"19-20 წლის რომ ხარ, პატრონი არ გყავს, შეგიძლია, ყველაფერი გააფუჭო... არ ვაფუჭებდი" - ტრაგედია, რომელმაც ზურა ნიჟარაძე "დიდ ბიჭად" აქცია - კვირის პალიტრა

"19-20 წლის რომ ხარ, პატრონი არ გყავს, შეგიძლია, ყველაფერი გააფუჭო... არ ვაფუჭებდი" - ტრაგედია, რომელმაც ზურა ნიჟარაძე "დიდ ბიჭად" აქცია

ტრაგედია, რომელმაც ზურა ნიჟარაძე "დიდ ბიჭად" აქცია

მსახიობ ზურა ნიჟარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ამჟამად "კომედი შოუს" მსახიობი გახლავთ. ასევე, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გულღია, მხიარული მერაბ დარჩიას როლს ასრულებს... ზურა ნიჟარაძეს "პირველი ამბების" გახსენება ვთხოვეთ...

- გაიხსენეთ თქვენი მონაწილეობით გადაღებული პირველი ეპიზოდი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- პირველად ჩემი პერსონაჟი - მერაბი დათოსთან მიდის და ძაღლი მიჰყავს. მგონი, პირველი სეზონის მე-16 სერია იყო.

- თქვენი პერსონაჟის ასე გააქტიურებას ელოდით?

- არა, რადგან როლზე დამტკიცებული არ ვიყავი. სავარაუდოდ, სერიალში ერთჯერადად მიმიწვიეს, რადგან ჩემი გმირი არც დათოს მეგობარი ყოფილა... სერიალის პრინციპი ეს არის: როცა პერსონაჟი კარგი გამოდის და რეიტინგს "დებს", შემდეგ ამ პერსონაჟთან დაკავშირებით, სცენარისტი წერს და წერს... აი, უკვე მე-17 სეზონამდე მოვედით...

- თქვენ მიერ ვინმესთვის მიძღვნილი პირველი საჩუქარი გაიხსენეთ...

- პირველი საჩუქარი არ მახსოვს. შეიძლება, ეს საბავშვო ბაღში ან ოჯახში მოხდა - ვინმე ბავშვს ან შინ დედას კანფეტი, შოკოლადი ვაჩუქე... საერთოდ, საჩუქრების მიძღვნა მჩვევია. თუმცა, როგორი საოცარიც უნდა იყოს, დღესასწაულებს არ ვცნობ: შეიძლება, მეგობრის დაბადების დღეზე მივიდე და საერთოდ არაფერი მივუტანო, მაგრამ გავიდეს 3-5 დღე და რამე ვაჩუქო ან დაბადების დღემდე მივუძღვნა საჩუქარი. ჯერ ერთი, თუ ადამიანი გიყვარს, ყოველი დღე მისია და მეორე - შეიძლება, ზუსტად დღესასწაულზე, ისეთი საჩუქრის საყიდელი ფული არ მქონდეს, რაც იუბილარს გაუხარდება ან ვერ მოვიფიქრე, რა ვაჩუქო, ან საჩუქრის შესარჩევად ვერ მოვიცალე... საერთოდ, ადამიანს საჩუქარს რომ უძღვნი, თავად უფრო გიხარია, ვიდრე მას. ამიტომ ვცდილობ, მისი სიხარული ძალიან გამიხარდეს - უბრალოდ, საჩუქრის გაკეთება არ მიყვარს. რამე ღირებულს, ბრენდულს არ ვგულისხმობ. მთავარი ისაა, რომ მეგობრები ვართ, ერთმანეთი გვიყვარს, მისი ხასიათი ვიცი და გავახარებ - ჩემი ამოცანა ესაა. ამით ორმაგად ბედნიერი ვიქნები.

- პოპულარობის პირველი განცდა როდის დაგეუფლათ?

- დიდი ხნის წინანდელი ამბავია: თეატრალური უნივერსიტეტიდან მოყოლებული, ჯერ პატარა ფილმში გადამიღეს, რის შემდეგაც თეატრალურში ვიღაცები მცნობდნენ. მერე სპექტაკლებში ვთამაშობდი... რა თქმა უნდა, ტელევიზიამ ფურორი მოახდინა. ტელეეკრანზე "დიდი დოზით" სერიალში - "შუა ქალაქში" გამოვჩნდი - ბუნიკეთის გამგებლის როლს ვთამაშობდი. მერე სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობდი: "რომ გადახვალ, გააჩერე", "თქვენი გადახდილია", "სადღეგრძელოები"... მანამდე სერიალში - "ჟამი ყვავილობისა" ვთამაშობდი. თითქმის ყველა სერიალში ვმონაწილეობდი, რაც საქართველოში გადაუღიათ, იმ 2 სერიალის გარდა, რომელიც "ჯიდიესმა" გადაიღო.

- გული დაგწყდათ?

- რა ვიცი, ალბათ არ დავჭირდი და არ დამიძახეს. ამაზე საუბარი არ მიყვარს. რთული ამბავია...

- პირველი კასტინგი...

- ალბათ, სტუდენტი ვიყავი, როცა კასტინგზე პირველად მივედი. საშინლად არ მომეწონა, რადგან მხოლოდ ფოტოები გადაგვიღეს და გამოგვიშვეს. კასტინგი სხვა რაღაც მეგონა: ვიფიქრე, რამე როლი უნდა მეთამაშა, მოვემზადე... საშინლად უკმაყოფილო დავრჩი. სტუდენტები აღშფოთებულები ვიყავით - ასე როგორ შეიძლება, ჩვენს ნიჭს როგორ დაინახავენ-თქო?!. იმ პერიოდში, ყველას მარლონ ბრანდო გვგონია ხოლმე თავი. მერე ხვდები, რომ მსახიობობა ძალზე რთული პროფესიაა.

- დამოუკიდებლობის პირველი განცდა როდის დაგეუფლათ?

- როცა მამა გარდამეცვალა. მეორე დღეს უკვე ვიგრძენი, რომ მთელი ოჯახი ჩემს კისერზე უნდა ყოფილიყო. 19 წლის გახლდით. გავიაზრე, რომ მთელი ცხოვრება ასე უნდა მეცხოვრა - უმამოდ და დამოუკიდებლად. იმდენი უნდა გამეკეთებინა, რომ ჩემი პატარა ძმა და დედა მერჩინა, მათთვის ყურადღება მიმექცია. ბებია-ბაბუაც მყავდა, მაგრამ ბებია ისეთი ავადმყოფი იყო, ფეხზე ვერ დგებოდა, ბაბუა კი უკვე დაბერებული გახლდათ... მეგობრებიც მეუბნებიან - ერთ დღეში "დაბერდი", "დიდი კაცი" გახდიო... ქუთაისელი ვარ. პირველი-მეორე კურსი თბილისში, დამოუკიდებლად ვისწავლე, მაგრამ მაინც დამოკიდებული ვიყავი, - დედიკო და მამიკო რაღაცას გამომიგზავნიდნენ... მამის გარდაცვალების შემდეგ, საკუთარი თავის პატრონი უნდა ვყოფილიყავი, ოჯახის წევრებისთვის ყურადღება მიმექცია... მეორე დღესვე საკუთარ თავზე ოჯახის უფროსის პასუხისმგებლობა ავიღე. არ შეიძლება, ოჯახის უფროსი 19 წლის მოზარდი იყოს - გაცილებით დაბრძენებული, "დიდი ბიჭი" უნდა იყო, რომ ამ პასუხისმგებლობას თავი გაართვა. მაგალითად, დაბადების დღის წვეულებაზე, ჩემი მეგობრების მშობლები ჩემს მეგობრებს უკვე მე მაბარებდნენ, - ზური, გეხვეწები, მიხედე, რაო... სამეგობროში თითქოს "დიდი ბიჭი" ვიყავი, არაფერს ვაფუჭებდი... ვფიქრობდი, ჩემი "გაფუჭება" მთელი ჩემი ოჯახის "გაფუჭება" იქნებოდა. გარდა ამისა, ალბათ ღვთის წყალობაც არის, თორემ ჩემი სამეგობროდან ბევრი ადამიანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ზოგი დააკავეს... მე გადავრჩი.

- დაკავების საფრთხე თქვენც გემუქრებოდათ?

- 19-20 წლის რომ ხარ, პატრონი არ გყავს, შეგიძლია, ნარკოტიკული საშუალება გასინჯო. არავინ გაკონტროლებს: მამა გარდაგეცვალა, დედა და პატარა ძმა ქუთაისში ცხოვრობენ. შეგიძლია, ყველაფერი გააფუჭო, იჩხუბო, კრიმინალი ჩაიდინო... არ ვაფუჭებდი.

- პირველი ჰონორარი...

- მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. როგორც მახსოვს, სოსო ჯაჭვლიანი ფილმს იღებდა, რომელშიც პატარა როლს ვასრულებდი. ქორწილის სცენას იღებდნენ. მახსოვს, სიძის როლს ლევან დობორჯგინიძე თამაშობდა... მოკლედ, პირველი ჰონორარი იმ ფილმში თამაშისთვის მომცეს. მეგობრებს დავუძახე, დავლიეთ...

- პირველი ავტოგრაფი...

- პირველი არ მახსოვს, მაგრამ 2004-2005 წელი იქნებოდა, როცა ავტოგრაფი მთხოვეს. მაშინ ტელეეკრანზე არ ვჩანდი. ის პერიოდი იყო, სარდაფის თეატრში რომ ვთამაშობდი, გოგონებს მოვწონდი, ავტოგრაფს მთხოვდნენ...

- პროტესტის პირველი განცდა...

- ალბათ, ბავშვობაში დამეუფლა, როცა ფეხბურთის სათამაშოდ არ მიშვებდნენ. უფრო ადრეული პერიოდიდან ასეთი არაფერი მახსენდება, თუმცა იქნებოდა... მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლე ვიქნებოდი, როცა სტადიონზე მივდიოდი ხოლმე, უკან დაბრუნება კი "აღარ ვიცოდი". ამის გამო შინ მიწყრებოდნენ და სტადიონზე აღარ მიშვებდნენ.

- პირველი შვილი...

- როცა ადამიანს პირველი შვილი შეგეძინება, თითქოს იზრდები. თავდაპირველად ვერ ხვდები, რა ხდება, რა ამბავია... გრძნობ გენეტიკურად, შინაგანად, რომ ეს შენი შვილია, მაგრამ ჯერ არ იცი... ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, - ბავშვი ნელ-ნელა ლაპარაკს, სიარულს რომ დაიწყებს, აი, მაშინ ხვდები, რომ შვილი გყავსო... მართალია: თავდაპირველად თითქოს არ იცი, რას ნიშნავს, იყო მამა, გყავდეს შვილი... როცა ბავშვი იზრდება, თანდათან ხვდები, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, ყველაფერი შენი მას უკავშირდება. ალბათ ადამიანებს ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს, ღირსებაა, შვილის კარგად ყოფნისთვის კი შეიძლება, საკუთარი ღირსებაც გადათელო... ამჟამად 2 შვილი მყავს.

- საკუთარი თავი ტელეეკრანზე პირველად როდის ნახეთ?

- მეორე კურსზე ვიყავი. ერთ-ერთი მობილური კომპანიის რეკლამისთვის თეატრალური უნივერსიტეტიდან სტუდენტები შეგვარჩიეს. 2-3 მეგობართან ერთად გადამიღეს. 2004 წელი იყო. ლექს-სენის კლიპშიც - "ჩვენი სამშობლოს დიდება" - ვმონაწილეობდი... უბედნიერესი გახლდით, რომ საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურებდი. თან, იმ ასაკში ვიყავი, როცა ეს ყველაფერი გსიამოვნებს ადამიანს და თან ფიქრობ, რომ გეკუთვნის, ყველაფერს ახლა იწყებ. გგონია, სამყაროს გაარღვევ... ამბიცია ძალიან კარგია, ოღონდ - ჯანსაღი.

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"