"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა" - კვირის პალიტრა

"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა"

"საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა" - 7 წლის ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

7 წლის ნიკოლოზ დიდებაშვილი, დაბადების პირველივე თვიდან დღემდე, კომაშია. ამ ხნის განმავლობაში ის გონს არ მოსულა. წლების მატებასთან ერთად, მოიმატა მისი დაავადებების რიცხვმაც. ახლა ბავშვს თავის ტვინის ატროფია, ჰიდროცეფალია, რაქიტი, სახსრების ჩახორცება და სხვა უამრავი პრობლემა აქვს. ექიმები ამბობენ, რომ მისი გონზე მოსვლის შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს. მშობლები, იაშვილის კლინიკის ექიმებთან ერთად, ნიკოლოზს წლებია პალიატიურ მზრუნველობას უწევენ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ნიკოლოზ დიდებაშვილი 2015 წლის 5 იანვარს, ახალ სამშობიარო ცენტრში დაიბადა. სამშობიაროდან გაწერის დროს ბავშვს ანალიზებით ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჰქონდა. ერთადერთი დარღვევა, რაც დოკუმენტებში ჩაიწერა, მორფო ფუნქციური უმწიფრობის დიაგნოზი იყო, თუმცა ექიმების თქმით, ეს მდგომარეობა საგანგაშოდ არ ითვლებოდა. ახალშობილი კლინიკიდან ერთადერთი რეკომენდაციით გაწერეს - პერიოდულად ყოფილიყო პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ.

დედამ პირველივე დღეებში შენიშნა, რომ ჩვილი ჭამის დროს იღლებოდა, სუნთქვა უჭირდა და საკვების გადაყლაპვას ვერ ახერხებდა. მშობლებმა ნიკოლოზი უბნის პედიატრთან მიიყვანეს. ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ ბავშვს არანაირი სერიოზული პრობლემა არ გააჩნდა.

"გვითხრა, - ტყუილად ნუ ტეხთ განგაშს, წაიყვანეთ შინ, მოძლიერდება და უპრობლემოდ დაიწყებს ჭამასო. დავუჯერეთ, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ბავშვი სულ უფრო უარესად ხდებოდა. ლურჯდებოდა და სუნთქვა უჭირდა. რამდენჯერმე გულიც შეუწუხდა. სასწრაფომ ციციშვილის კლინიკაში გადაგვიყვანა. მაშინ ჩვენი შვილი 24 დღის იყო. იქ ბავშვს გამოკვლევები ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ არანაირი ქირურგიული ჩარევა არ იყო საჭირო. დასვეს დიაგნოზი: ახალშობილთა კვების დარღვევა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაუზუსტებელი დაზიანება. ამასობაში ნიკოლოზმა კვება საერთოდ შეწყვიტა და ზონდით კვებაზე გადაიყვანეს. ერთ დღესაც კლინიკაში გვითხრეს, რომ დაფინანსება არ გვყოფნიდა, ჩვენი ლიმიტი ამოწურული იყო და სახლში უნდა წავსულიყავით. რას გავხდებოდით, ზონდიანი ბავშვი სახლში წამოვიყვანეთ", - იხსენებს ბავშვის მამა გელა დიდებაშვილი.

გაწერიდან ერთ კვირაში, ნიკოლოზი ისევ დამძიმდა, სასწრაფომ პაციენტი ისევ ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანა. ისევ ჩაუტარეს ხელახალი გამოკვლევები და პაციენტი ისევ იმავე დიაგნოზით გაუშვეს სახლში. ჩვილის მდგომარეობა ყოველი გაწერისას სულ უფრო მძიმდებოდა. ბავშვი ხშირად კარგავდა გონებას და ყოველ ჯერზე სასწრაფოს გამოძახება ხდებოდა საჭირო. მესამედ ნიკოლოზი სასწრაფომ თემქაზე მდებარე პრივატკლინიკაში გადაიყვანა. მაშინ ის 2 თვენახევრის იყო.

"იქ უკიდურესად დამძიმდა მდგომარეობა და იაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გაგვიშვეს. მიყვანიდან მალევე, ბავშვს გული გაუჩერდა. აუცილებელი გახდა სასწრაფო მანიპულაციის ჩატარება. ინტუბირება მოხდა არა საოპერაციოში, არამედ ჩვეულებრივ პალატაში. მანიპულაციისას სასუნთქი გზები, ტრაქეა და საყლაპავი მილი დაზიანდა. ამის შემდეგ ნიკოლოზი ისევ მოვიდა გონზე, თუმცა აპარატზე შეერთება გახდა საჭირო, გარკვეული პერიოდის შემდეგ საბოლოო განაჩენი ჩემს შვილს ერთ-ერთმა ექიმმა გამოუტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, მასზე ცდის ჩატარება გადაწყვიტა და 24 საათის განმავლობაში აპარატი გამოურთო. ამის შემდეგ ნიკოლოზი კომაში ჩავარდა და დღემდე ასეა", - ყვება გელა დიდებაშვილი.

ნიკოლოზის მშობლები ექიმების წინააღმდეგ

2016 წელს ნიკოლოზ დიდებაშვილის ოჯახმა საჩივრით მიმართა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. უწყებამ საქმეში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, რის საფუძველზეც პროფესიულმა საბჭომ 5 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ზოგიერთ მათგანს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ზოგიერთს კი რამდენიმე თვით შეუჩერდა საექიმო საქმიანობის ლიცენზია. გააგრძელეთ კითხვა