"არავინ იცის, სხვა გამოქვაბულებში რა დაგვხვდება, თუკი იქ ასვლას შევძლებთ" - კვირის პალიტრა

"არავინ იცის, სხვა გამოქვაბულებში რა დაგვხვდება, თუკი იქ ასვლას შევძლებთ"

"სწორედ ყაჯირის მთა გასცქერის ივრის ხეობას, საიდანაც მტერი მოდიოდა. უდაბნოში შემოსაჭრელად სხვა გზა არ არსებობდა"

ყაჯირის მთა, იგივე სატორგე, რომელიც დავითგარეჯიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, იდუმალი ადგილია. ახლოდან ძნელად მისადგომი შორიდან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მისი კლდის უამრავ ქვაბულში ჯერაც ვიღაც ცხოვრობს. აქ ხალხი არა მხოლოდ სასწაულის ძალით ადიოდა, არამედ საუკუნეების მანძილზე კლდეში გასაოცარი სიჯიუტით კვეთდა ტაძრებს და ეს, ალბათ, აუცილებელიც იყო, რადგან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ სავანეებში, ხეობის ყველაზე მაღალ წერტილში, საზღვრის დამცველი ბერები ცხოვრობდნენ. ჰო, მართლა, ყაჯირი ფრინველს ჰქვია, სხვაგვარად ფასკუნჯსაც რომ უწოდებენ, რომელიც ფრთებს სწორედ ამ მთებში შლის ლაღად.

ანზორ მჭედლიშვილი, მკვლევარი:

- ყაჯირის მთა რომ განსაკუთრებული ადგილია ივრის ხეობაში, ამას მაშინვე იგრძნობ, როგორც კი ამ მიდამოებში მოხვდები. აქ ისეთი განცდა გეუფლება, რომლის აღწერა ძნელია და რომელიც იდუმალ სიამაყეს გიჩენს. დღეს აქ გამოკვეთილ სავანეთაგან ჩვენმა ეპოქამ მხოლოდ ორ ტაძარში შეაღწია. მათ შორის ერთი 30 წლის წინ აღმოჩნდა, მეორე კი ახლახან ჩვენმა ექსპედიციამ აღმოაჩინა. როდესაც შორიდან ვუყურებდით ყაჯირის კლდეს, იქ გამოქვაბული შევნიშნეთ, რომელშიც ეკლესია უნდა ყოფილიყო შედგმული. მოგვიანებით შევძელით და მიწიდან 20 მეტრზე მდებარე ამ გამოქვაბულში ალპინისტების მოწყობილობით ავედით. სწორედ აქ დაგვხვდა ის თაღოვანი ეკლესია, რომლის სილამაზემ და არქიტექტურულმა წყობამ მთელი საქართველო გააოცა. ყაჯირის სხვა გამოქვაბულებში კი არავის შეუღწევია. ან როგორ უნდა ახვიდე, მაგალითად, 50-მეტრიან კლდეზე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე?! არადა, ყაჯირზე ასეთი გამოქვაბული უამრავია.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კლდის ტაძარი ჩამოიშალა, მათთან ერთად კი მათი ულამაზესი ფრესკებიც გაქრა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ის გუმბათოვანი კლდის ტაძარი, რომელიც ბოლო დროს ყაჯირზე აღმოაჩინეთ, IX საუკუნისაა. მშვენიერი და მრისხანე დროა! მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საქართველო და მათ შორის, თბილისიც, არაბებს უპყრიათ, ტაო-კლარჯეთშიც და გარეჯის კლდეებშიც გაცხოველებული მშენებლობა მიმდინარეობს! - მშენებლობა სახელმწიფოს აღორძინებაა. სხვათა შორის, ყაჯირის ბერები, სავარაუდოდ, არა მხოლოდ მშენებლები და მლოცველები, არამედ მესაზღვრეებიც იყვნენ. მათ უნდა შეეტყობინებინათ მთელი უდაბნოსთვის მტრის შემოსევა. სწორედ ყაჯირის მთა გასცქერის ივრის ხეობას, საიდანაც მტერი მოდიოდა. უდაბნოში შემოსაჭრელად სხვა გზა არ არსებობდა.

ამ ტერიტორიაზე უამრავი კერამიკული ნიმუშია ნაპოვნი, რაც მეუდაბნოეთა წელგამართულ ცხოვრებაზე მეტყველებს, თუმცა უძველესი არქეოლოგიური კვლევებით, ამ ადგილების გაუდაბნოება აქ აღმოჩენილმა რკინის მარაგმა განაპირობა, რომლის დასამუშავებლად აქაური ტყეები ქრისტეს დაბადებამდე გაიჩეხა. მერე აქაურობა სამონასტრო ცხოვრებამ მოიცვა. ყაჯირის სამონასტრო კერების სიცოცხლე საბოლოოდ XVI საუკუნეში სპარსელთა ვერაგობას უნდა შეეწყვიტა, თანაც ისე, რომ აღარასდროს აღორძინებულა.

- სამწუხაროა, რომ ამ გამოქვაბულების გამოსაკვლევად არავინ ზრუნავს თქვენი ექსპედიციის გარდა, რომელსაც, თუ არ ვცდები, არავინ აფინანსებს... - დიახ, ასეა. ჩვენ, რამდენიმე კაცმა, არასამთავრობო ორგანიზაცია თავდაპირველად გასართობად შევქმენით, მაგრამ წლების განმავლობაში ჩვენმა ხეტიალმა ის იდუმალი განცდა შეიძინა, რომელსაც ასე იოლად ვერ ახსნი. აქურობა თითქოს მუდამ გეძახის, შეგახსენებს, რომ ძლიერთა შთამომავალი ხარ და თავადაც ძლიერი უნდა იყო. ამიტომაც ახლა ყაჯირის ყოველ წერტილს შორიდან თუ ახლოდან, შევყურებთ და რაღაც მნიშვნელოვანს ველით. ასე შევათვალიერეთ ყაჯირიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით ის გამოქვაბულიც, სადაც გუმბათოვანი ტაძარი დაგვხვდა. არავინ იცის, სხვა გამოქვაბულებში რა დაგვხვდება, თუკი იქ ასვლას შევძლებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებთ.

- გისურვებთ, მოახერხოთ... - გმადლობთ. ეს ძალიან ძნელია, თუ შესაფერისი დაფინანსება არ გვექნება, არადა, იქნებ ვინ იცის, იქ რა გველოდება დრო-ჟამს გადარჩენილი!