"რატომ იწყებენ ისრაელში ისევ ლოქდაუნზე ლაპარაკს?" - რას წერს ფრანგული გამოცემა - კვირის პალიტრა

"რატომ იწყებენ ისრაელში ისევ ლოქდაუნზე ლაპარაკს?" - რას წერს ფრანგული გამოცემა

ისრაელში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხს ფრანგული გაზეთი "ლე ფიგაროც" ("Le Figaro") ეხმაურება. სტატიაში სათაურით - "რატომ იწყებენ ისრაელში ისევ ლოქდაუნზე ლაპარაკს" (ავტორი - ჟანა სენეშალი) ნათქვამია, რომ მოსახლეობის 60%-ის აცრის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა ნაფთალი ბენეთმა 14 ივლისს განაცხადა, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ლოქდაუნი შესაძლოა კვლავ შემოიღონ.

"კი, ყველაზე იოლი იქნებოდა ჩვენ ისევ ლოქდაუნი განგვეხორციელებინა, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით, მაგრამ ჩვენ უპირატესობა სხვა მეთოდს მივანიჭეთ. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული ლოქდაუნიც შემოვიღოთ, მაგრამ ამ მკვეთრი ზომის მიღება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. ვირუსის "დელტა ვარიანტის" მიერ გამოწვეული ახალი ტალღის ჩარჩოებში, ჩვენ თანამოქალაქეებთან თანამშრომლობის გზა ვარჩიეთ. იქნება თუ არა ლოქდაუნი, ეს ჩვენი მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული", - განაცხადა პრემიერმა და მოსახლეობას აცრებისაკენ მოუწოდა".

"სხვათა შორის, ისრაელის პრემიერის განცხადებამ საფრანგეთში გარკვეული გამოხმაურება გამოიწვია, სადაც უკვე მოსახლეობაში ბუნტის განწყობა სუფევს - სანიტარული საშვების შემოღების გამო, რომელიც ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა", - წერს "ლე ფიგარო", რომლის კორესპონდენტი ფრანგ ეპიდემიოლოგს - ჯონათან რუს ესაუბრება. იგი ერთმანეთს ადარებს ისრაელის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მონაცემებს. "ამჟამად ისრაელში მოსახლეობას ლოქდაუნის შემოღების შესაძლებლობით უფრო უარეს დროს ახსენებენ, რათა მოქალაქეებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ", ამბობს ფრანგი ექსპერტი.

სტატიის დასასრულს, ავტორი მკითხველებს ისრაელში შემოღებულ ანტიკოვიდურ წესებს აცნობს და პრემიერ-მინისტრის ნათქვამის ციტირებას ახდენს: "ებრაული სახელმწიფო აღადგენს პირბადის ტარებას დახურულ სივრცეში და იმავდროულად, სთხოვს მოქალაქეებს, რომ პირბადე ქუჩაშიც გაიკეთონ, თუ ისინი შეკრებილ ადამიანებს შორის იმყოფებიან, ან იმ ადგილზე, სადაც შეუძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა. გაძლიერებულია პოლიციის როლი წესების დაცვის გაკონტროლებაში. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ზოგიერთმა მოქალაქემ სხვებს ზიანი მიაყენოს... ნუ დაგეგმავთ შვებულების გატარებას სხვა ქვეყნებში, რადგანაც მალე ყველა ქვეყანა წითელი ფერით იქნება მონიშნული. შესაბამისად, თქვენი შვებულების სხვა ქვეყანაში გატარება ანულირებულია", - ამბობს პრემიერი.

საინტერესოა, ესმით თუ არა ეს განცხადება იმ მოქალაქეებს, რომლებიც აცრილები არ არიან და რას გააკეთებენ ისინი, თუ მართლაც იქნება ასეთი ზომები მიღებული", - წერს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ