"სულ დამძახიან, რა გენაღვლება, ბიძია, ტინგიცობით შოულობ ფულსო" - კვირის პალიტრა

"სულ დამძახიან, რა გენაღვლება, ბიძია, ტინგიცობით შოულობ ფულსო"

"გართობა ბავშვებზე მეტად უფროსებს სჭირდებათ. ბავშვები ყველგან მოძებნიან გასართობს, უფროსებმა კი რა ქნან?! სადღაა სიცილი და ბედნიერება? აი, ამიტომაც დავჭირდით საზოგადოებას. რაც დრო გადის, მით უფრო დაგვაფასებენ. ასე რომ, სრულფასოვან აღიარებას ველოდებით, ჩემო ბატონო"!

ტექნოლოგიების დანერგვის კვალდაკვალ სამუშაო ადგილების გაქრობით გვაშინებენ, მაგრამ ისინი მაინც ჩნდება... აი, ასე გამოჩნდა არენაზე ანიმატორიც, რამაც, ცოტა არ იყოს, გაუგებრობა გამოიწვია - ხალხი ამბობდა, გართობას რა უნდა, თავადაც მშვენივრად ვერთობითო, მაგრამ ანიმატორებმა დაამტკიცეს, რომ საჭირონი არიან და თანაც - როგორ! სწორედ ასეთია ჩვენი დემეტრე ყუბანეიშვილი, რომელიც "კვირის პალიტრის" თანამშრომლებს საგურამოში თავისი შავთვალება ქალიშვილით, 9 წლის ელენიკოთო გამოგვეცხადა და რომელთან გამოთხოვებაც გაგვიჭირდა. ჩვენი საუბარიც ამ მხიარული შეხვედრის შედეგია.

- დღეს ჩვენ ყველა ვთამაშობთ. თქვენ არ თამაშობთ?..

- ხანდახან, თუმცა თქვენსავით თამაშში ხალხს ვერ ვიყოლიებ. ანიმატორები აუცილებლად მსახიობები უნდა იყოთ?

- სულაც არა. ოღონდ ხალხის გართობის ნიჭი უნდა გქონდეს. მე ტურიზმის სპეციალისტი ვარ და უცებ გავხდი ანიმატორი ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ადამიანის გართობა და გამხიარულება შემიძლია, მეორეც - ხელფასი მჭირდებოდა. ახლა 30 წლის ვარ, ანიმატორობით კი 18 წლიდან უკვე საკუთარი ფული მქონდა და ეს რატომ არის ცუდი?

- სულაც არ არის ცუდი, მაგრამ არ გეუბნებიან, რას ტინგიცობ, სერიოზული საქმე ნახეო? - ახლაც სულ დამძახიან, რა გენაღვლება, ბიძია, ტინგიცობით შოულობ ფულსო, მაგრამ, მთავარია, მე რას ვფიქრობ. არა მგონია, ჩემი ოჯახი ამ ხალხმა შეინახოს. ჰოდა, ვტინგიცობ.

ქუთაისში დენი რომ ჩაქრებოდა, ყველას სწყინდა, მე კი მიხაროდა, რადგან მეზობლები ჩვენთან მორბოდნენ გასართობად - დემე მოიყვანეთ, თორემ რა გაიყვანს ამ ბნელ საღამოებსო! მეც გამოვვარდებოდი და ვტინგიცობდი.

სხვათა შორის, მგონი მაშინ მივხვდი, გართობა ბავშვებზე მეტად უფროსებს რომ სჭირდებათ.

- რატომ? - ბავშვები ყველგან მოძებნიან გასართობს, უფროსებმა კი რა ქნან?! მთელი დღე სამუშაოში არიან ჩაფლული და შინ მხოლოდ დასაძინებლად მიდიან, დაღლილობისაგან არაქათგამოცლილები. სადღაა სიცილი და ბედნიერება? უმრავლესობას საერთოდ დაავიწყდა. აი, ამიტომაც დავჭირდით საზოგადოებას. რაც დრო გადის, მით უფრო დაგვაფასებენ. ასე რომ, სრულფასოვან აღიარებას ველოდებით, ჩემო ბატონო!

- უფრო უკეთ რომელი პროფესიის ხალხი ერთობა? - ვისაც ბევრ ადამიანთან უწევს ურთიერთობა. მაგალითად, მასწავლებლები, მოვაჭრეები, ექიმები... ანიმატორის პროფესია ზოგს რომ "რა გენაღვლება" ჰგონია, სულაც არ არის ადვილი.

ხანდახან სულაც არ ვართ ტინგიცობის ხასიათზე, მაგრამ ვტინგიცობთ. მაგალითად, ბებიის დაკრძალვა დავტოვე და სამუშაოდ წავედი. გართობამ კი ცოტა შემიმსუბუქა მდგომარეობა, მაგრამ მერე თავს ბევრი საყვედური ვუთხარი.

- მრავალფეროვან საზოგადოებასთან ურთიერთობა დიდი სტიმულია, რომ ნევროზს გადაურჩეთ. - ანიმატორი და ნევროზი?! ისეთ ნაირფეროვან საზოგადოებასთან გვაქვს ურთიერთობა, ეს გამორიცხულია! ჩემი შვილი, 9 წლის ელენაც გამოძახებებზე სულ თან დამყავს. იცოდეს, რომ მობილური ტელეფონის გარდა სხვა ცხოვრებაც არსებობს. მობილურებს ვერ ვიტან! ბავშვი ტელეფონს რომ არის მიშტერებული, ვეძახი და არ მპასუხობს, მაგიჟებს! ბავშვები ექსკურსიაზე მოჰყავთ, ისინი კი ირგვლივ არც იყურებიან, ტელეფონებში არიან "ჩამხრჩვალი". ამ დროს მინდა ხოლმე მათ მშობლებს რაღაც ვავნო, თუმცა ამას ხომ ვერ ვიზამ?! ჰოდა, რჩებიან ასე გაშტერებულები. ნევროზს მხოლოდ ეს თუ დამმართებს.

- ალბათ, გასართობად ტურისტებიც გიწვევენ. რომელი ეროვნების ხალხია გართობაში უფრო აქტიური? - რუსები! სადაც წახვალ, გამოგყვებიან. აი, თურქებს ადგილიდან ვერ დაძრავ. ეს თურქეთში მუშაობისას ბევრჯერ გამოვცადე.

- თურქეთშიც მუშაობთ? სჭირდებათ მათ ქართველი ანიმატორები? - სჭირდებათ და თანაც - როგორ! თურქეთში ცვენაა რუსი ტურისტების, თურქების უმეტესობამ კი მათი ენა არ იცის. ჰოდა, რუსულის მცოდნე ანიმატორები თურქეთში დავდივართ. 10 დღით მივდივარ ხოლმე, მაგრამ ძალიან ვიღლები.

- დაბოლოს, ჩვენი, ჟურნალისტების აქტიურობა, გართობა მოგწონთ? - კი, მაგრამ ერთი თამაში არასდროს გამოგდით.

- რომელი? - პოზიტივობანა საზოგადოებაში! მაგას თუ ითამაშებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ამას მე გეუბნებით - პოზიტიური პროფესიის ოსტატი!