"ტკბი­ლად რომ მახ­სენ­დე­ბა, ალ­ბათ ერთხელ იყო ასე­თი გუ­ლის­ფან­ცქა­ლი... ის ადა­მი­ა­ნი უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია" - კვირის პალიტრა

"ტკბი­ლად რომ მახ­სენ­დე­ბა, ალ­ბათ ერთხელ იყო ასე­თი გუ­ლის­ფან­ცქა­ლი... ის ადა­მი­ა­ნი უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია"

90-იანების ბავშვია, თუმცა გაჭირვების მიუხედავად, მაინც არ უჩივის უინტერესო ბავშვობას, არც თინეიჯერობის პერიოდს, როცა "ხუთოსანი" გოგონა როკ მუსიკის სიყვარულის გამო ხშირად დადიოდა პეროვსკაიაზე ცოცხალი ბენდების მოსასმენად. გვიმხელს, რომ თავადაც კარგად მღერის. იცოდა, რომ დამოუკიდებლად უნდა მიეღწია ყველაფრისთვის... მსახიობობა უნდოდა ან მომღერლობა და მოხვდა იურისპრუდენციაში. მოსამართლე ვერ გახდა, მაგრამ პროკურატურაში გააგრძელა გზა, შემდეგ კი შს მინისტრის მოადგილედ "იპოვა" გიორგი გახარიამ (იმჟამინდელმა შს მინისტრმა). "მშვიდ სამსახურში ვერ ვმუშაობ და ისეთი "დრაივი", რაც შსს-ში იყო, არსად მახსენდება. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ პროფესიული განვითარების საუკეთესო პერიოდი, რაც კი გამიტარებია, ეს შსს-ში იყო. ამ შენობაში რომ შევდივარ, დღემდე გული მიფანცქალებს", - გვეუბნება ნათია მეზვრიშვილი, რომლის წარმატების ფორმულა ასეთია: "დიდი შრომა და გამართლება, სწორი მომენტების სწორად გამოყენება, ანუ შესაძლებლობების სწორად დანახვაა მთავარი. როცა გეძლევა შესაძლებლობა, მას კარი არ უნდა დაუხურო. როგორც კი ამას სწორად დაინახავ და გამოიყენებ, იქ მოდის წარმატებაც. ჩემს შემთხვევაში სულ ასე იყო".

ambebi.ge- ს "ძალიან აქტიური, ხისტი, ემოციური და ჯანსაღად ამბიციური" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პარტიის "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ესუბრება:

"მაინც საინტერესო ბავშვობა მქონდა"

- თბილისში დავიბადე 1985 წლის 18 აპრილს, ორი და მყავს და ოჯახში პირველი შვილი ვარ. გავიზარდე ვორონცოვზე და დავამთავრე 30-ე სკოლა, კიევის ქუჩაზე. ახლა, დაახლოებით 6 წელია, რაც ცალკე ვცხოვრობ. 90-იანების ბავშვი ვარ და როგორც ყველა ოჯახს, ჩვენც გვიჭირდა. დედა ექიმია, ეპიდემიოლოგი, რომელიც დიდხანს მუშაობდა, მერე რაღაც ცვლილებები მოხდა, სამსახური დაკარგა და პედაგოგობა დაიწყო - მოსწავლეებს ამზადებდა და იმ საშინელ 90-იანებში ოჯახში გამწევი ძალა ის იყო. მამა ინჟინერია, ბევრ ადგილასაა ნამუშევარი, ფიზიკურადაც შრომობდა...

მოგეხსენებათ, იმხანად უშუქობა და გაჭირვება იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც საინტერესო ბავშვობა მქონდა. დამჯერი, თანაც, ხუთოსანი ბავშვი ვიყავი. სკოლას თუ გავაცდენდი, ვნერვიულობდი, უნივესიტეტშიც სულ პირველ მერხზე ვიჯექი და სულ ხელი მქონდა აწეული, რის გამოც დაიკოები სულ დამცინოდნენ ხოლმე. ნავთის ლამპის შუქზე ვმეცადინეობდით, "კერასინკები"ყველა ოჯახში იყო (ჩვენ მწვანე გვქონდა, წითელი ძვირი ღირდა). ამას იმიტომ ვყვები, რომ ბავშვობიდან ვიცოდით და მშობლები გვაგონებდნენ, რომ წარმატებისთვის ჩვენით უნდა მიგვეღწია და "გვაწვებოდნენ". პირადად ჩემს მიღწევებში მამიდასაც აქვს დიდი წვლილი შეტანილი. ყველა მეუბნება, მედეა მეზვრიშვილთან რამე ხომ არ გაკავშირებთო. ძალიან მაგარი ქალბატონი იყო, მაგრამ არაფერი მაკავშირებს, ქართლელი მეზვრიშვილი ვარ.

"კონცერტებზე დავდიოდი, პლაკატებს ვაგროვებდი და სულ ვიღაცაზე ვგიჟდებოდი"

მუსიკის დიდი მოყვარული ვარ... პერიოდულად გემოვნება მეცვლებოდა ხოლმე, როკი მიყვარდა ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ხუთოსანი ვიყავი, ბევრი დრო არ მქონდა, თინეიჯერობის პერიოდი საინტერესოდ მაქვს გამოვლილი - ჩაცმულობიდან დაწყებული, კონცერტებზე სიარულით დამთავრებული. კონცერტებზე დავდიოდი, პლაკატებს ვაგროვებდი და სულ ვიღაცაზე ვგიჟდებოდი, მაგალითად, ჯექსონზე, ფრედი მერკურიზე... ახლა ცოტა გავიზარდე... "Radiohead"-ს და ჯენის ჯოპლინს კვლავაც დიდი სიამოვნებით ვუსმენ. პეროვსკაიაზე ცოცხალი ბენდები უკრავდნენ და იქ დავდიოდი, მეგობრებთან ერთად, ვმღეროდით კიდეც. თავს არ ვიქებ, მაგრამ საკმაოდ კარგად ვმღერი. სად მოვხვდი, საერთოდ...

"ბევრმა არ იცის, პირველად ვამბობ, რომ... "

მინდოდა მსახიობი ან მომღერალი გამოვსულიყავი და... იურისპრუდენციაში მოვხვდი. მამამაც მოახდინა გავლენა და ალბათ იმანაც, რომ ბაბუა მყავდა მოსამართლე. მამიდაჩემის ქმარიც მოსამართლე იყო და სულ იურისტების კამპანიაში ვტრიალებდი. მომხიბვლელად მეჩვენებოდა ეს გაწკეპილი ხალხი. ვერ ვიტყვი, ძალიან მინდოდა-მეთქი, მაგრამ რატომღაც იქეთ გადავიხარე. იურიდიულზე გაჭირვებით ჩავაბარე, ძალიან რთული იყო, ჩაწყობები ხდებოდა უნივერსიტეტში, რაც კატასტროფა იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვიჭირდა, ოჯახის მთელი ინვესტიცია, რაც ოჯახს გააჩნდა, სამივე შვილის განათლებაში ჩაიდო. ერთი ქულა დამაკლდა და დაუსწრებელზე მოვხვდი, მეორე წელს გადავაბარე და დასწრებულზე გადავედი.

ბევრმა არ იცის, პირველად ვამბობ, რომ ჩემი ჯგუფელები იყვნენ ქალბატონი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია - დღემდე ჩემი უახლოესი მეგობარი და პარლამენტარი ანრი ოხანაშვილი - ასევე ჩემი კარგი მეგობარი. მართალია, დღეს სხვადასხვა მხარეს ვართ, მაგრამ.. გამორჩეულად კარგი სტუდენტები ვიყავით სამივენი. სასამართლოშიც ბევრი მოსამართლეა ჩემი ჯგუფელი, საკმაოდ კარგი კურსი გვქონდა. ანრისთან დღემდე ვმეგობრობ და შევთანხმდით, რომ არ ვიჩხუბოთ, ამიტომ პოლიტიკაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, ორივეს გვირჩევნია, მეგობრობა შევინარჩუნოთ. ძალიანა ქტიური სტუდენტები ვიყავით, რადგან ვიცოდით, ყველაფრისთვის ჩვენით უნდა მიგვეღწია. იმდენად აქტიურები ვიყავით, სემესტრის ბოლოს გამოცდებს არ ვაბარებდით, ავტომატურად გვქონდა ფრიადი, ყველა კურსი ფრიადებზე დავამთავრეთ. პროკურატურაში და სასამართლო სისტემაში ბევრია ჩემი ჯგუფელი - ყველანი გამორჩეულები და კარგები. იმ პერიოდში ნათელი წერტილი იყო საია-ში ჩაბარება. უნივერსიტეტში წესიერი ბიბლიოთეკა არ იყო, რომ დამჯდარიყავი და წიგნი წაგეკითხა, საიას კი ჰქონდა პირობები, ერთი წელი მანდ ვსწავლობდი, რაც დიდი შენაძენი იყო, იქ განსხვავებულ აზროვნებას ასწავლიდნენ და ჩარჩოებში არ იყო მოქცეული ყველაფერი. უნივერსიტეტის შემდეგ, საღამოს საათებში იქ ერთი წელი დავდიოდი და უფასოდ ვსწავლობდი.

"დღემდე მიყვარს როკი" განაგრძეთ კითხვა