"ჩემი მეუღლეც ავტობუსის მძღოლია, კოლეგები ვართ" - ვინ არის ქალი, რომელმაც პედაგოგობას 12-მეტრიანი ავტობუსის მძღოლობა არჩია - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლეც ავტობუსის მძღოლია, კოლეგები ვართ" - ვინ არის ქალი, რომელმაც პედაგოგობას 12-მეტრიანი ავტობუსის მძღოლობა არჩია

"ჩემი მეუღლე თავიდან წინააღმდეგი იყო, მერე კი თავად მაქეზებდა..."

პროფესიით პედაგოგ ხათუნა პავლიაშვილს მანქანის მართვა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა, სუსტი სქესის მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული მითი დაემსხვრია და თბილისის საქალაქო კომპანიაში ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე განაცხადი შეიტანა. ჯერ 8-მეტრიანი ავტობუსი ჩააბარეს, მერე გადამზადება გაიარა და 12-მეტრიანი ავტობუსის მართვას დაეუფლა. მისი დილა 5 საათზე იწყება, ოჯახის წევრებზე ზრუნავს, თავს იწესრიგებს და შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს ემსახურება:

- მიხარია, რომ პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე - თუ გულით გინდა რაღაცას მიაღწიო, ბარიერები არ არსებობს. სწორად თუ მიუდგები, საქმეში სუსტი და ძლიერი სქესი არ არსებობს... 43 წლის ვარ. დიდი ხანია, მძღოლი ვარ, ყოველთვის მიყვარდა მანქანის მართვა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მძღოლობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გამომეცადა. ავტობუსში კონდუქტორად ვმუშაობდი. შემდეგ გავიგე, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მძღოლი ქალების გადამზადება იწყებოდა. "ბე კატეგორიის" მართვის მოწმობისთვის შესაბამისი სწავლება გავიარეთ. მოვემზადეთ, გავიარეთ ეს კატეგორია, ავტობუსის ტარება გვასწავლეს და შემდეგ შევიტანეთ განაცხადი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ჩემთან ერთად სხვა ქალებიც იყვნენ.

- რა სირთულეები ახლავს 12-მეტრიანი ავტობუსის ტარებას?

- ვიწრო ქუჩები, მოსახვევები, გზის დათმობა, ე.წ. გაბარიტების გაკონტროლება... თუმცა, ახალი და თანამედროვე ტრანსპორტი მაინც სხვა ფუფუნება და სიამოვნებაა, როგორც მგზავრისთვის, ასევე მძღოლისთვისაც. პირველად ძველ უკრაინულ ავტობუსებზე, "ბოგდანებზე" ვმუშაობდით, რომლებიც წარამარა ფუჭდებოდა, ამიტომ ხშირად ავტოფარეხში გვიწევდა შესვლა - ხან ზეთს უშვებდა, ხან წყალს ადუღებდა. უამრავი პრობლემა იყო და მძღოლ ქალებს მამაკაცები გვეხმარებოდნენ. არადა, გაუმართავი ტრანსპორტით მოძრაობა ძალიან გვაფერხებდა. თან, საკმაოდ გრძელი მარშრუტი გვაქვს და საკმაოდ გადატვირთულ ქუჩებში გვიწევს მოძრაობა, მაგრამ საბედნიეროდ, შეგვიცვალეს მანქანები, ჯერ მწვანე 8-მეტრიან ავტობუსს ვატარებდი, ახლა კი 12-მეტრიან თანამედროვე ავტობუსზე გადამიყვანეს. ქუჩაში მოძრაობის მხრივ ახლაც არის პრობლემები, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ახლა ქვეითად უფრო მიჭირს ამ ქალაქში მოძრაობა, ვიდრე ავტობუსით...

- საზოგადოების დამოკიდებულება როგორია, როდესაც ასეთ დიდ ავტობუსს ქალი მძღოლი მართავს?

- მამაკაცები ძირითადად იღიმიან, ზოგი ცერა თითით მანიშნებს, რა მაგარი ხარო!.. გოგონები და ქალები კი გაოცებული შემოგვყურებენ. სხვათა შორის, მამაკაცები საჭესთანაც უფრო თავაზიანები არიან. საერთოდ, საზოგადოებისგან, მგზავრებისგანაც დადებითი მუხტი მოდის, უხარიათ და მოსწონთ.

- თუმცა, ალბათ არიან გამონაკლისებიც...

- დიდი ხანია, ავტობუსს ვატარებ. საერთოდაც, მანქანის მართვის საკმაოდ დიდი სტაჟი და გამოცდილება მაქვს, არც ქალი მძღოლებია საქართველოში უკვე იშვიათობა, მაგრამ ამხელა ავტობუსს ქალი რომ მართავს, მაინც უკვირთ. გვერდით რომ მომყვებიან, შუქნიშანზე შუშას ჩამოსწევენ და ამომძახებენ, - არ გიჭირთ ტარებაო?.. მთელ ქალაქში 12-მეტრიან ავტობუსებს სულ ოცამდე ქალი ვმართავთ. თითქმის ყველას მიმართ ერთნაირი დამოკიდებულებაა - უკვირთ და ჩვენს გამხნევებას ცდილობენ. თუმცა გამონაკლისებიც არიან: ზოგი მკვახედ მოგვაძახებს, ქალების გარდა ვერავინ ნახესო?!. თავიდან გული მწყდებოდა, ახლა კი ღიმილით ვხვდები ასეთ პრეტენზიულ ადამიანებს.

ერთი მუდმივი მგზავრი მყავს, 84 წლის ქალბატონი. ერთ-ერთ კერძო სკოლაში მუსიკას ასწავლის. სულ ვამბობ, ღმერთმა ყველა დააბეროს, მაგრამ მე რომ დავბერდები, ასეთი მოხუცი მინდა ვიყო, დღემდე შენარჩუნებული აქვს სილამაზე, პეწი, შინაგანი კულტურა და, რაც მთავარია, ისეთი თბილია, რა ხასიათზე უნდა ვიყო, რომ მისმა დანახვამ არ გამახაროს?!

- ოჯახი როგორ შეეგუა თქვენს სამსახურს?

- ჩემი მეუღლეც ავტობუსის მძღოლია, კოლეგები ვართ. ადრე უფრო ხშირად ძალიან ბევრ რჩევას მაძლევდა - ფრთხილად და დაკვირვებით ატარეო... როდესაც ავტობუსის სალონში, ღილაკებში ან სხვა რამეში ვერ გავერკვეოდი, ვურეკავდი, ეს რაღაც რატომ ანთია-მეთქი?.. ახლა აღარ მჭირდება. თავად ისევ 8-მეტრიანი ავტობუსის მძღოლია და ვეხუმრები, გაჯობე-მეთქი. თავიდან ძალიან ნერვიულობდა, - ამხელა მანქანა როგორ უნდა მართოო, უარზე იყო, არ გინდა, ნუ გარისკავო... მაინც შევიტანე განაცხადი და, დიდი ავტობუსის ტარების სწავლისას სირთულეებს რომ წავაწყდი - ძირითადად ღილაკები მაბნევდა, - ისევ კონდუქტორად უნდა გადავიდე-მეთქი, შევჩივლე. - თითქმის ბოლოში ხარ გასული და ხმა აღარ ამოიღოო, მითხრა. სტიმული მომცა. თანდათან დამშვიდდა, ძალიან უხარია და, რაც უნდა გასაკვირი იყო, ეამაყება კიდეც, რომ ცოლი ავტობუსის მძღოლია. თავად ელოდება 12-მეტრიანზე გადასვლას.

- შვილებისთვის დრო თუ გრჩებათ?

- 21 წლის ბიჭი და 16 წლის ქალიშვილი მყავს. ვაჟი დაცვის პოლიციაში მუშაობს, გოგონა აბიტურიენტია. შესაძლოა, ჩემს განწყობას გადავცემ მათ და მართლა დიდი სიამაყით ამბობენ, რომ მათი დედა ისეთი მაგარი მძღოლია, 12-მეტრიან ავტობუსს მართავს. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ დიდი სტიმულია ჩემთვის.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- დილის 4 საათისთვის ვიღვიძებ, ბავშვებს საჭმელს ვუმზადებ, თავს ვიწესრიგებ. ძალიან მიყვარს მოვლილი ქალები. სხვას რომ ვუყურებ, მსიამოვნებს და მინდა მეც მოუვლელის შთაბეჭდილება არ დავტოვო. ადამიანი რომ შემოგხედავს, უნდა ესიამოვნოს... ამ ბოლო დროს ქალიშვილიც ძალიან მეხმარება, მაგრამ თავადაც გადატვირთულია, სპორტზე დადის, მასწავლებლებთან ემზადება და არ მინდა დავტვირთო. ყოველ მეორე დღეს ვმუშაობ და ვცდილობ, დრო ისე გადავანაწილო, რომ იმ ერთ დღეს საოჯახო საქმეები მოვაგვარო. ოჯახში ყველა ერთმანეთს ვუწყობთ ხელს და ასე უფრო გვიადვილდება. იმ დღეს, როდესაც ვმუშაობ, დილის 6 საათზე გამოვდივარ სახლიდან, ავტოფარეხში მივდივარ და ავტობუსს ვათვალიერებ, ვამოწმებ, ზეთი ან წყალი ხომ არ არის დასამატებელი ან სხვა მხრივ ხომ არ სჭირდება ხელის შევლება. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას საბურავების მიმართ ვიჩენ. შემდეგ მივდივართ კონდუქტორის ასაყვანად და ვიწყებთ მუშაობას. ადვილი არ არის, მაგრამ მგზავრებისგან იმხელა სითბო და დადებითი განწყობა მოდის, რომ ძალიან უჟმური უნდა იყო, არ აჰყვე და მათი განწყობა არ გადმოგედოს. უკვე ისეთი "სტაჟიანი" მგზავრებიც მყავს, რომ დამინახავენ, ახლობელივით მესალმებიან, - ჩვენი გოგო ყოფილა დღეს, ძალიან გვაკლდიო. ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ადამიანური ურთიერთობები და ასეთი დამოკიდებულება მაბედნიერებს.

- პროფესიით ვინ ხართ?

- პედაგოგიური განათლება მაქვს მიღებული. როდესაც ამ სფეროში სამსახური გამომიჩნდა, უკვე ვმუშაობდი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და ვერ შეველიე, რადგან მართლა ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.

ლალი პაპასკირი ჟურნალი "გზა"