"სამწუხაროა, რომ სიტყვა აზროვნება და მასზე დამოკიდებული სიტყვა - მშვიდობა გაუფასურებულია საქართველოში" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროა, რომ სიტყვა აზროვნება და მასზე დამოკიდებული სიტყვა - მშვიდობა გაუფასურებულია საქართველოში"

აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის კერძოდ, გადაცემის წამყვანობის გამო დიდი ხანია პრესაში არ გამოჩენილა, რადგან საავტორო გადაცემით მაყურებელს თავის სათქმელს ყოველ კვირას აწვდის, თუმცა თუ ჩანს, ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული ინტერვიუები აქვს. ჩვენი საუბარიც ასე დაიწყო, ჯერ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, შემდეგ კი, ცოტა საკუთარ თავზე, პარიზზე, ულამაზეს თბილისსა და პანდემიაზეც. ჩემი რესპონდენტი მსახიობი, პროდუსერი და ტელეწამყვანი ოლგა ბაბლუანია.

- რას ფიქრობთ პოლიტიკაზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

- სამწუხაროა, რომ სიტყვა აზროვნება და მასზე დამოკიდებული სიტყვა - მშვიდობა გაუფასურებულია საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მილიონობით ადამიანმა არ იცის, საზოგადოებრივი მშვიდობის დროს როგორია ცხოვრება, არც ახსოვს ისტორიული გამოცდილებით.

ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებას მის ოჯახს. საშინელი ტრაგედიაა. ამაზე მძიმე რა უნდა დაემართოს შენს ხალხს, რაც ამ დღეებში ვნახეთ? "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა". რადიკალურ დაპირისპირებას, გახლეჩილობას, ერთმანეთის განადგურების მარათონს, მსხვერპლშეწირვა მოჰყვება - უდანაშაულო ადამიანები ხდებიან დამნაშავეების მსხვერპლი. როგორ გარემოშიც იცხოვრა ახალგაზრდა კაცმა, ისეც გარდაიცვალა. ეს არის რეალობა.

ამ დროს, პირველ რიგში ახალგაზრდა თაობაზე ვფიქრობ. რა ფასეულობებზე იზრდებიან? ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქის კეთილდღეობას უზრუნველყოფენ, დღეს ღირებულებებს გამოცლილი, იმედგაცრუებას თესავენ. სადაც არ არსებობს სამართალი, იქ არანაირი წინსვლის იმედი არ იქნება. ახალგაზრდებს სჭირდებათ ზრუნვა და მათზე მორგებული ახალგაზრდული პოლიტიკა. პოლიტიკოსების ყოველი საარჩევნო რიტორიკა სოციალურ რეალობას სრულიად აცდენილია.

მაგალითად, მოზარდების 43% აზარტულ თამაშებშია ჩართული. არამხოლოდ მოზარდების. ყველას მობილური უკავია და წამში ორჯერ, ვარდება რეკლამა: ითამაშე, ითამაშე, ითამაშე - ყველანაირი გარე თუ ონლაინ სივრცე მოცულია წამახალისებელი კომპონენტებით. ეკონომიკურად ღარიბია საქართველო, ღარიბ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესს სახელმწიფო ბიუჯეტზე ბევრად მეტი მოგება აქვს... წარმოუდგენელია. გარანტირებული გამარჯვება მოდის მაშინ, როდესაც შენს საქმეს ემსახურები: დაიცავით ახალგაზრდების ჯანმრთელობა, ემსახურეთ მათ განათლებას, დასაქმებას, ანახეთ თავდადება და მოიპოვებთ ნდობას. მარტივი იქნება მხარდაჭერის მიღება.

- ის, ვინც არ იცნობს ოლგა ბაბლუანს, რა უნდა იცოდეს მის შესახებ?

- ვინც არ იცნობს ოლგა ბაბლუანს, რა უნდა იცოდეს ? არ ვიცი... რაც იცის, ხედავს და უნდა იცოდეს. რაც არ იცის, არა... სოკრატეს არ დაუფასდა ბევრის ცოდნა (ხუმრობით), ხომ ხედავთ, ზოგადად, იცი, თუ არ იცი ადამიანზე რამე, ამას აზრი არ აქვს, მთავარია, შენ რას ხედავ. მიყვარს ბიოგრაფიები, დოკუმენტური ფილმები ნებისმიერი ეპოქის საინტერესო ცხოვრების ადამიანებზე. არანაირი ინტერესი არ აქვს ცხოვრებას, თუ ის საინტერესო არ არის. რაიმე ძლიერად გარდამტეხი ამბით თუ არ იცხოვრე. კინო თუ გიყვარს, არ შეიძლება ცხოვრება არ გიყვარდეს. როგორც კი ჩარჩოში ექცევა შენი ყოველდღიურობა, ამაზე დიდი დროის კარგვა არ არსებობს. სულ რომ სისულელეს აკეთებდე, მაინც. საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა დრამატურგიული კუთხით, იუმორით, მთა-ბარით და მთელი დეკორით. ხალხი საოცრად თეატრალურია, ყოველდღე ფიქრობ, ხვალ რა მოხდება? ამ ბოლო ხანებში უკვე ყველაფერი გათვლადია გარშემო.

- დროის დიდ ნაწილს პარიზში ატარებთ, რა გამოარჩევს ამ ქალაქს სხვებისგან?

- დროის უმეტეს ნაწილს არ ვატარებ, ორივე ქვეყანაში ვარ. გზას ვერ ვგრძნობ, დროის ფაქტორს. პარიზმა კონკურენცია არ იცის, პარიზი თვითონ არის კონკურენცია. ეს ქალაქი გიქმნის ისეთი ხარისხის და გემოვნების ატმოსფეროს, რომ განათლების კომფორტში გამყოფებს. თან არის საჭიროზე მეტად ლამაზი და ფასეულობების კუთხით, ყველაზე ჰუმანური. ჩემი პატარა ნასტასია ჰგავს პარიზს. თბილისი განსაკუთრებული ქალაქია, სამოგზაუროდ საინტერესო, გადაცემაში თემებიც აქედან წამოვიდა, როგორ და რა ფორმით შეიძლება ვითარდებოდეს ამ ტიპის ქვეყანა. სანამ საინტერესოა იქნება.

- მსახიობობაც თქვენი ერთ-ერთი პროფესიაა, თუ გაქვთ სასურველი როლი, რომელსაც დაუფიქრებლად დათანხმდებიდით?

- მსახიობობა არის ის, რაც ყველაზე მეტად არ მინდა. არანაირ როლს არ დავთანხმდებოდი. მხოლოდ ჩემი ინტერსების სფეროდან ვაკეთებ არჩევანს. როცა მეკითხებიან, რა სიტყვას ვერ ვიტან, ეს არის კომპრომისი. კომპრომისი ჯერ საშინლად ჟღერს და მერე, რასაც ნიშნავს, ჩემთვის წამების ტოლფასია. საკუთარ თავთან კომპრომისს ვგულისხმობ. თავისუფლებაა აკეთო ის, რაც გიყვარს. არსიც იმაშია, როგორ მოიპოვებ ამ თავისუფლებას. ანუ, როგორ გიყვარს. შედეგით ვერ გაამართლებ გამოვლილ გზას. მაგალითად, ჩემს პატარა შვილს ხშირად სთხოვენ მსოფლიოს წამყვანი სამოდელო სააგენტოები, რომ მოდელად იმუშაოს. ნასტასიას არ უნდა, ამბობს, რომ არ უნდა გამოვიდეს "ვეშოლკა". ასე გრძობს თავს, როცა მოდელობას წარმოიდგენს. ის, რომ დღეს მოდელები კარგი ბიზნესპროფესიონალები არიან, ეს სხვა საკითხია. არადა ყველანაირი მონაცემი აქვს. კომპრომისს ვერ გააკეთებს. დავამატებ, რომ გადაცემაც როცა მიმყავს, ეს ადგილიც როლია, რადგან ვიზუალური თუ თემატური მხარე, აბსოლუტურად გადაცემის შინაარსობრივ ხაზს არის მორგებული.

- პანდემიისა და ვაქცინაციის აქტუალურ თემასაც შევეხოთ, ხომ არ აცრილხართ, თუ კი, რომელი ვაქცინით?

- კი, ავიცერი "ფაიზერით", პარიზში.

-ზოგადად, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვაქცინაციის მიმართ ?

- ვაქცინაციის მომხრე ვარ, ბუნებრივია. მჯერა მტკიცედ მეცნიერების და მეცნიერებაც ღმერთის მოგონილია, თუ ჯერ კიდევ სადმე არ დაწერილა, მე გეტყვით, შეთქმულებების თეორია დიდი ყვითელი პრესაა. საინფორმაციო პერიოდში გაჩნდა პანდემია, ამაზე დიდი ამბავი, კარგა ხანია არ ყოფილა მაგ ჟანრში.

- როგორ გაატარეთ დრო პირველი კარანტინის დროს?

- პირველი კარანტინის დროს, ყველა ემოცია ერთად ვიცხოვრე. ძალიან უცნაური შეგრძნებაა, ომის შეგრძნება, იმ გაგებით, რომ იცი, გადარჩები და პრინციპში, გადარჩენილი ხარ უკვე, რადგან ბევრი რამ ნაკლებად შეგეხო. ხალხის მდგომარეობა ძალიან გართულდა კულტურის, მცირე ბიზნესის, უმუშევრობის თემა. როგორც ფრანგები ამბობენ : "სახალხო" უბანში ვცხოვრობ, პლეხანოვზე. ძალიან საინტერესო ისტორიის ნაზავია, აზია და რა ტიპის ევროპა ხარ, არქიტექტურულად ძალიან კარგად ხედავ, აღმოსავლეთიდან ბევრი უცხოელია, ეზოებში იტალიურად გაფენილი სარეცხით, სურსათის პატარა მაღაზიებით... თან დადიხარ, ქალაქის შეგრძნებაა, ჯერ მარტო იმიტომ, რომ მანქანები არ დგას პატარა ტროტუარებზე. ვერის "გორიკელაზე" ფეხმავალი ვიწრო მთის ბილიკებია, აქ ყველანაირი სოციალური სფეროს ხალხია, ხელოვანებიც, ჭრელია. ხალხს ეტყობა, რომ დაღლილია და პატარა კოლორიტი ეზოდან, მაინც გაჭირვება გამოდის.

- ზაფხული მოდის ხომ არ დაგიგეგმავთ დასვენება? საფრანგეთში ხომ არ აპირებთ წასვლას?

- ბათუმში ვარ. ძველი ბათუმი, სადღაც რომ ქალაქია, თავისთვის... მაგარი ქალაქია. მოლა ჰყვირის, ეკლესიებია, ბუდისტებიც დაბინავებულან, სინაგოგა, მეჩეთი, ძველი კვარტლები... პარიზს აქვს მულტიკულტურალური თავისუფლების საოცარი სიმშვიდე. ამ ქალაქს სჭირდება გაახლება, აღგენა და ნაკლები გეტოების შექმნა. საოცარი პოტენციალის ქვეყანაა საქართველო. ებრაელების მაგალითის მოყვანა უყვართ ძალიან ქართველებს, რაღაც აღმატებული მიდგომით. ებრაელებმა, მოგვწონს თუ არა მათი პოლიტიკა, საუკუნეების მერე მიწა დაიბრუნეს. ადამიანები გაჩენიდან დღემდე მიწებისთვის იბრძვიან. იმის თქმა მინდა, რომ იბრძოლეს და "ერთმანეთს მიხედეს". უდაბნოში ლამის წყალი მოიყვანეს. ჩვენ მთა, ზღვა, უნიკალური ბუნება გვაქვს, სამაგიეროდ, მიწებს ვარიგებთ და ერთმანეთს მაქსიმალურად ვანადგურებთ, რომ რამე არ დაგვრჩეს ან ჩვენ, ან ჩვენს შვილებს.

- და ბოლოს, უახლოეს სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ...

- სამომავლოდ, გეგმები მაქვს, კი, და არამხოლოდ სამუშაო. ამაზე მომავალში ვისაუბროთ. დიდი მადლობა.

(სპეციალურად საიტისთვის)