"ბავშვობას ნუ გამოემშვიდობებით და ის ყოველთვის დაბრუნდება"
25-07-2021
"ბავშვობას ნუ გამოემშვიდობებით და ის ყოველთვის დაბრუნდება"
"ბავშვობას ნუ გამოემშვიდობებით და ის ყოველთვის დაბრუნდება"

არასოდეს გიოცნებიათ პეპის სახლზე?! მე - კი. შევდგამდი ხეზე პეპის სახლს, მივადგამდი კიბეს, ავალაგებდი ფუნთუშებს და ყავას (ცოტა დამექცეოდა!), გემრიელად შევსანსლავდი და იატაკზე გავიშხლართებოდი. საბანსაც აუცილებლად თავზე წავიფარებდი, ფეხებს გარეთ გამოვყოფდი და როცა ჩემი მეგობრები­ მოვიდოდნენ, ჯერ შევაშინებდი, მერე კი კანფეტებით გავუმასპინძლდებოდი.­ - პეპი, ჩამოდი, რა! - შემომძახებდა ქვემოდან ცხოვრება, მე კი, ვითომც ვერ გავიგონე, გადავკოტრიალდებოდი­ ხის სურნელოვან იატაკზე და ისევ გემრიელად ჩავიძინებდი...
მაგრამ ხეზე სახლი არავინ ამიშენა, მარტო მე კი არა, ალბათ, სხვებსაც - დიდობაში ხეზე სახლების აშენება ხომ აზრს კარგავს, თუმცა არა ყველასთვის. ზოგი მთელი სიცოცხლე უვლის თავის გულში ჩასკუპებულ ბავშვობას. ასე მოუარა მას 70 წელი ლაგოდეხელმა შოთა მუმლაძემ,­ მერე კი, ერთ დღეს გარეთ გამოსულმა აკაციის
სამ ხეს მოჰკრა თვალი. ამ აკაციებს სულ ხედავდა, მაგრამ სწორედ მაშინ პეპიმ გულიდან მუჯლუგუნი უთავაზა­, მიდი, დაიწყეო და მანაც დაიწყო. ჯერ სახლის "საძირკველი" მოზიდა, მერე - ფანჯრები, ჭერი და პეპის სახლიც დაიდგა...


მე ბატონ შალვას ვესაუბრე, სამ აკაციის ხეზე შესკუპებულ პეპის სახლს ხოტბა შევასხი და ვკითხე, ეს სახლი რამ აგაშენებინათ-მეთქი. მან კი მომიგო: "აბა, შენ მითხარი, ბავშვობაში ვინ არ ოცნებობს ხეზე ცხოვრებაზე?! ჰოდა, როგორც ჩანს, ეს ოცნება გულში ისე ჩამრჩა, რომ ბოლოს და ბოლოს, ავასრულე. ერთ დილას რომ გამოვედი, ჩემი სამი აკაცია სულ სხვა თვალით დავინახე და საკუთარ თავს ვუთხარი, ბიჭოს, აქ რა ყოფილა, მოდი ამ აკაციებზე სახლს ავაშენებ-მეთქი! ჰოდა, ჯერ სასაძირკვლე მასალა მოვზიდე. ხომ გაგიგონია: "თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია"...

- მერე, ალბათ, მოზიდეთ კედლები, ფანჯრები, სახურავი...
- სწორედ! და ძალიანაც მომეწონა! ისე სწრაფად ვაშენებდი, ვერავინ დამეწეოდა!

- შინ როგორ შეხვდნენ ამ ამბავს, მეუღლემ რა თქვა, შვილებმა, შვილიშვილებმა?
- მეუღლემ, სულ ტყუილად წვალობ, ჭკუა ვერ ისწავლეო... შვილებმა, ე რა გამოგიგონებიაო, ბავშვებს კიდევ გაუხარდათ! სანამ ვაშენებდი, მაშინაც არ მასვენებდნენ, ჭიანჭველებივით დაძვრებოდნენ ხეზე.

- სურათი წარმოვიდგინე! რომელი მასალით ააშენეთ?
- ვარჩიე, სხვადასხვა ფიცრით ამეშენებინა. ასე ჯობდა ხის გემრიელ სურნელში გახვევა. ჰოდა, ჩემი სახლი საუკეთესოა! შიგ თუ შეხვედი, ვეღარც გამოხვალ, ისეთი კარგია. როცა წვიმს, სახურავზე წვიმის მუსიკა ისმის.

- ვინ გსტუმრობთ ამ სახლში?
- ვინ აღარ - შინაური, გარეული! ბევრი ტურისტი მეხვეწება, შენს სახლში­ ღამე გამათევინე, არაფერს მოვითხოვ - არც საჭმელს, არც სასმელსო, Mმაგრამ მე და ჩემს ცოლს გვრცხვენია და საუკეთესო კერძს ვუმზადებთ. სტუმარი ხომ ღვთისაა...ის კი არა, ზოგი რამდენიმე დღეც რჩება.
დიდი მადლობა, რომ ბევრს ბავშვობის ოცნება გაუცოცხლეთ.
- მეც ვმადლობ ყველას, ვისაც აკაციებზე შესკუპებულ სახლში მოუხარია. ბავშვობას ნუ გამოემშვიდობებით და ის ყოველთვის დაბრუნდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები