"ახალი მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის: სვანეთი" - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ახალი მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის: სვანეთი" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულიმა სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სიმ" (BBC) თავის ინგლისურენოვან ვებგვერდზე რუბრიკით - "მოგზაურობა" გამოაქვეყნა ვრცელი მასალა საქართველოს შესახებ სათაურით - "ახალი მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის" (ავტორი - მეთიუ პონსფორდი). მასში გადმოცემულია სვანეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებები.

სტატია განკუთვნილია განსაკუთრებით იმ ტურისტებისათვის, რომლებსაც ფეხით სიარული უყვართ. გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

"კავკასიონის ქედი, თითქმის, 1500 კილომეტრზე გრძელდება და სამი სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს. [საქართველოს შემადგენლობაში არსებული] სვანეთი კავკასიონის გულია, მის სამხრეთ კალთებზე მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია კულტურისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით", - წერს ავტორი.

"სვანეთი, თავისი საოცრად პირველყოფილი და ველური ბუნებით, ბრიტანეთისაგან საკმაოდ შორეული კუთხეა, დაახლოებით, ინგლისის დევონის საგრაფოს ფართობის მქონე, მაგრამ - ნაკლებად დასახლებული. სვანეთში არის თოვლიანი მწვერვალები და მიტოვებული, გაუდაბურებული სოფლები... ისტორიულად სვანეთი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. საქართველოს ეს რეგიონი წინააღმდეგობას უწევდა ყველა მომხდურს - ბიზანტიელებით დაწყებული, ბოლშევიკებით დამთავრებული... სწორედ ამიტომ სვანების ყოფაცხოვრება გარკვეულწილად არ ჰგავს სხვა ქართველებისათვის დამახასიათებელ ყოფაცხოვრებას. სვანები განსხვავებულ ენაზეც ლაპარაკობენ, თუმცა დამწერლობის გარეშე", - აღნიშნულია სტატიაში.

მეთიუ პოსფორდი მკითხველებს ადგილობრივ მცხოვრებს, 32 წლის დავით ხერგიანს აცნობს, რომელიც ზაფხულს მესტიაში ატარებს და მესტიიდან უშგულამდე საექსკურსიო-ტურისტულ მარშრუტზე გიდის როლს ასრულებს. ავტორი აღწერს მის საცხოვრებელ სახლს - შუა საუკუნეების სვანურ კოშკს, რომელიც ერთ-ერთია დღემდე შემონახული 175 ნაგებობიდან.

"მართალია, დავით ხერგიანი ახალგაზრდაა, მაგრამ იგი მოწმეა იმ გარდაქმნებისა, რომლებიც სვანეთში მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ირგვლივ ბანდიტიზმი იყო გაბატონებული, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული ადამიანები გზებზე ყველას აჩერებდნენ და ძარცვავდნენ, ღამით სიარული ხომ საერთოდ შეუძლებელი იყო. მოსახლეობამ გაიხსენა სისხლის აღების უძველესი წესიც... დაყაჩაღებას ვერც დავით ხერგიანის ნათესავები გადაურჩნენ. "არანაირი სახელმწიფო კონტროლი არ არსებობდა, პოლიცია უმოქმედოდ იყო... მოსახლეობა მხოლოდ თავისით ცდილობდა გადარჩენას", - ამბობს დავით ხერგიანი და იხსენებს 2003 წლის პროდასავლურ რევოლუციას, რომლის შემდეგ, მკაცრი ზომების მიღების კვალობაზე, სვანეთში დამნაშავეობა შეწყდა.

კრიმინალის გაქრობამ ტურიზმის გამოცოცხლება გამოიწვია. ახალგაზრდები ქალაქიდან სოფლებში ნელ-ნელა დაბრუნდნენ - დაბრუნდა დავითიც, რომელიც თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა. მაგრამ ტურიზმის ბუმმა, თავის მხრივ, ნეგატიური შედეგიც მოიტანა - სრულიად შეიცვალა ლანდშაფტი და ზოგიერთი დასახლებული პუნქტის ტრადიციული იერსახე - უძველესი კოშკების გვერდით თანამედროვე რკინა-ბეტონის კონსტრუქციები გაჩნდა, რითაც მთებში შეყუჟული სოფლების შესახებ ძველი წარმოდგენების მსხვრევა დაიწყო.

"დღეს სვანეთი ტურიზმის საერთოკავკასიური ექსპერიმენტის ცენტრს წარმოადგენს, რომლის მიზანია იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება შენარჩუნდეს ადგილობრივი ტურიზმის განვითარების დროს რეგიონის მყიფე კულტურული გარემო და არ განადგურდეს. მიმდინარე წელს კავკასიის მთების დამთვალიერებლებს შეუძლიათ, დაახლოებით, 250-კილომეტრიანი ბილიკები გაიარონ", - აღნიშნულია სტატიაში.

კავკასიის რეგიონი ჯერ კიდევ არაბების მიერ იყო შენიშნული, როგორც "უამრავი ენის მქონე მთები". ამ შედარებით პატარა რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი ხალხები, თითქმის, 40 ენაზე ლაპარაკობენ. აქაური უცნობი ადგილები შეიძლება ამაზონიისა და ეკვატორული კუნძულის პაპუა-ახალი გვინეის ჯუნგლებს შევადაროთ, სადაც ჯერ კიდევ ყველაფერი ბოლომდე არ არის გამოკვლეული. კავკასიის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე მცხოვრებ ხალხებში გავრცელებულია ადგილობრივი ენები - სვანური, ჩეჩნური, მეგრული, აფხაზური... კავკასია დედამიწის 34 ბიოლოგიურად მრავალფეროვანი რეგიონებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს.

ავტორი ესაუბრება მეგან ნილს, რომელიც არაკომერციული ასოციაციის "ამიერკავკასიის ტურისტული ბილიკების" თანახელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია კოორდინაციას უწევს რეგიონული ტურიზმის განვითარებას. მეგან ნილის თქმით, მას სურს, რომ "ტურისტებმა დიდხანს დაიმახსოვრონ კავკასიის სიმდიდრის ნახვისაგან მიღებული შთაბეჭდილებები - ის კულტურული, გეოგრაფიული, ლინგვისტური მრავალფეროვნება, რომელიც განუმეორებელია ჩვენს პლანეტაზე".

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლად არის აღწერილი მესტია-უშგულის მარშრუტი, უშგულელთა ცხოვრება ზამთრობით და ზაფხულობით, იქვე მდებარე ადიშის მყინვარი..

სტატიას ავტორი დავით ხერგიანთან საუბრით ამთავრებს: "ბევრ მასალაში, რაც მსოფლიოს მასმედიაში სვანეთის შესახებ იწერება, ყურადღება რეგიონის არასასიამოვნო ისტორიებზეა გამახვილებული, მაგალითად, "სვანურ ვენდეტაზე" - სისხლის აღების ტრადიციის ისტორიაზე, თუმცა ასეთი ფაქტები უკვე აღარ არის. ტურისტებს წარმოდგენები უნდა შევუცვალოთ, რათა მათ სვანეთზე სასიამოვნო შთაბეჭდილებები დარჩეთ".

წყარო