"ძალიან მტკივა ის დღეები, რომელიც საქართველოში დაგვიდგა, თითქოს წყევლასავით გვაქვს - ქართველი ერი მუდამ იხლიჩება" - კვირის პალიტრა

"ძალიან მტკივა ის დღეები, რომელიც საქართველოში დაგვიდგა, თითქოს წყევლასავით გვაქვს - ქართველი ერი მუდამ იხლიჩება"

"თუ ასე გავაგრძელეთ, ციცაბო დაღმართზე დავეშვებით და აღარაფერი გვეშველება..."

"ხმას ამოიღებ, _ ვაია! ჩუმად იქნები, _ უი! ვინც ლაპარაკობს, _ ხომ ტყუის! ვინც დუმს, ის უფრო ტყუის.." _ მუხრან მაჭავარიანის ლექსის ამ ფრაგმენტით იწყებს მწერალი, ფოლკლორისტი ამირან არაბული იმ პროცესების შეფასებას, რომლებიც ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარდა... ამბობს, რომ ყველაფრის საფუძველი უსიყვარულობა, გათითოკაცება და ერთ წრეზე სიარულია... გამოსავალი კი არის: "დავინახოთ სად ვართ და რა მოგვცა ერთმანეთის ჯიბრით ცხოვრებამ..."

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ძალიან მტკივა ის დღეები, რომელიც საქართველოში დაგვიდგა. როდესაც ვფიქრობთ, აი, უკვე თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, ვითარება მშვიდდებაო, რაღაც მოხდება და ყველაფერი აიწეწება. თითქოს წყევლასავით გვაქვს და მოჯადოებულ წრესავითაა, ქართველი ერი მუდამ იხლიჩება და ნაწილდება, იმდენად, რომ ხანდახან რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნაც გვიჭირს. არადა, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. თუ რომელიმე მხარემ არ დათმო, ვერაფერს მიაღწევენ..."

"ყოველთვის იყვნენ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც სხვა ხატებზე ლოცულობდნენ, სხვა ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ არავის ვკლავდით, პირად ვნებებს არ უნდა შევწიროთ ყველაფერი. ორივე მხარის მისამართით ვამბობ _ "პოზიცია" იქნება თუ ოპოზიცია, რადიკალურ მხარეებად დაყვეს ხალხი, სამართალს სად წაუვლენ?.. რაც მალე მიხვდებიან ამას, რომ ეს დამღუპველია სახელმწიფოსთვის, მით უკეთესი იქნება. კარგია, თუ მოსახლეობაც მიხვდება, რომ თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ, თორემ მათი პრობლემები ნაკლებად ადარდებთ..."

"უნდა გავიაზროთ, რომ დროის კარგვის ფუფუნება არ გვაქვს... არაფერს არ ჰგავს დღევანდელი საპარლამენტო ცხოვრება, ეს სრულიად უსაგნო, არაფრისმომცემ საკითხებზე გაუთავებელი კამათი და პოლემიკა ქვეყნისთვის ტრაგიკომედიად იქცა. სახელმწიფოს ინტერესები უკან რჩება. ყველაზე მთავარი, ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, ნაბიჯ-ნაბიჯ, გოჯა-გოჯა გვაჭრიან და ვინმეს ახსოვს ეს?!. კამერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანხლებით დადიან იმ ადგილებში, თორემ ვინმეს ადარდებს, რა პირობებში უწევთ ცხოვრება და არსებობისთვის ბრძოლა ე.წ. საზღვართან ან მის მიღმა ჩვენს ქართველებს?.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 15 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი