როგორ იქცა პოლიეთილენის ბოთლების სახურავი ტელეფონის კაბელად
12-07-2021
როგორ იქცა პოლიეთილენის ბოთლების სახურავი ტელეფონის კაბელად
"ნიგერიელები საოცრად მხიარული ხალხია, მაგალითად, ყოვლისმომცველ კორუფციას დიდ უბედურებად ვერ აღიქვამენ. დღესაც უამრავ ტომად არიან დაყოფილი და ტომის ბელადებიც ჰყავთ. მათთან ვერ მოიწყენ - ცეკვავენ და გაცეკვებენ. დიახ, მეც ვიცეკვე, თუმცა უფრო იმის საჩვენებლად, რომ საუკეთესო ცეკვები სწორედ ჩვენ გვაქვს"

გიყვარს სამშობლო? - კითხვა,­ რომლის პასუხად ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, ალბათ, გაოცდება, ნაწილი კი მხრებს აიჩეჩს,­ ეს რა კითხვააო?! სანდრო­ ლილუაშვილმა, ბევრისაგან განსხვავებით, ამ კითხვას სიტყვით კი არა, საქმით უპასუხა, -
ყოფილი ბანკირი პოლიეთილენის კოშმარისგან ტელეფონებისთვის USB -კაბელებს ამზადებს.

- არც ისე დიდი ხნის წინ საბანკო ოფიცრად ვმუშაობდი, რაც ნიშნავს, რომ ასეულობით საბანკო ბიზნესსესხის დინებას ვაკვირდებოდი და თან ვსწავლობდი. მოკლედ, მალე დავრწმუნდი, რომ ბიზნესში არაფრად ვაგდებთ სიზუსტესა და ბუღალტერიას, ასე, ჰაერზე ვსაქმიანობთ, ბიზნესისთვის აუცილებელი ხარჯით კი
შეგვიძლია ძვირფასი საათი ან ავტომანქანა ვიყიდოთ და ვიკეკლუცოთ, რასაც, ცხადია, მარცხი და ვალი მოჰყვება.
როცა საქმეზე ფიქრი დავიწყე, ეს შესაძლებლობა გამოვრიცხე. ამასთან ერთად, არც უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანა მინდოდა, რომ ისედაც მაღალი ინფლაციის ზრდაში ჩემი წვლილიც არ შემეტანა. აი, ასე მოვიფიქრე პოლიეთილენის ბოთლებისაგან USB -კაბელების დამზადება, რაც ასევე ტონობით შემოგვაქვს უცხოეთიდან.

- პოლიეთილენი მართლაც სატანჯველად გვექცა...
- არამხოლოდ პოლიეთილენი... საუბედუროდ, უამრავი ანტიეკოლოგიური პრობლემა გვაქვს, რომელთა მოგვარებაზე ფიქრიც გვეზარება. მე, მაგალითად, შხამიანი გამონაბოლქვი ისე მაწუხებს, ელექტრომობილების შემოზიდვაში აქტიური მონაწილეობა დავიწყე. ამ ეტაპზე ეკოლოგიურ, მაღალი სტანდარტის მოტოციკლეტებს ვუწევ პროპაგანდას. თავადაც მოტოციკლისტი ვარ. საცობებით გადატვირთულ თბილისში მოტოციკლეტით რომ არ დავდიოდე, ვერაფერს მოვასწრებდი, თუმცა პოლიეთილენის თემა მაინც განსაკუთრებით მტკივნეულია.

ვისაც სადაც გაუხარდება, ამ საშინელებას იქ ტოვებს; პოლიეთილენის­ ბუნკერებში გადაყრასაც მძიმე შედეგი მოსდევს - ის ნიადაგს ანადგურებს, თანაც ძირითადი მასა მდინარეებს მაინც ზღვებსა და ოკეანეებში ჩააქვს, სადაც ილექება.
არც კი მახსოვს, თავდაპირველად რამდენი­ ქიმიური ცდა ჩავატარე, მაგრამ არაფერი გამომივიდა - ბოთლისაგან კაბელი არ გამოდიოდა. ბოლოს ბოთლის სახურავებმა მიშველა. სწორედ მათგან დავამზადე შესანიშნავი კაბელი. ამის მერე მალევე პირველი ქართული USB -პარტია გამოვუშვი და ამოვისუნთქე. ამ ემოციას ვერანაირ საქმიანობას ვერ შევადარებ!
თან გარემოს ვასუფთავებთ, თან პროდუქციას ვქმნით, რომელიც, თუ დაზიანდება, კვლავ ჩავიბარებთ და ახალ პარტიას გამოვუშვებთ.

- მხოლოდ სახურავები გჭირდებათ? ისინი­ ხომ ძნელი შესაგროვებელია.
- არა მგონია, პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულის შეგროვება გაგვიჭირდეს. მთელი საქართველო ყოველდღე ნაგავში ტონობით პოლიეთილენს ყრის. სულ ახლახან სოციალური ქსელი ბოლნისელ ახალგაზრდას ლანძღავდა, რომელიც საჯარიმო სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ საკუთარი კაფედან მდინარე ქციაში ბევრი ბოთლი გადაყარა, არადა, ხალხი ამავე რაოდენობის ბოთლს წყალში ნაწილ-ნაწილ ყრის.

ბოთლების შეგროვების საკითხი ასე გადავწყვიტე - მივმართე მოსახლეობას, განსაკუთრებით - ბავშვებს, რომ თუკი პოლიეთილენის 100 ბოთლს ჩამაბარებენ, რითაც ქვეყნისთვისაც უდიდეს საქმეს გააკეთებენ, მე USB -კაბელით დავაჯილდოებ. ზოგი­ერთმა სკოლაში ამ თემაზე პრეზენტაციაც გააკეთა.
მალე ამუშავდება საწარმო, რომელიც ამ ბოთლებისაგან სინთეტიკური­ ბამბის დამზადებას დაიწყებს.

- მზად ვარ, მხსნელი გიწოდოთ. მგონი, ასეთი პრეცედენტი არც არსებობს.
- ალბათ, მართლაც არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვიპოვე ადგილი, სადაც პოლიეთილენის ბოთლის სახურავებისგან სატელეფონი კაბელებს ამზადებდნენ. სხვათა შორის, ბოლნისში ის აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მოვინახულეთ. მან ჩვენთან ერთად დაასუფთავა მდინარე ქცია, მერე კი შეგვპირდა, რომ ამიერიდან კაფეში დაგროვილ ბოთლებს ჩვენ შეგვინახავს.

- ვიცი, რომ თქვენი სიახლე ნიგერიაში ინერგება. ეს როგორ მოხერხდა?
- ნიგერია ნარჩენ პოლიეთილენსა და პრობლემებს მიაქვს. საბედნიეროდ, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ქვეყანას პრობლემის მოგვარებაში ეხმარებიან და ჩემს შესახებ ინფორმაციაც სწორედ მათ მიაწოდეს.

- და რა ნახეთ იმ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოს ექსტრემიზმით აოცებს?
- მოკლედ თუ გეტყვით, დღეს იქ ჩვენი­ შევარდნაძის ეპოქაა, მაგრამ ნიგერიელები საოცრად მხიარული ხალხია, მაგალითად, ყოვლისმომცველ კორუფციას დიდ უბედურებად ვერ აღიქვამენ. დღესაც უამრავ ტომად არიან დაყოფილი და ტომის ბელადებიც ჰყავთ. მათთან ვერ მოიწყენ - ცეკვავენ და გაცეკვებენ.
მოკლედ, ნიგერიელები ძალიან დაინტერესდნენ პოლიეთილენის გადამუშვებით, ასე რომ, ამ ქვეყანაში სტუმრობა არაერთხელ მომიწევს. მით უფრო, რომ ნიგერია დიდი ქვეყანაა, დიდი ბაზარი აქვს.

- წარმატება მინდა გისურვო...
- გმადლობთ. ჩვენს ქვეყანას ჩვენ გარდა ვერავინ ააშენებს. არავის უყვარს ის ჩვენზე მეტად, ჰოდა, საქმე თავად უნდა ვაკეთოთ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები