"სიცოცხლის ბოლო 7 წელი ლოგინს მიჯაჭვულმა გაატარა და ამ თემის შეხსენებით ვეღარ ვაწუხებდი. მერე საერთოდ გავანებე თავი, არ მომიკვდეს-მეთქი..." - კვირის პალიტრა

"სიცოცხლის ბოლო 7 წელი ლოგინს მიჯაჭვულმა გაატარა და ამ თემის შეხსენებით ვეღარ ვაწუხებდი. მერე საერთოდ გავანებე თავი, არ მომიკვდეს-მეთქი..."

ნატალია ქიზიყელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. 9 წლის იყო, როცა ყური მოჰკრა ქალების ჩურჩულს: ეს ის გოგონაა, რომელიც იშვილესო? შემდეგ იყო მდუმარებაში გატარებული ბევრი წელი, რადგან არ უნდოდა, თავისი კითხვებით გამზარდელი მშობლებისთვის გული ეტკინა. თუმცა, მაინც დადგა დღე, როცა კითხვების დასმა საჭირო გახდა:

- მას მერე, რაც ჯგუფში "ვეძებ" დავდე პოსტი, დამირეკეს და მითხრეს: შენი ბიოლოგიური მამა ვინმე თევდორე პოპოვია. ბავშვთა სახლიდან ხარ გაშვილებული, მეტი არაფერი ვიცით. მამას თუ იპოვი, ის გაგიყვანს დედის კვალზეო. როცა კითხვები დავსვი, - ჩვენ მეტის თქმის უფლება არ გვაქვს, ესეც რომ გითხარით, დავაშავეთო, - მიპასუხეს.

ამის შემდეგ, გამოვითხოვე საბუთები იუსტიციის სახლში. გავიგე ჩემი დაბადების თვე, წელი, რიცხვი. ინტერნეტით ვეძებდი თევდორე პოპოვებს. რუსეთში კი არის ამ სახელის და გვარის ბევრი ადამიანი, მაგრამ მათ როგორ შევწვდები? მით უმეტეს, დაბადების ადგილად თბილისი მიწერია და აქვს კი აზრი იქ ძებნას?..

საქართველოში ასეთი სულ ორი ადამიანი ფიქსირდება: ერთი საქმოსანი გახლავთ, მეორე რუსთავში ცხოვრობდა თურმე, მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენი. სახლში, სადაც წესით ის უნდა ცხოვრობდეს, წლებია არავინ დაუნახავთ...

რაც შეეხება ამ მეორე ადამიანს, მას დაურეკა ჩემმა ნათესავმა, მან კი უპასუხა, - საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ჩამოდით და მნახეთო. თბილისში ჩავედი დაქალთან ერთად. ცოლიც გვერდით ჰყავდა. მითხრა, ბავშვი არ გამიშვილებია, მაგრამ თუ გინდა, დნმ-ტესტი მაინც გავიკეთოთო. სამწუხაროდ, მე ამის საშუალება არ მაქვს, თორემ რა პრობლემაა? პირბადე მეკეთა და მთხოვა, ჩამოწიეო, თან ისე მაკვირდებოდა სახეზე, ვიფიქრე, რამე ხომ არ ეეჭვება-მეთქი? მაგრამ - არა, რაღაც გეშლებათო...

- იქნებ ის მართლაც არ არის, თორემ თუ საქმიანია და ფეხზე მყარად დგას, ეჭვი რომ ჰქონდეს ან ბავშვი ჰყავდეს დაკარგული, ტესტის თანხას თავად გადაიხდიდა... მეორე ამ სახელისა და გვარის მქონე ადამიანი საქართველოდან წასულია? - ან წასულია, ან გარდაცვლილი, ვერ მივაგენი... თუ მამის სახელით და გვარით გამომწერეს სამშობიაროდან, ე.ი. ეს კაცი თავის ცოლს გვერდით ედგა, ასე არ არის? ჰოდა, იქნებ მათ მოპარეს ჩემი თავი? ასეთი ფაქტები ხომ იმ დროს ხშირად ხდებოდა... იქნებ მეძებდნენ კიდეც ან მკვდარი ვგონივარ მათ?..

იუსტიციის სახლში მოძიებულ საბუთში უკვე ნატალია ქიზიყელი მიწერია, მაგრამ ასათიანის 9 ნომერში გამოთხოვილ საბუთში იძებნება ნატაშა პოპოვა. ანუ გაშვილების შემდეგ სახელი დამიტოვეს. დაბადების ადგილად თბილისი წერია. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ დედა რუსი იყო, აქ იმშობიარა და მერე წავიდა. მოკლედ, ჩიხში ვარ...

- როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ? - 9 წლის ვიყავი, როცა დედას ბიძა გარდაეცვალა. სამძიმრის სათქმელად წავიდა ჩემი ოჯახი და მეც წამიყვანეს. გავიგონე, ერთმა ქალმა მეორეს გადაულაპარაკა, ეს არის ის გოგო, რომ იშვილესო? ჩუმად ვიტირე, მაგრამ მშობლებისთვის არაფერი მითქვამს. საოცრად კარგი მამა მყავდა, დიდ პატივს ვცემდი და ჩემი კითხვებით ვერ ვაწყენინებდი... - როდის გაუმხილეთ მშობლებს, რომ სიმართლე იცოდით? - მამამ სიკვდილის წინ ნათესავებს სთხოვა თურმე, გინდა თუ არა, ჩამომიყვანეთ ჩემი გოგოო, მაგრამ ცოცხალს ვეღარ ჩავუსწარი. ვინ იცის, რის თქმას აპირებდა... მისი გარდაცვალებიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, დედას სიმართლეში გამოვუტყდი. ფრთხილად ვთხოვე მოეყოლა ჩემ შესახებ. თავს იკავებდა და ყოველ ჯერზე ისე ნერვიულობდა, უკან ვიხევდი... მით უმეტეს, სიცოცხლის ბოლო 7 წელი ლოგინს მიჯაჭვულმა გაატარა და ამ თემის შეხსენებით ვეღარ ვაწუხებდი. მერე საერთოდ გავანებე თავი, არ მომიკვდეს-მეთქი... დედას ერთი ჩემი მეგობრისთვის მოუყოლია: 5 დედმამიშვილი არიან. დედა რუსი ჰყავდა და მან მომაშვილა. ლუდმილა ერქვა იმ ქალს და ნატო ზედგამოჭრილი დედააო. ე.ი. ნანახი ჰყავდა, ხომ? ისიც ვიცი, რომ ჩემში ფულია გადახდილი, ნაყიდი ვარ. თავის დროზე გამზრდელმაც მითხრა ეგ და მერე ნათლიაჩემის დედამაც დაადასტურა, რაღაც თანხა მისცეს ოჯახსო. მე ვიცოდი, რომ 600 მანეთი გადაიხადეს ჩემში და მანამდე ვაჟი რომ ჰყავდათ აყვანილი, მასში 800 მანეთი ჰქონიათ გადახდილი.

- ანუ ვაჟიც ჰყავდათ აყვანილი? - ჩემამდე თავშესაფრიდან ბიჭი აუყვანიათ, მაგრამ მას პატრონები გამოსჩენია და იძულებული გამხდარან, უკან დაებრუნებინათ. მერე მე ამიყვანეს. ნათესავებს უკითხავთ მაშინ: ისევ ბიჭი რატომ არ აიყვანე? ეს შეუხედავი და გამხდარი გოგო რამ მოგაყვანინათო? ამათ უთქვამთ: ამას პატრონი არ ჰყავს და იმიტომო. რადგან ერთი აყვანილი ბავშვი წაართვეს, ალბათ ეშინოდათ, მეორეჯერაც იგივე არ დამართნოდათ და რაღაცები გაითვალისწინეს... თუმცა, მიუხედავად ამ ამბების გაგებისა, ხანდახან მაინც მგონია, რომ მოპარული ვარ. აბა, რას ნიშნავს, პატრონი არ მოიკითხავს? მით უმეტეს, რომ ბიოლოგიურმა მამამ თავის დროზე მომცა გვარი...

ერთი ეჭვიც მიღრღნის გულს, იქნებ აქ არ ვარ დაბადებული? შეიძლება ჩამომიყვანეს იმისთვის, რომ გავეშვილებინეთ? ერთმა ისიც მითხრა: როგორც ვიცი, დედაშენი იყო რუსი, აქ გაგაჩინა, დაგტოვა და ისევ რუსეთში წავიდა. შენ გარდა კიდევ ჰოლია შვილებიო. კაცმა არ იცის, რომელი ვერსიაა სიმართლე, მაგრამ გული იმას კი ნამდვილად მიგრძნობს, რომ დედმამიშვილები სადღაც მართლა მყავს...

არსებობს კიდევ ერთი ვერსია: მითხრეს, რომ დედა თავის დროზე ვიღაცამ შეაცდინა, მერე იმ კაცმა ცოლად არ მოიყვანა, მაგრამ მე მაინც გავჩნდი. ჰოდა, ამ გოგოს დედამ სახლიდან გაგაშვილა, შენს გამზრდელ დედას და დეიდას გადასცა შენი თავიო. თუმცა...

ვინ იცის, იქნებ ჩემ გარშემო მყოფებმა უფრო მეტი იციან ჩემ შესახებ, მაგრამ რაღაცის ეშინიათ. დარწმუნებული ვარ, ნათლიაჩემის დედაც მიმალავს ყველაფერს...

- რატომ ხართ ამაში დარწმუნებული? - ეს ქალი თავის დროზე ექთნად მუშაობდა პირველ სამშობიაროში, სადაც მე დავიბადე. ახლა ლამის ამნეზია დაიმართოს, არაფერი მახსოვსო. ხან იმას ამბობს, პირადაპირ სამშობიაროდან გამოგიყვანესო და ხან მიმტკიცებს, ბავშვთა სახლიდანო, სულ ამირია თავგზა. ვფიქრობ, ამ ქალის დახმარებით მიშვილეს ჩემმა გამზრდელებმა... როგორც რაღაც წყაროებიდან ირკვევა, ამ სამშობიაროს ჰქონია ცალკე ბლოკი, სადაც გადაჰყავდათ მიტოვებული ან მოპარული პატარები. ჰოდა, რა გარანტია მაქვს, რომ დედას არ მოპარეს ჩემი თავი და იმ ბლოკიდან ჩვილ ბავშვთა სახლში არ გადამიყვანეს, სადაც ცოტა ხანი გამაჩერეს და რომ დარწმუნდნენ, სახიფათო აღარ იყო ჩემი გამოჩენა, მერე გამაშვილეს? დაახლოებით 2 წლისა ავუყვანივარ გამზრდელ დედ-მამას. დაბადების მოწმობაში მიწერია თარიღი: 1979 წლის 10 ივლისი, მაგრამ თავად მოწმობა აღებულია 1981 წლის 30 აპრილს.

- ნატო, თავად რამდენი შვილი გყავთ?

- 4 შვილის დედა ვარ. მეუღლისა და ბავშვების გარდა, მხარში თითქმის არავინ მიდგას. მშობლები რომ დამეღუპნენ, ბიძამაც გამომიშვა იმ სახლიდან, რომელიც რაიონში გვქონდა, - შენ ჩვენი გვარის არა ხარო. როგორც ვიცი, მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დედას მოტყუებით, რაღაც მინდობილობაზე მოაწერინა ხელი და მერე გადაიფორმა. ასეა, თითქმის ყველამ ზურგი მაქცია იმის გამო, რომ მათი სისხლი და ხორცი არ ვარ...

- დაბოლოს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურს? - თუ ამ სტატიას წაიკითხავს ვინმე ისეთი, ვინც ჩემ შესახებ სიმართლე იცის, უმორჩილესად ვთხოვ, გააკეთოს სიკეთე, გამიმხილოს. თუნდაც მე ნუ მეტყვის, ვინმე სხვას უთხრან. ჩემთვის მთავარია ვიცოდე, ვინ ვარ და პირობას ვდებ, თუ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს ჩემი გამოჩენა არ მოუნდებათ, არ გამოვჩნდები! იქნებ ოჯახები ჰყავთ და არ უნდათ მათმა ახლობლებმა გაიგონ ჩემ შესახებ, ესეც გასაგები იქნება. სხვის უბედურებაზე არ ავაგებ საკუთარ ბედნიერებას. მეც ოჯახი მყავს და ცუდად ვერ მოვქეცევი ადამიანებს. არავის განსჯის უფლებაც არ მაქვს. გასაგებია, შეიძლება შეეშინდეთ აღიარების, მაგრამ ჩემთვისაც ხომ არ იყო ადვილი, რომ მივადექი ვიღაც კაცს, რომელსაც ცოლშვილი ჰყავს და მივახალე, იქნებ შენი შვილი ვარ-მეთქი. მისი ცოლი გაშტერებული მიყურებდა და უკან რომ ვბრუნდებოდი, მანქანაში ტირილი ამიტყდა, სიმწრის ცრემლები მახრჩობდა, ამხელმა ქალმა ეს რა გავაკეთე, როგორ მივადექი უცხო კაცს-მეთქი?! კიდევ კარგი, ღირსეული ხალხი აღმოჩნდა და არ გამომაგდეს იქიდან...

თუ ბიოლოგიურ მშობლებს და და-ძმებს არ ვენდომები, მათ არ შევაწუხებ. მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ: რა მოხდა? და ამოვისუნთქებ, ის მაინც მეცოდინება, ვინ ვარ.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად სატისთვის)