"ეტყობა გული ცუდს უგრძნობდა... სხვა დროსაც ყოფილა აქციები, მაგრამ ლექსოს ასეთი რამ არასოდეს უთქვამს" - რას ჰყვებიან ლექსო ლაშქარავას მეგობრები - კვირის პალიტრა

"ეტყობა გული ცუდს უგრძნობდა... სხვა დროსაც ყოფილა აქციები, მაგრამ ლექსოს ასეთი რამ არასოდეს უთქვამს" - რას ჰყვებიან ლექსო ლაშქარავას მეგობრები

მთელი ქვეყანა შეძრა "ტვ პირველის" ოპერატორის - ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას დაღუპვის ფაქტმა. იგი დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

5 ივლისს, ლექსო სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როცა აგრესიული ადამიანები მას სასტიკად გაუსწორდნენ. მოძალადეები "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას დაესხნენ ოპერატორს თავს და ფიზიკურად იძალადეს. ეს უმძიმესი კადრები საზოგადოებამ ნახა, ამის შემდეგ, დაშავებულ ოპერატორს სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა და კლინიკაში მკურნალობდა. "ნიუ ჰოსპიტალში" სამი დღე გაატარა. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის კლინიკიდან გაწერა ყველა სტანდარტის დაცვით მოხდა: "ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8 რიცხვში გაეწერა დამაკმაყოფილებელ ვითარებაში. ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. ამ წუთას, შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, ვაანალიზებთ პროცესს და ვაძლევთ ყველა ინფორმაციას. გაწერას რაც შეეხება, აბსოლუტურად სტანდარტის შესაბამისად მოხდა ყველაფერი, არაფერი მანდ უცნაური არ არის. ასეა სტანდარტი მიღებული და ასე ეწერებიან ასეთი პაციენტები, რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის თეორიები, რომლის შესახებაც მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. გაწერის წინ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია", - განაცხადა კლინიკის თანამშრომელმა გიორგი რამიშვილმა.

"გამთენია იყო, დავაფარებ-მეთქი, ფეხი გაუცივდა... მოხრილი იწვა და ვიფიქრე გადმოვატრიალებ-მეთქი. ძაღლი ჰყავდა გვერდით. არც დაუწკმუტუნია, ხომ იცის ძაღლმა… გადმოვატრიალე და ჩემი შვილი ვნახე გალურჯებული... ღამეც რომ მოვიდა, რამდენი მეფერა, გრძნობდა, გრძნობდა წინასწარ. აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ფრჩხილი არ სტკიებია და რა უქნეს?!", – ამბობს შოკირებული დედა, რომელსაც ერთადერთი შვილი ცოცხალი აღარ ჰყავს. სწორედ დედამ ნახა ლექსო გარდაცვლილი.

შსს-მ გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ცხედარი ექსპერტიზაზე მაინც გადაიყვანეს. საქმეში ჩართვას გეგმავს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. მისი თქმით, თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს საქმეში მისი ჩართულობის თაობაზე, ექსპერტიზა მისი ჩართულობის გარეშე მოხდება:

"როცა მოვედი, დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ცოტა ხანი გავჩერებულიყავი და საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი ჩამოვიდოდა, რომელიც საქმის კურსში ჩამაყენებდა. ჩამოვიდა ექსპერტი და მომახსენა, რომ ამ ეტაპზე იმის თაობაზე, რომ მე უნდა მივიღო მონაწილეობა ამ ექსპერტიზაში, გამოძიებისგან არანაირი წერილობითი ინფორმაცია მიღებული არ აქვს და ბუნებრივია, რომ სანამ გამომძიებლის წერილი და ნებართვა არ ექნება საექსპერტო დაწესებულებას ამ ექსპერტიზაში ვერ ჩავერთვები. როგორც მითხრეს, ჯერ გვამის გამოკვლევა დაწყებული არ არის. თუ გამოძიება არ დაუშვებს ოფიციალურ წერილს ჩემი ჩართულობის თაობაზე, ჩემი ჩართულობის გარეშე მოხდება გვამის ექსპერტიზა", - განაცხადა გეჯაძემ.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს შესთავაზეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა. ამასთან დაკავშირებით უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

"ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახის წევრებს გამოძიებამ შესთავაზა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა",- ნათქვამია განცხადებაში, ისიც ცნობილია, რომ ძალოვნები ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე და ჟურნალისტ მირანდა ბარათურიაზე თავდასხმის საქმესაც იძიებენ. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში, "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

ჩვენი ინფორმაციით, ორ ბრალდებულს - თორნიკე დავლაშერიძეს და აკაკი ნაკაშიძეს ედავებოდა პოლიცია "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას და მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. კიდევ ორი დაკავებული პირის ვინაობა კი ჩვენთვის უცნობია. ფაქტია, რომ ამ საქმეზე გამოძიება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. თავად ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს ძალადობის ფაქტს და ამბობს, რომ მათზე 20-მდე ადამიანი ძალადობდა, მათ შორის, სასულიერო პირი.

"დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენთვის. ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად ნაცემი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ბოლოს, პარასკევს ვნახე. ძლიერი ტკივილები ჰქონდა, იმიტომ, რომ სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული. დედა როგორც ჰყვება, გუშინ საღამოს დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივად დაიძინაო, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდაო. დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი," - ამბობს ნოდარ მელაძე.

კონკრეტულად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამას, სავარაუდოდ, ექსპერტიზა დაადგენს. უამრავი ადამიანი გამოეხმაურა მომხდარ ფაქტს და ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა. თავად მედიის წარმომადგენლები დღეს საღამოს აქციას გამართავენ. ყველა განიცდის მომხდარს და დიდია გულისტკივილი ამ ტრაგედიის გამო. ბევრს წარსულში მასზე საუბარი ძალიან უჭირს.

"პალიტრანიუსის" ოპერატორი ბექა მშვილდაძე: - მე და ლექსო თითქმის ყოველდღე თუ არა, მეორე, მესამე დღეს ვხვდებოდით ერთმანეთს. ოჯახზე მეტად, ჩემს კოლეგებთან მიწევს დროის გატარება. ჩვენი ტელევიზიის ბიჭებს ისე ხშირად ვერ ვხდები, როგორც სხვა ტელევიზიების ბიჭებს. იმიტომ, რომ ერთ გადაღებაზე გვიწევდა ყოფნა და ხშირად ვნახულობდი. ერთად დაგვილევია, გვიჭამია და ღამეც გაგვითევია. ლექსო ძალიან საყვარელი ბიჭი იყო, თბილი ადამიანი, სულ ცდილობდა სიკეთე ეთესა. მეც ნაცემი ვარ, იმ დღეს მეც ვიყავი გადაღებაზე, საშინელი დღე იყო. იმდენად წარმოუდგენელი იყო რაც მოხდა, ვერც მივხვდით. 5 საათზე გავედი პარლამენტის წინ და ჩართვა გვქონდა, არავისი არ მეშინია-მეთქი, მაშინ ვიფიქრე, როცა კონკრეტულ პიროვნებას დაუპირისპირდნენ. ჩართვა გვქონდა, მაგრამ მერე რომ დავაკვირდი კადრებს, კარგად ჩანს, სანაცნობო, ვინც კი პოლიციაშია, ყველა ჩემს გარშემო იდგა ჯაჭვივით და მიცავდნენ ისე, რომ არც კი ვიცოდი, რომ მიცავდნენ. არავის უტქვამს საფრთხე რომ იყო, შემდეგ რაც მოხდა ყველამ ნახა. ჩართვას რომ მოვრჩით გამოგვაცილეს იქიდან, წადითო. იმდენად მალე მოხდა ყველაფერი მართლა ვერც დავუშვი რომ გვდევნიდნენ. უამრავი მედიის წარმომადგენელი დაშავდა, ამას თურმე ხალხი მიზანმიმართულად აკეთებს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა იცის, რომ ყველაზე მეტად გული მტკივა რომ ეს ეკლესიას ბრალდება. ეკლესიის სახელს ნუ იყენებს ეს ბრბო და რაც უნდათ ის ქნან. არ გვეშინია, ჩვენ ჩვენს საქმეს ყოველთვის შევასრულებთ და თუ დაგვჭირდება, ჩვენც გავუმკლავდებით. მაშინ უბრალოდ სრულიად მოულოდნელი იყო რაც მოხდა, ამიერიდან, ჩვენც უფრო ფრთხილად ვიქნებით. გუშინაც იყო ასეთი შემთხვევა - კამერით მივდიოდი სამების ეზოში და მწყევლიდნენ ვიღაცები, მეხი დაგეცესო. წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი. შენს მოვალეობას ასრულებ და უცებ თავში ჩაგარტყამენ. ახლა უკვე მზად ვარ ყველაფრისთვის. ეკლესიის სახელს ნუ იყენებს ეს ბრბო სათავისოდ. ჯვაროსნული ომებიც ხდებოდა და ეკლესიის სახელს იყენებდნენ, იგივეს გაკეთება უნდათ 21-ე საუკუნეში? მე ეკლესიის მრევლი ვარ, დღეს დილითაც ვიყავი წირვაზე, წარმოუდგენელია ასეთი რამ გააკეთოს მორწმუნე ადამიანმა.

ლექსოს გარდაცვალებას ძალიან განვიცდი. მასზე თავდასხმის შემდეგ, ვესაუბრე მოვიკითხე, ყოველდღე ვურეკავ სხვებსაც, ვინც დაშავდნენ. მითხრა, გადავრჩი, გამოვძვერი, მადლობა ღმერთსო. ასეთი რამ თუ მოხდებოდა, არც კი დამიშვია.

"ტვ პირველის" ოპერატორი გიორგი ჩანტლაძე: - ლექსო ძალიან დადებითი, კეთილი ადამიანი იყო, თავისი საქმის მოყვარული და პროფესიონალი. გადაღებაზე რომ გადიოდა, იმდენად უყვარდა თავისი საქმე, რომ ბოლომდე იხარჯებოდა. ყველანაირად დადებითი იყო. ყოველთვის ვაკვირდებოდი, თავის გამოცდილებას ყოველთვის ყველა ახალბედა ოპერატორს უზიარებდა. სულ რჩევა-დარიგებებს აძლევდა. ჩვენი დიდი გულისტკივილია, პირველ რიგში "ტვ პირველის", მერე სრულიად მედიის და სრულიად საქართველოსი.

იმ დღეს მეც ვმუშაობდი და ჩემს საქმეს ვასრულებდი, როგორც ცხონებული ლექსო და ჩემი სხვა კოლეგები. ყველასთვის მიუღებელი იყო, რაც მოხდა. მგონია, ასეთი რამ პროვინციულ ქვეყნებშიც არ მოხდება. ჩვენ არავისტები არ ვართ, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს საქმეს. ჩვენი გადაღებული და მომზადებული სიუჟეტები კი ასახავს რეალობას. თითოეული, ვინც იქ ვიყავით, ვიყავით იმ განწყობით, რომ არსებული სიტუაცია გადაგვეღო.

იმდენად მოულოდნელი იყო აგრესია, არც მეჯერა, რომ ეს ჩვენს თავს ხდებოდა. თავი სიზმარში მეგონა, რადგან ასეთი აგრესია ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაგვიშავებია - არც ჩვენ და არც ცხონებულ ლექსოს, წარმოუდგენელი იყო. ასეთი აგრესია და შეურაცხყოფები რის გამო მივიღეთ?

- თავად დაშავებული ლექსოს განწყობა როგორი იყო? - პირველ დღეს, როცა დასტაბილურდა სიტუაცია და ყველანი დავმშვიდდით, ვესაუბრე. სოლიდარობა, გვერდში დგომა გამოვხატეთ. ჩვენ შეხუმრებულებიც ვიყავით ერთმანეთთან და რაღაც თემაზე გავეხუმრე კიდეც. ვცდილობდი, არ ყოფილიყო სასოწარკვეთაში და არ "დაგრუზულიყო", ცოტა გაგვემხიარულებინა და ვეცადე, ტკივილი შემემსუბუქებინა, თუნდაც, ჩემი იუმორით. ბოლო დღეს, რომ გამოვიდა საავადმყოფოდან, ვნახე კიდეც და მოვიკითხეთ ერთმანეთი. დაღლილი იყო და დიდხანს არ გაგვიგრძელებია საუბარი. ერთ მომენტს გავიხსენებ, 5 ივლისს, როდესაც ჩვენ გადაღებაზე გავდიოდით ლექსომ დამიძახა და მკითხა, რას შვებიო. გადაღებისთვის ვემზადები-მეთქი, ერთად წავიდეთ, რაღაც რომ იყოს, ერთმანეთს დავიცავთო. ასეთი რამ თუ მოხდებოდა და ერთმანეთის დასაცავები ვიქნებოდით, ამას ვინ წარმოიდგენდა? ჩვეულებრივი ამბავი იყო გადაღებაზე წასვლა, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ-მეთქი, ვუთხარი. ეტყობა გული ცუდს უგრძნობდა და ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. სხვა დროსაც ყოფილა აქციები, ბევრი გვიმუშავია, მაგრამ ლექსოს ასეთი რამ არასოდეს უთქვამს. ალბათ წინათგრძნობა ჰქონდა, რაღაც ცუდი რომ მოხდებოდა და იმიტომ თქვა, იძაბება სიტუაცია და ერთად ვიყოთო. ასეთ აგრესიას აბა ვინ ელოდა და ეს ფაქტიც მოხდა...

ჩამოყალიბებული, წესიერი ადამიანი იყო, დადებითი პიროვნება. არასდროს ყოფილა კონფლიქტის მოყვარული. სულ სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ძალიან კარგი ხასიათი ჰქონდა. სიტყვები არ მყოფნის, ისე ვართ თითოეული ჩვენთაგანი ამ ამბით განადგურებული. ჩვენი ხმა უნდა გაიგოს საზოგადოებამ, ასეთი რამ არ უნდა მოხდეს.

პალიტრანიუსის ოპერატორი რომა ტარუღიშვილი ლექსო ლაშქარავასთან მეგობრობდა. რომაც ლექსოს მსგავსად დაშავდა აქციაზე და კლინიკაში ბიჭებმა ერთად გაატარეს სამი დღე.

რომა ტარუღიშვილი:

- ლექსო ძალიან მიყვარდა, მასზე სათქმელის მეტი რა მაქვს. ძალიან კარგი ადამიანი აღარ გვყავს. მე ლექსო "ტვ პირველში" გავიცანი, იქ ვმუშაობდი ადრე და ლექსომ მასწავლა უამრავი რამ ჩემს პროფესიაში, რასაც ახლა ყოველ დღე ვიყენებ. სტაჟიორები რომ ვიყავით მე და რამდენიმე ბიჭი, ლექსო სულ ჩვენ გვერდით იყო. მაშინ ხელფასი არ გვქონდა, ლექსო წავიდოდა და თავისი ხელფასიდან გვყიდულობდა საჭმელს. ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანი იყო. მისი ადამიანური მხარე აუცილებლად აღსანიშნავია. ელემენტარულად მშიერი რომ არ ყოფილიყავი, იმაზეც ზრუნავდა. ადამიანობის გამო ვცემდი უდიდეს პატივს. უხაროდა, წინ რომ მივიწეოდი და გვერდში მედგა ბოლომდე ყოველთვის.

5 ივლისის იმ საშინელი დღის შემდეგ პალატაშიც ერთად მოვხვდით. ჩვენი ერთად გადაღებული კადრებიც გავრცელდა მედიაში. სულ კარგ ხაისათზე იყო, არ დაიტყობდა თავის გასაჭირს, ბუნებით მებრძოლი ბიჭი იყო. ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიწექით ის სამი დღე და ერთად ვაანალიზებდით მომხდარს. სულ ვამბობდით, აწიც მაგრად, უფრო შემართებით უნდა ვიმუშავოთ, არ დავიხევთ უკან, იმიტომ რომ ვიღაცამ არ იფიქროს, რომ შეგვაშინაო. უფრო დიდი ძალისხმევით გავაკეთებთ ჩვენს საქმესო ამბობდა. ამ განწყობით ვიყავით.

ყველამ ნახა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ მას, იმ უმძიმესი კადრების მერეც უზომო ენერგიაზე იყო. იმ დღესაც თავისი ფეხით ჩაჯდა სასწრაფოს მანქანაშიც, ამის კადრებიც არსებობს. დავარდნილები არ ვყოფილვართ, ინტერვიუებიც მივეცით ჟურნალისტებს. ამ დღეს ვერ წარმოვიდგენდი. თავში ჰქონდა დაზიანება და ორგანიზმის ამბავია რაც მოხდა. წარმოიდგენელია ლექსოს გარდაცვალება.სამი ოპერატორი შეგვიყვანეს ერთად კლინიკაში, ოპერაციები ჩაგვიტარდა, პირველი არხის ოპერატორი მეორე სართულზე აიყვანეს და ჩვენ ერთად გავატარეთ ის სამი დღე. მეორე დღეს ისევ აქციის კადრებს და დაძაბულ ვითარებას რომ ვუყურებდით, ძალიან ვნერვიულობნით ჩვენს ბიჭებზე, ოპერატორები არ დაშავდნენო. რა მდგომარეობა იყო ყველამ ნახა. დიდი ხნის ოპერატორი იყო ლექსო, დიდი გამოცდილებით და სულ ამბობდა, მსგავსი აგრესია ჟურნალისტების მისამართით არასოდეს მინახავსო. მშვიდად იყო მირანდა ბაღათურია რომ იყო კარგად. მასზე რომ ეძალადათ, არ ვიცი რას ვიზამდიო, ფაქტობრივად იმ დღეს აეფარა მირანდას, დაიცვა.

გამოჯანმრთელებისკენ მივდიოდით და უცებ ეს საშინელი ამბავი გავიგე ამ დილით. მიხორცდება ცხვირზე ჭრილობა, მაგრამ ახლა ისე ვარ, ჩემს თავზე არც ვფიქრობ ისეთი ამბავი გავიგე რა ვთქვა, რა ვისაუბრო. მსგავსი რამე დაუშვებელია, არაფრით არ უნდა მოხდეს არც ერთ ქვეყანაში. მედია უნდა იყოს თავისუფალი და ადამიანებზე არ უნდა ძალადობდნენ. ალბათ ჭრილობა მომირჩება, მაგრამ აწი ლექსოს რომ ვეღარ ვნახავ ამ ჭრილობას როგორ მოვირჩენ, ეს არ ვიცი. ეს არის ტრაგედია. დაუზარელი ადამიანი იყო, ერთი წამითაც არ დაიზარებდა რჩევას, გადაგვებოდა ბოლომდე. ეს არ არის მოგონილი სიტყვები, რეალობას აღვწერ. სულ ასე იყო ყველა ახალ ოპერატორს ის გვერდში ედგა. შემართებით იყო. ამ დაზიანებების მიუხედავად სასწაული შემართება ჰქონდა და ასეთი დასასრული წარმოუდგენელია. რამე ვისაც ეს პროფესია გიყვარს, ამაზე მაგარი პროფესია არ არსებობს. შენი საქმე იდეალურად უნდა შეასრულო. ისტორიად აქცევ ამბავს. უყვარდა თავისი პროფესია. ერთმანეთს ვამხნევებდით, რაღაც რომ მატკინეს ამაზე არ ვნერვიულობდით, ვნერვიულოდბით იმაზე რომ ამ ქმედებით ქვეყანას რა დაუშავეს. კადრებიდან ჩანს რაც ხდებოდა. შუა საუკუნეებში ხომ არ ვცხოვრობთ. რომ ჩვენით ვუმკლავდებოდეთ მოძალადე ადამიანებს. ისინი შესაბამის სასჯელს უნდა იღებდნენ ჩადენილისთვის. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას და უნდა დასაჯოს უმკაცრესად დამნაშავეები, რომ ხვალ ვიღაცას არ გაუჩნდეს ანალოგიურის ჩადენის სურვილი. არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ უნდა იყოს დაცული გადამღები ჯგუფი. იმაზე არ უნდა გიწევდეს ფიქრი რომ თავს დაგესხმებიან და ვირაც გამოგვეკიდება. ქვეყანაში უსაფრთხოდ უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი. მე კამერით ვიღებ იმას რაც არის რეალობა. ძალიან მტკივა დღეს გული.

"კვირის პალიტრა" თანაგრძნობას უცხადებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, მის მეგობრებს და მთელ საქართველოს. იმედია, ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

(სპეციალურად საიტისთვის)