"რას ნიშნავს დაიმსახურა? შეიძლება ინჟინერიც მოიქცეს ცუდად, პოეტიც ან ექიმი, მაგრამ უნდა ვცემოთ?.." - კვირის პალიტრა

"რას ნიშნავს დაიმსახურა? შეიძლება ინჟინერიც მოიქცეს ცუდად, პოეტიც ან ექიმი, მაგრამ უნდა ვცემოთ?.."

"ვერ გავაცნობიერეთ, რომ ევროკავშირის დროშა და ჯვარი კონფლიქტში კი არა, ჰარმონიაშია ერთმანეთთან... ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა იმდენად ღრმა და ბევრნაირი კავშირით არის გამყარებული, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და თბილისის ცენტრში ცემა-ტყეპა ამ ურთიერთობაში არსებულ ტენდენციებს ვერ შეცვლის. საბედნიეროდ, ქართულ ღირებულებებზე ისინი კარგად არიან ინფორმირებული..."

5 ივლისის ცნობილ მოვლენებზე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურად აქტუალურ თემებზე პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრა (ინტერვიუ უკვე ჩაწერილი გვქონდა, როდესაც შევიტყვეთ, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის შემდეგ ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ამ ტრაგედიის შემდეგ დავით მაღრაძეს კვლავ დავუკავშირდით და ვთხოვეთ კომენტარი: "მინდა უდიდესი გულისტკივილით გამოვუცხადო სამძიმარი დაღუპულის ოჯახს. პირველ რიგში რაც მაფიქრდება, აუცილებელია საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, რათა კითხვები არ დარჩეს. ეს არის ინტერვიუში აღწერილი სიტუაციის ერთობლიობაში ყველა პრობლემის შედეგი").

შეგახსენებთ, რომ დავით მაღრაძის წიგნი, პოემა "ჯაკომო პონტი", აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე ითარგმნა. იმ აფხაზებმა და ოსებმა თარგმნეს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. წიგნი იორდანიის გამომცემლობამ ჩერქეზული დიასპორისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გამოსცა. პოემას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიდი ინტერესი მოჰყვა და დღემდე არ განელებულა. მთარგმნელები კი საქართველოს კულტურის სამინისტრომ ღირსების ორდენზე წარადგინა.

- 5 ივლისს რაც მოხდა, ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ იმ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც ამის გამომწვევი მიზეზი იცის, თუ რა იწვევს ასეთ დაუოკებელ აგრესიას და მკურნალობის რეცეპტიც იციან. შემიძლია თქვენთან ერთად ვიფიქრო და იქნებ რომელიმე ნაპირზე გაგვრიყოს და მიზეზის სათავეც ვიპოვოთ. ჩემი თვალსაწიერიდან ერთი რამ ნათლად გამოჩნდა, როგორი ლიბერალებიც ვართ, ისეთივე ქრისტიანები ვართ, ორივე მხარეს მძიმე პრობლემა გვაქვს. ვგულისხმობ, თუ რა ძევს ქრისტიანობის ან სულაც ლიბერალიზმის განზრახვაში, სახარების ოთხთავსა და ჯონ ლოკის "მმართველობის ორ ტრაქტატში". საინტერესოა, რამდენად აქვთ ნეოლიბერალებს საქართველოში ეს მიმართულება გააზრებული, ისევე, როგორც ქრისტიანობა - მოწადინე მორწმუნეებს. რატომღაც ფრაზეოლოგიიდან გავაქრეთ სიტყვა "ქრისტიანი" და ის მართლმადიდებელი ქრისტიანით ჩავანაცვლეთ, თითქოს ჩვენ გარდა არ არსებობენ ქრისტიანები... თუ ამ საზოგადო პრობლემის, ამ ისტერიკული დაპირისპირების სათავის ძიებას დავიწყებთ, ერთი ის ვიცი, რომ ძალიან შორს მიდის და ასე მარტივად არ იძებნება. ვფიქრობ, ეპოქის ტრენდი ასეთია - ღირებულებას კითხვის ნიშანი დაუსვა. ამ ტენდენციის მიზანი ის არის, რომ მოქალაქე კაცობრიობის ცუდისა და კარგის გამოცდილების გარეშე დარჩეს. ჩემში იმანუელ კანტის ზნეობრივ კანონს კითხვის ნიშანი უნდა დაესვას. როდესაც ადამიანებს შორის ყველა საყრდენი, რომელიც შეიძლება საუბრისა და ურთიერთობის საწინდარი იყოს, წინდაწინ მოშლილია, საგნობრივი კამათი და დისკუსია განწირულია და ყველაფერი ისტერიკულ დაპირისპირებაში გადადის. როგორც დოსტოევსკი წერს, როდესაც ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია.

- უღმერთობა გვჭირს? - როდესაც შეთანხმების მიღწევის ყველა საყრდენი მოშლილია, ეს არის ქაოსური ვითარების საწინდარი. დღევანდელ ვითარებას მორალური ქაოსის ეპოქას ვუწოდებდი.

ის, რითაც ამდენი საუკუნე ვამაყობდით და თავი მოგვწონდა: შემწყნარებლობა, თანაცხოვრების კულტურა, საფუძვლიანად საამაყო იყო, მაგრამ ეს დღევანდელი ეპოქისთვის არ კმარა. ახლა უკვე სხვა მოთხოვნა გაჩნდა - ეს ეპოქა ღმერთის აკრძალვას ითხოვს. არადა, უფლება-მოვალეობა, ეს ორი სიტყვა ერთად, ღვთაებრივ ჰარმონიას ქმნის, დაცალკევება კი მორალურ ქაოსს იწვევს. უფლება მოვალეობის გარეშე ქაოსია, მოვალეობა უფლების გარეშე კი - დიქტატურა. ორივე ერთად თანაცხოვრების კულტურას განაპირობებს და თუ ამ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში გადმოვთარგმნით, ეს კულტურა არა გვაქვს. არადა, სწორედ ამაშია საზოგადოების გადარჩენა და განვითარება.

ეპოქალურ პრობლემებს ადგილობრივიც ემატება - როგორც ვთქვი, როგორი ლიბერალებიც ვართ, ისეთი ქრისტიანები ვართ-მეთქი. იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოში ფარსი და პათეტიკა ჭარბობს ყველაფერში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი. პათეტიკა იკითხება ლექსში, რომანში, არქიტექტურულ ქანდაკებაში, ქორეოგრაფიაშიც. საბჭოთა წარსულიდან ფუყედ გადიდებული მონუმენტური ქანდაკებები დაგვყურებს, ასევე, პატრიოტულ ლირიკად გამოცხადებული სამშობლოს აღვირახსნილი სიყვარული ქართულ ლექსში; კერპები ჩავდგით ქალაქში, სადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაშესაყარის არაჩვეულებრივი ჰარმონია წარმოიშვა თავისი აივნებით, ბანებით, დუქნებით, გადაძახილებით, ვაჭრებით, ხელოსნებით და მეორე მხრივ, ამპირით. ასეთი საოცარი კულტურის ქალაქი დავსეტყვეთ პათეტიკური მონუმენტებით, სადაც ყველა თვალებს აკვესებს, იბრიქება და თავისი პათეტიკით აყალბებს ისტორიასა და აწმყოს.

შესაბამისად, გაყალბებული აწმყო მომავალსაც ატყუებს. ამას მძიმე წარსულიც ემატება, როდესაც მოსახლეობა არაერთგზის წააქეზეს საზოგადოების წინააღმდეგ, აუმხედრეს. XX საუკუნის 20-იან წლებს ვგულისხმობ. მას შემდეგ ეს ბრძოლა არ დასრულებულა. ყველა, ვინც ხალხში პოპულარული იყო, მოსახლეობის ამხედრებით საზოგადოების წინააღმდეგ იწყებს კარიერას. ჯერ სამიზნე იყო არისტოკრატია, შემდეგ "წითელი ინტელიგენცია", ჩარეცხილები... სამიზნე თითქმის ერთი და იგივეა, მხოლოდ სახელი ეცვლება, ხან ჩარეცხილები ჰქვიათ, ხანაც არისტოკრატია... ეს აგრესია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, გრძელდება - მოსახლეობა საზოგადოების წინააღმდეგ - ტენდენციად მკვიდრდება.

- ბოლო დროს ხშირად ითქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა, თუმცა... - ძალადობას არასდროს აქვს გამართლება, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის მიმართული. ის, რომ ვიღაც ამბობს, ჟურნალისტების სიძულვილის ენამ მიიყვანა მავანი აქამდეო, იმის უსუსური გამართლებაა, რაც მოხდა. რას ნიშნავს დაიმსახურა? შეიძლება ინჟინერიც მოიქცეს ცუდად, პოეტიც ან ექიმი, მაგრამ უნდა ვცემოთ?.. როგორი მიუღებელიც უნდა იყოს ჩვენთვის რომელიმე მათგანი პიროვნულად, ძალადობას ყველანაირად წინ უნდა აღვუდგეთ.

"იმედის" ჟურნალისტებს რომ დაესხნენ თავს, მაშინ პენცენტრის პრეზიდენტი ვიყავი. სწორედ იმ დროს ავსტრიის ქალაქ ლინცში საერთაშორისო პენკლუბის კონგრესი მიმდინარეობდა და ჩემი ინიციატივით კონგრესმა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობაო, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ მაშინ ხელისუფლებამ იძალადა მედიაზე, ახლა კი მოსახლეობის ნაწილმა იძალადა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს მიუღებელია. იმედია, გამოძიება ბოლომდე მიიყვანს საქმეს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ძალადობის ყველანაირი ფორმა მიუღებელია. ხომ ვთანხმდებით და გვწამს, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯას კარგი შედეგი არასდროს მოაქვს. შესაძლოა ისეთი დანაშაულის ფაქტზე მიამბოთ, რომ დამნაშავის სადიზმმა შემძრას და აგრესიამ იფეთქოს ჩემში, მაგრამ თუ სიკვდილის დასჯის წინააღმდეგი ვართ, ეს გამონაკლისების გარეშე უნდა იყოს, როგორი კატასტროფული და შემზარავი დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა.

ამის მაგალითად მოვიყვანდი ერთ, ქართველი საზოგადოებისთვის მართლაც ისტორიულ ფაქტს, როდესაც ილია ჭავჭავაძე მხეცურად მოკლეს, მისმა მეუღლემ ოლღა გურამიშვილმა მკვლელების შეწყალება ითხოვა, რათა ისინი სიკვდილით არ დაესაჯათ, რადგან თავად ილიას სურდა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმება. სწორედ ამ ინიციატივით შედიოდა სახელმწიფო დუმაში. ეს ხომ გასაოცარი სულგრძელობაა?.. როდესაც ვამბობთ, რომ ძალადობა მიუღებელია, მისი ნებისმიერი გამოვლინება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს მიუღებელი.

- საზოგადოების ნაწილის მოსაზრებით, მომხდარში წვლილი მიუძღვის საპატრიარქოს. კიდევ ერთი ვერსიით, ვითარება გამწვავდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, რადგან წაქეზებად აღიქვეს. - რაც ვნახე, ძალიან მძიმე საყურებელი იყო, ერთი ნაბიჯიც აღარ იყო დარჩენილი დაპირისპირებამდე, მაგრამ სახელმწიფო ჩადგა შუაში.

არ დავეთანხმები ვერსიას, რომ სახელმწიფომ რეაგირება დააგვიანა. მახსოვს, შტურმი პარლამენტზე, რომელიც ასევე ძალადობა მგონია, როდესაც პოლიცია იცავდა პარლამენტს, მაგრამ ვერ იცავდა საკუთარ თავს. საკუთარი თავის დაუცველობის ფასად მართლაც ძალიან ღირსეულად იცავდა პარლამენტს - 20 ივნისის ღამეს ვგულისხმობ. ღია ეთერში ვუყურებდი, როგორი ფიზიკური ზეწოლა და შეტევა იყო პოლიციაზე, მხოლოდ ფარები კი არ წაართვეს, გაიტაცეს კიდეც... იგივე შემიძლია ვთქვა პანკისის ხეობაში მომხდარზე, როდესაც პოლიციამ ძალზე დიდი მოთმინების უნარი გამოავლინა, რაც ვერ მოახერხა 7 ნოემბერს ან 26 მაისს, რადგან ბრძანების შინაარსი იყო სხვანაირი - ხელისუფლება მათ ხალხზე ძალადობისკენ მოუწოდებდა, აქ კი, პირიქით, მათი დაცვისკენ. დიდი განსხვავებაა. ცალკეულ შემთხვევებზე არ ვამბობ, რომელსაც შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა და ისინი, ვისაც გადაცდომა ჰქონდა, დაისაჯნენ.

მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლება ხომ ისტორიულმა შემთხვევითობამ მოიყვანა ხელისუფლებაში, ეს ხომ ევოლუციურად კი არა, რევოლუციურად განვითარებული პროცესების შედეგი იყო. ამ შემთხვევითი ადამიანებისთვის ხელისუფლება იმდენად ტკბილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მის დაკარგვას დღემდე ვერ ელევიან და მუდმივ პრობლემად იქცნენ. როგორც ხელისუფლებაში იყვნენ პრობლემა, ასეთივე არიან ოპოზიციაშიც. არც მაშინ აღიარებდნენ ცივილიზებულ ურთიერთობას და ახლაც ასე არიან. ხელისუფლებაში იყვნენ - ძალადობდნენ, ოპოზიციაში არიან და იმავე გზას მიჰყვებიან... პარლამენტზე შტურმს ვგულისხმობ და არა ახლანდელ შემთხვევას.

ახლა ყველაფერი იმიტომ გვიჭირს, რომ ასე გვგონია, ლიბერალობა და ქრისტიანობა ერთმანეთის ჯიბრზე უნდა არსებობდეს. არადა, ასე არ ხდება. საბედნიეროდ, უამრავი ჭეშმარიტად მორწმუნე სასულიერო პირი გვყავს, მაგრამ მაინც საქართველოში ქრისტიანობა თავიდან არის გასააზრებელი. საქადაგებელიც ახლიდან-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან უფლის მადლით თავის დროზე წმინდა ნინომ იქადაგა. თუმცა ის უნდა გავაცნობიეროთ, მოძალადე სასულიერო პირებშიც მოიძებნება, ჟურნალისტებშიც და სხვა წრის ადამიანებშიც, რადგან ეპოქაა ასეთი - ხელისუფლება შეიცვლება და ერთი და იგივე ადამიანები ხან სასულიერო პირებად გვევლინებიან, ხან ჟურნალისტებად, ხან მოსამართლეებად... თუმცა ამის განზოგადება მთელ სასულიერო სამყაროზე უმართებულო იქნება.

საპატრიარქოში რომ პრობლემებია, ეს წლების წინაც გამოჩნდა - წმინდა გიორგის ორდენით ისეთი ხალხი დაჯილდოვდა, მოტივი დღემდე გაუგებარია. ეს არც ძე შეცდომილის დაბრუნება იყო და არც მისი შენდობა, ორდენი პირდაპირ ნიშნავს - "მიჰბაძეთ მას". მისი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, გამგები გაიგებს. გაიხსენონ, ვისკენ გაიშვირეს ხელი, ვისთვის უნდა მიებაძა საზოგადოებას... ქრისტიანობის თავიდან გააზრება იმიტომ ვახსენე, რომ ქრისტე, ვისაც ამდენი საუკუნეა ხალხი თავისი აღმსარებლობით აღიარებს, სრულიად უქონელი, ეკლის გვირგვინით და ერთი მოსასხამით ავიდა ხის ჯვარზე გასაკრავად და ჩვენ მას ოქროს ჯაჭვებით თუ გავყვებით, მისკენ ვერ წავალთ. ეკლის გვირგვინი განაპირობებს თავზე ოქროს დიადემას...

საბჭოთა წლებში, როდესაც უამრავი ეკლესია-მონასტერი გაუქმებული იყო, პატრიარქს მათი ამოქმედებით სურდა, წირვა-ლოცვა ჩატარებულიყო და ხალხი რწმენისკენ მოექცია. ვფიქრობ, ამანაც განაპირობა ჩვენში სასულიერო პირების სიმრავლე, რადგან რთული პერიოდი იდგა და ყველა სასულიერო პირი ერთნაირად მაღალი რწმენით ვერ შეირჩეოდა.

პატრიარქის სურვილი, ყველა ეკლესიაში დარეკილიყო სიყვარულისა და რწმენის ზარი, წრფელი და მართალი იყო, მაგრამ მაღალი სულიერების მოთხოვნას ხომ ყოველთვის ვერ გაეცემა პასუხი... მაგრამ მათ კვალდაკვალ გვყავს ღირსეული სასულიერო პირები, ჭეშმარიტი მორწმუნეები, რომლებიც იმ დღეს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, თუმცა, ზომიერება გვღალატობს, ხშირად ემოციურობა ჭარბობს ჩვენში და სამწუხაროდ, ყველაფერი ერთმანეთში აირია.

რაც შეეხება პრემიერს, მის განცხადებაში მე წამქეზებლური ვერაფერი ვნახე. მას პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს წინაშე და თუ რა განწყობილებებიც იკითხებოდა ხალხში, პრემიერისთვის ნათელი იყო, ამიტომ ურჩია აქციის ინიციატორებს მსვლელობისთვის სხვა დისლოკაციის ადგილი შეერჩიათ. ის საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ელჩებივით გაიდლაინებით კი არ იცნობს ქვეყანას, მოსახლეობასა და მის განწყობებს, თავისი გამოცდილებით, სისხლითა და ხორცით, ოჯახითა და სულიერებით იცის. აქედან გამომდინარე ეძებდა გამოსავალს არსებულ ვითარებაში.

- რამდენად სწორად იპოვა? - საკმაოდ სწორად... ვიღაცისთვის შესაძლოა პარლამენტზე შეტევა არ იყოს ძალადობა და აქციაზე ძალადობა - იყოს. ოპოზიციის იმ ნაწილს ვგულისხმობ, ვინც ხელის მოთბობას ცდილობდა. თავად როდესაც ძალადობდნენ, ის არ ითვლება... ვინც არჩევნებით ვერ მოდის ხელისუფლებაში, ქაოსით ცდილობს მოსვლას, ყველა მისთვის ხელსაყრელი გზით. ის პოლიტიკური ბომჟი კი, მიხეილ სააკაშვილი, გააფთრებული ცდილობს რამე ააგოროს, ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალოს და ქაოსი გამოიწვიოს... ასე რომ, პრემიერი კი არ უნდა გადადგეს, პირიქით, როგორმე დაიცვას ქვეყანა რყევებისგან და მის განვითარებაზე იფიქროს. ნებისმიერი რამის გამო შეიძლება ყველაფერი უკონტროლო ძალადობაში გადაიზარდოს და ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება. ამიტომ ურჩია, რომ სხვა ადგილი მოენახათ. იცის იმ აგრესიის შესახებ, რაც ამ საზოგადოებებს შორის არის, მონაყოლით კი არა, საკუთარ ზურგზე აქვს გამოცდილი. ამის არიდებას შეეცადა, მაგრამ არც ერთმა მხარემ არ გადათქვა და ამიტომ გადაიზარდა იმაში, რაც ჩვენდა საუბედუროდ ვნახეთ. რაც ყველაზე ცუდია, ეს აგრესია, ეს პრობლემა არ გადაგორებულა. მეორე დღეს პოლიციამ ისინი უფრო ეფექტიანად გააშველა, მაგრამ აგრესია დარჩა. მისი საშველი და წამალი კი, არ ვიცი... ერთხელ შობის დღესასწაულს რომში შევხვდი. როდესაც ზარების ხმა გაისმა, მოედანზე უამრავი ადამიანი იყო. ნაწილი დისკოთეკაზე წავიდა, დანარჩენები კი პეტრეს ტაძარში წავედით. ოღონდ ეს ძალიან მშვიდად მოხდა, ყველანაირი დადანაშაულებისა და განკითხვის გარეშე, შობა თენდება და რა გინდა დისკოთეკაზეო. არც დისკოთეკაზე წასულები შემოგვსევიან, თქვე ჩამორჩენილებო და მარგინალებო, პეტრეს ტაძარში რა გინდათ, ჩვენთან ერთად გაერთეთო, და არც ჩვენ გვიფიქრია, რომ ისინი გარყვნილები იყვნენ. ძალიან მშვიდად, ურთიერთპატივისცემით გაიყო ჩვენი გზები. ეს არის ევროპა. ასე რომ, "წამალი" მაინც თანაცხოვრების კულტურა მგონია, რომელიც ოჯახიშვილობიდანაც მოდის და განათლებითაც ისწავლება. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მესმის, რომ განათლების რეფორმა მზადდება, მაგრამ რა არის ამ რეფორმის საფუძველი, რაში მდგომარეობის მისი მიზანი და საით მიემართება, ჯერ ვერ გავიგე. ამაზე არგუმენტირებულად ჯერჯერობით ვერავინ ლაპარაკობს.

- საქართველო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთებას აპირებს. თუმცა ამ ამბების კვალდაკვალ ორჯერ ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა. გაჩნდა მოსაზრება, ხომ არ შეიცვალა ქვეყანაში ტენდენციებიო. თავად როგორ ხედავთ ქვეყნის ხვალინდელ დღეს? - როგორც ჩანს, ჯერ სრულად ვერ გავაცნობიერეთ, რომ ევროკავშირის დროშა და ჯვარი კონფლიქტში კი არა, ჰარმონიაშია ერთმანეთთან.

ცოტა სიღრმისეულად რომ განვიხილოთ, ღირებულებათა სისტემა, რომელსაც ემყარება ევროპის აღორძინება, ჰუმანიზმის პრინციპებსა და ქრისტიანობის საფუძვლებზეა აღმოცენებული. კაცობრიობას ახსოვს, ინკვიზიცია ქრისტეს სახელით კეთდებოდა, მაგრამ ქრისტე რა შუაში იყო. არც ისე დიდი ხნის წინ შუაგულ ევროპაში ფაშიზმი დაიბადა, მაგრამ ამას ევროკავშირის დროშასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ევროპა ამაში დამნაშავე არ არის...

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა იმდენად ღრმა და ბევრნაირი კავშირით არის გამყარებული, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და თბილისის ცენტრში ცემა-ტყეპა ამ ურთიერთობაში არსებულ ტენდენციებს ვერ შეცვლის. საბედნიეროდ, ქართულ ღირებულებებზე ისინი კარგად არიან ინფორმირებული. ასე რომ, კონფლიქტი ჩვენშია, მოსახლეობაში, რომელიც ხან ევროპის სახელით ლაპარაკობს, ხანაც ქრისტესი და გვგონია, რომ ვისი სახელითაც ვლაპარაკობთ, მათ შორის არის კონფლიქტი. იმედია, ქართული სახელმწიფო ევროპისკენ სვლას სულხან-საბას გზით გააგრძელებს თავის ისტორიულ სივრცეში დასაბრუნებლად, რადგან ევროკავშირის დროშა ჯვართან კონფლიქტში კი არ არის, ევროპული აღორძინება, ქრისტიანობა და დიადი ჰარმონიაა.

ლალი პაპასკირი