რუსული დიპლომები!"

დათო ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი: - მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიები წაართვა, მაგრამ რუსეთმაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ისევ ვარსებობთ და ისეთი რეჟისორი გვყავს, როგორიც რობერტ სტურუაა. აბა, დავკეტოთ საზღვრები და ნურავის შემოვუშვებთ. ახლა მე ბათუმში ვარ და აქაურობა ტურისტებითაა სავსე. ხალხმა რა დააშავა? იცით, რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაზე ყველაზე მეტს ვინ ყვირის? - ის ხალხი, ვინც რუსეთს ჩვენი ჰესები და სტრატეგიული ობიექტები გადასცა... გულის ჯიბეში რუსული დიპლომები უდევთ, სასწავლებლები რუსეთში აქვთ დამთავრებული და ასეთ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ. გამოვიდნენ და დახიონ დიპლომები, თუ პროტესტის გამოხატვა სურთ! თუ არ ვილაპარაკებთ, ან დაკარგული ტერიტორიები როგორ უნდა დავიბრუნოთ, ან მსოფლიოს როგორ გავაგებინოთ, რომ ჩვენც ვარსებობთ, ვცოცხლობთ და ვვითარდებით?!

"ისეთი ხალხი ლაპარაკობს, მოსკოვიდან ოჯახს რომ არჩენდა"

ნატო მეტონიძე, მომღერალი: - არ მესმის, რატომ არ უნდა წასულიყვნენ ქართველი მსახიობები რუსეთში ფესტივალზე! როგორ, რუსეთთან ჩვენ სხვანაირი კავშირები არა გვაქვს?! ძალიან კარგად მახსოვს, როცა სოხუმი დავკარგეთ, ბევრი ჩემი კოლეგა ჩემი თამადობით მოსკოვში მიდიოდა და მღეროდა. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ მე მახსოვს კონცერტი, რომელიც საკონცერტო დარბაზ "როსიაში" ჩატარდა და ამ კონცერტს ერქვა "სიყვარულით თბილისიდან". არ მახსენდება არც ერთი ცნობილი მომღერალი, რომელიც ამ კონცერტზე არ გამოსულა. როგორ, მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი?! აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ რუსეთში ძალიან ბევრი ხელოვანი საქმიანობდა, რომელსაც დღეს ყველა პატივს სცემს. ისეთი ხალხი ლაპარაკობს, რომელიც მოსკოვიდან ოჯახს არჩენდა. ეს, ცოტა არ იყოს, უხერხულია, ეს არის ლაპარაკი ლაპარაკისთვის. შეიძლება ვიღაც ოკუპაციას აპროტესტებს და ჰგონია, მაგარი ტიპია, მაგრამ ჩემთვის ეს სასაცილოა.

"რუსეთში არც ერთი ქართველი ხელოვანი არ უნდა წავიდეს"

კახა გოგიძე, რეჟისორი: - მე რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ. მნიშვნელობა არა აქვს, კულტურული იქნება, ეკონომიკური თუ სხვა რამ. საუბედუროდ, მთელი ქართული ეკონომიკა რუსეთს მიაბეს და თუ რუსები გადაწყვეტენ, რომ საზღვარი ჩაკეტონ, უარესად გავღატაკდებით. ტურიზმის მიბმაც არ შეიძლებოდა რუსეთზე. რატომ? - ერთ "მშვენიერ" დღეს პუტინი აუკრძალავს ტურისტებს აქ შემოსვლას და ჩვენი ეკონომიკა მაშინვე ჩამოიშლება. იმის გამო, რომ პროდუქცია რუსეთში ვეღარ გაიტანეს, გლეხობა გაღარიბდა. მოკლედ, რუსეთი თუ მოინდომებს, ყველაფერს იარაღად აქცევს. ისე გადაგვაჯიშეს, მარტო სახელები და გვარები გვაქვს ქართული. საქართველოშიც რუსულად მოაზროვნე თაობები გაზარდეს - დიახ, ეს ხალხი რუსეთშია გაზრდილი. ამიტომ, როცა ვამბობ, რომ რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ, ისინი ბრაზდებიან, როცა ვამბობ, რომ შვილის მკვლელთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია, ეს ხალხი დამცინის. სწორედ ეს არის მონური აზროვნება, ეს არის "ჯაყოს ხიზნები!" ვიღაც რუსეთს რომ ახსენებს, დოსტოევსკი, ჩეხოვი და რუსი ქალები ახსენდება, მე - ოთხოზორია, ანწუხელიძე, ჩვენი ნაწამები ბიჭები და წართმეული ტერიტორიები... ქართველებს მათსავით რომ ეფიქრათ, ვერც ერთ ომს ვერ მოვიგებდით. ამიტომ მათთან ნებისმიერი ურთიერთობა უნდა შეწყდეს. ქართველი მონობას ვერ ეგუება და რუსეთში არც ერთი ქართველი ხელოვანი არ უნდა წავიდეს!

"ეს შეუმდგარი არარაობები "მიშმადიდებლები" არიან!"

ქეთი დოლიძე, რეჟისორი: - ამ ფესტივალში ყოველთვის მსოფლიო გრანდები მონაწილეობდნენ! რობიკოს შემოქმედების მეასედი რომ ჰქონდეს ვინმეს გაკეთებული, რაღა უჭირდათ! ესენი ხელმოცარული, შეუმდგარი ადამიანები არიან. ცოცხალი გენიოსი გვყავს და ვინ არიან ეს ჭიაღუები, რა აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის?

სწორედ ამ ურაპატრიოტიზმმა დაღუპა საქართველო 1988 წლიდან დღემდე! დამისახელეთ ერთი პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი ამ 30 წელიწადში და ორივე ხელს ავწევ. ერთი შეხედეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ნახეთ, სად არიან და ჩვენ სად ვართ! გამოდის, ჩვენ ურაპატრიოტები ვყოფილვართ, ქელეხების და ქორწილების ხალხი. ისიც ვერ გაგვირკვევია, რომ არ შეიძლება ქორწილში შავი კაბით წასვლა. ამ დღეებში ქორწილში მოვხვდი და მარტო პატარძალს ეცვა თეთრი კაბა, სხვები შავებში იყვნენ. სულ უბედურება, გლოვა, წუწუნი და ვაი-ვიში... ზოგიერთ ქვეყანას ჩვენზე მეტად უჭირს, მაგრამ არ წუწუნებენ და ფარ-ხმალს არ ყრიან.

მარტო რობიკო კი არა, ყველა უნდა წავიდეს და აჩვენოს, რომ ეს ქვეყანა ისევ არსებობს. ეს შეუმდგარი არარაობები, "მიშმადიდებლები" არიან, რომლებიც დღემდე მიშას მისტირიან... რობიკოს მეათასედიც არ გაუკეთებია არც ერთს!

"აბა, რა ვქნათ, რუსეთს ვეომოთ?!"

იმედა კახიანი, საქართველოს სახალხო არტისტი: - ვალდებულნიც კი ვართ, წავიდეთ და საქართველოს მეტი მხარდამჭერი, გულშემატკივარი და მოსიყვარულე ადამიანი შევმატოთ. აბა, რა ვქნათ, რუსეთს ვეომოთ?! ხელოვნება ყველაზე დიდი იარაღია. ჩვენ არც თოფი გვაქვს და არც ზარბაზანი, მაგრამ გვყავს მაყურებელი, რომელიც ქართულ კინოს, თეატრს და ხელოვნებას დიდ პატივს სცემს. როცა გეპატიჟებიან, რატომ არ უნდა წახვიდე? პირიქით, გზები უნდა ვეძებოთ, რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს - ეს ერთადერთი გზაა ჩვენი გადარჩენისა. ყველას უნდა შევაყვაროთ თავი, სულერთია, რუსი იქნება, ფრანგი თუ უზბეკი. მით უმეტეს, რუსეთთან ურთიერთობა დღეს განსაკუთრებით საჭიროა. რატომ არ უნდა წავიდეთ პეტერბურგში ან მოსკოვში, გვქონდეს კონტაქტები... ვის მოსწონს ეს პოლიტიკა, არ ვიცი. ილია ჭავჭავაძე მაინც წაიკითხონ... მეზობელს ვინმე შეგვიცვლის? - ეს ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, რომლის გარეშე ვერ ვიარსებებთ, ამიტომ ნორმალური ურთიერთობის დამყარება უნდა მოვახერხოთ. იცით, ქართულ მონეტებს რა ეწერა? - "მონა ღვთისა, ყრმა ხონთქრისა". თუ საჭირო იყო, ქართველი მეფეები მტრებს საკუთარ შვილებს უგზავნიდნენ ან თვითონ მიდიოდნენ შაჰის კარზე. საქართველო ყოველთვის იყო რომელიღაც დიდი იმპერიის გავლენის ქვეშ. როგორ გგონიათ, რუსეთი საქართველოს იმის უფლებას მისცემს, რომ აქ ამერიკის ჯარი დადგეს? ცოტა ხომ უნდა ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ?

"მეც შემომთავაზეს, მაგრამ არსად წავსულვარ"

გია ბუღაძე, მხატვარი: - რობერტ სტურუა უდავოდ ნიჭიერი რეჟისორია, არაჩვეულებრივი სპექტაკლები ჰქონდა. დღეს იმ დონის სპექტაკლებს ვეღარ დგამს, მაგრამ მაინც ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას. მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, მოსკოვში არ წავიდოდი. მეც შემომთავაზეს, მაგრამ არსად წავსულვარ. თუ წავიდოდი, სპექტაკლი რომ დასრულდებოდა, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ საქართველოს 20% რუსეთს აქვს დაპყრობილი, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ძირძველი საქართველოა. ამას ვიტყოდი ინგლისურად, რუსულად, ქართულად და კიდევ ერთხელ მივიქცევდი მსოფლიოს ყურადღებას! სამწუხაროდ, ამას არავინ აკეთებს... მე არ მესმის იმ ხალხისა, ვინც გაიძახის, ხელოვნება სხვაა, პოლიტიკა კი სხვაო. მათ ვურჩევდი, ისტორიას გადახედონ - ყველა დიდი ხელოვანი პოლიტიკაში იყო ჩართული, რომ პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული.

"თეატრი შორს არის პოლიტიკისგან"

გიორგი გურგულია, მსახიობი: - კულტურას საზღვრები არ აქვს. თუ შედევრებზე ვილაპარაკებთ, პიკასო შეიძლებოდა სჭეროდათ ხელში ჰიტლერსაც, სტალინსაც, შემოქმედებას ეს არაფრით აკნინებს. ჩვენ ვხვდებით რუსეთის ნაკრებებს რაგბიში, ფეხბურთში... თუ საკალათბურთო ან საფეხბურთო გუნდის თამაშზე ჩასვლა ან ჩამოსვლა შეიძლება, ფესტივალში მონაწილეობა რატომ არ შეიძლება? სპორტი და კულტურა ქვეყნის დესპანია. თეატრი შორს არის პოლიტიკისგან. ერთი წლის წინ თურქეთში გადავიღეთ რუსული ფილმი. სხვათა შორის, გადამღები ჯგუფის წევრები საუბრისას მაგრძნობინებდნენ, რომ ჩვენს მხარეს იყვნენ, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის და არა - პუტინის მხარეს. ამას შეიძლება ხმამაღლა ვერ ამბობდნენ, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა.

"ოკუპანტი ქვეყნიდან ტურისტები არ უნდა ჩამოდიოდნენ?"

დავით ევგენიძე, კომპოზიტორი: - თუ რუსეთის ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ, მაშინ სადაც უნდა გაიხედოთ, რუსი ტურისტები არიან და ოკუპანტი ქვეყნიდან ტურისტები არ უნდა ჩამოდიოდნენ? 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთიდან წამოსვლის დღიდანვე სულ რაღაცებს მთავაზობდნენ, მაგრამ არსად წავსულვარ. ძალიან ბევრ რაღაცაზე ვთქვი უარი ჩემი კარიერის საზიანოდ... რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს, ბევრი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ თვლის, რომ აფხაზეთი ჩვენია. რუსეთშიც არის ინტელიგენციის ნაწილი, რომელიც საღად აზროვნებს, არ ეთანხმებიან რუსულ პოლიტიკას, უყვართ საქართველო და განიცდიან, რაც ჩვენთან ხდება... აფხაზებიც შეცდომაში არიან შეყვანილი. მგონია, კულტურული ურთიერთობებით უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ მათი მეგობრები ვართ. მჯერა, ჩვენ მოვესწრებით იქ დაბრუნებას, ოღონდ არა - ტანკებით, არამედ - დღესასწაულით.

ხათუნა ჩიგოგიძე ეკა სალაღაია