"მოსკოვში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბრენდებს. ფული თუ არ აქვთ, აგროვებენ და თუ ჰაი კლასის შეკრებებზე მიდიან, ქირაობენ მანქანას, სამოსს, ტელეფონსაც კი" - კვირის პალიტრა

"მოსკოვში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბრენდებს. ფული თუ არ აქვთ, აგროვებენ და თუ ჰაი კლასის შეკრებებზე მიდიან, ქირაობენ მანქანას, სამოსს, ტელეფონსაც კი"

არქივი - ინტერვიუ ჩაწერილია 2021 წელს

"რუსი ხალხი ძალიან თბილია!.. რაც ხდება რუსეთ-საქართველოს შორის, ეს უდიდესი ტრაგედიაა!"

"უცხოეთში ორასკაციანი თავშეყრა რომ იყოს, ქართველს ყველგან იცნობ ჩაცმულობითა და ჰაბიტუსით! ყველა ქართველს აქვს ის რაღაც, რაც სხვებისგან გამოარჩევს..." - ამბობს მომღერალი თამუნა ამონაშვილი, რომელიც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია...

- ადამიანს დაბადებიდან მოსდევს რაღაცის ნიჭი, ასევეა გემოვნებაც - ის ან გაქვს, ან არა! შეიძლება ისეთ გარემოში აღმოჩნდე, სადაც ირგვლივ განათლებული საზოგადოებაა, იმოგზაურო, მოდის სფერომ დაგაინტერესოს და კიდევ უფრო დაიხვეწო, მაგრამ თუ არაფერი გაქვს, ვერაფერს შეითვისებ!

- მოგზაურობა ახსენეთ... თავად როგორ ქვეყნებში გიყვართ მოგზაურობა, თანამედროვე მეგაპოლისებში თუ იქ, სადაც მდიდარი ისტორიული წარსულია?

- ორივე ძალიან საინტერესოა! თუმცა, მე უფრო თანამედროვე მიღწევების ქვეყნებში მოგზაურობა მიტაცებს. მდიდარი წარსულის დაუნახაობა და დაუფასებლობაც შეუძლებელია! უბრალოდ ძველის, ანტიკვარების მიმართ ცოტა თავისებური დამოკიდებულება მაქვს, თითქოს შიში მიპყრობს სიძველეების მიმართ. ვფიქრობ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდა, რამდენი ადამიანის ენერგია აქვს ამ ნივთს და სხვისი ენერგია შენზეც გადმოდის! ჩვენ ხომ არ ვიცით, კარგი ენერგია ჰქონდა მას თუ ცუდი? რამდენჯერ ყოფილა, ვინმეს სახლში შევსულვარ და იქიდან გამოქცევა მომნდომებია. მერე დავფიქრებულვარ, რატომ დამემართა ასე? სიტუაცია გამიანალიზებია და მივსულვარ დასკვნამდე: იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი ანტიკვარი იყო. ძველთან შეხებით ვითრგუნები, თანამედროვეობა კი მახალისებს, შინაგან სამყაროს მეტად მიხსნის და უფრო თავისუფალი ვარ.

- ჯერ კიდევ ჩაკეტილი საბჭოთა კავშირის პირობებში, ბევრ ქვეყანაში მოგიხდათ მოგზაურობა...

- დიახ, ანსამბლ "ივერიასთან" ერთად ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. პატარა ასაკში იმდენს ვერ აღიქვამ, მაგრამ უცხო ქვეყანაში რომ მოხვდები, რა თქმა უნდა, ეს დიდი ბედნიერებაა! სადაც უნდა ჩავიდე, მიყვარს ქალაქების ღამით დათვალიერება, ხალხზე დაკვირვება. მინდება ხოლმე, სადაც ვარ, იქაური ქუდი დავიხურო და თავი კარგად ვიგრძნო...

ესპანეთი და იტალია ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო იქაური ხალხით! ძალიან ლამაზები არიან იტალიელები. ესპანეთში ყველას ნამზეური ჰქონდა, უფრო ტალახისფერი იყვნენ და თავზე ყველას ზეთი ესვა. სიცხეში ეს ზეთი სახეზე ჩამოსდიოდათ და ასეთები დამამახსოვრდნენ - შავი, ტალახისფერი, ზეთიანები, რასაც დღეს ხალისითა და სიყვარულით ვიხსენებ...

ბარსელონაში მახსოვს, სტადიონზე მოვხვდით ფეხბურთის საგულშემატკივროდ, რაც მართლაც უდიდესი ემოცია იყო! მანამდე ეს საოცრება მხოლოდ ტელევიზიით თუ გვენახა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გუგუნებდა მთელი სტადიონი და რა სიხარული იყო. სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით, ძალიან ლაღ და ბედნიერ სამყაროში!

- თვლით, რომ გაგიმართლათ, ანსამბლ "ივერიაში" რომ აღმოჩნდით და უამრავ წარმატებასთან ერთად, ბევრი იმოგზაურეთ?

- რა თქმა უნდა, ძალიან გამიმართლა! ანსამბლი "ივერია" ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარია... ბავშვობიდან კადრივით მახსოვს, როგორ ვოცნებობდი დიდ სცენაზე. მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი და ამ მიმართულებით მიღწევებზე ვოცნებობდი. მაშინ პოპულარობის ზენიტში იყო ანსამბლი "მზიური" და მეც ღმერთს ვთხოვდი, კარგად მემღერა. თითქოს მისმინა და იმდენად დიდი საჩუქარი გამომიგზავნა, სრულიად შემიცვალა ცხოვრების მიმართულება, აბსოლუტურად სხვა გზით წავედი!

ჯერ კიდევ პატარამ, 16 წლისამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე... თავდაპირველად კონსერვატორიაში ვაბარებდი ვიოლინოს განხრით, მაგრამ არ გავედი გამოცდაზე და დედაჩემს მოვატყუე, რომ ჩავიჭერი. მოვემზადე და ზუსტად ერთ თვეში თეატრალურში "ხუთიანებით" ჩავირიცხე... წარჩინებით ვსწავლობდი, ყოველთვის მთავარი როლები მქონდა, ქეთოს არიაც კი მაქვს ნამღერი სპექტაკლიდან "ქეთო და კოტე"...

- საოპერო გზას რატომ არ გაჰყევით?

- ოპერის მომღერლობა ურთულესია! სულ ფორმაში და დაძაბული უნდა იყო! ასეთ დაძაბულ ცხოვრებას ვერაფრით შევძლებდი.

- თქვენზე რამ მოახდინა გავლენა, რომ ამდენად დახვეწილიყავით?

- დედაჩემი არაჩვეულებრივად ქსოვდა, კერავდა... დედა და მამა შესანიშნავად მღეროდნენ, ორივე შემოქმედებითი ადამიანი იყო და მე და ჩემს დას მათგან გამოგვყვა ეს ყველაფერი. ჩვენთვის არავის არაფერი უსწავლებია, გენეტიკურად გვერგო ეს სიკეთე!

თავიდან კერვა რომ დავიწყე, ბევრი ქსოვილი გავაფუჭე, მაგრამ ამდენი მცდელობის მერე, კერვა ძალიან კარგად ვისწავლე და მთელი სტუდენტობა, თითქმის ყოველდღე ჩემი შეკერილი ახალი კაბა მეცვა. თან, ბავშვობიდან ბიჟუტერიას თავად ვქმნი... რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერს იმდენად დიდი სიყვარულით ვაკეთებ და ისეთ ენერგიას ვდებ, მეუბნებიან, შენგან ნაჩუქარს სიკეთე მოაქვს და ჩვენი ცხოვრება რადიკალურად კარგისკენ იცვლებაო. ამიტომაც, ჩემს ნამუშევრებს თილისმა დავარქვით და ეს მაბედნიერებს...

მახსოვს, დაახლოებით რვა წლის ასაკში სოფელში ვიყავი დასასვენებლად და იქ ხის პატარა ტოტებით საქსოვი ჩხირები გავაკეთე, ძაფი ვიპოვე და ვქსოვდი. მერე იმდენად დავიხვეწე, პალტოებიც კი მოვქსოვე, გრანდიოზული ნამუშევრები მქონდა. რომ შევკრიბო, ალბათ ხუთ გამოფენას ეყოფა, მაგრამ თავის დროზე ყველაფერი დავარიგე. ბავშვობის მეგობრები თუ სადმე შემხვდებიან, სულ მახსენებენ, რა ვაჩუქე, მე კი არ მახსოვს. იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ვინმეს ჩემს გაკეთებულს რომ ვჩუქნიდი და მათ ეს მოსწონდათ, დაუფიქრებლად გავცემდი.

- ამბობენ, რომ თბილისური მოდა დაიკარგა... ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები! თბილისური მოდა არასოდეს დაიკარგება! შეიძლება ერთი-ორი ადამიანი ამოვარდნილი ჩანდეს, მაგრამ მთლიანობაში, თბილისურია! უცხოეთში ორასკაციანი თავშეყრა რომ იყოს, ქართველს ყველგან იცნობ ჩაცმულობითა და ჰაბიტუსით! არ მაქვს ლაპარაკი იმ ხალხზე, რომლებიც მოდას ძალიან აყოლილი არიან და უკანასკნელ ტენდენციებს მისდევენ. ყველა ქართველს აქვს ის რაღაც, რაც სხვებისგან გამოარჩევს.

- მოსკოვზე რას გვეტყვით?

- მოსკოვში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბრენდებს. მათთვის უმნიშვნელოვანესია, რა აცვიათ, როგორი ტელეფონი, მანქანა ჰყავთ და ასე შემდეგ. არიან ადამიანები, ამ ყველაფრის ფული რომ არ აქვთ, მაგრამ აგროვებენ და თუ ჰაი კლასის შეკრებებზე მიდიან, ამისთვის ქირაობენ მანქანას, სამოსს, ტელეფონსაც კი. მილიონერის სტატუსს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

- ასეთ ქალაქში, როგორც ვიცი, ყველაფერი ნულიდან დაიწყეთ... - დიახ! სამი წელი მხოლოდ ფანჯარაში ვიყურებოდი და ვლოცულობდი. მხოლოდ წმინდა ადგილებზე დავდიოდით... შემდეგ მივხვდით, არ შეიძლება მეგაპოლისში ასე იცხოვრო! იქ ერთი დღეც რომ არ იმუშაო, ორი ნაბიჯი უკან გადადგმულია და სულ მეგობრების იმედად ვერ ვიქნებოდით! მადლობა ღმერთს, გვერდით ისეთი ადამიანები გვედგნენ, რომლებიც საოცრად დაგვეხმარნენ და ყველაფერი გადაგვატანინეს, არაფრის ნაკლებობას არ ვგრძნობდი, მაგრამ ის არ იყო, რასაც შენი შრომით მიიღებ ადამიანი...

მოგეხსენებათ, რეზიკო რეჟისორია, ფანტასტიკური ალღო და გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭი აქვს. ჩვენი ბენდი შევქმენით და რომელ რესტორანში ან კაფეშიც მივდიოდით სამუშაოდ, ხალხს ძალიან ვიზიდავდით. სამი წელი ბევრია ერთ ადგილზე იმუშაო, მაგრამ ჩვენ გავძელით, რადგან ჩვენთვის მოდიოდა ხალხი, დაუვიწყარ დროს ატარებდნენ და დიდი ხალისი იყო! მახსოვს, რუსები როგორ მთხოვდნენ, ქართული სიმღერები შეასრულეო... დასხდებოდნენ და ტკბებოდნენ მოსმენით. რუსეთში დიდ სცენაზე გასვლის სურვილიც მქონდა, ერთი-ორჯერ სატელევიზიო გადაცემებშიც მოვხვდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, იმდენად დიდი ფინანსები და ენერგია არ მქონდა, რაც სჭირდება ცალკე სიმღერების შექმნას და დიდ სცენაზე გასვლას. სასწაულ თანხებზე იყო ლაპარაკი და არ ღირდა ოცნება! ამიტომაც, სადაც ჩემი მსმენელი მეყოლებოდა, იმ მიმართულებით წავედი. რუსი ხალხი ძალიან თბილია! არ მაქვს პოლიტიკაზე საუბარი, ნუ გადავუხვევთ იქით, რადგან, რაც ხდება რუსეთ-საქართველოს შორის, ეს უდიდესი ტრაგედიაა!

- ამდენი სირთულე გამოიარეთ. როგორ ახერხებდით მუდმივად არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფილიყავით? - რთული პერიოდები იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავი არ აკონტროლო! ყოველთვის ვვარჯიშობდი. დიეტა არასოდეს დამიცავს და არც არავის ვურჩევ, რადგან ორგანიზმს, ფსიქიკას ანგრევს! უნდა დაარეგულირო, ერთ დღეს თუ მეტ საკვებს მიიღებ, მეორე დღეს მეტი წყალი უნდა დალიო, მეტი ივარჯიშო! ექვსი საათის მერე არ ვიკვებები...

- ოთხმოცდაათიან წლებში, ურთულეს პერიოდში თითქოს სიცოცხლე უფრო ჩქეფდა და სულ სცენაზე ჩანდით... - ახლახან ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით მე და ჩემი მეგობრები... მართლაც ხომ არაფერი იყო, მაგრამ ურთიერთობები ყველაფერს წყვეტდა! ხალხს ერთმანეთი უფრო მეტად უყვარდა, მეტი პატივისცემა და სიახლოვე იგრძნობოდა! არ ვიცი, რამდენ სიმღერას ვწერდით, კონცერტები იმართებოდა, აღფრთოვანებული მსმენელის სიყვარული და აჟიოტაჟი იყო სულ! ყოველთვის ვცდილობდი კონცერტზე ახალი და ლამაზი სამოსი ჩამეცვა... სიმღერებს ვწერდი, ვმღეროდი, ვშრომობდი, კაბებს ვიკერავდი, მთელი ენერგიით ვიყავი ჩემს შემოქმედებაში გადაშვებული! სხვა საქმეებს დედაჩემი მიწესრიგებდა, ღმერთმა ნათელში მიმყოფოს მისი სული. დედის სითბოს ფასი არაფერია ამქვეყნად!

- რა რჩევებს მისცემთ ქალბატონებს, რათა ფორმაში იყვნენ თუნდაც მწირი ფინანსების პირობებში?

- დღევანდელობა ამის საშუალებას ადვილად იძლევა, რადგან ირგვლივ უამრავი არჩევანია. თან ისეთი დრო დადგა, ყველაფერი მოდაშია და რასაც გინდა, იმას ჩაიცვამ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ სრული თავისუფლებაა... შინაგანი ხედვა თუ გაქვს, მშვენივრად შეუთავსებ ყველაფერს ერთმანეთს მწირი ფინანსებითაც. აუცილებელია გრძნობდე, სადაც მიდიხარ და ამის შესაფერისად შეიმოსო. არაადეკვატურად არ უნდა გამოიყურებოდე! მეც მინანია, აქ ეს სამოსი რატომ ჩავიცვი-მეთქი და ალბათ ყველას დამართნია იგივე, მაგრამ მთავარია, ეს ხშირად არ განმეორდეს! პირადად მე, მირჩევნია, ადამიანი იყოს ეფექტური, ინდივიდუალობით გამოირჩეოდეს. როგორც იტყვიან, "თვალი სვამს და თვალი ჭამს".

ჟურნალი "გზა"