"თურმე ახლანდელი ცხოვრება მესიზმრებოდა, მაგრამ ხომ ვიღვიძებდი?! ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება!" - კვირის პალიტრა

"თურმე ახლანდელი ცხოვრება მესიზმრებოდა, მაგრამ ხომ ვიღვიძებდი?! ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება!"

"ამ სოცქსელების შემხედვარემ ერთი რამ დავასკვენი - კაცი იქაურია, სადაურ "ფეისბუკზეც "პოსტავს. ჰოდა, მეც მანდ ვარ, საქართველოში"

თავიდან უბრალოდ დავხეტიალობდი ზღვაზე, რადგან პანდემიის დროს ერთადერთი, სადაც შეიძლებოდა მეტ-ნაკლებად თავისუფლად გევლო, სანაპირო იყო. ზღვამ და ქვებმა გადამარჩინა. ხმელთაშუა ზღვის ქვები ფანტასტიკური ფერისა და ფორმისაა. იქვე, პლაჟზე ვაწყობდი ფიგურებს, ვუღებდი ფოტოებს და გადავწყვიტე, სურათებად მექცია...

ნინო ქოქოსაძე - ექიმი, პოეტი, მთარგმნელი და ქვით მხატვარი კარგა ხნის წინ მისი ულამაზესი მინიმებით გავიცანი. მოგვიანებით, 2019 წლის შემოდგომის პირზე, სოციალურ ქსელში, ნინოს გვერდზე, ქვიშის შთამბეჭდავი მხატვრული პაზლი გამოჩნდა. ვლადიმერ მაიაკოვსკის შესანიშნავ მთარგმნელში ახალმა ნიჭმა იფეთქა, ქვის ენაც ესმა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე აკრეფილი ქვიშისგან ამბების, მოგონებების და პორტრეტების აწყობა დაიწყო. ის ახლა ისრაელში, ხაიფაში ცხოვრობს და სამშობლოდან შორს ქვების მინიმათი ისე შთამბეჭდავად გვიამბობს ყველაფერს, მეგობრები ხუმრობენ, ჩავიდა და ქვა ქვაზე არ დატოვა ისრაელშიო. თუმცა ყველაფერი წლების წინ თბილისში დაწყებულა, როდესაც საახალწლო ნაძვის ხეზე ნიჟარებით გაკეთებული წითელქუდა ჩამოკიდა. ხუმრობს, რაც ისრაელში ჩამოვედი, ქვების შეგროვების ჟამი დამიდგაო. ხაიფაში მისი ჩასვლიდან მალევე პანდემია დაიწყო და ზღვის ნაპირზე, მარტოდ მოსეირნე პოეტს ქვიშაც მუზად მიეახლა. შევეცადე მეც ამეწყო ნინოს შესახებ სტატია-პაზლი ან მინიმა.

პაზლი

- ქვებით ხატვა საოცრად აზარტულია. შეიძლება დაკარგო დროის შეგრძნება, ვერ მიხვდე დაღამებას, სანამ ბოლომდე არ მიაგნებ იმას, რასაც გონებით ხედავ. მუზა ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად მოდის. ქვას უცნაური ხასიათი აქვს, იუველირის სიზუსტეს გთხოვს, თორემ მილიმეტრით ადგილის შეცვლაც კი ხასიათს ცვლის. თავიდან უბრალოდ დავხეტიალობდი ზღვაზე, რადგან პანდემიის დროს ერთადერთი, სადაც შეიძლებოდა მეტ-ნაკლებად თავისუფლად გევლო, სანაპირო იყო. ზღვამ და ქვებმა გადამარჩინა. ხმელთაშუა ზღვის ქვები ფანტასტიკური ფერისა და ფორმისაა. იქვე, პლაჟზე ვაწყობდი ფიგურებს, ვუღებდი ფოტოებს და გადავწყვიტე, სურათებად მექცია... პირველად თიხაში ჩავსვი, მაგრამ ძალიან დამძიმდა და სივრცე დაკარგა. მერე ხის ჩარჩოებში ცხელი სილიკონით ჩავაწებე. ამ მეთოდმა გაამართლა. მეკითხებიან, მილიონ ქვაში სასურველს როგორ პოულობო. სწორედ ეგ მილიონი მკლავს, მინდა, ყველა წამოვზიდო, მაგრამ რამდენიმეს ვირჩევ და ვფიქრობ, რაც მოსასვლელია, მოვა. მერე ერთი რომელიმე ქვა მაძლევს იმპულსს, ანუ ვხედავ სახეს ან მოძრაობას და მასზე ვაწყობ იმ ფორმებს, რომლებიც მჭირდება... უკვე იმდენი ნამუშევარი მაქვს, არ ვიცი, სად შევინახო. მინდა, საქართველოში ჩამოვიტანო და გამოვფინო.

პანდემია

- როცა შენ აღარ ხარ, ცხოვრება კი გრძელდება, ეგ არის სიკვდილი. როცა ხარ და ირგვლივ ყველაფერი შეწყდა, ეგ არის კარანტინი, შებრუნებული სიკვდილი. ხომ დამთავრდება, როცა იქნება, ეს პანდემია?!

ბავშვობიდან მოყოლებული, ხშირად ვხედავდი ერთი და იმავე შინაარსის სიზმარს: ვითომ დავდივარ ცარიელ ქუჩებში, ირგვლივ ყველაფერი გაჩერებულია და მე ვარ უზომოდ შეშინებული. არასდროს მინახავს ეს სიზმარი ბოლომდე, ყოველთვის გულგახეთქილს მეღვიძებოდა. თითქოს არც არაფერი - არც ურჩხულები, არც კატაკლიზმები, მხოლოდ სიჩუმე და სიცარიელე, მაგრამ ყველა კოშმარზე უარესი იყო. თურმე ახლანდელი ცხოვრება მესიზმრებოდა, მაგრამ ხომ ვიღვიძებდი?! ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება!

ექიმობა

ბევრმა არ იცის, რომ ეს უნაზესი ქალი "ტანკისტი იყო ომამდე" (ისრაელში ბოლო ომს ვგულისხმობ). თბილისის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს ოფიცრის სამხედრო წოდებაც აქვს.

- ექიმს შეიძლება არჩევამ მოუწიოს მძიმე (უიმედო) პაციენტსა და საშუალო სიმძიმის პაციენტს შორის, თუკი ორივეს დახმარება არ შეუძლია და ეს არჩევანი ყველაზე რთულია. თავის დროზე, როცა კატასტროფის მართვის ამ პრინციპს გავეცანი, შოკი მივიღე, მაგრამ მივხვდი, ეს ლოგიკურია. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორია, ვინმეს მიუსაჯო სიკვდილი. თან შესაფასებლადაც რა რთულია! შეფასებას კი აქვს ერთადერთი კრიტერიუმი - პაციენტის გადარჩენის შანსი. ნებისმიერი სხვა კრიტერიუმი: ასაკი, სქესი, ეროვნება, რელიგია, სოციალური მდგომარეობა და ა.შ. უვარგისია. სხვათა შორის, ექსტრემალური სიტუაციის დროს ექიმს გმირობა და თავგანწირვა არ მოეთხოვება, პირიქით, მან თავი უნდა დაზოგოს, რომ ბევრის დახმარება შეძლოს. ეს ურთულესია და ექიმებს რომ ლანძღავენ, გული მეწურება...

ისრაელი

ისრაელის ტრასებზე ტრაფარეტებს რომ ვკითხულობ, მგონია, სახარებაში ვმოგზაურობ. ახლახან ნეთანიას ჩავუარე... საოცარი ქვეყანაა. ომის დროს, 14 მაისს, ცხრის წუთებზე გაისმა განგაში. თეორიულად ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა, ამიტომ მშვიდად მოვკიდე ხელი წყლით სავსე ბოთლს და კიბით (და არა ლიფტით) ჩავედი ბუნკერში. მესმოდა გაბმული სირენა და აფეთქების ხმა, მაგრამ ნერვიც არ შემტოკებია. მგონი, გავხდი "უშიშო, ვითარცა უხორცო"."თან მე ხომ ბევრი ომი გადავიტანე... გული მწყდება, როდესაც ქართველები წერენ, 26 საუკუნე შევიფარეთ ებრაელები და ეგენი კიდევ გვაძევებენო. ალბათ, ჰგონიათ, რომ ქართველი ებრაელები ჰკარნახობენ ისრაელის სახელმწიფოს ემიგრაციის წესებს. ჰგონიათ, ისრაელში მარტო ქართველი ებრაელები ცხოვრობენ? აქ არცთუ ისე ბევრნი არიან და მათ არავინ ჰკითხავს არალეგალებთან ურთიერთობას. ისე, კარგი იქნება, ქართველებიც ისევე იცავდნენ საზღვრებს, როგორც ებრაელები... ფრანგებით დაწყებული, ეთიოპიელებით დამთავრებული, ყველა ჯურის ხალხია ისრაელში, ძირითადად, კანონმორჩილი მოსახლეობა. აქვთ კარგი ჯანდაცვის სისტემა და, რაც მთავარია, ენდობიან მას. ამიტომაც, რომ ითქვა, უნდა ავიცრათო, განხილვის საგანი არც ყოფილა. პიარკამპანიაც მაღალი დონის იყო. სატელევიზიო გადაცემაში ნეთანიაჰუს ვაქცინაციაზე ყველაფერს ეკითხებოდნენ (სისულელესაც კი) და ის ყველას სერიოზულად პასუხობდა.

პანდემიის დროს ბევრმა დაკარგა სამსახური, მაგრამ კარგ სოციალურ დახმარებას იღებდნენ. აქაურობას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ებრაელებს საქართველოსნაირი ბუნება რომ ჰქონდეთ, ალბათ, ფანტასტიკურ ამბებს დაატრიალებდნენ, რადგან ერთ დროს უდაბნოდ წოდებული ისრაელი ახლა წალკოტია. ამდენი ყვავილი ბუნებაში თუ არსებობდა, არ მეგონა.

ქუჩაში ხშირად შეხვდები ავტომატიან გოგო-ბიჭებს. აქ ისინი უყვართ და პატივს სცემენ. თურმე 70-იანებში საქართველოდან ჩასულები შვილებს ჯარში არ უშვებდნენ და კანონიც მიუღიათ მათი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ამ კანონს ახლა არავინ იყენებს და მალე გააუქმებენ კიდეც.

ძალიან მენატრება საქართველო, მაგრამ თავს ვიმშვიდებ - ასეთია ქალის ბედი, ქმრის სამშობლოს უნდა შეეგუოს, თუმცა, ჩემი ქმარი ისრაელში არასოდეს ყოფილა, ის სამუდამოდ დარჩა თბილისის ებრაულ სასაფლაოზე. ერთი წელია, რაც აქ ვარ და სამი დიდი ლოკდაუნი გადავიტანეთ. ქუჩაში ხეტიალს ისევ ვერიდებით... ამ სოცქსელების შემხედვარემ ერთი რამ დავასკვენი - კაცი იქაურია, სადაურ "ფეისბუკზეც "პოსტავს. ჰოდა, მეც მანდ ვარ, საქართველოში. ჩამოვალ და გამოფენას მოვაწყობ, მაგრამ ამდენი ქვის წამოღება არ გინდა?!