"ესაა ჩემი ბრალი უფლისა­ და ჩემი მეუღლის წინაშე. დანარჩენი არავის წინაშე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია" - კვირის პალიტრა

"ესაა ჩემი ბრალი უფლისა­ და ჩემი მეუღლის წინაშე. დანარჩენი არავის წინაშე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია"

"ყველაფერი ჩემი ბრალია, ვაღიარებ, რომ მაინც მამაკაცი ვარ და... რომ ვთქვა, 60 წლის სავლე პავლე გავხდები-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ემოციას რომ უფრო დავიოკებ, ეს უდავოა"

1 ივლისს პოლიტიკოსი გოგი წულაია 6.000-ლარიანი გირაოს საფუძველზე თითქმის ოთხთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ის 17 მარტს თბილისში დააკავეს და პროკურატურამ ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულში დასდო, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

"ვაღიარებ, რომ მაინც მამაკაცი ვარ და... ესაა ჩემი ბრალი უფლისა და ჩემი მეუღლის წინაშე. დანარჩენი არავის წინაშე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. სხვათა შორის, რა მეეჩვენათ, არ ვიცი და, ციხეში დაარიგენ ილია ჭავჭავაძის "განდეგილი". ჰოდა, კაცი იმდენს ლოცულობდა, წიგნებს მზის სხივზე აჩერებდა, იგი შეცდა და წულაია თუ შეცდა, რა გასაკვირია? ახლა, მართლა უფრთო ანგელოზი თუ ვგონივარ ვინმეს, არა ვარ უფრთო ანგელოზი", - ჩვეული იუმორით ამბობს გოგი წულაია, რომელსაც გათავისუფლების დღეს დავუკავშირდით.

- ბატონო გოგი, როგორ გიკითხოთ?

- პატარა შეფერთხილი ვარ, 25 კილომდე მოკლებული. ისე, ნორმალურად ვარ, ჯანმრთელობითაც არა მიშავს. პირიქით, მომიხდა გახდომა, მადლობა ყურადღებისთვის.

- წონაში დაკლება ნერვიულობამ განაპირობა თუ კვებამ? როგორ პირობებში გაატარეთ პატიმრობა?

- ეს იყო ნერვიულობისა და საკვების ბრალიც. ერთხელ 14 დღე ვიშიმშილე, მეორედ - 7. რა თქმა უნდა, ვერ ვჭამდი, პური საერთოდ ამოვიღე რაციონიდან და რადგან დავიკელი, ვცდილობდი აღარ მომემატებინა. რომ გითხრათ, ციხის საჭმელი კაიაო, ტყუილი იქნება. ტელევიზორში ვნახე, ჯარს გაფუჭებული ღორის ხორცი შოუტანენ. ჯარს, რომელიც შენს ოჯახს, ქვეყანას და მომავალს იცავს, იმას წამლავ და პატიმარს რომ აჭამო უვარგისი და გაფუჭებული საკვები, თლად დიდი გასაკვირი არ უნდა იყოს.

- ნანობთ იმას, რაც თავს გადაგხდათ? - ყველაფერი ჩემი ბრალია, არავის არაფერს ვაბრალებ, არა ვარ ამ ხელისუფლებასავით, ყველაფერს რომ სხვას აბრალებენ. ლარი რომ გეიქცა, თურმე რუსეთის და თურქეთის ბრალია, ფასები რომ გარბის, ამგენის ბრალი არაა და ა.შ. რა თქმა, უნდა ჩემი ბრალია და ამ თემაზე აღარ მსურს საუბარი. გულახდილად ვამბობ, ვაღიარებ, რომ მაინც მამაკაცი ვარ და... ესაა ჩემი ბრალი უფლისა და ჩემი მეუღლის წინაშე. დანარჩენი არავის წინაშე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია.

- ისევ ფიქრობთ, რომ შემოგზავნილი იყო ის "მაცდური ქალი"?

- რაც უნდა იყოს, ამ ქალზე ცუდს მაინც არ ვიტყვი. მომხდარში ვადანაშაულებ ხელისუფლებას, რადგან მარტოხელა დედას უწევს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, შვილი რომ გაზარდოს. იმის მაგივრად, სოციალური პრობლემები გადავწყვიტოთ, ამნაირ ადამიანებს იყენებენ თავიანთი ბინძური საქმის გასაკეთებლად. რადგან ამას შია, მოდი, ვინცხას დავაჭერინებო, თან განა რას მისცემდნენ? ერთხელ აქვს ტენდერი მოგებული და 5.000 ლარი. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ისე, ციხეში პატიმარი შემხვდა, რომელიც ამავე ქალის ჩვენებითაა დაკავებული. მითხრა, თქვენ ვინც დაგაკავათ, მეც მის გამო ვზივარ ციხეშიო. მის გვარს ახლა ვერ ვიტყვი, თუ მისგან წამოვა "დაბრო", ახსენეთ ჩემი გვარიო, მერე ვახსენებ.

- ისიც სექსუალური ძალადობის ბრალდებით იხდის სასჯელს? - არა, ქრთამის შეთავაზებაზეა დაკავებული. მოკლედ, თავიდათავი ის იყო, ბერას ვაგინე და ახლაც ვთვლი, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი. "ქართული ოცნების" წევრებს ამაზე უარესი ფორმით აქვთ იგივე დანაშაული ჩადენილი.

ვიდეო ხომ ნახეთ, სადაც იმ ქალს ბოდიშს ვუხდი, რაიმე ძალადობა, შეურაცხყოფა, გინება ჩანს? პირიქით, ბოდიშს ვუხდი და ვეუბნები, მეგობრებად დავრჩეთ-მეთქი. თუ ეს დანაშაულია, მაშინ თბილისის საკრებულოს დეპუტატი რომაა "ოცნებიდან", ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებით რომ დააპატიმრეს და გირაოთი გაუშვეს, ეგ რა იყო? ის გაუშვეს, მე კი ციხეში ჩამსვეს, აი, ესაა პოლიტიკური.

თორემ არავინ ამბობს იმას, რომ ანგელოზი ვარ, ფრთები ამომდის და გავფრთხიალდები ცაში-თქვა. რადგან იმას უშვებ და მე მაკავებ ციხეში, ესე იგი, შერჩევით ვარ დასჯილი.

- რა დროს და რის შემდეგ დარეკა ქალმა პატრულში, "სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების" ჩადენის დროს თუ შემდეგ? - დემეძინა და მერე დაიწყო რეკვა. ეს იყო დავალება და მეტი არაფერი. ყოველ 2 წუთში რომ რეკავს 112-ში განწირული ხმით, არიქა, ჩქარა მოდით, მაუპატიურებენ, დროზე გამოუშვით, რატომ არ ჩანს პატრულიო, აშკარაა, რომ დაიწყენ სპექტაკლის დადგმა. პოლიცია რომ მოვიდა, მეძინა, გამაღვიძეს და წამიყვანეს. არაფერი ძალადობა არ ყოფილა, ვინ აუპატიურებდა, რაის გაუპატიურება?! ახლა არ მინდა ამნაირებზე ლაპარაკი, ისევ ციხეზე ვილაპარაკოთ.

ვთვლი, რომ სახელმწიფოა დამნაშავე, როდესაც ასეთ ადამიანებს იყენებს ჩემნაირების დასაჭერად. დანაშაულია, როცა ამნაირებს ბიუჯეტიდან ფულს აძლევ და ეს ფული მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს გადახდილი. ჩემს გაუბედურებაში მე მახდევინებენ ფულს. ამისთვის არიან ესენი ჩამოსაგდები.

- ფრაზა მახსენდება "შერეკილებიდან", ქალები დაგღუპავენ შენო... - კი ბატონო, ეგრეა ჩემი საქმე, ამიზა გაგიშვი საფრანგეთშიო? ვსიო, აწი დამთავრდა ქალები...

- ახალი ფურცლიდან დაიწყებთ, ალბათ, ცხოვრებას. რას აპირებთ? - თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, იუმორიც შემომრჩა, ენერგიაც და ვნანობ, როცა ჭიათურელები შეიკრიბენ, არ მომეცა საშუალება მათთან მივსულიყავი და სოლიდარობა გამომეცხადებინა. ვნანობ, რომ რუსთავში ვერ ჩევედი და აზოტის მუშებს ვერ დავუდექი გვერდში, ვნანობ, რომ ზაზა გახელაძის ამბავზე ვერ მივედი, ვნანობ, რომ ექთანის დაკრძალვაზე ვერ მივედი ახალციხეში... ამგენს ვნანობ, მეტი სანანებელი ცხოვრებაში არაფერი მაქვს.

ალბათ, ესეც საჭირო და განსაზღვრული იყო, პატარა ხანს სხვანაირი თვალით რომ შემეხედა ცხოვრებისთვის. ციხეში ჯდომა დიდი გამოცდილება იყო. არც ტელეპათი ვარ, არც იოგი, მაგრამ საკანშიც, 50-სანტიმეტრიანი კედლის იქითაც ვგრძნობდი, ვის რა უჭირდა და რა ულხინდა. ეს სულ სხვა არის, ამას ვერ გადმოვცემ. ციხე გავსებულია უკანონო პატიმრებით. და ყველაზე დამთრგუნველი ისაა, რომ შენზე მეტი დამნაშავე პროკურორი და მოსამართლე გასამართლებს.

როცა უყურებ და გრძნობ, რომ მოსამართლე არაფერს ითვალისწინებს და სამართალი ფეხზე ჰკიდია, თვითონ რომ ტკბილად იყოს, მიტომ მისჯის იმდენს. შენი კომფორტიზა რომ მწირავ, მაშინ შენი დედა ვატირე. ესაა ძაან ძნელი მოსანელებელი, ესაა ყველა პატიმრის გაჭირვება.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მოსამართლეს, იმიტომ, რომ მითხრეს, გადაწყვეტილებებს საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იღებსო.

- პატიმრობამ რამე შეცვალა თქვენში? - ამასობაში ბევრი რელიგიური და ფილოსოფიური წიგნი წავიკითხე, პოლიტიკოსების ავტობიოგრაფიებიც და სულ სხვანაირად აღვიქვი ყველაფერი, სხვანაირი თვალით შევხედე პოლიტიკას და მიმდინარე პროცესებს. რომ ვთქვა, 60 წლის სავლე პავლე გავხდები-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ემოციას რომ უფრო დავიოკებ, სულ სხვანაირად ვეცდები რაღაცების გადმოცემას, ეს უდავოა. ისევ ვიქნები აქტიური პოლიტიკოსი, აუცილებლად მივალ "ნამოხვანჰესის" ამბავზე, მივალ ყველა გაფიცულთან, ყველა დაჩაგრულთან, ყველა ობოლთან... რა გოგიც ვიყავი, ის დავრჩები.

- ქალებს ისევ გაეკარებით? - ვსიო, დამთავრდა ქალები! ჩათვალეთ, რომ ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი დამთავრდა. ვპატიობ მასაც, ჩემს წინააღმდეგ რომ მისცა ჩვენება.

სახელმწიფოს ვთვლი დამნაშავედ. ვიღაცის ოჯახის კეთილდღეობის დანგრევისა და ბოვშვების გაუბედურების ხარჯზე გინდა შეინარჩუნო ხელისუფლება? ამნაირი ბინძური აზრი არ უნდა მოგივიდეს თავში და არც უნდა შეასრულებინო მარტოხელა დედას. ესაა მთავარი და იმისთვის უფრო ვერ მიპატიებია, ვინც ეს დაგეგმა, ვის ტვინშიაც ამნაირი აზრი მოიხარშა. არ მივიდა და არ იკითხა, ჩემი 14 წლის გოგო კვირები გარეთ რომ არ გადიოდა. ღირს კი ნებისმიერი სკამი ამისთვის?

სხვათა შორის, ციხეში "გლახის ნაამბობი" წავიკითხე ხელახლა, არც მახსოვდა და იქაა ფრაზა: მე არ გპატიობ, იქ იმან გადაწყვიტოსო. და ჰა, იქ იმან გადაწყვიტოს. ბოლო-ბოლო, სახარება წავიკითხე ორჯერ. ჩემი დანაშაული არის მხოლოდ ჩემი ოჯახის და უფლის წინაშე, სხვა - სამშობლოს წინაშე, ქალთა მოდგმის წინაშე დანაშაული არ ჩამიდენია. მე სხვისთვის არც მიღალატია, არც თოფი მისვრია და არც შემიგინებია. ახლა, მართლა უფრთო ანგელოზი თუ ვგონივარ ვინმეს, არა ვარ უფრთო ანგელოზი. არც მექალთანე ვარ, ბატონო. ეს პირველი შემთხვევა იყო, პირველი და უკანასკნელი. აგერ, მანდელასთან ამოვიკითხე წმინდანი არის ცოდვილი, რომელიც ყოველდღე ცდილობს გაკეთილშობილებასო. ორშაბათიდან პოლიტიკურადაც გავვაქტიურდები.