"ვეძებ საცოლეს, აუცილებლად ქართველ ქალს. მგონია, რომ ქართველმა ქალმა უფრო იცის ოჯახის ფასი, უფრო მოსიყვარულეა" - კვირის პალიტრა

"ვეძებ საცოლეს, აუცილებლად ქართველ ქალს. მგონია, რომ ქართველმა ქალმა უფრო იცის ოჯახის ფასი, უფრო მოსიყვარულეა"

"მართალია, ქართველები აქედან გარბიან, მაგრამ მე მიყვარს საქართველო, ეს ჩემი სახლია"…

ნუნციო ანტონელის 20 წლის წინ გაუჩნდა სურვილი, ჩამოსულიყო საქართველოში, სურვილის ასრულება კი 2016 წელს შეძლო და მას შემდეგ აქ ცხოვრობს, იტალიაში დაბრუნებას აღარ აპირებს და ქართველ საცოლეს ეძებს.

- დავიბადე ბარიში. ლაღი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა. 18 წლის ვიყავი, როდესაც სამხედრო სასწავლებელში ჩავაბარე და მალევე პოლიციაში დავიწყე მუშაობა. 25 წელი ვიმუშავე იტალიის სხვადასხვა ციხეში უფროს პოლიციელად. ხშირად მეკითხებიან, როგორია იტალიური ციხე. პატიმრებისთვის ჩვენი ციხე სასტუმროსავითაა. იქ საუკეთესო პირობები აქვთ: კარგი საჭმელ-სასმელი, სავარჯიშო დარბაზები, ტელევიზორები, მაღაზიები, შესაძლებლობა, რომ ისწავლონ... იქ დასაქმებულებს უფრო მკაცრად გვადევნებდნენ თვალყურს, რათა ჩვენი მოვალეობა კარგად შეგვესრულებინა.

- ალბათ, ამ წლებმა თქვენზე ემოციურად იმოქმედა... - ბევრი რამის გახსენება შემიძლია, მაგრამ ყველა ამბავზე მეტად არის ერთი, რომელმაც უარყოფითი ემოციით ამავსო და დღემდე მახსოვს. იმ პერიოდში ოჯახი ახალი შექმნილი მქონდა, პირველი შვილი თვეების მყავდა.

ერთ-ერთი საპატიმროს საკნიდან უნდა გამომეყვანა 25 წლის პატიმარი და სამკურნალოდ წამეყვანა. იცით, რატომ იჯდა ციხეში? თავის მეგობართან ერთად 8 თვის ბავშვი აწამა, მერე კი დაწვა... მოკვლა მინდოდა, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა, პირიქით, მე მისი დაცვა მევალებოდა... შემეძლო კიდევ მემუშავა ციხეში, მაგრამ 25 წლის შემდეგ პენსიაზე გავედი, რადგან იქ მუშაობა ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან დამთრგუნველი იყო.

- რატომ დაინტერესდით საქართველოთი? - ქართველები 20 წლის წინ გავიცანი იტალიაში. ბარი სავსეა ქართველებით. ხუთშაბათსა და კვირას ყველა ერთ ბაღში იყრის თავს. ბევრ მათგანს ვეხმარებოდი სახლისა და სამუშაოს მოძებნაში. მაშინ დავიწყე ქართული სიტყვების შესწავლა და პირველად უწმაწური სიტყვები დავიმახსოვრე. მეცინებოდა, როდესაც ეგონათ, რომ ვერაფერს ვიგებდი, არადა, თითქმის ყველაფერი მესმოდა. იმ პერიოდში ქალები, ძირითადად, ბადანტედ მუშაობდნენ, კაცების უმრავლესობა კი ქურდობდა.

ერთი ამბავი მახსენდება ქართველებთან დაკავშირებით... დილით ყველა საკანი უნდა შემოიარო და წერილები დაარიგო. ქართველების საკნის წინ რომ გავჩერდი, მეორე სართულზე მწოლიარე ბიჭმა შემაგინა. მაშინ არაფერი ვუთხარი, მეორე დღეს კი, შემოვლისას, საკანი გავაღე და - ჩამოდი, უნდა ვილაპარაკოთ-მეთქი, ქართულად ვუთხარი. პატიება მთხოვა. ამის შემდეგ დავმეგობრდით.

რაც შეეხება მიზეზს, რატომ გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა... ვხედავდი, რომ ძალიან ლაღი და თბილი ხალხი იყო, ყოველ საღამოს ერთობოდნენ და სურვილი გამიჩნდა, მენახა ეს ქვეყანა.

ჩამოვედი თუ არა, იმ დღესვე ვიგრძენი, რომ საქართველოში არის თავისუფლება და მივხვდი, ეს იყო ადგილი, სადაც ყოფნა მინდოდა.

თავდაპირველად მხოლოდ ორი კვირით დავრჩი, შემოვიარე და ვნახე ღირსშესანიშნაობები. ვიყავი აჭარაში, კახეთში, სხვა კუთხეებშიც და დავრწმუნდი, რომ ყველა მათგანს თავისი ხიბლი აქვს. რაც აქ ვნახე, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია!

საუცხოო ქვეყანაა! ბევრი რამით არის იტალიაზე წინ და აქვს პერსპექტივა, მომავალში უფრო განვითარდეს. მესმის, რომ ქართველები მთავრობას აკრიტიკებთ, მაგრამ ვხედავ, რომ ლამაზდება ქუჩები, იგება გზები, მწვანდება ქალაქი, კეთდება სკვერები. მთავრობა ზრუნავს თავის მოსახლეობაზე. იტალიის მოსახლეობა მთავრობის მონაა, აქ კი ეს დამოკიდებულება ვერ დავინახე, პირიქით.…

- ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ასე არ ფიქრობს... - იმიტომ, რომ იტალიაში არ ყოფილან და არ იციან, იქ რა ხდება. იტალიის მთავრობა გვერდით ვერც კი დაუდგება თქვენი ქვეყნის მთავრობას.

იმის მიუხედავად, რომ მცირე გადასახადებს იხდით, მაინც ახერხებენ და ბევრ რამეს აკეთებენ, ჩვენთან კი უამრავი გადასახადია, თან - არცთუ მცირე, მთავრობა კი ყურადღებას არც გვაქცევს. ალბათ, იტყვით, ანაზღაურებაც მაღალი გაქვთო. ამაზეც გიპასუხებთ... ჯერ არ მაქვს საპენსიო ასაკი, თუმცა პოლიციაში 25-წლიანი მუშაობის გამო ვიღებ პენსიას, რომლითაც იტალიაში თავს ვერ გაიტან. 1000 და 1100 ევრო ორი კვირაც არ გეყოფა, ისეთი ძვირია ყველაფერი. სახლი თუ არ გაქვს და ქირით ცხოვრობ, მაშინ ხომ მშიერი მოკვდები, ეკლესიის კართან მოგიწევს დგომა და მოწყალების თხოვნა.

იტალიაში ვიდრე ლირა იყო მიმოქცევაში, კარგად ვცხოვრობდით. ჩვენმა მშობლებმა შეძლეს ქონების შეძენა. ახლა ევროკავშირში ვართ და შვილებს მშობლების ნაყიდ ბინებში უნებართვოდ კედლების შეღებვაც კი აღარ შეგვიძლია.

- მიხარია, რომ საქართველო ასე მოგწონთ და გიყვართ. - ერთი, რაც არ მომწონს, ქუჩებში მანქანების ქაოსური მოძრაობაა. მანქანის მართვის შესწავლას ყველას ვაიძულებდი, რადგან წესებს არ იცავენ.

წონაში რომ მოვიმატე, სწორედ საქართველოსა და თქვენებური კერძების დამსახურებაა. ისეთი სანელებლები გაქვთ, რაც იტალიაში არ არის. სხვათა შორის, ვისწავლე ხინკლის, ხაჭაპურის, ლობიოს მომზადება. აჭარული ხაჭაპურის გაკეთებაც კი ვცადე და გამომივიდა. ხაჭაპური განსაკუთრებულად მომწონს, ასევე - ნიგვზიანებიც, მაგრამ ალერგიული ვარ და ვერიდები.

დედაჩემი ლობიოს რომ გააკეთებდა, პირს არ ვაკარებდი. აქ გავსინჯე და შემიყვარდა. ეს რომ გაიგოს, მემკვიდრეობიდან ამომშლის (იცინის). ცოტ-ცოტას ვსვამ კიდეც. ერთხელ ჩემს ქართველ მეგობრებს ვუთხარი, ღვინოში ჩაგხოცავთ-მეთქი და კინაღამ მომკლეს... რამ მათქმევინა, არ ვიცი.

- ტატუს ოსტატი ხართ. ამ საქმით როდის დაინტერესდით? - ციხეში რომ ვმუშაობდი, სხეულის მოხატვის ხელოვნებით მაშინ დავინტერესდი და ეს საქმე საფუძვლიანად შევისწავლე. გამოცდებიც ჩავაბარე, მერე კი სტუდია გავხსენი და ვმუშაობდი, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი. ახლა სახლში ვმუშაობ. თვითონაც უამრავი ტატუ მაქვს სხეულზე - ამოვისვირინგე დედის სახელი, ქალის სახე, ვარდი, დრაკულა - გააჩნია, რა სირთულისა და ზომისაა კომპოზიცია. ერთზე 12 საათიც კი მიმუშავია. სხვათა შორის, საქართველოში ქალბატონები მეტ ტატუს იკეთებენ, ვიდრე - კაცები.

- საუბრის დასასრულს მითხარით, არ გენატრებათ თქვენი ქვეყანა? თუ აპირებთ იტალიაში დაბრუნებას? - იტალიაში ცხოვრობენ ჩემი და, დედა, შვილები, თუმცა ამჟამად დაქორწინებული აღარ ვარ და ვეძებ საცოლეს, აუცილებლად ქართველ ქალს, თანაც - სოფლელს (იცინის). მგონია, რომ ქართველმა ქალმა უფრო იცის ოჯახის ფასი, უფრო მოსიყვარულეა. იტალიელი ქალი ცოლად არ უნდა მოიყვანო. იქ ოჯახში დომინანტი ქალია, კანონიც მათ მხარეზეა. ერთ დღეს გაიღვიძებ და მაგიდაზე ნახავ ადვოკატის გამოგზავნილ ფურცელს, რომლითაც გაყრის შესახებ გატყობინებენ და ჩათვალე, რომ ცივ ქვაზე რჩები. ბედნიერი იქნები, ცოლმა ერთი ხელი ტანსაცმლით მაინც თუ გამოგიშვა სახლიდან. მერე მთელი ცხოვრება უნდა იმუშაო იმ ქალის შესანახავად. იტალიაში დროებით მომიწევს დაბრუნება, რადგან ჩემს სახლს ვყიდი. მოვაგვარებ თუ არა ამ საკითხს, მაშინვე დავბრუნდები უკან და აქ დავსახლდები. ერთადერთი, ვინც მომენატრება, დედაჩემია. მართალია, ქართველები აქედან გარბიან, მაგრამ მე მიყვარს საქართველო, ეს ჩემი სახლია.

ნინო ჯავახიშვილი