"მე რომ თბილისში ჩამოვიდე და პირბადე გამაკეთებინონ, მოვკვდები" - კვირის პალიტრა

"მე რომ თბილისში ჩამოვიდე და პირბადე გამაკეთებინონ, მოვკვდები"

"მთაში ხალხი კი არ უნდა დაბრუნდეს, ვინც დარჩენილია, ჯერ ის უნდა გავაჩეროთ და შევინარჩუნოთ. ამ ხნის განმავლობაში ბარისახოში ერთადერთი ოჯახია, რომელიც გორიდან გადმოსახლდა, სახლი აიშენა და ცხოვრობს, ისინიც არაბულები არიან. ბარისახოში დღეს დაახლოებით 60 კომლია, მთელი ხევსურეთი აქაა შეკრებილი, იმიტომ, რომ აქ არის სასაზღვრო პოლიცია, ბაგა-ბაღი, სკოლა-ინტერნატი, გამგეობის წარმომადგენლობა და სხვა"

34 წელია პედაგოგია და ბავშვების თვალებით ხედავს სამყაროს, მათ გარეშე ყოფნა ვერ წარმოუდგენია. "ბარისახოს სკოლა-ინტერნატში ბევრი თაობა მყავს აღზრდილი. აქ ლიტერატურა ყველას უყვარს, რადგან ლექსებზე იზრდებიან ბავშვები. ვფიქრობ, საუკეთესო საქმეს შევალიე წლები. რომელი დისტანცია და ონლაინსწავლება მოვა ბავშვებთან ურთიერთობასთან? ერთხანს, გასულ შემოდგომასა და ახლა გაზაფხულზე დისტანციურ სწავლებაზე მოგვიწია გადასვლამ, რაც კოშმარი იყო. მირჩევნია, უშუალო ურთიერთობა მქონდეს ბავშვებთან, რომ მათი სიხარული, კმაყოფილებაც და უკმაყოფილებაც დავინახო სახეზე და თვალებში რა აწერიათ, ვიდრე შორიდან ვესაუბრო", - გვეუბნება პროფესიასა და აღსაზრდელებზე უზომოდ შეყვარებული პოეტი, მასწავლებელი და ფილოლოგი ტრისტან-ბერდია არაბული და თავის საინტერესო ცხოვრებაზე გვიამბობს.

"1969 წელს სკოლაში რომ მიმიყვანეს, 2021-შიც სკოლაში ვარ"

- ბარისახოში ვცხოვრობ, თუმცა ხევსურეთის პირველ სოფელში, მოწმაოში დავიბადე და გავიზარდე. ეტყობა, ცოტა ზარმაციც ვიყავი და ცოტა ცელქიც, რადგან მაშინ დაწყებითი სკოლები იყო ხევსურეთში და ყველა სკოლაში ვისწავლე. დავრბოდი, არ მინდოდა ეს სწავლა და ამიტომ. ბოლოს, 1969 წელს სკოლაში რომ მიმიყვანეს, 2021-შიც სკოლაში ვარ, ვერ წავედი აქედან, დავრჩი და დავრჩი. ბარისახოს სკოლა დავამთავრე, შემდეგ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. არაბული მინდოდა მესწავლა, მაგრამ ბოლოს სომხური ვისწავლე, არმენოლოგი ვარ.

კომუნისტების დროს ისე არ იყო, სადაც გინდოდა, იქ მოხვედრილიყავი - აღმოსავლეთმცოდნეობაზე ჩაირიცხებოდი და მერე თვითონ ანაწილებდნენ, ვის რომელი განხრით ესწავლა. მე, როგორც უპატრონო, სადაც არ მინდოდა, იქ მოვხვდი. მხოლოდ ვახუშტიმ თქვა მაშინ, კოტეტიშვილმა, ერთია არაბული და არაბულზე ისწავლოსო, მაგრამ ვინ გვისმინა...

სტუდენტობა ჩვეულებრივ გავლიე, გვქონდა ენთუზიასტების რაზმი "აწყური" და აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის აღდგენაზე ვმუშაობდით, ყოველ ზაფხულს იქ ვატარებდით. დავამთავრე უნივერსიტეტი და მაშინ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტს განაწილება არ ეხებოდა, ჩემს სპეციალობაზე 5 კაცი ვიყავით, პრობლემა ის იყო, რომ მეამბოხეების ჯგუფი ვიყავით, რომელიც იმხანად ტრანსკავკასიის რკინიგზის წინააღმდეგ ვიბრძოდით, შემდეგ დავითგარეჯის ამბებს ვაპროტესტებდით და ერთ დღესაც გვითხრეს, დიდი ბოდიში, ეს ჯგუფი უნდა დაიშალოს და უნდა გაგანაწილოთო. მაშინ ორი თავი ვის ჰქონდა, უარი ეთქვა. მე მითხრეს, სადაც შენ იტყვი, საქართველოს მასშტაბით, იქ გაგიშვებთო. შემოევლოს ჩემი თავი სამეგრელოს, მაგრამ ხევსურეთიდან ჩამოსული კაცი ჩხოროწყუში წავალო, ხომ არ ვეტყოდი? ბარისახო ავირჩიე და წამოვედი. წამოვედი და დავრჩი...

"ჩემთვის წიგნია ყველაფერი, წიგნს რომ ვკითხულობ, მგონია, თვითონ მწერალს ველაპარაკები"

- 1990 წელს ბარისახოს სკოლა-ინტერნატის დირექტორი გავხდი. ეს ის დროა, საქართველო რომ ინგრეოდა - იქით ომი, აქეთ - "მხედრიონი". 1996 წელს, როცა ჩემს ოჯახს უკვე ჩემი დირექტორობის ბიუჯეტი აღარ ჰყოფნიდა, 5 შვილის მამამ დავწერე განცხადება და წავედი, მას შემდეგ პედაგოგი ვარ და ინტერნატში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი (დიპლომში სომხურის გარდა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიაც მიწერია). ყველას რატომღაც ჰგონია, რომ ლიტერატორი უფრო მაგარი ვარ, მაგრამ ენაა ჩემთვის ყველაფერი. მთარგმნელობითი მუშაობა არასდროს მიცდია, იმიტომ, რომ წერედიანის დონეზე ვერ ვთარგმნი. ზოგადად, თარგმანის წინააღმდეგი ვარ და არც მქონია ამის სურვილი.

ლექსების წერა ბავშვობიდან დავიწყე, პროზაშიც და პოეზიაშიც მოვსინჯე ძალა, მაგრამ მკითხველი სად არის? - ძალიან ცოტაა და ასე ვთქვათ, ჩემს ჭიას ვახარებ. მალე, ალბათ, 20 წლის ახალგაზრდა აღარ გვეყოლება, სათვალის გარეშე არ იკითხოს. ახლახან 60 წლის გავხდი და სათვალე რა არის, არ ვიცი. სანთლის შუქზე შემიძლია გავათენო და წიგნი ვიკითხო, იშვიათი შეხება მაქვს კომპიუტერთან და ამას ვუმადლი. ჩემთვის წიგნია ყველაფერი, წიგნს რომ ვკითხულობ, მგონია, თვითონ მწერალს ველაპარაკები და ის მიყვება ამ ყველაფერს.

"ინტერნატში ჩემს ბავშვებს ხორცი არ მოჰკლებიათ და ამაზე "მხედრიონი" ზრუნავდა"

- რთულ პერიოდში მომიწია ბარისახოს სკოლა-ინტერნატის დირექტორობამ. იმ პერიოდში სკოლაში 150 ბავშვამდე სწავლობდა, ახლა 50-მდე ვართ ჩამოსული. როდესაც მე ვიყავი მოსწავლე, ინტერნატში 370 ბავშვი იყო. მართლა იმ პერიოდში მომიწია დირექტორობამ, როცა საქართველო ინგრეოდა და ანგრევდნენ. ჩვენვე ვანგრევდით, სხვა ვინ ანგრევდა?! ბევრი მესმის "მხედრიონის" ლანძღვა-გინება, მათ "საგმირო საქმეებზე" და გული მტკივა, იმიტომ, რომ... ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ინტერნატში ჩემს ბავშვებს ხორცი არ მოჰკლებიათ და ამაზე "მხედრიონი" ზრუნავდა - ცოცხალი ხორცი თუ ვერა, კონსერვი მაინც მოჰქონდათ. ორ კვირაში ერთხელ ამოდიოდნენ და მენიუებსაც კი ამოწმებდნენ, ბავშვებისთვის ვინმეს რამე არ მოეკლო. ამას თორნიკე ბერიშვილი თაოსნობდა (თუ არ ვცდები, ჯაბას მოადგილე იყო), ალპინისტი და კარგი ბიჭი; იყვნენ დათო ჯავახიშვილი, კოტე ლორთქიფანიძე (მწერალ კონსტანტინე ლორთქიფანიძის შვილიშვილი) და სხვები. ისე ზრუნავდნენ ბავშვებზე, გაოცდებით. მოჰქონდათ მედიკამენტებიც და სხვა ყველაფერი, თუ რაიმე გვჭირდებოდა. მათთვის არავინ ვიყავი და არც ის ვიცი, რატომ აირჩიეს ამ ინტერნატზე მზრუნველობა. მარტო ჩვენ კი არა, საავადმყოფოსაც ამარაგებდნენ წამლებით. მეტსაც გეტყვით, ბავშვი მყავდა მძიმედ, მენინგიტი დაემართა, წამალი სჭირდებოდა ისეთი, რომელიც საქართველოში ვერ ვიშოვეთ. დათო ჯავახიშვილმა ბებიას მოჰპარა თურმე, მითხრა, ამდენი არ სჭირდებაო და ერთი დოზა მოგვიტანა საავადმყოფოში. მართალია, ბავშვს ვერ ვუშველეთ, მაგრამ ეს სიკეთე არ დამავიწყდება...

"ჩემი შვილები წავიდნენ ხევსურეთიდან და სხვას როგორ ვუთხრა, მოდი და აქ იცხოვრეო"

- 80-იანი წლებიდან დაწყებული, ყველა მთავრობას აბსოლუტურად ერთი და იგივე მიდგომა ჰქონდა - მთაში უნდა დავაბრუნოთ ხალხიო. შევარდნაძის დროს ასეთი ლოზუნგიც იყო: "მთას დაუბრუნდა მთიელი". მერე იყო მთის კანონი და მოწოდება, რომ მთაში უნდა დაბრუნდეს ხალხი. ეს მიდგომა შეცდომად მიმაჩნია - მთაში ხალხი კი არ უნდა დაბრუნდეს, ვინც დარჩენილია, ჯერ ის უნდა გავაჩეროთ და შევინარჩუნოთ. ამ ხნის განმავლობაში ბარისახოში ერთადერთი ოჯახია, რომელიც გორიდან გადმოსახლდა, სახლი აიშენა და ცხოვრობს, ისინიც არაბულები არიან. ბარისახოში დღეს დაახლოებით 60 კომლია, მთელი ხევსურეთი აქაა შეკრებილი, იმიტომ, რომ აქ არის სასაზღვრო პოლიცია, ბაგა-ბაღი, სკოლა-ინტერნატი, გამგეობის წარმომადგენლობა და სხვა. ჩემი შვილები წავიდნენ აქედან და სხვას როგორ ვუთხრა და მოვუწოდო, მოდი და აქ იცხოვრეო. 6 თვე ზამთარი და უგზოობა გვაქვს. ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი გამოთქმა, ჟიპიტაურზე გაზრდილი ხევსური ღვინის გემოს რომ გაიგებს, ხევსურეთში აღარ იცხოვრებსო. ალბათ, ეგ არის...

"საუკეთესო ლუდს ვხარშავ, მამაძაღლობის გარეშე"

- ახლა ათასნაირი პროექტებია, მაგალითად, "აწარმოე საქართველოში"... თავის ქება კიტრად ღირსო, მაგრამ ბევრი აღიარებს, რომ საუკეთესო ლუდს ვხარშავ, თან აქაური, მამაპაპისეული მეთოდითა და მამაძაღლობის გარეშე, 100%-ით ნატურალურია, ვისაც გაუხარდება, მოვიდეს და მიყუროს. ძირითადად, ალაოს და სვიას ვიყენებ (ქერისა და ხორბლისგანაც ვამზადებ). შრომატევადი საქმეა, მთელ დღეს ვუნდები და დილით რომ დავიწყებ, ჭამაც კი მავიწყდება. ლუდს არ ვყიდი, როცა მაქვს, ყველას ვაგემოვნებინებ. ჰოდა, ამაზე პროექტი დავწერე, მეორე ტურშიც გადავედი, მაგრამ არავინ შემეხმიანა, დაიბლოკა პროექტი.

რაღაცით ხალხს ცხოვრება თუ არ გავუმრავალფეროვნეთ, სიახლე თუ არ შემოვიტანეთ, მარტო სასტუმროები რას გვიშველის? სიტყვაზე, 60-მა კომლმა რომ სასტუმრო გავხსნათ, ვინ შევა იმ სასტუმროში, სადაა ამდენი ხალხი? ბარისახოში 3-4 სასტუმროა და ისინიც არ არის ბოლომდე დატვირთული. აქ ბევრი პრობლემაა. პრობლემაა ისიც, რომ მიწის დაკანონებაზე ათჯერ გიწევს დუშეთში ჩასვლა, აქ რომ იყოს მსგავსი სამსახური, დროს ხომ არ დავკარგავდით, ბავშვებს გაკვეთილებს ხომ არ გავუცდენ და ჩემს საქმეებზე ხომ არ ვირბენ, რაც ჩემია, ის რომ დავიმტკიცო?

"საუკეთესო საქმეს შევალიე წლები"

- ჩვენი დირექტორი, ლელა არაბულიც ფილოლოგია - ორი შვილის დედაა და ჩემი ყოფილი მოსწავლე. ბატონმა როინ მეტრეველმა ლელა უგამოცდოდ ჩარიცხა უნივერსიტეტში, ვინაიდან "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა. ბევრი თაობა მყავს აქედან გაშვებული და ამაყი ვარ რომ 34 წელია არ მყოლია ისეთი მოსწავლე, ქართულის გამოცდაში ჩაჭრილიყო. აქ ლიტერატურა ყველას უყვარს, რადგან ლექსებზე იზრდებიან. ჩემთვის მაინც ენაა ყველაფერი, დღესაც ისეთ საინტერესო რაღაცებს ვპოულობ ხოლმე მასში...

ჯერჯერობით ლექსების ერთი კრებული მაქვს გამოცემული, მეგობრებმა არც მკითხეს, ისე გამოსცეს.

ვფიქრობ, საუკეთესო საქმეს შევალიე წლები - სკოლას და ბავშვებს. ერთხანს, გასულ შემოდგომასა და გაზაფხულზე, დისტანციურ სწავლებაზე ჩვენც მოგვიწია გადასვლამ (მასწავლებელს შეეყარა ვირუსი). ბავშვებთან ცოცხალი ურთიერთობა თუ არა მაქვს, არ შემიძლია, რომელი დისტანცია და ონლაინსწავლება მოვა ამასთან? კოშმარი იყო, ბავშვებს და მათ ღიმილს, მათ თვალებს რომ ვერ ვხედავდი...

მირჩევნია, უშუალო ურთიერთობა მქონდეს ბავშვებთან, რომ მათი სიხარული, კმაყოფილება და უკმაყოფილებაც დავინახო სახეზე და თვალებში რა აწერიათ, ის მინდა დავინახო, ვიდრე შორიდან ვესაუბრო.

"ჩემს მეგობრებს შემოევლოს ჩემი თავი"

- 13 წელი სასაზღვრო პოლიციაშიც ვიმუშავე, მაიორის წოდება მაქვს.

"ნაციონალების" დროს სასაზღვროდან კი არა, სკოლიდანაც გამიშვეს და 5 წელი დღეში 26 კილომეტრს გავდიოდი - შუაფხოში, ფშავში დავდიოდი სკოლაში სამუშაოდ. ისე, არც ერთ გაკვეთილზე არ დამიგვიანია. კარგი გამოცდა იყო ეს ჩემთვის. კარგი მეგობრები მყავდა იმ პარტიაშიც, დღესაც ბევრი ნათესავი და ნათლული მყავს ამ მთავრობაში, მაგრამ პარტიასთან შეხება არა მაქვს.

ყველაზე ცნობილი მეგობარი იცით, ვინ მყავს? - სოზარ სუბარი, რომელიც ჩემი ნათლულია. არასდროს ვავიწყდები, ყველა რელიგიურ დღესასწაულს მილოცავს. სტუდენტობა ერთად გვაქვს გატარებული, ერთ პერიოდში ვსწავლობდით, მე აღმოსავლეთმცოდნეობაზე ვიყავი, სოზარი - ისტორიულზე, კურსელები ვიყავით და სტუდენტობის პერიოდში მოვნათლე. ხომ იცით, მთიელი ხალხი ცოტა გვიან მივდივართ რელიგიასთან და... 5 ივლისს დაბადების დღეც მომილოცა, 60 წელი შემისრულდა. ჩემი დიდი მეგობარია ნიკო ნიკოლოზიშვილიც, დიპლომატი და ფილოლოგი, ახლა ბუქარესტშია. ყველას რა ჩამოთვლის, მაგათ შემოევლოს ჩემი თავი, ეგენი რომ არ მყავდეს, რა მეშველებოდა...

მეგობრებს დავუწერე ასეთი ლექსი: "არაგვის პირზე ნისლები/ცხვრის ფარებივით დაყრილან.../მთების უბეში შეყუჟულს/ თქვენი ღიმილი მაკლია./ცისკარი ცერზე დავისვი,/ღამე ბეჭებით მიჭირავს,/ თქვენს უნახაობას ვჩივი,/თორემ სხვა არა მიჭირს რა"....

მე დიდად არ ჩამოვდივარ თბილისში, უფრო ისინი მოდიან, შემომირბენენ და მახალისებენ ხოლმე ჩემი მეგობრები. 7-8 წელი ვიყავ თბილისში და ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ის თბილისი მიყვარს, რა დროსაც მე ვცხოვრობდი. დღეს ის თბილისი აღარ არის. არ ვიცი, რაღაცა შეიცვალა, ღიმილს ვერ ვხედავ...

2-3 საათი გვინდოდა რუსთაველიდან თავისუფლების მეტრომდე რომ ჩამოვსულიყავით, იმდენი შინაური და მოკეთე გვხვდებოდა, ყველა უნდა მოგვეკითხა და ყველას გამოვლაპარაკებოდით. ახლა ყველას თავი აქვს ჩარგული, ყველა გაუცხოვდა, არავინ გიყურებს, აღარავინ იღიმის და დადიან ასე. აღარ არის ის თბილისი...

"ამას აღლუმი არ სჭირდება..."

- სოდომი და გომორი ყოველთვის იყო. ხევსურეთზე არა მაქვს ლაპარაკი, ეს ცოდვა აქ უფრო ნაკლებად ხდებოდა, მაგრამ თბილისში ყველამ ყველაზე ყველაფერი იცოდა. ასეთი ხალხი არ მიკვირს, მაგრამ რა არის, იცით? ამას აღლუმი არ სჭირდება. მე თუ მკითხავთ, ეს არასამთავრობოების მცდელობაა გრანტების მოსაპოვებლად. მე არც ისეთი ელჩი მჭირდება, ამას თუ თავზე მომახვევს. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა. მათ ვინმე დასდევს და სახლში უვარდება? ნუ გამოდიხარ და იცხოვრე შენი ცხოვრებით. ის არ არის ძალადობა, ეგენი რომ გამოდიან და თავზე მახვევენ ორიენტაციას? სამწუხაროდ, ამასობაში ჟურნალისტები დაზარალდნენ. ჟურნალისტი ხელშეუხებელი უნდა იყოს - ცუდს ვაშუქებ თუ კარგს, ვალდებული ვარ ჩემი საქმე ვაკეთო. ყველაფერი ენჯეოებიდან მოდის. ამაში გრანტებს იღებენ და ჯიბეებს ისქელებენ, ეგენი აქეზებენ და გამოჰყავთ ხალხი ქუჩაში. მე ჩემი რელიგია, ჩემი რწმენა მაქვს და გამანებე თავი, ნუ მახვევ თავზე ამისთანა რაღაცას. მე ხომ არ გებრძვი, სახლში ხომ არ შემოგვარდნივარ, რატომ ხარ ასეთი-მეთქი.

"მინდა ავიშენო სახლი ჩემს გაუკაცრიელებულ მოწმაოში"

- 33 წელი გახდება, ერთად ვართ მე და ჩემი მეუღლე ნანული ალუდაური. მისი მშობლები ზვავმა იმსხვერპლა 1997-ში. მოწმაო, სადაც მე და ბაღათერს, ჩემს ბიძაშვილს და ჩვენს ძმებს გვიცხოვრია, ახლა საშინელი სანახავია, სოფელში კაცი არ ჭაჭანებს. ჩემს მეხსიერებაში 8 კომლი ცხოვრობდა. ნატვრა მაქვს, ღმერთმა იმდენი მომცეს, იქ ავაშენო პატარა სახლი, სადაც ვიცხოვრებ და სტუმარსაც მივიღებ. სამშობლო... მას განსაზღვრება არა აქვს. ეს ნოდარ დუმბაძემ ახსნა ყველაზე კარგად: "იქნებ ვაზია სამშობლო? თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია - ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს". ამაზე კარგად მე ვერ ვიტყვი. სამშობლოა ის, მე და თქვენ ერთმანეთს რომ ველაპარაკებით, ის ჩემი მეგობრები თითქმის ყველა კუთხეში რომ მყავს, ესეც სამშობლოა...

"მართალი უნდა წარვდგე უფალთან"

- კორონამ ჩვენთანაც შემოირბინა, ახლაც დარბის... ისე, "რაცა ღმერთსა არ სწადდეს, არა საქმე არ იქნების". შეიძლება მქონდა კიდეც ვირუსი. აქ რომ 30 გრადუსამდე ადის სიცხე, გარეთ ვერ გამოვდივარ, არ შემიძლია სიცხის ატანა. მე რომ თბილისში ჩამოვიდე და კიდევ პირბადე გამაკეთებინონ, მოვკვდები და მერე კორონას დააბრალებენ. "მე უნდა ვღორღო მამული ჩემი/ ჩემს დასაღორღავს სხვა არ დაღორღავს,/მართალი უნდა წარვდგე უფალთან,/ ვალი არ დამრჩეს რამე გამოღმა./ მე ჩემი უნდა გავავლო კვალი/ თავზე დოლაბიც დავიტრიალო/ მერე ავიკრა გუდა-ნაბადი/ საიქიოში სახეტიალოდ". სანამ მაგ კვალს არ გავავლებ, არ ვაპირებ აქედან წასვლას, დაწყებული მაქვს და როდის გავალ ბოლოში, რა ვიცი...