"100 წლის გახდებოდა დეკემბერში..." - ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"100 წლის გახდებოდა დეკემბერში..." - ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ვაჟი, მუსიკოსი და მწერალი რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა.

"რეჯებ ჟორდანია, ნოე ჟორდანიას ვაჟი გარდაიცვალა. 100 წლის გახდებოდა დეკემბერში (10 დეკემბერი 1921-15 ივლისი 2021).

მამა, ბიძა, ბაბუა, პარტნიორი, მუსიკოსი, მეზღვაური, მასწავლებელი, მწერალი, კატის მოყვარული, მოგზაურობის მოყვარული… მამამისის და დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიის ერთგული", - წერს სოციალურ ქსელში ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ქრისტინე ფაღავა-ბულეზი.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მწუხარებას გამოთქვამს მუსიკოსის, პედაგოგის, მწერლის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟის, რეჯებ ჟორდანიას გარდაცვალების გამო.

ფოტოები გადაღებულია 2018 წლის 1 ივნისს, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო გამოფენაზე", - აღნიშნულია ეროვნული არქივის პოსტში.

რეჯებ ჟორდანია დაიბადა და გაიზარდა პარიზში. პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი და იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სხვადასხვა პერიოდში იყო ჰარიმანის ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი, პროფესიონალი პიანისტი, კომპოზიტორი, მწერალი, საზღვაო ისტორიის პროფესორი, საზღვაო მუზეუმის დირექტორი, უცხოური ენების სახელმძღვანელოების ავტორი და რედაქტორი.

რეჯებ ჟორდანია ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. (წყარო)