"ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა!" - კვირის პალიტრა

"ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა!"

"ჩვენ გამოქვაბულში მივდივართ ახლა"

26 მაისის მოვლენებმა მეხივით გადაუარა საქართველოს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც შეიძლება გულგრილი დარჩეს. "კვირის პალიტრა" ოტია იოსელიანს დაუკავშირდა.

- რა გითხრათ? მე აქა ვარ დაწოლილი, არაფერი მინახავს ჩემი თვალით და სხვის ნანახსა და ნალაპარაკებზე რა უნდა გითხრათ?

- ინფორმაციას მაინც მიიღებდით ტელევიზიიდან.

- ჯერ ერთი, ინფორმაცია კი არა, ცნობები უნდა მიიღო კაცმა, მერე მეორე: მართალი ცნობების მიღება რომ შეგვეძლოს, რაღა გვიჭირდა! ვერ ხედავთ, დაქცეული და დაოსებულია ქვეყანა?

რამდენჯერაც ამაზე ვიფიქრებ, იმდენი გამახსენდება: ვინ შექმნა დამწერლობა? - ფინიკიელებმა. სად არიან ახლა ფინიკიელები ან შუმერები, ეტრუსკები, ეგვიპტელები? თქვენ ეგვიპტე ის ხომ არ გგონიათ, რომელსაც ახლა ვეძახით ეგვიპტეს? ეს კულტურული ერები აღარ არსებობენ, ხომ? ასე არ დაგვემართოს ჩვენც...

- და რომ არ დაგვემართოს, რა არის საჭირო?

- რა და, უნდა ვიფიქროთ... ერთი და ორი შტერი ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ სხვა უბედურება გვჭირს - ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა! რომ იყოს გზა ხსნისა, ვხედავდეთ მაგ გზას, რა გვიჭირდა! ახლა გაზაფხულია, ხვნის და თესვის დრო. ყველა უნდა მუშაობდეს... ვინაა პატრონი? მოდით, ნახეთ, რამდენი მიწაა დაუმუშავებელი. ის ქვეყანა რა ქვეყანაა, პურის და ჭადის ნატეხი რომ სამათხოვრო გაუხდება კაცს.

- საზოგადოების ნაწილი, იმის გამო, რომ შექმნილ ვითარებაზე წუხს, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობს.

- მერე რა გამოდის მაგ საქმიდან? რამდენი წელიწადია, ერთსა და იმავეს გაიძახიან, პრეზიდენტი უნდა ჩამოვაგდოთო. საქმე საქმეზე რომ მიდგა, რაც მოხდა, ყველამ ნახა. როდემდე უნდა ვიძახოთ ერთი და იგივე? ნონა გაფრინდაშვილი ძალიან მენანება... ახლა ისიც ვეღარაფერს ამბობს... ის ოთხი კაცი არ დაგვღუპვოდა, ნეტავ! სისხლი არ დაღვრილიყო...

კი, ბატონო, გვიჭირს! დედას რძე რომ გაუშრება, ბავშვსაც უჭირს, მაგრამ სად გაგონილა, ძუძუს მოგლიჯო და სხვას ჩაუგორო კალთაში პატარა - იმას ბევრი რძე აქვს, ის აჭმევსო. მერე რა ქნას დედიკომ? ნამათხოვრები ლუკმით როგორ გაიზრდება ბავშვი? ნამათხოვრებით მათხოვარი გაიზრდება. ამიტომ დედას უნდა უშველო, დედას!

- როგორ ვუშველოთ? ეს არის მთავარი კითხვა.

- როგორმე ხალხს უნდა დავუბრუნოთ ცნობიერება. დღეს როგორ შეიძლება არჩევნები მოხდეს? არჩევნებზეც რომ მიდგეს საქმე, მაინც არაფერი გამოვა. ხალხმა არც კი იცის, რა უნდა ქნას, ეტყვიან, აგერ ჩააგდე მაგ ქაღალდი, ბიძიკოო, და ჩააგდებს... არც ეცოდინება, სად აგდებს და რას. უნდა იცოდე, ქვეყნისთვის რა სჯობია და ისე მისცე ხმა.

როცა ერი განათლებულია, საშველს იპოვის. ჩვენ განათლება არ გვაქვს. არც სკოლები გვივარგა და უმაღლესში თუ მიხვედი, ფულს დაგატოვებინებენ და გამოგიშვებენ აქეთ. ტყუილია, სხვანაირად ვერ გადარჩები, ცნობიერება, ცოდნა გჭირდება, რომ დაფიქრდე, სად დგამ ნაბიჯს, რატომ დგამ იქით და არა სხვა მხარეს... კაცი გონს უნდა მოეგო და იაზროვნო. რაც კაცობრიობას უაზროვნია, მოქცეულია წიგნში, თუ წიგნს არ წაიკითხავ, დაბრუნდები გამოქვაბულში. ჩვენ გამოქვაბულში მივდივართ ახლა.