რა ხდებოდა "რკინის ფარდის" მიღმა - კვირის პალიტრა

რა ხდებოდა "რკინის ფარდის" მიღმა

ნიკალას ნამდვილი მარგარიტა, პიკასოს ფიროსმანი  და ხრუშჩოვისთვის გაწნილი სილა

1989 წელს პირველად უცხოეთში და თანაც ლუვრში ფიროსმანის გამოფენა გაიმართა. ეს იყო ფიროსმანის ტრიუმფი. თავს ვერ დავდებ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მერე პიკასომაც ამ გამოფენის გავლენით დახატა ფიროსმანი... ამ გამოფენის კულმინაციური ამბავი იყო ის, რომ ფიროსმანის ტილოს სანახავად მარგარიტა მოვიდა - მარგარიტა დე სევრი! ეს ის მარგარიტა გახლავთ, ვისთვისაც ფიროსმანმა მთელი თავისი საბადებელი გაყიდა, ვარდები უყიდა და ურმებით მიართვა. მერე კი შედევრად აქცია - დახატა. არ არის საკვირველი, მარგარიტა რომ მოვიდა?!

დღემდე ვნანობ, რომ ლუვრში გამოფენაზე არ ვიყავი. შალვა ამირანაშვილმა მიამბო, - ქალი კარგა ხანს ჩუმად იდგა "მარგარიტას" წინ. მერე მეგობარმა გადაუღო ფოტოო. როგორც ჩანს, ეს წინასწარ იყო შეთანხმებული მუზეუმის დირექციასთან, თორემ ლუვრში ფოტოაპარატს კი არა, ჩანთასაც არ შეგატანინებენ.

მერე ბატონ შალვას მოუტრიალდა და უთხრა, არ გეგონოთ, ფიროსმანი მარგარიტას ქარფშუტულად ექცეოდა, მას მარგარიტა რაინდულად უყვარდაო!

KvirisPalitra.Geიყო დრო, როცა დიდი საბჭოთა "ციხე" მსოფლიოს კულტურული ცენტრებისკენ თვალსაც კი არავის აპარებინებდა. განა ვინმე დაიჯერებს, რომ ლამის მთელ საბჭოთა პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ უნივერსიტეტში - სორბონაში მხოლოდ სამ საბჭოთა ახალგაზრდას ჰქონდა ფეხი შედგმული? მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო და ამ სამიდან ერთ-ერთი ქართველი იყო, - ქალი, თანაც ჭკვიანი და ლამაზი. ვალენტინა, ვალია ხაზალიას უეჭველად ჭკუასთან ერთად სილამაზემაც უშველა, როცა 60-იან წლებში საბჭოთა ელჩმა იუნესკოში მოსკოვს არც კი ჰკითხა, ისე დართო ნება სორბონაში ესწავლა.

- ჩემი მეუღლე გივი მელაძე დიპლომატი იყო. ასპირანტურაში ვსწავლობდი, როცა ბელგიაში გაამწესეს იუნესკოში. წესი ასეთი იყო, - საბჭოთა დიპლომატის უცოლოდ უცხოეთში მუშაობა არ შეიძლებოდა, მაგრამ სანამ ასპირანტურაში ყველა გამოცდა არ ჩავაბარე, არ გავყევი. 1948 წელს წავედი. "ვაჟას ესთეტიკა" წავიღე,  ჩემი სადისერტაციო თემა. ლვოვში, თვითმფრინავში "იმათი" მოხელე შემოვიდა: ვისაც გაქვთ ჟურნალ-გაზეთები, ამოალაგეთო! უცხოეთში პრესის გატანა აკრძალული იყო. მე ხომ ესენი არ მქონდა და, აი, მხოლოდ ეს მიმაქვს-მეთქი, ჩემი დისერტაცია ამოვიღე. მომეცითო! რატომ, ეს ხომ პრესა არ არის-მეთქი! რასაც გეუბნებით, გააკეთეთო! მოკლედ, წამართვა. ეს წუთი სამუდამოდ ჩამრჩა და ჩამრჩა...

ბრიუსელში მშობიარობის შემდეგ რაღაც აბი მომცეს. მეც, როგორც ვიყავი მიჩვეული, გადავყლაპე. მერეღა ვიკითხე, ეს რა იყო-მეთქი. რძის გასაშრობია, დასუსტებული ხართ და ბავშვს ძუძუთი ვერ გაზრდითო! ვინ ეკითხებოდათ, მაგრამ ასე იყო...

ერთხანს საქართველოში დავბრუნდი. ქართულ ტელევიზიაში ვმუშაობდი და ეს დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. მერე ჩემი მეუღლე ისევ გაუშვეს უცხოეთში, საფრანგეთში. ერთხელ პარიზში ტროლეიბუსით ვმგზავრობდით. საოცრება მოხდა, უკანა კარიდან ქართველები ამოვიდნენ. ღმერთმა ხომ იცის, როგორ მოგვინდებოდა მათთან ლაპარაკი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მანიშნა, ხმა არ ამოიღოო. ტყვეებივით ვიყავით. ბედნიერება მხოლოდ ის იყო, რომ ყველაფრის დათვალიერების უფლება გვქონდა. ავიკვიატე, მაინც აქ უნდა ვიცხოვრო და აქედან ისე როგორ წავიდე, სორბონაში არ ვისწავლო-მეთქი და ამას მივაღწიე.

იმ დროს იუნესკოს საბჭოთა ელჩი წიგნიერი კაცი იყო, გვარად კულაჟენკოვი. როცა ვუთხარი, სორბონაში სწავლა მინდა-მეთქი, თითქოს ენა ჩაუვარდა და სახე გაუქვავდა. ამასობაში მე საწყალი ვფიქრობდი, ნამდვილად გამოვჭერი ყელი ჩემს ქმარს-მეთქი... მაგრამ ალაპარაკდა და - ნებას გაძლევთო! არადა, კულაჟენკოვს არ ჰქონდა უფლება, მოსკოვისთვის არ ეკითხა. მხოლოდ სიბერის ჟამს მივხვდი, რატომ გააკეთა ასე - მოსკოვი ამის უფლებას არც მისცემდა და შეტყობინებას აზრი არ ჰქონდა! გარისკა. მე კი ამ რისკმა გამაბედნიერა, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტური ცხოვრებით ვერ გავლაღდებოდი.

KvirisPalitra.Geრა დამავიწყებს, როგორ ვითვლიდი წუთებს გზაში, რომ უნივერსიტეტში სწორედ იმ დროს მივსულიყავი, როცა ლექციების დაწყების ზარი დაირეკებოდა. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ არავინ გამომლაპარაკებოდა და საეჭვო არ გავმხდარიყავი. გარდა ამისა, ყველა რომ პალტოს ბოლო სკამზე მოისროდა, ჯიბეში რაიმე წერილი არ ჩამიცურონ-მეთქი, პალტო ისე უნდა დამეკეცა, რომ ჯიბეები შიგნით მოხვედრილიყო.

მერე სკამის ზურგზე გადავფენდი, ზედ მივაწვებოდი და ასე ვიჯექი გაშეშებული. მაგრამ სწორედ ასე შევძელი ისე მესწავლა ფრანგული ენა, რომ პარიზში თარჯიმნობაც გამეწია მაღალი სახელმწიფო მოხელეებისთვის.

დღემდე ვინახავ დე გოლის მოსაწვევს - სახელმწიფო მნიშვნელობის პრემიერაზე მიმიწვია, სადაც დე გოლის მეუღლეს ნიკიტა ხრუშჩოვთან ვთარჯიმნობდი. ეს იყო 1960 წელი. იქვე იდგა ნიკიტას მეუღლეც - ძალზე უბრალო ქალი, თუმცა მე დიპლომატიური ჭორებით ვიცოდი, რომ ის სულაც არ იყო უბრალო. მან ითამაშა უდიდესი როლი, რომ ნიკიტასთვის დაევიწყებინა ბოდვა, საქართველოს ქართველებისაგან გაწმენდაზე და ამისთვის გალეშილი მთვრალისთვის სილის გაწვნაც კი დასჭირდა.

ერთხელ იუნესკოში გამაცნეს ფრანგი ხელოვნებათმცოდნე ჟან კეიმი, რომელიც დაუსრულებლად აქებდა თავის ანრი რუსოს, ფრანგული ხალხური ფერწერის ოსტატს, პრიმიტივისტს. რუსო ფიროსმანს მაგონებდა, მის ნახატს გულგრილად ვერასოდეს ჩავუვლიდი ხოლმე. ვუსმინე, ვუსმინე ამ კეიმს და, ცუდია, ჩემს ფიროსმანს რომ არ იცნობთ, თორემ მასზე მეტი აღტაცებით ილაპარაკებდით-მეთქი. ვინ არისო, - ძალიან დაინტერესდა. დავპირდი, ამას აუცილებლად გაიგებთ, მისი ნახატების ფოტორეპროდუქციებს საქართველოდან მუზეუმის დირექტორს, შალვა ამირანაშვილს გამოვაგზავნინებ-მეთქი.

კი ვთქვი, მაგრამ მაშინვე შემეშინდა. გამახსენდა, როგორ გამომგლიჯეს ხელიდან სადისერტაციო ნაშრომი ლვოვში, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ბატონმა შალვამ გამოგზავნა ფიროსმანის კატალოგი და ანოტაცია და კეიმიც გაგიჟდა, სულ რამდენიმე დღეში დაბეჭდა იუნესკოს "კურიერში", მე აღმოვაჩინე კაცი, რომელიც ჰუმანურობითა და ტალანტით მსოფლიოს საკუთრებააო.

დღესაც ვმუშაობ. სანამ ადამიანმა იცის, რომ რაღაცისთვის არის საჭირო, ძლებს. საჭირო ვარ, რომ რაც გიამბეთ, მომავალს შევუნახო.