ავღანეთი ახალი ომის ზღვარზე - კვირის პალიტრა

ავღანეთი ახალი ომის ზღვარზე

"შვილებს ტერორისტებს ვერ ჩავუგდებ ხელში, ამიტომ უკვე ვცდილობ ქვეყანა დავტოვო და ევროპაში ან ამერიკაში თავშესაფარს მოვითხოვ. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. ომმა ბევრი ძვირფასი ადამიანი წამართვა: მამა და ძმები, ბიძაშვილები, მეგობრები, მათ შორის უცხოელები, რომლებიც ცდილობდნენ ჩემს ქვეყანაში რაღაც შეეცვალათ და ამას შეეწირნენ. ამიტომ უნდა წავიდე..."

ავღანეთში, მას შემდეგ, რაც ნატოს კოალიციურმა ჯარებმა გასვლა დაიწყეს, ამერიკისა და ავღანეთის ხელისუფლების დაპირება, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ და "თალიბანი" გავლენას ვეღარ გაიძლიერებდა, არ გამართლდა. თარჯიმანი აჰმად ჯაჰედ რეზაე ერთ-ერთია მათ შორის, ვის სიცოცხლესაც "თალიბანის" გაძლიერების შემდეგ საფრთხე შეექმნა პროფესიის გამო. ტერორისტები მას ადრეც ემუქრებოდნენ, როგორც ამერიკასთან შეკრულ "მოღალატეს". ავღანელი თარჯიმანი "კვირის პალიტრასთან" მის ქვეყანაში არსებულ ვითარებას აღწერს:

- ჩემს ქვეყანაში სტაბილური მშვიდობა არასდროს ყოფილა, პირდაპირი ცეცხლი თუ არ იყო, დაბომბვები და ლოკალური ტერაქტები, მანქანაზე მიმაგრებული მაგნიტური ბომბები ან ქვიშაში ჩაფლული ნაღმები ფეთქდებოდა, მაგრამ, ასე თუ ისე, მუშაობისა და ცხოვრების შესაძლებლობა გვქონდა, ახლა კი ეს აღარ გვაქვს. "თალიბანი" ყოველდღე წინ მოიწევს და სულ უფრო აფართოებს გავლენას. შეშინებული ადამიანები გადადიან მათ რიგებში, ან პირდაპირ სიკვდილზე მიდიან, რომ მათ წინაშე ჩადენილი "დანაშაული", ამერიკელების ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ორგანიზაციაში მუშაობის "დანაშაული" გამოისყიდონ და "შარიათის კანონის" დარღვევისთვის საკუთარი სიცოცხლით აგებენ პასუხს. ეს არის შანსი, რომელსაც მათ "სამოთხეში დამკვიდრებისთვის", ასევე ოჯახის უსაფრთხოებისთვის აძლევენ თალიბები. ზოგს ოჯახიანად ხოცავენ... ახლა ავღანეთში ის ჯოჯოხეთი ბრუნდება, რომელიც 2001 წლის შემდეგ დასუსტებული იყო.

- როგორ უპირისპირდება ამას თქვენი ხელისუფლება? - ხელისუფლება ძალიან სუსტია. ამიტომაც შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის რიგებს ყოველდღიურად ტოვებენ და გარბიან. ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ მაღალჩინოსნები და ბიზნესმენებიც.

მოსახლეობაში პანიკაა. არავინ იცის, დღეს რომ დაიძინებს, დილით ვის "ხელისუფლებაში" გაიღვიძებს, ან გაიღვიძებენ კი? რამდენიმე ქალაქის ციხეებში "თალიბანის", "ალ-ქაიდასა" და სხვა, შედარებით მცირე ტერორისტული ორგანიზაციების ყოფილი წევრი პატიმრები გაიქცნენ. მათ მიჰყვნენ მკვლელები, ქურდები, ყაჩაღები, ხელისუფლებაზე გაბრაზებული პირები, რომლებიც პოტენციური ტერორისტები არიან.

ეს "თალიბანის" შეტევების პარალელურად ხდება. ზოგიერთ ქალაქში შეაღწიეს კიდეც. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოფირი, თუ როგორ ყრიან იარაღს და გარბიან ჩვენი ჯარისკაცები. "თალიბებიც" ავრცელებენ ვიდეოებს, თუ როგორ შედიან ამა თუ იმ ადმინისტრაციულ შენობაში, პოლიციის განყოფილებაში, სამხედრო ნაწილში, სკოლებში... საცხოვრებელს ტოვებს მშვიდობიანი მოსახლეობაც. ჩვენი ქვეყნის თავდაცვა კი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალები პოზიციების დაცვაში სირთულეებს აწყდებიან. მოსახლეობას ერთადერთი, ეროვნული უსაფრთხოების ძალების იმედი ჰქონდა. ამერიკამ იცის, რომ ავღანეთის ცენტრალური ხელისუფლება ვითარებას ვერ გააკონტროლებს, მაგრამ მაინც გადიან. იმედია, ეს დროებითი ნაბიჯია და მას შემდეგ, რაც დაინახავენ, რომ ავღანეთის ხელისუფლება სუსტია, ახალი პროექტით დაბრუნდებიან.

- რა გაძლევთ ასეთი იმედის საფუძველს? - ამერიკამ ავღანეთში მილიარდობით დოლარი ჩადო. მართალია, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა იმ თანხით, მაგრამ რაღაც ცვლილებები მოხდა. ახლა კი ირკვევა, რომ ის თანხა წყალში გადაიყარა.

ის, რომ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ქაბულში რჩებიან, მცირე იმედს გვაძლევს, რომ ყველაფერი არ დასრულებულა. ამერიკის მოლოდინი, რომ ავღანეთს იმიტომ ვტოვებთ, ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებლად მუშაობენ და მოწინააღმდეგესაც გაუმკლავდებიანო, არ გამართლდა.

ქაბულს იქით სამოქალაქო ომი უკვე დაწყებულია. "თალიბანმა" ძალაუფლება თუ დაიბრუნა, უკან ასი წლით დაგვაბრუნებს. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ 50 წელი ავღანეთში სისხლის ღვრა არ შეჩერდება... საერთაშორისო ბაზების ავღანური ძალებისთვის გადაბარება "თალიბებისთვის" ჩაბარებას ნიშნავს. გაქცეულ სამხედროებს მოსახლეობაც მიჰყვება, ვინც სამშვიდობოს გაასწრებს, გადარჩება, თუმცა მათ ფეხდაფეხ მისდევენ თალიბები. ჩრდილოეთით, ტაჯიკეთთან საზღვრისკენ მიმავალ მთავარ გზებთან ლტოლვილთა უზარმაზარი ნაკადია. ისინი არავის უნდა თავის ქვეყანაში, მით უფრო, ავღანელები, მათ ხომ როგორც პოტენციურ ტერორისტებს, ისე უყურებენ. ამიტომ ტაჯიკეთმა საზღვრის კონტროლის გასაძლიერებლად დამატებითი ძალები გაგზავნა.

- რა ხდება ქაბულში, პანიკაა? - დიახ. აქ ინფრასტრუქტურა სრულყოფილად არასდროს მუშაობდა, მაგრამ ახლა ყველა სფეროში იგრძნობა, რომ მართვის მექანიზმი იშლება. რამდენიმე დღის წინ ელექტროგადამცემი დაბომბეს, არც დენი გვქონდა და არც ინტერნეტი. მსგავსი რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ ერთ დღეში აღადგენდნენ, ახლა ერთი კვირის შემდეგ ძლივს შეაკეთეს, მაგრამ ისევ დაბომბეს.

- როგორც ვიცი, "თალიბანი" თქვენც გემუქრებათ? - მე დუშმანები მას შემდეგ მემუქრებიან, რაც სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიასა და ორგანიზაციაში თარჯიმნად ვმუშაობ. თავიდან გადაბირება დამიპირეს, მეუბნებოდნენ, გამოსწორების შანსს ალაჰი ყველას აძლევსო, ანუ რომელიმე ობიექტში უნდა შევსულიყავი ბომბით. უარის შემდეგ, პატარა და მომიკლეს, როცა თანაკლასელებთან ერთად სკოლიდან ბრუნდებოდა. იმ დღეს 9 ბავშვი დაიღუპა. სასკოლო მანქანა აფეთქდა. ეს იყო პასუხი ჩემს უარზე... ამიტომ გარისკვას არ ვაპირებ. ბოლო წლებში მხოლოდ იმიტომ, რომ თარჯიმნები დასავლეთის ძალების სამსახურში იყვნენ, ასობით თარჯიმანი დახოცეს. ასე მოექცნენ ჟურნალისტებსაც. მათ ხშირად ხელისუფლების კორუმპირებული მაღალჩინოსნებიც ხოცავდნენ, იმიტომ, რომ მედიის წარმომადგენლები დასავლეთისთვის თვალის ახელას ცდილობდნენ. ზოგჯერ დასავლეთიც ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს. ასე რომ, ვერ დაველოდები, შვილებს ტერორისტებს ვერ ჩავუგდებ ხელში, ამიტომ უკვე ვცდილობ ქვეყანა დავტოვო და ევროპაში ან ამერიკაში თავშესაფარს მოვითხოვ. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელსაც საუკუნეა მშვიდობა არ ღირსებია, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. ომმა ბევრი ძვირფასი ადამიანი წამართვა: მამა და ძმები, ბიძაშვილები, მეგობრები, მათ შორის უცხოელები, რომლებიც ცდილობდნენ ჩემს ქვეყანაში რაღაც შეეცვალათ და ამას შეეწირნენ. ამიტომ უნდა წავიდე, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის ძალები მთლიანად გავლენ. ხალხი იმედგაცრუებულია, მაგრამ მაინც ჰგონიათ, რომ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.