"მძიმე სანახავი იყო, ერთ ადამიანს ბევრი რომ მიესია საცემრად - ერთ ცოდვას მეორით ვერ ვუშველით" - კვირის პალიტრა

"მძიმე სანახავი იყო, ერთ ადამიანს ბევრი რომ მიესია საცემრად - ერთ ცოდვას მეორით ვერ ვუშველით"

"გავიხსენოთ ციანიდი, უკრაინის ავტოკეფალია, რუსული გავლენა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი და ა.შ. ეს ყველაფერი პოლიტიკაა, ახლა კი ამას 5 ივლისიც დაემატა..."

5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარს სამართალდამცველები იძიებენ. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასა და ძალადობაში ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძეს, მუხრან დადვანს, ბაქარ მაისურაძეს, თორნიკე გაბლიანსა და ოთარ გელაშვილს. მათ ბრალად ედებათ 5 ივლისს "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტზე, "ტვ პირველის" ჟურნალისტებსა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორზე თავდასხმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გამოსულმა აგრესიულმა ჯგუფებმა 55 ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათგან 53 მედიის წარმომადგენელია.

საზოგადოების ნაწილი მომხდარში საპატრიარქოსაც ადანაშაულებს და თვლის, რომ ეკლესიას შეეძლო, ეს ფაქტები თავიდან აეცილებინა. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ძალადობა დაგმეს, თუმცა განაცხადეს, რომ ე.წ. პრაიდის მონაწილეების მსგავს ღონისძიებებს ყოველთვის შეეწინააღმდეგებიან.

მომხდარის შეფასება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, მამა ანდრია ჯაღმაიძეს ვთხოვეთ.

- გარეგნულად ეს ჩანს, როგორც ჩვენი მოქალაქეების ერთი ჯგუფის მიერ პროვოცირებული საზოგადოებრივი დაპირისპირება, ფიზიკური ანგარიშსწორების სამწუხარო ფაქტებით. სხვანაირადაც შეიძლება განისაზღვროს - ეს იყო წლების განმავლობაში გრანტებით დაფინანსებული ჯგუფის საშინაო დავალების პრეზენტაციის მცდელობა შემკვეთთა წინაშე, თუ როგორ მიზნობრივად და ეფექტურად დახარჯეს გამოყოფილი თანხა და შეძლეს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება"ლგბტ-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით.

- მოელოდით თუ არა მოვლენების ასეთ განვითარებას? - მოველოდით. ბევრ ადამიანს შესაძლო დაპირისპირების შესახებ ვაფრთხილებდით, მაგრამ ჩვენი არ ისმინეს. თუმცა ჟურნალისტების მიმართ აგრესია სრულიად მოულოდნელი იყო.

ვინც ე.წ. პრაიდს გეგმავდა, მხარს უჭერდა და აქეზებდა, ან არ იცნობენ ქართველ საზოგადოებას, ან განზრახ დაძაბეს ვითარება. საკუთარი თავის მიმართ აგრესიის გამოწვევით მომავალშიც შეიძლება დაფინანსების მიღება...

- რატომ გადაიზარდა ეს აქცია ჟურნალისტების ცემაში? - ეს გაუგებარი და მოულოდნელი იყო. შესაძლოა, ხალხი გაღიზიანებული იყო ტელევიზიების ნაწილის პოლიტიკით, შესაძლოა ვინმემ ასე დაგეგმა კიდეც. საპატრიარქომ იმ დღეს არაერთხელ მოუწოდა შეკრებილებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ, ჟურნალისტებზეც ითქვა...

- მაგრამ ხალხი მაინც აგრესიული იყო მედიის მიმართ... - ტელევიზიებმა ამ ადამიანების მოსაზრებებისთვის, დიდი ხანია, სივრცე არ დატოვეს, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ გინება შეურაცხყოფს მთქმელს, მიუხედავად იმისა, ქრისტიანად მიაჩნია მას თავი თუ არა.

მძიმე სანახავი იყო, ერთ ადამიანს ბევრი რომ მიესია საცემრად. ერთ ცოდვას მეორით ვერ ვუშველით.

- ამბობენ, საპატრიარქოს ხალხი რომ არ შეეკრიბა, არაფერი მოხდებოდაო... - ხალხი საპატრიარქოს არ შეუკრებია. მთელი თვე, ე.წ. პრაიდის ანონსების პარალელურად, მოსახლეობა გასაპროტესტებლად ემზადებოდა. როდესაც საპატრიარქოსთვის ცხადი გახდა, რომ ამ ღონისძიების გადადებას არ აპირებდნენ, ერთი დღით ადრე პარაკლისი დანიშნა. ლოცვას აგრესიული გულების დამშვიდება სჩვევია. თანაც საპატრიარქოს არაერთხელ შეუკრებია მორწმუნეები სხვადასხვა დღესასწაულსა თუ ლოცვაზე, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა.

- ეს ყველაფერი ეკლესიის დისკრედიტაციას ხომ არ გამოიწვევს? - გავიხსენოთ ციანიდი, უკრაინის ავტოკეფალია, რუსული გავლენა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი და ა.შ. - ეს ყველაფერი პოლიტიკაა, ახლა კი ამას 5 ივლისიც დაემატა.

- შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება? - სამწუხაროდ, არა, რადგან ისინი ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის სრულიად მიუღებელი ინტიმური ცხოვრების საჯარო დემონსტრირებაზე უარს არ ამბობენ.

- დღეს როგორია საპატრიარქოს პოზიცია? - ეკლესია ემიჯნება ცოდვას, ძალადობა იქნება ეს თუ სოდომური დაცემა, მაგრამ არ ემიჯნება ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს და მზადაა მიიღოს ყველა, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება...

ე.წ. ლგბტ-პრაიდის მომხრეებმა მოსახლეობის დიდი ნაწილი აიმხედრეს და ვინც მათ ინიციატივებს მხარს დაუჭერს, ყველა იმავე ხვედრს გაიზიარებს. თუ ე.წ. პრაიდის მომხრეები საქართველოში როდისმე შეძლებენ ასეთი ღონისძიების ჩატარებას, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი ეროვნული ღირსების დაკნინებისა და გახრწნისაკენ.

შემდეგი ნაბიჯი იქნება სკოლებში ლგბტ-ცნობიერების მასობრივად ამაღლება. გვახსოვს რამდენიმე წლის წინანდელი სკანდალი - საგანი "მე და საზოგადოება" და პედაგოგთა გადამზადების სარეკომენდაციო სახელმძღვანელოები, სადაც იყო თამაშები ბავშვებისთვის - აქტივობის სახით მათ უნდა განესახიერებინათ მეძავი და სხვა ლგბტ-პირები. მაშინ ეკლესიის დიდი ძალისხმევით საგნის რევიზია მოხერხდა. ეს გველოდება ამ შემთხვევაშიც. მაგრამ თუ მოსახლეობა ფხიზლად დახვდება ამ პრობლემას, საკუთარ შვილებს სკოლებში გაუგებარი იდეოლოგიის თავს მოხვევისგან დაიცავს.

- ზოგიერთი სასულიერო პირი არასათანადოდ იქცეოდა. ამას მოჰყვება თუ არა ეკლესიის რეაგირება? - რა ფაქტიც იარსებებს, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება.

- მომავალში მოვლენები როგორ უნდა განვითარდეს? - მეტი სიყვარულით, ურთიერთნდობითა და პასუხისმგებლობით გვმართებს ცხოვრება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.