აჩხოტში ცხენის ფლოქვების ხმის გაგონებაზე ყველა გეტყვით, რომ ეს ქუქიშვილების გულადი ქალია... - კვირის პალიტრა

აჩხოტში ცხენის ფლოქვების ხმის გაგონებაზე ყველა გეტყვით, რომ ეს ქუქიშვილების გულადი ქალია...

"ანა აქ, მთებში, მღერის წკრიალა ხმით. ისეთი ხმა დაჰყვა, მასწავლებელი მოვლენას ეძახის, მაგრამ არ ვიცი, ეს ხმა სხვაგან როგორ გაილაღებს. ჩემი შვილები ყაზბეგს ვერ ტოვებენ და სამშობლოს როგორ დატოვებენ?!"

ანა ქუქიშვილი - 6 წლის ყაზბეგელი მხედარი მრავალშვილიანი ოჯახიდან ანგელოზივით ლამაზი და ფერიასავით გულმოწყალეა. საუბარსაც კი პირდაპირ ასე იწყებს: "იცი, როცა სახლში რაღაც არ გვყოფნის, შემიძლია, თავად არ ავიღო და ძმებს დავუთმო. მე ეგ უფრო მახარებს!" და ამას ისე ლამაზად გეუბნება, გაჯადოებს, მერე გრძელ, ზღაპრულ ნაწნავებს უკან გადაიყრის, ცხენს დეზს ჰკრავს და მიფრინავს! ამ დროს შიშისაგან თვალები გეხუჭება და ფერიც გეკარგება (ანას მშობლებსაც ასე ემართებათ), თუმცა, ამოსუნთქვას ვერც ასწრებ, რომ პატარა ქალბატონი ისევ გამოჩნდება და არხეინად მოგაძახებს: "ნუ გეშინია, მოვედი!" აი, ანას უფროს ძმებს - ალექსანდრეს, ნიკოლოზსა და ლუკას ასეთი რამ არ დაემართებათ, რადგან სწორედ მათ შეასკუპეს პირველად ცხენზე თავიანთი უმცროსი დაიკო და მარტოც გაუშვეს. უნდოდათ, გულადი და ჰყოლოდათ, რაც გამოუვიდათ კიდეც. დღეს სოფელ აჩხოტში ცხენის ფლოქვების ხმისა და წკრიალა სიმღერის გაგონებაზე ყველა გეტყვით, ეს ქუქიშვილების გულადი ქალიაო. მე კი მგონია, ანა უკვე მომავლისაკენ მიგელაობს, თუმცა ჯერჯერობით საქმეებს აჩხოტში აგვარებს. დედიკოსთვის ჩუსტებს კერავს, სუფრას შლის და ა.შ., თანაც სულ მღერის. ძმები ეხვეწებიან, ოღონდაც გაჩუმდი და კანფეტს მოგცემთო, მაგრამ მათ ყურსაც არ ათხოვებს. კანფეტები ისედაც ბევრი აქვს და საქმეც. დედიკოსაც სწორედ ამ დღეებში "შეუკერა" ჩუსტები პაწია ხელებით.

- ანუკა, გამაგებინე, როგორ შეიძლება 6 წლის ბავშვმა დედას ჩუსტები შეუკეროს?

- როგორ და, ვნახე, რომ დედას ჩუსტები გახეული ჰქონდა, ვუთხარი, დედიკო, ნუ გეშინია, მე შეგიკერავ-მეთქი. გამოვჭერი ფურცლები, ერთად დავაწებე და ჩუსტიც გამზადდა, ოღონდაც რეზინები დედიკოს რეზინის ხელთმათმანებს მოვაჭერი. დედიკოს ძალიან მოეწონა და ჩაიცვა. დედიკოს სახლის დალაგებასა და სუფრის გაშლაში ვეხმარები. ზოგჯერ ხინკალსაც ვახვევ. 20 ცალი ხინკლის შეხვევა შემიძლია. დედა მეუბნება, შენი თავი ისე ძალიან მინდოდა, ღმერთს ისე გულით ვთხოვე, მაჩუქა, ამიტომ ხარ ასეთი კარგიო.

- ცხენის ჭენება რომელმა ძმამ გასწავლა?

- ყველა მასწავლის და ყველა მაბრაზებს, ყველაზე უფრო - ლუკა. რომ ამატირებს, გავიქცევი და სარკესთან ვტირი. მომწონს, რომ ვტირი თუ რა არის, არ ვიცი.

- გაჭენებულ ცხენზე რომ ზიხარ, არ გეშინია?

- ხანდახან ცოტა მეშინია. ვფიქრობ, რომ ატლინკავდეს და ვერ მიხვდეს, რომ მის ზურგზე ვარ, რა მეშველება-მეთქი? მაგრამ ხვდება, რომ მე ვარ და არ ტლინკავდება. აი, დედიკოს ძალიან ეშინია. მე რომ გავჭენდები, თვალებს ხუჭავს...

ანა მხიარულად მელაპარაკება, მაგრამ თან ცმუკავს. ხმაზეც კი ეტყობა, რომ ერთ ადგილას ვერ ისვენებს, თუმცა ქუქიშვილების ოჯახში ვერავინ ისვენებს. ანას მამიკო დღე სამსახურშია, საღამოს - სათბურში ან ნაკვეთში. ბიჭებიც დილით სწავლობენ, შუადღისას სპორტულ წრეებზე დადიან, საღამოს კი ისინიც სათბურში არიან. მხოლოდ დედიკოა მუდამ შინ და ისიც არასოდეს ისვენებს - ეს მათ ოჯახში არავის გამოსდის. სამაგიეროდ, გამოსდით სიყვარული და კიდევ ერთი უნიშვნელოვანესი რამ, რაც ბევრისთვის მიუღწეველია - ახერხებენ, ოთხი ბავშვი ინტერნეტზე დამოკიდებულებისგან იხსნან. აქ რეალური, ხალისით სავსე ცხოვრებაა. როგორ შეძლეს ეს, ანას დედიკო, ლია პაპიაშვილი მოგიყვებათ:

- ოჯახში "ორგანობა" გვაქვს. იცით, ხომ ეს სიტყვა რასაც ნიშნავს? როდესაც ორ სახლში ერთდროულად ხარ. ანუ აჩხოტშიც ვართ, ჩემს მამისეულ სახლში და გარბანშიც - ჩემი მეუღლის კერაზე. უფრო ხშირად აჩხოტში გვიწევს ყოფნა, რადგან როდესაც მშობლები დამეხოცნენ, მამისეული სახლი ვერ გამოვკეტე. ვერ ვიტან სახლზე ბოქლომს. როდესაც აჩხოტში დიდი ზამთარი იწყება და ნახევარი სოფელი გამოიკეტება, თითქოს მეც ბოქლომი მკიდია და ვწრიალებ. გარბანში ჩემი დედამთილია, დიდი საოცრება ჩემთვის! ჩემი მეუღლე ადრე დაობლდა და ჩემმა დედამთილმა ქმრის ტვირთიც დაიდო, ჩემს ქმარს არაფერი მოაკლო. ჩვენ ადრე შუვუღლდით, ჯერ კიდევ სკოლაში გვიყვარდა ერთმანეთი და რომ არა ჩემი დედამთილი, უმაღლესი განათლების მიღებას ვერ შევძლებდით. მისმა შრომამ დაგვაყენა ფეხზე. ამ დროს ჩემი მშობლები უკვე ვეღარ გვეხმარებოდნენ. მამაჩემს დიაბეტი ჰქონდა, 73 წლისამ ჯერ ფეხი დაკარგა, მერე - მხედველობა, თუმცა მეც გმირი მამა მყავდა - უფეხო და უთვალო ადამიანი სკამზე მჯდარი ბარავდა და კარტოფილს კვლებიდან იღებდა. აბა, ასეთი მამისგან შრომის სიყვარული როგორ არ გამომყვებოდა?! ან მისი სახლი როგორ გამომეკეტა?!

- თქვენი მოჯირითე ანა აქ გაჩნდა? - კი, აქ გაჩნდა, მაგრამ ამას პატრიარქს ვუმადლი. ერთხელ, როდესაც პატრიარქი ყაზბეგში, მშობლიურ სოფელ სნოში ჩამოვიდა, ჩვენც წავედით. ჩემი შვილები სტიქაროსნები არიან და პატრიარქთან შეხვედრის ბედნიერებაზე, აბა, როგორ იტყოდნენ უარს?! ალექსანდრემ კათოლიკოსის ლექსიც წაიკითხა. მერე პატრიარქი გვესაუბრა, ალექსანდრეს წიგნი აჩუქა და ზედ ლათინურად დაუწერა: "ორატორობას სწავლობენ, პოეტებად კი იბადებიან". დედებმა გვითხრეს, როდესაც პატრიარქმა კალამი მოითხოვა, გაგვიკვირდა, მას ხომ ხელები უკანაკალებს და წერას როგორ შეძლებსო, მაგრამ დაწერა, ოღონდაც ქართულად ალექსანდრეს დააწერინა. ჰოდა, მაშინ გვითხრა, სამ ბავშვს აუცილებლად მეოთხე და მეტიც სჭირდებაო. პატრიარქის ეს ნათქვამი სულ ჩამესმოდა და ნანატრი გოგო ღვთის ნებად მივიღე.

12 წელია, ფაქტობრივად, სულ მარტო ვარ ბავშვებთან. ჩემი მეუღლე ბავშვებთან უფრო ხშირად რომ ყოფილიყო, სასაზღვრო სამსახურსაც კი დაანება თავი და სახანძროში გადავიდა, მაგრამ დრო მაინც ცოტა აქვს. შინ მოსვლისასაც გაათმაგებულად შრომობს. ასე რომ, ყველაზე დიდი იმედი ღვთის მაქვს. სულ ვეუბნები ჩემს შვილებს, ისეთი არაფერი ჩაიდინოთ, ღმერთს რომ ეწყინება-მეთქი. ასე თუ იცხოვრებენ, ბევრ სიმძიმეს აირიდებენ. ვცდილობ, მუდამ იშრომონ. ჩვენ არ გვიჭირს - მშობლებმა სახლები დაგვიტოვეს, თავადაც არასოდეს ვისვენებთ, მაგრამ ბავშვიც უნდა შრომობდეს! ჩემს შვილებს სათბურში სალათის ჩითილები გამოჰყავთ, ზრდიან, უვლიან და მერე საშაურმეებს აბარებენ. უხარიათ, საკუთარი ფული რომ აქვთ. მათი სწავლაც მედარდება. გაუნათლებლობა ხომ ყველაფერს ანგრევს! სპორტზეც დამყავს, ჭიდაობაში ჩემპიონები გახდნენ. აბა, ინტერნეტის დრო სადღაა!..

- რთულ ზამთრებშიც არასოდეს გიფიქრიათ, რომ ქალაქში წასულიყავით? - როგორ არ მიფიქრია! დავფიქრებულვარ, განათლების რამხელა შესაძლებლობაა ქალაქში, მით უფრო, რომ თბილისში საკუთარი ბინა გვაქვს. ერთხელ თბილისში დავყოვნდით და ვერ გაძლეს - ბებიასთან გამომექცნენ. ან ანას რა გააძლებინებს სოფლის გარეშე?! თავისი ცხენისა და ლეკვების გარეშე, რომ გაჭენდება, მე შიშისაგან თვალებს ვხუჭავ. ხანდახან ბუჩქებს რომ მიეფარება, ასე მგონია, უკან ვეღარ გამოვა, მაგრამ უცებ გამოჩნდება ხოლმე. ანა აქ, მთებში, მღერის წკრიალა ხმით. ისეთი ხმა დაჰყვა, მასწავლებელი მოვლენას ეძახის, მაგრამ არ ვიცი, ეს ხმა სხვაგან როგორ გაილაღებს. ჩემი შვილები ყაზბეგს ვერ ტოვებენ და სამშობლოს როგორ დატოვებენ?!

- ანა ამბობს, 20 ხინკალს ვახვევო... - კი. მე არაფერს ვავალებ, მაგრამ ეგ ციცქნა ქალი თვალებში შემომყურებს და ცდილობს გამოიცნოს, რა მჭირდება.

- ჩუსტებიც კი შეუკერავს თქვენთვის. - როდესაც თითთან გახეული დამინახა, ჯერ დამპირდა, დედიკო, ფულს შეგიგროვებ და ახალს გიყიდიო, მაგრამ მერე მიხვდა, დრო არ ითმენდა, ამიტომ თაბახის ფურცლები მომატანინა, ჩუსტების ფორმით გამოჭრა და ერთმანეთს დააწება. მერე გახვრიტა, თითის გასაყრელად ჩემი რეზინის ხელთათმნის ნაწილი წამოაცვა და ჩუსტიც მზად იყო!

- ასე სწორად ცხოვრებაში რა ძალა გეხმარებათ? - რწმენა და მიწასთან სიახლოვე. რა უფლება მაქვს, ვინმეს მიწასთან დაბრუნებისაკენ მოვუწოდო, მაგრამ ვხედავ, რომ მიწასთან სიახლოვე მართლაც ხსნაა ჩვენი შვილებისთვის. ამიტომ მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ვიღაცები სოფელში დაბრუნდნენ, ვისაც მიწა არ ჰქონდა, ნაკვეთი იყიდეს და მშენებლობა დაიწყეს. აუცილებლად რაღაც უნდა შევცვალოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალი ჰქონდეთ.