"შოთიკოს მამა 28 წლის იყო ავტოავარიას რომ შეეწირა, დედამ სიმწრით გაზარდა სამი შვილი, ახლა კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა ოჯახს" - კვირის პალიტრა

"შოთიკოს მამა 28 წლის იყო ავტოავარიას რომ შეეწირა, დედამ სიმწრით გაზარდა სამი შვილი, ახლა კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა ოჯახს"

თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში დამხრჩვალ 36 წლის შოთა ქარსელაძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ. მისი გმირობის ამბავი მთელმა საქართველომ შეიტყო. იმ საბედისწერო დღეს მტკვარში 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. შოთა ქარსელაძე, თურმე, ამ ამბავს შეესწრო. იმის მიუხედავად, რომ ცურვა არ იცოდა, ის წყალში შევიდა, მოზარდის გადარჩენა შეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა და წყალში დაიხრჩო. მაშველებმა მისი ცხედარი მტკვარიდან ამოასვენეს და ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რის შემდეგ ცხედარი სახლში მიასვენეს.

შოთიკო ობლობაში გაიზარდა, ძალიან პატარას მამა ტრაგიკულად გარდაეცვალა. მის სახლთან ხალხის ნაკადი არ წყდება, ყველა ემშვიდობება ახალგაზრდას, რომელმაც უამრავი სიკეთე დათესა და ყველას თავი შეაყვარა.

მარინა ტალიკაძე, მეზობელი: - შოთიკო და ჩემი ბავშვები, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ერთ ბაღში დადიოდნენ, თითქმის ტოლები არიან, შოთიკო შედარებით პატარა იყო. წლებია, დიდ დიღომში ვცხოვრობთ. ამ ოჯახს დიდი უბედურება 1990-იან წლებში შეემთხვა. ძალიან კარგი მამა ჰყავდა შოთიკოს, მოწესრიგებული, კარგი ბიჭი. სამ შვილს ზრდიდა ცოლ-ქმარი. 28 წლის იყო მამამისი, ავტოავარიას რომ შეეწირა. სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, მაშინ ამდენი ტრანსპორტი არ იყო ქალაქში. აღმაშენებლის ხეივნიდან გზა გადმოკვეთა და ამ დროს მანქანა დაეჯახა. იქვე გარდაიცვალა. მთელი უბანი გლოვობდა მაშინ ამ ტრაგედიას. მას შემდეგ შოთიკოს დედამ, მარინამ სიმწრით გაზარდა სამი შვილი, ორი გოგო და ერთი ბიჭი. შოთიკო ნაბოლარაა. მარინა ფოსტაში მუშაობდა, ძალიან კარგი ადამიანია, თავის ობლებს ზრდიდა. ძალიან მოწესრიგებული და კარგი შვილები გაზარდა. გამორჩეული ბიჭი იყო შოთიკო. ყველას საოცრად უყვარს და ძალიან გვატკინა გული. მშრომელი, ადამიანების საოცრად მოყვარული ბიჭი იყო. ნამახვანის აქციებში მონაწილეობდა, იქაც გადაურჩენია ადამიანი დახრჩობას, არადა ცურვა არ იცოდა. ვინმეს რამე თუ უჭირდა, მის გვერდით შოთიკო ყოველთვის იყო. შოთიკო ყველაზე ზრუნავდა, იცნობდა თუ არ იცნობდა, ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამ ტრაგედიაზე მხოლოდ ის ვიცით, რომ, თურმე, ბავშვები "სელფს" იღებდნენ, უცებ გოგონა წყალში გადავარდა და შოთიკო მაშინათვე ჩავიდა წყალში და მოახერხა მისი გადარჩენა, საუბედუროდ, თვითონ დაიხრჩო. სხვა დეტალები არ ვიცით. ღამის 2-ის ნახევარზე გავიგეთ ეს ამბავი. გაოგნებული შემოვიდა ჩემი ბიჭი ოთახში, დაბლა უნდა წავიდე, შოთიკო გარდაცვლილაო. იმხელაზე ვიკივლე, ძალიან განვიცდი. ძალიან კარგი ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს ქვეყანას.

ლანა მაზიაშვილი, შოთიკოს მეგობარი: - შოთიკო ჩემი მეგობარია. ობლობაში გაზარდა დედამ. ძალიან მძიმეა ჩვენთვის, სამეგობროსთვის მისი გარდაცვალება. ის იყო ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე ძალიან უყვარდა. ადამიანები, ცხოველები და ყველა სულიერი უყვარდა. ქუჩის ცხოველებს - ყველას ის თავისი ხელით აჭმევდა, ყველას უვლიდა და ეფერებოდა. ძალიან კეთილი, თბილი, საყვარელი ბიჭი იყო. სხვებისგან განსხვავებული პიროვნება. ეტლით მოსარგებლე ვარ და ბევრჯერ ჩემი ეტლი სადარბაზოდან ჩამოუტანია. სულ გვერდში მედგა, სულ ზრუნავდა ჩემზე. სასეირნოდ რომ წავიდოდი და იცოდა, სახლში არ ვიყავი, იდგა და საათობით ელოდა სადარბაზოსთან ჩემს დაბრუნებას, რომ ჩემი ეტლი ისევ აეტანა და ისევ დამხმარებოდა. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, დიდი ხნის მეგობრები ვართ. უბანში ყველა ჯეკის ვეძახდით. ყველას უყვარდა თბილი ჯეკი და ყველა გაოგნებულები ვართ. მეგობარმა მომწერა დაიღუპაო და იმდენად შოკი იყო ჩემთვის, იმდენად დაუჯერებელი ამბავი, თავიდან ხუმრობა მეგონა. ასეთ სისულელეზე ხუმრობა როგორ გაგონილა-მეთქი. საუბედუროდ, მწარე რეალობა აღმოჩნდა. იმდენად კარგი პიროვნება იყო, დაუფიქრებლად წავიდოდა სხვისი სიცოცხლე რომ გადაერჩინა. ძალიან არ უყვარდა წყალი და ერიდებოდა ხოლმე ყოველთვის წყალში შესვლას, მაგრამ ადამიანი გასაჭირში რომ დაინახა, ის იხსნა.

გამწვანებაში მუშაობდა. კარგად ერკვეოდა ამ საკითხებში. ჩვენს უბანში მისი ხელით დარგული უამრავი ხე ხარობს. მისი გაზრდილი ხეებია აქ. სათუთად უვლიდა თავის დარგულ ნარგავებს. განუსაზღვრელი სიყვარული იცოდა. სიტყვები არ მყოფნის მის დასახასიათებლად, იმდენად განსხვავებული პიროვნება იყო. მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე მზრუნველი. არ გამკვირვებია მისგან ეს საქციელი, დაუფიქრებლად გააკეთებდა, კიდევ რომ შეეძლოს, ისევ გადაარჩენდა ადამიანს. თვითონ ვერ გადარჩა. ის სამეგობროსთვის იყო უთბილესი ჯეკი და ყველას გული დაგვწყვიტა. ადამიანი სიკეთე იყო. სულ სიკეთის კეთებას ცდილობდა, რომ უფრო მეტი სიკეთე დაეთესა ხალხში. რიონის ხეობის დასაცავადაც ამიტომ წავიდა, თავის ქვეყანას და ბუნებას იცავდა. ამ ტრაგედიამდე 2 დღით ადრე ვნახე, წასვლის წინ ხელი დამიქნია და ისე წავიდა, ეს კადრი ახლა სულ თვალწინ მიტრიალებს, ასეთი დამშვიდობებით დარჩება ის მუდამ ჩემს გულში. იმდენად რთულია ეს ამბავი ჩემთვის, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მინდა, ბოლომდე მახსოვდეს ისეთი, როგორიც იმ დღეს დამემშვიდობა - ღიმილიანი და თბილი ჯეკი. ძალიან რთულია ოჯახისთვის, სამეზობლოსთვის, დიდი სამეგობროსთვის ეს ტრაგედია. ის არ ჰგავდა ყველას და განსხვავებულად გავიდა ამ ქვეყნიდანაც. გოშასაც ეძახდნენ მეტსახელად. ჩვენი საუკეთესო მეგობარი წავიდა და დაგვიტოვა უამრავი ტკბილი მოგონება. ჩემს ალბომში მისი ერთადერთი ფოტო აღმომაჩნდა, სელფს ვიღებდი და უკან დადგა, გავეხუმრე მაშინ, სელფს ნუ მიფუჭებ-მეთქი. ეს ფოტო დღეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.

მსახიობი ილო ბეროშვილი იცნობდა, ასევე, შოთიკო ქარსელაძეს:

- ძალიან კარგი ადამიანი იყო შოთიკო, ჩემი ნათესავის მეგობარია, პირადად ვიცნობდი. როცა ადამიანები მიდიან, მასზე კარგს ამბობენ, მაგრამ მე მართლა ვამბობ ახლა იმას, როგორი ადამიანიც იყო ის სინამდვილეში. არ ვიცი, ბედისწერაა თუ რა, მაგრამ რაც თავი მახსოვს, სულ ვიღაცის გადარჩენაში, სულ ვიღაცის პატრონობაში და მოვლაში იყო. ანომალიურად სხვაზე მზრუნველი ადამიანი იყო. რომ გითხრათ სიმართლე, ეს რომ გავიგე როგორც მოხდა, ერთი მხრივ, შოკი იყო, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე, ასე თუ მოხდებოდა ალბათ-მეთქი. მთელი ცხოვრება ადამიანებზე ზრუნავდა. შეიძლება მისთვის სრულიად უცხო ადამიანს მოეყოლა რამე და ის გადაყვებოდა, იზრუნებდა თავიდან ბოლომდე მასზე. წყნარი და ჩუმი ბიჭი იყო. სამწუხაროა, რომ ასე დაგვტოვა. თავმდაბალი და ვაჟკაცი კაცი წავიდა ჩვენგან.

ამ ტრაგედიამდე, თურმე, შოთა ქარსელაძემ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე იხსნა. სოციალურ ქსელში ამ ამბის შესახებ რიონის ხეობის აქტივისტმა ლაშა მესხმა დაწერა: "შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა, ჩვენი თანამებრძოლი იყო, რიონის ხეობაში... ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა, სწორედ მან გადაარჩინა... დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე.... მშვიდად განისვენე, ძმაო გოშე... გმირები არ კვდებიან! იმედი მაქვს, სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს)".

ვუსამძიმრებთ შოთა ქარსელაძის ოჯახს და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას.

(სპეციალურად საიტისთვის)